«პოლიტიკოს» ივანიშვილის განწირული ტელესულისკვეთება

«პოლიტიკოს» ივანიშვილის განწირული ტელესულისკვეთება

 

«ქართული ოცნების» დამფუძნებელმა და არაფორმალურმა ლიდერმა ამას წინათ თანაპარტიელები გაახარა: «წინასაარჩვნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთვებიო». როგორც ჩანს, «ჩართვის» პირველი ეტაპია  ომი, რომელიც ტელეჟურნალისტებს გამოუცხადა. ანუ, ტრაგიკომიკული სცენები და ისტორიები არ მოგვაკლდება.

უკანასკნელი (თუმცა არა ბოლო) ბატალიაა «რუსთავი-2»-ში მისვლა - არმისვლა, რასაც ძრწოლვით ელიან მომხრეები. უფრო მეტადაც, ვიდრე ბიძინას მოწინააღმდეგენი, ვინაიდან როგორც სალომე ასათიანის ეპოპეამ დაგვარწმუნა, ეს ადამიანი საერთოდ «აზრზე არ არის» რა ხდება გარშემო და საკუთარ შესაძლებლობათა მინიმუმსაც ვერ აფასებს სათანადოდ. კიდევ უარესია, რომ დაკარგული აქვს შესაძლებლისა და შეუძლებლის აღქმა და, რაც მთავარია, ან საერთოდ არ ჰყავს გვერდში გონიერი მრჩეველი, ან სხვისი აზრი და რჩევა  არ აინტერესებს.

აბა თუ თვითონ არ ესმის, ვინმეს ხომ უნდა ერჩია, რომ «ჰარდ-თოლქში» არ უნდა მისულიყო?

მიშა სააკაშვილს მრჩევლები არ სჭირდებოდა, რადგან თავადაც  კარგად ხვდებოდა, რომ ეს ფორმატი პოლიტიკოსისთვის ყოველთვის წამგებიანია: გაბრაზდები და აღელდები – წააგებ, აყვები ჟურნალისტს სტილში და მის წესებს მიიღებ – მაინც წააგებ.

სწორედ ამიტომ, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, მიშა არც ერთხელ არ დამჯდარა «ჰარდ თოლქში»  ქართველ ჟურნალისტთან.

არც ერთხელ!

თუმცა, მისი ადეპტები საკმარისად უსინდისოები არიან, ეს არ გაიხსენონ და ივანიშვილს დასცინონ იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ასე «გამოაჭენა». აბა მიშა ამგვარ სისულელეს როგორ ჩაიდენდა ქართველ ჟურნალისტთან «ჰარდ–თოლქში» დამჯდარიყო?

მაგრამ თუ ბიძინას ჰგონია, ამას ვინმე დაუფასებს ასეთ ქვეყანაში, სულ წასული ყოფილა ჩვენ საქმე: პოლიტიკაში გულუბრყვილობა (რომც დავიჯეროთ ეს გულუბრყვილობა იყო) და არაკომპეტენტურობა-არაპროფესიონალიზმი სინონიმებია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზუსტად ასევე, საშინელი «გულუბრყვილობაა» იმის იმედად ყოფნა, რომ ნებისმიერი ლეგალური პროცედურით (მაგალითად სასამართლო პროცესით) შეიძლება ტელევიზია გააჩუმო და მოიშორო.

არ გამოვა ეს ამბავი – გამორიცხულია! მით უმეტეს როცა საქმე ეხება ძალიან პოპულარულ და ნიჭიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ტელეარხს. თუ ასეთი არხი მიზანმიმართულად იწყებს მუშაობას ხელისუფლების წინაააღმდეგ, იმ ხელისუფლების საქმე თითქმის წასულია: ადრე თუ გვიან, ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება, რა ლეგალურ ხერხსაც არ უნდა მიმართოს: შევარდნაძის უბადრუკმა გუნდმა სცადა 2001 წელს «გადასახადებისგან თავის არიდების მოტვით» და რა შედეგიც მიიღო,  - გვახსოვს.

მიშას ესეც კარგად ესმოდა, ამიტომ ასევე მიზანმიმართულად მომუშავე «იმედის» პრობლემა მარტივად გადაწყვიტა: მიუშვა სპეცდანი, დალეწა ყველაფერი, დაარბია, გაანადგურა, მერე «გადაუფორმა» და მორჩა. ამაზე ადვილი რა არის?

