ქართული ტელეკლანი რეალური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში

ქართული ტელეკლანი რეალური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში

5 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე ძალაუფლების საბოლოო გადანაწილების პროცესში, რომელიც გამარჯვებული ელიტის შიგნით მიმდინარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას გადამწყვეტია ფარული ბრძოლა ტელევიზიაზე კონტროლის დამყარებისათვის, ვინაიდან სხვადასხვა სოციალური და ეკონომიური მიზეზის გამო, ტელეკომუნიკაციის დამოუკიდებელი სისტემა საქართველოში ან ფაქტობრივად არ არსებობს, ან (ყოველ შემთხვევაში) არ შეუძლია რეალური ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ძალთა ურთიერთქმედებაზე.
    სახელმწიფო ტელევიზიას (I და II არხს) გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მითუმეტეს ქვეყანაში, რომელიც ახლა ყალიბდება სახელმწიფოდ და სადაც სწორედ ამჟამად მიმდინარეობს «პირველადი დაგროვების» ურთულესი, ზოგჯერ სისხლიანი პროცესი.
    კომუნისტურ ეპოქაში მმართველი ელიტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და შემძლე დაჯგუფებას სწორედ ტელევიზიაში მოკალათებული მძლავრი კლანი წარმოადგენდა. ტელევიზიას იმ დროსაც კი შეეძლო პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს შესაძლებლობანი მითუმეტეს გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომუნისტური ტოტალიტარიზმი საკუთარი ძალის აბსოლუტურობაში მოიხრჩო და სიტყვის თავისუფლებამ რეალური გასაქანი შეიძინა.
    1988-1991 წლებში განვითარებულ მოვლენებში გადამწყვეტი როლი  ტელევიზიამ ითამაშა. სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ 1991 წლის შემოდგომაზე, ისევე როგორც დეკემბერ-იანვრის გადატრიალებისას,  ტელევიზია იყო პოლიტიკური კატალიზატორი. «სამხედრო საბჭომ», მიუხედავად მისი ძალაუფლების თითქოსდა განუზომლობისა, ვერა და ვერ შეძლო «ტელეკლანზე» სრული კონტროლის დამყარება. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი მმართველი ტრიადის (სიგუა-კიტოვან-იოსელიანი) მიერ ტელევიზიისათვის «საკუთარი კადრის» თავსმოხვევის მცდელობა სრული კრახით დასრულდა; ხოლო 1992 წლის მარტში საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც უფრო მეტად გამოცდილი იყო ამგვარ პროცესებში და თავის «კოლეგებზე» უკეთ იცოდა თუ რა ძალასთან ჰქონდა საქმე, ფორმალურად თავმჯდომარის არჩევა ამავე ჯგუფს მიანდო, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მისი ზოგადი ლოიალურობის შენარჩუნება.
    არჩილ გოგელია, ტელეკლანს შიგნით მიმდინარე რთული დაპირისპირების გათვალისწინებით, ყველასათვის მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა უეჭველად დაადასტურა: იგი მხოლოდ «დამაბალანსებელი» ფაქტორი იყო. არჩილ გოგელიამ 1992-1995 წლებში შეძლო ტელევიზიაში შევარდნაძის პოლიტიკის იმგვარი გატარება, რომ ამავე დროს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციაც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას არ შეეძლო «სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა» არგუმენტად გამოეყენებინა ხელისუფლების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თვით «ტელეკლანს» შიგნით გოგელიას პოზიციები სულ უფრო ირყევა - ამ კლანის საკმაოდ სერიოზული ნაწილი დიდი ხანია გამოთქვამს უკმაყოფილებას გოგელიას ორგანიზატორული სისუსტის გამო და ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარედ ნუგზარ ფოფხაძის დანიშვნას მოითხოვს, რომელიც ამ პოსტზე საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდა ოთხმოციანი წლების დასაწყისში.
    როგორც ჩანს, მთელი ეს ფარული ბრძოლა, სულ მალე პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც იფეთქებს უმოწყალო შეტაკებად.
    ყოველ შემთხვევაში, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «ძალისმიერი მინისტრების» შემდეგ ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა სეგმენტმა (ედპ-ს ჩათვლით) შეიძლება ისარგებლოს წინააღმდეგობით პრეზიდენტსა და ტელეკლანს შორის და ტელევიზიის პარლამენტისადმი დაქვემდებარება მოითხოვოს! ეს ძალიან გონებამახვილური სვლაა, მაგრამ შევარდნაძისათვის დაახლოებით იმავე შედეგების მომტანი იქნება, როგორიც იქნებოდა ეროვნული გვარდიის უზენაესი საბჭოსადმი დაქვემდებარება ზვიად გამსახურდიასათვის 1991 წლის შემოდგომაზე.
    ორივე შემთხვევაში, თუნდაც იოტისოდენი დათმობა, სახელმწიფო სისტემის დამბლასა და რეალური ძალაუფლების «გაფანტვას» ნიშნავს.

«მიმომხილველი», 14 დეკემბერი, 1995 წელი.