საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივნისი. 2024 წელი

რამდენიმე წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ აფხაზებს ძალიან „აეწვათ“ პუტინის მიერ სასაზღვრო მდინარე ფსოუზე რეჟიმის გამკაცრება, როდესაც ჯერ ერთი, რუსეთში უშვებენ მხოლოდ იმ აფხაზებს, ვინც არა აფხაზურ, არამედ რუსულ პასპორტს წარადგენს (არადა 100% რუსეთის მოქალაქეები არიან) და ხშირ შემთხვევაში, რუსი მესაზღვრეები ამ რუსულ პასპორტებს ართმევენ და რუსეთში არ უშვებენ ან ხანგრძლივად აყოვნებენ საზღვარზე სპეციალურად, რათა სოჭიდან თვითმფრინავზე ან მატარებელზე ვერ მიასწრონ.

მიზეზებიც ვიცით: ახალი ათონის მონასტრის რუსული საპატრიარქოსთვის არგადაცემა; „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის არმიღება და „აპარტამენტების შესახებ“ კანონმდებლობის ჩაგდება.

სეპარატისტებს ეს „სასაზღვრო“ პრობლემა ახლა უკვე იმდენად გაუმწვავდათ, რომ აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დაიჩივლა: „აუცილებელი ხდება სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება. ვეღარ აუდიან რუსი მესაზღვრეები სასაზღვრო კონტროლს და......“ ანუ „გადატვირთულობას“ დააბრალა, რათა პუტინი მეტისმეტად არ გაბრაზებულიყო, რაც, რასაკვირველია, დიდი ტყუილია და თვითონაც შესანიშნავად იცის, რომ ტყუილია.

შესაბამისად, იძულებულია „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ტექნოლოგიით იმოქმედოს და რუსეთის შიდა-ბიუროკრატიულ პრობლემებზე გადაიტანოს აქცენტი, თუმცაღა (ვიმეორებ) შესანიშნავად უწყის ბატონმა ბჟანიამ, რომ საქმე ბიუროკრატიაში კი არა, მოსკოვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაშია: ზომიერად დასაჯოს სეპარატისტები კრემლისთვის სასურველი გადაწყვეტილებების „არმიღების“ გამო.

იქვე, სანკტ-პეტერბურგში, ბჟანიამ თქვა, რომ „ახლა საფეხმავლო ხიდის აღდგენას ვცდილობთ ფსოუზე და რუს კოლეგებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთო“.

გამორიცხულია პუტინი ამ საფეხმავლო ხიდის აღდგენას დათანხმდეს. მის მიერ დაწესებული რეჟიმით, „რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. „საზღვრის“ გადაკვეთა მხოლოდ (!!!) - მანქანითაა შესაძლებელი და იქვე უზარმაზარი ბანერია გამოკრული: Высадка из транспорта запрещена! ანუ „მანქანიდან არ ჩამოხვიდეთო“.

ფეხმავლებს თითქმის არ ატარებენ. 99% - ავტომობილით გადადის.

ესეც სპეციალურადაა გაკეთებული რასაკვირველია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც ბჟანიამ თქვა, სხვა ფრაზა იყო: „ჩვენ რუს კოლეგებთან ვმუშაობთ, რომ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი კი დარჩეს, ოღონდ....ამ საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტები არ არსებობდესო“.

ეს უნდილი ფრაზა სეპარატისტთა ლიდერისა, გვახსენებს 2009-2011 წლის მოვლენებს, როცა მოსკოვი და მის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებული აფხაზეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სასაზღვრო რეჟიმის შესახებ.

მოსკოვს ჰქონდა კონკრეტული ბოროტგანზრახული წინადადება: მოდით, გავაუქმოთ საერთოდ საზღვარი, ხოლო რუსი მესაზღვრეები დადგნენ „საქართველო-აფხაზეთის“ საზღვარზე და იქ მოვაწყოთ საკონტროლო-გამშვები პუნქტიო.

რუსმა მესაზღვრეებმა რუსული კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვიტონ, ვინ გაატარონ ენგურზე და ვინ -არა, აფხაზეთის სასაზღვრო უწყება კი საერთოდ გაუქმდესო.