აბა სააკაშვილი იმას მოითმენდა, რომელიმე პოპულარულ და მძლავრ ტელევიზიას მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ემუშავა?

თუ ამას არ აკეთებ («არ კადრულობ» თუ «ვერ კადრულობ», შედეგის თვალსაზრისით არა აქვს მნიშვნელობა) მაშინ სჯობს თავი დაანებო და პირიქით, იმ მხრივ ჩაერიო, რომ სასამართლო პროცესები საერთოდ არ მიმდინარეობდეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ დვალი-აქიმიძე-ხალვაში ბიძინას დავალებით არ მოქმედებენ (ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია), მაშინ ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი გონივრული, რაციონალური, მიზანშეწონილი, ჭკვიანური და ტექნოლოგიური ნაბიჯი იქნებოდა, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაეხარჯა და ყოფილი მფლობელებისთვის ახალი ტელევიზია ეჩუქებინა!

სისულელეა? ახლა რაც ხდება, ეს კიდევ უფრო დიდი სისულელეა და როგორც «ჰარდ-თოლქია» მუდამ პოლიტიკოსისთვის წამგებიანი, ასევე ლეგალური (ან გარეგნულად ლეგალური) მეთოდებით ოპოზიციური ტელევიზიის დამარცხების მცდელობაა სრული სისულელე.

 არ გამოვა ეს ამბავი - არსად  გამოსულა და არც საქართველოში «გავა».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბიძინა ივანიშვილს კახა ბენდუქიძემ (!) უწოდა «ძალიან მაგარი ბიზნესმენი». საჯაროდ არ უთქვამს, მაგრამ ვიწრო წრეში ნამდვილად თქვა. ბენდუქიძეს რომ ივანიშვილი არ უყვარდა (რბილად ვთქვათ) საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომაც, მისი შეფასება  «ძვირი ღირს». თუმცა, ძალიან მაგარი ბიზნესმენი, სრული პოლიტიკური ნოლი შეიძლება აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ პოლიტიკა არა მხოლოდ ბევრად რთულია, არამედ სულ სხვა ფენომენია, რომელიც არა მარტო სხვა თვისებებს მოითხოვს, არამედ სხვა მენტალობას!

სააკაშვილს ეს მენტალობა დაბადებით ჰქონდა. ამიტომაც იყო და არის «პოლიტიკური ცხოველი». ივანიშვილი კი . . . .  «ოცნების» ლიდერებს ელემენტარული გონიერება რომ ჰქონდეთ, პირდაპირ უნდა აუკრძალონ ეკრანზე გამოჩენა და მხოლოდ მისი ფინანსებით დაკმაყოფილდნენ, რადგან სულ მილიარდიც რომ დახარჯოს, თუ ასეთი კომიკური «ჰარდ-თოლქები» გაგრძელდა, მათი კატასტროფა გარდაუვალია.

ბიძინა ივანიშვილს რომ ელემენტარული პოლიტიკური გონი და ალღო ჰქონოდა, არავითარ შემთხვევაში არ დახურავდა «მეცხრე არხს», რადგან მიხვებოდა, რომ ტელევიზიის განეიტრალება მხოლოდ მეორე ტელევიზიითაა შესაძლებელი.  ესეც ძალიან რთულია, რადგან ტექნოლოგიას და ნიჭს მოითხოვს.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2001 წლიდან, ქართულმა «ტელე-ლიდერმა» დაამკვიდრა მიდგომა, რომ ტელევიზიამ -  ტელევიზია არ უნდა აკრიტიკოს; მაგრამ ეს ეროსი კიწმარიშვილისა და ზაზა შენგელიას აღთქმული «წმინდა წერილი» არ არის.

ყოველ შემთხვევაში, ამ გზით, ამ მეთოდით, კიდევ შეიძლებოდა რამეს იმედი ჰქონოდა, თორემ ისეთი ინტელექტუალი მოსამართლეების პატრონს, როგორიც ნათია გუჯაბიძეა («შენ თუ მაჯობებ, გავიხდიო») შემოდგომაზე სრული წარღვნა ელის. თანაც, იმიტომ კი არა, რომ მიშას მომხრეები მეტია, არამედ იმიტომ, რომ ბიძინას მომხრეებს მოსწყინდებათ, ბოლოს და ბოლოს, თვითრენინგებით საკუთარი თავის გაუპატიურება მორიგი «ტელე-სტრესის» შემდეგ და უბრალოდ ხელს ჩაიქნევენ – არ მივლენ იმ არჩევნებზე, რაც სავსებით საკმარისი იქნება ოპოზიციის გასამარჯვებლად.

ან კიდევ, ხელისუფლება გახდება იძულებული, გაყალბებები («ჩაყრები») დაიწყოს, რაც რევოლუციის საბაბს შექმნის, როგორც 2003წელს.

«ქართული ოცნების» მთავარი პრობლემა მიშა სააკაშვილი ა(ღა)რ არის. მისი მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილის საშინელი პოლიტიკური არაპროფესიონალიზმია.  ეს არაპროფესიონალიზმი საკადრო გადაწყვეტილებებში კი არ მჟღავნდება პირველ რიგში, არამედ სწორედ იმაში, თუ როგორ და რა სტილით «კომუნიკაციობს» გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენი. ანუ, არა იმით, რას აკეთებს, არამედ როგორ და რას ლაპარაკობს!

 დღევანდელ კომუნიკაციურ და ტექნოლოგიურ მსოფლიოში, ცნობიერ «მემებს» ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ერთ სულზე       მთლიანი შიდა პროდუქტის ციფრებს, რომელთა გამოქვეყნებას ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი «ჰარდ თოლქში» და კომიკურად გაბრაზდა, როცა ამის საშუალება არ მისცეს.

სრული სიმართლეც რომ იყოს ეს ციფრები, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს - ასეთია თანამდეროვე PP - კომუნიკაციის კანონი. მით უმეტეს საქართველოში.

თუმცა არა მხოლოდ. დავაკვირდეთ რა ხდება ამერიკაში: რა თემები პრევალირებს ამ გრანდიოზული ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში, რომლის შედეგს ლამის საბედიწერო მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის? იქნებ ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმება, ფიქალის ნავთობი, მარსზე ადამიანის გაფრენის  სრულიად აქტუალური პროექტი, საყოველთაო ჯანდაცვა თუ იგივე GDP-Pper capita? არავითარ შემთხვევაში! მთავარი «საფიარო» თემაა ბილ კლინტონის ორალური სექსი, მისი გაპოლიტიკოსებული ცოლის კლიმაქსი და დონალდ ტრამპისათვის საძულველი  ერთ-ერთი ჟურნალისტი ქალბატონის მენსტრუალური ციკლი!

არ გჯერათ? მაშასადამე არ ადევნებთ  თვალს რა ხდება მსოფლიო დემოკრატიის მექაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ასეთია დემოკრატია, რომელსაც დიდმა უინსტონ ჩერჩილმა უწოდა «ყველაზე უარესი წყობა, თუ ყველა სხვა წყობას არ მივიღებთ მხედველობაში». მაგრამ ჩვენს ბატონ ბიძინას  რომ ლორდ ჩერჩილამდე ბევრი უკლია,  მისი თანაპარტიელებიც აღიარებენ.

ჩუმ ჩუმად, ვიწრო-წრეში, რასაკვირველია.

ივანიშვილის მთავარი მენტალური სისუსტე ისაა, რომ იგი პოლიტიკას აღიქვამს, როგორც ჰობის - ნახატების შეგროვების მსგავსად. და სრულიად გულწრფელად ჰგონია, რომ რაკი 5 მილიარდი დოლარი იშოვა, პოლიტიკური ნიჭიც თავისთავად იგულისხმება.

ალბერტ აინშტაინს 5 მილიარდი დოლარი არ უშოვია. პატარა სტატია დაწერა სახელწოდებით «ფარდობითობის თეორია». სულ ორი გვერდი იყო, მეტი არა. ხოლო როდესაც ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს, მკიცე უარი განაცხადა: «პოლიტიკა ფიზიკაზე ბევრად რთული მეცნიერებააო».

მასვე ეკუთვნის გენიალური ფრაზა: «ორი რამ არის უსასრულო ამქვეყნად: სამყარო და ადამიანური სიბრიყვე. თუმცა პირველში ეჭვი მეპარებაო».

ისე, ამდენი ფული ადამიანს ჰქონდეს და ერთი გამოცდილი პოლიტტექნოლოგი (ძალიან მაღალანაზღაურებადი პროფესიაა!) ვერ დაქირავოს, მართლა «გადასარევი» ქართული საკითხი ხდება!

2016