სამაგიეროდ, ფსოუზე არანაირი საზღვარი არ იარსებებს და აფხაზებს დაუბრკოლებლად შეგეძლებათ რუსეთში მოგზაურობაო.

აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა ხელისუფლებამ ეს წინადადება არ მიიღეს: რას ჰქვია აფხაზეთის სასაზღვრო უწყება გაუქმდეს და აფხაზეთის გარე საზღვრები რუსმა მესაზღვრეებმა გააკონტროლონო თითქოსდა აფხაზეთის საზღვაო წყლებს ტოტალურად რუსები არ აკონტროლებენ და ენგურზეც რუსი მესაზღვრეები არ დგანან!

 ბევრს შესაძლოა გაუკვირდეს კიდეც, ვინც ბოლო დროს  აფხაზეთშია (გალის რაიონშია) ნამყოფი. ყველა ამბობს: კი მაგრამ რუსები მხვდებიან იქ და პასპორტს მიმოწმებენო.

დიახ, უმოწმებენ. რუსები აკონტროლებენ მდინარე ენგურის ე.წ. „საზღვარს“ ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების მთელს პერიმეტრზე. მაგრამ......ენგურის ხიდთან კვლავინდებურად არსებობს აფხაზური „საკონტროლო გამშვები პუნქტი“  და კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუ ვინ შეუშვან აფხაზეთში ზუგდიდიდან და ვინ არ შეუშვან აფხაზეთში ზუგდიდიდან, კვლავინდებურად აფხაზი სეპარატისტები იღებენ;

 ასევე აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას ფსოუზეც - ვინ შეუშვან აფხაზეთში რუსეთიდან და ვინ არა.

ეს აფხაზ სეპარატისტებს თავიანთი სეპარატისტული „წარმონაქმნის“ სუვერენიტეტის ნიშნად და პირობად მიაჩნიათ, თუმცა მეორეს მხრივ, ძალიან კრუსუნებენ, რომ პუტინი ახლა სჯით და რუსეთში ისე ვერ დასეირნობენ თავისუფლად, როგორც მათ ეპიტნავებათ.

ამაზე რუსები პასუხობენ: მერედა......2010 წელს დაგვთანხმებოდით, რომ რუსული საკონტროლო-სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ფსოუდან - ენგურზე გადანაცვლებულიყო და მაშინ არანაირი პრობლემა არ გექნებოდათო.

აბსოლუტურად არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ფსოუს „სასაზღვრო რეჟიმს“ მოსკოვი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაამკაცრებს - საზღვარზე პასპორტებსაც კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს ჩამოართმევს და თუ ახლა უმეტესობას მხოლოდ აჩერებს რამდენიმე საათით, მერე პანღურსაც ამოჰკრავენ - საიდანაც მოხვედით, ისევ იქ დაბრუნდითო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსები დიპლომატიური ეთიკის ყველა წითელ ხაზს ლახავენ უკვე: რუსული „საგარეოს“ სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „ემანუელა“ უწოდა. მან გაიხსენა 1970-იანი წლების ეროტიკული ფილმი ანალოგიური სახელწოდებით.

„ხან უყვარდა რუსეთი, ხან სძულს რუსეთი, ახლა კიევს ეძლევა ემანუელასებრი ვნებით ეს ჩვენი ემანუელიო“ - ამბობს ზახაროვა.

ამაზე მხოლოდ ის კომენტარი შეიძლება, რომ მოსკოვში უბრალოდ გაცოფებულნი არიან პარიზის გადაწყვეტილებით, მიაწოდოს კიევს ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავები „მირაჟი“.

ამ თვითმფრინავთა „ჰაერ-ჰაერი“ კლასის რაკეტებით შესაძლებელია რუსული ბომბდამშენების ჩამოგდება, რომელთა მეშვეობითაც რუსები დონბასის ფრონტზე „პლანირებად ბომბებს“ ყრიან და სწორედ ამის მეშვეობით მოიპოვეს ბოლოს დროს გარკვეული უპირატესობა ხარკოვისა და დონბასის ფრონტზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ შხამთანთხევის მეორე მიზეზია ემანუელ მაკრონის გაფრთხილება, რომ საფრანგეთის არმია გარკვეულ ქვედანაყოფებს, მათ შორის საბრძოლო მფრინავებს გაგზავნის უკრაინაში „რამე რომ იყოს“ - იგულისხმება რუსული არმიის მიახლოება დნეპრთან, კიევთან ან ოდესასთან.

აი ეს განსხვავებაცაა ევროპას და რუსეთს შორის: პუტინი ათასჯერ მეტს იმსახურებს, როგორც აგრესორი და „ჰააგას სასამართლოს“ მიერ ძებნილი, თუმცა აბსოლუტურად გამორიცხულია რომელიმე ფრანგმა ხელისუფალმა (!) მით უმეტეს დიპლომატმა (!!!) ამგვარ Wording-ს მიმართოს სხვა სახელმწიფოს მეთაურის შესაფასებლად.

გუშინ რუსეთის ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა „დამპალი და აყროლებული“ ძეხვი უწოდა გერმანისი ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს მას შემდეგ, რაც შოლცმა უკრაინელები ჰეროიზმისთვის შეაქო და ტქვა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე არ დაიჩოქებს.

რსუეთში აქტიურად საუბრობენ, რომ დიდიმიტრიო მედვედევი, მისი უშველებელი ამბიციით, ბოღმისგან იხრჩობა, რომ პრეზიდენტი არ არის და ლოთობს „ბელაია გარიაჩკამდეო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკმა განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია“ ნარატივი დასავლეთის შესაძლო ჩართვის შესახებ რუსეთთან ომში.

ესეც თავისებური „ზახაროვას ნარატივია“.

საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ამას გენიალური ვიზიონერი და ტექნოკრატი კადრულობს. „ორ სკამზე“ ზის, ოღონდ ჩინეთს უფრო უქიცინებს ამგვარი განცხადებებით კუდს, ვიდრე მოსკოვს - იმათი ალიანსის შესაბამისად.

თუმცა მასკს რაღა მოეთხოვება, ბოლოს და ბოლოს კერძო პირია, როდესაც გუშინ ავსტრიის (!) საგარეო საქმეთა მინისტრმა კლაუდია ტანერმა „წითელი ხაზის“ გადალახვა უწოდა ამერიკისა და საფრანგეთ-ბრიტანეთის ნებართვას მათი წარმოების იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.

ანუ პუტინს კი არ გადაულახავს „წითელი ხაზი“ ევროპულ ქვეყანაში (უკრაინაში) შეჭრით, არამედ დასავლეთს - პუტინის რეჟიმის მიმართ ამათ არაფერი ეშველებათ.

დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ, როგორ მუშაობს რუსული სპეცსამსახურები ამერიკაში: არის ასეთი პოლიტიკანი იქ - ბიზნესმენი ვივეკ რამასვანი, რომელიც ახლახან იბრძოდა რესპუბლიკელთა ნომინირების მოსაპოვებლად პრეზიდენტობაზე.

ბუნებრივია მიზერიც ვერ აიღო.

შედარებაც არ შეიძლება დონალდ ტრამპის ან თუნდაც ნიკი ჰეილის შედეგებთან, მაგრამ.....როდესაც ეს სუბიექტი გამოდის და აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინელების ხელით ებრძვის რუსეთს და ამერიკის მიზანია რუსეთში პუტინის რეჟიმის შეცვლა, ხოლო მედიაში წარდგენილია ეს სუბიექტი, როგორც „ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი ნომინანტი (კანდიდატი) რესპუბლიკური პარტიიდან“, მისი განცხადება სულ სხვა ელფერს იძენს.

არ არის აუცილებელი, ეს სუბიექტი „სექსოტი“ ანუ პირდაპირი აგენტი იყოს.

საკმარისია იყოს „სასარგებლო იდიოტი“ და მას მაღალი სტატუსის („ნომინანტის“) მოსაპოვებლად რუსული სპეცსამსახურები ხელს გაუმართავენ - მის ბიზნესს დაეხმარებიან..... თან არ არის აუცილებელი მაინცდამაინც რუსეთში, - თუნდაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, - ბრაზილიაში ან ავსტრალიაში.

 ესეც ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა.