საერთაშორისო მიმოხილვა. 5 დეკემბერი. 2023 წელი
დასავლური მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის გარშემო დააკონცენტრირა 42 ბალისტიკური რაკეტა SS-26 Iskander კომპლექსი და, როგორც ჩანს, ემზადება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმისთვის ზამთრის ყინვების დადგომისთანავე.
შეგახსენებთ, რომ SS-26 Iskander სწორედ ის რაკეტაა, რომელიც რუსებმა დაღესტნიდან ესროლეს გორს 2008 წლის 12 აგვისტოს და მოკლეს ათეულობით ადამიანი.
Iskander-ის ჩამოგდება ძალიან ძნელია; თუმცა იმ ყაიდის ომში, რასაც რუსეთი აწარმოებდა უკრაინის წინააღმდეგ, მისი `გამანადგურებელი ქმედება` შეზღუდული იყო დანგრეული ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენის შესაძლებლობით.
ანუ, თუ ბირთვული ქობინით არ იქნება აღჭურვილი, დანგრეულ ჰიდრო-ელექტროსადგურს უკრაინელები სწრაფადვე აღადგენენ.
ასეც ხდებოდა გასულ ზამთარს (2022-2023წწ)
ოღონდ....თუ ეს იქნება მასირებული დარტყმა თბო-ელექტროსადგურებზე, ელექტრო-გამანაწილებელ ცენტრებზე, თანაც სუსხიანი ზამთრის პირობებში, შესაძლოა ამან ნამდვილად დიდი ზიანი მიაყენოს უკრაინას.
Iskander 500 კილომეტრზე მიფრინავს, თუმცა სინამდვილეში უფრო შორ მანძილზეც შეუძლია სამიზნეს მისწვდეს.
მისი თვისებაა, რომ ჯერ აფრინდება ვერტიკალურად სტრატოსფეროში 50 კილომეტრის სიმაღლეზე (თითქმის კოსმოსური სიმაღლეა) იქ უკვე მიფრინავს ჰორიზონტულად, შემდეგ ეშვება `მრავალგზის ზებგერითი` სისწრაფით და რაც მთავარია, მანევრირებს დაშვებისას, რაც ართულებს მის ჩამოგდებას.
დასავლეთში ახლა ბევრს წერენ, რომ უკრაინა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო.
თუმცა პუტინსაც 2024 წელს ე.წ. `საპრეზიდენტო არჩევნები` აქვს და აუცილებლად შეეცდება `შედეგი დადოს` უკრაინაში - თუნდაც იმით, რომ უკრაინა ჩააბნელოს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უნგრეთი, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით აგრძელებს საბოტაჟს და ბლოკავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას.
ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებებმა ბუქარესტსა და ბრიუსელს შორის არანაირი შედეგი არ გამოიღო.
ორბანმა ახალი დემაგოგიური არგუმენტი გამოიგონა: `რატომ უნდა ვურიცხავდეთ უკრაინას ფულს ევროკავშირის ფონდიდან? დაე ევროკავშირის წევრებმა შექმნან ცალკე `უკრაინის დახმარების ფონდი`, იქ ჩარიცხონ რამდენიც სურთ და იქიდან გადაურიცხოს შემდეგ ევროკავშირმაო`.
განვმარტოთ ეს რას ნიშნავს: ევროკავშირს აქვს ბიუჯეტი, რომელიც საკმაოდ დიდია. ამ ბიუჯეტის მთავარი დონორები არიან გერმანია და საფრანგეთი. ევროკავშირის ბიუჯეტიდან ევროკომისია ეხმარებოდა უკრაინას, ხოლო ორბანი ამ დახმარებას ბლოკავს, მოითხოვს ცალკე ბიუჯეტი შეიქმნას უკრაინისთვის, სადაც არც ერთ ევროცენტს უნგრეთი, რასაკვირველია არ გადარიცხავს.
ბუნებრივია, ორბანის მთავარი მოტივი ის არის, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან (რომელსაც, ვიმეორებ, ძირითადად გერმანია ავსებს) უნგრეთი ვერ იღებს `დაპირებულ` 22 მილიარდ ევროს, რაკი არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ავტორიტარული რეჟიმი აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
წითელ ზღვაში პროირანელი ჰუსიტების გააქტიურებამ და თავდასხმებმა ამერიკულ გემებზე მსოფლიოში ოქრო გააძვირა ერთი უნცია 2 148 დოლარამდე. ანუ 1 გრამი - დაახლოებით 76 დოლარი, რაც ისტორიულ რეკორდად ითვლება.
ერთი უნცია - 28,34 გრამია.
ოქროს გაძვირება რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან მას შემდეგ რაც დოლარის აქტივები ამერიკის ფედრეზერვმა დაუყადაღა პუტინს (არ ჩამოურთმევია, მხოლოდ დაუყადაღა) მას დარჩა ოქროს რეზერვები და მისი გაძვირებით ნაწილობრივ შეუძლია დააკომპენსიროს დაყადაღებული.
როგორც ბევრჯერ გვითქვამს, თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული აქტივები დასავლურ ბანკებში არ არის კონფისკებული (ჩამორთმეული) არამედ მხოლოდ დაყადაღებულია, ძალიან ცუდი ნიშანია უკრაინისთვის; ანუ დასავლეთში გავლენიანი ძალები ჯერ კიდევ არ გამორიცხავენ პუტინთან კომპრომისს ესე იგი მორიგებას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლური მედია საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს, რომლითაც ცხადი ხდება, რომ დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, უშედეგოა:
საქონლის პირდაპირი მიწოდება რუსეთში ნამდვილად შემცირდა დასავლეთიდან. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე დროს გაიზარდა დასავლური პროდუქციის მიწოდება რუსეთის ყველა მეზობელ და არა მხოლოდ მეზობელ ქვეყანაში (ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, კავკასიური სახელმწიფოები) და ამ ოდენობას დავუმატებთ იმას, რასაც რუსეთი პირდაპირ იღებს ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან, გამოდის, დასავლური იმპორტი რუსეთში ოდნავ გაძვირდა ლოგისტიკის გართულების გამო, თუმცა რეალურად არ შემცირებულა.
იმიტომ, რომ იმ ქვეყნებიდან `შემოვლითი გზით` მიდის მაინც საქონელი რუსეთში.
აქედან გამოსავალი ის შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ, რომ დასავლეთს აეკრძალა ექსპორტი რუსეთის მეზობელ ყველა ქვეყანაში, მაგრამ.....ამისთვის დასავლეთი მზად არ არის: როგორ აკრძალოს მაგალითად ექსპორტი ყაზახეთში, რომლის ნავთობსარეწთა დიდი ნაწილი სწორედ დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით? ეს ხომ ყაზახეთისთვის ეკონომიკური ომის გამოცხადება იქნებოდა?
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის ავტოკრატი ლიდერი ლუკაშენკო დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს ჩინეთში.
ლუკაშენკომ განაცხადა პეკინში, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია.... რომ ბელორუსს და ჩინეთს საერთო ღირებულებები აერთიანეთ..... და რომ ბელორუსი დამოუკიდებლობაზე უარს არასდროს იტყვისო. ანუ არასდროს შევა რუსეთის შემადგენლობაში, როგორც პუტინს სურს.
ლუკაშენკო ძალიან ცბიერი პოლიტიკოსია და ერთდროულად რამდენიმე `დაფაზე` თამაშობს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ იმ სახსრების 97%, რაც კონგრესმა ადრე გამოყო უკრაინის დასახმარებლად, უკვე დახარჯულია.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია მთლიანად დაადასტურა აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა.
მისი თქმით, თუ უახლოეს მომავალში კონგრესი არ გამოყოფს დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად, მაშინ ამერიკა უკრაინას იარაღს ვეღარ მიაწვდის უკვე 2024 წლის იანვრიდან.
სალივანმა განმარტა, რომ მანამდე გამოყოფილი სახსრებით თეთრი სახლი ყიდულობდა იარაღს ამერიკული კორპორაციებისგან და სწორედ ამ იარაღს აწვდიდა უკრაინას.
კონგრესი უარს აცხადებს ახალი ფინანსური პაკეტი დაამტკიცოს და ამას ხსნის უკრაინაში კორუფციით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ფინური პრესა წერს, რომ რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობდნენ შვედეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების გაღვივებას.
არსებობს ვერსია, რომ სტოკჰოლმში ყურანის დაწვა რუსული სპეცსამსახურების პროვოკაცია იყო. მას შემდეგ რაც `დაწვის` აქტი შედგა, რამაც მთელს ისლამურ სამყაროში მძვინვარე რეაქცია გამოიწვია, რუსულმა სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს მიტინგები და დემონსტრაციები მთელს ევროპაში შვედეთის წინააღმდეგ. მათში ძირითადად მონაწილეობდნენ ევროპაში მცხოვრები მაჰმადიანები.
ამ დროს რუსული სპეცსამსახურები იყენებდნენ სოციალური კომუნიკაციის ორ საშუალებას: ქუჩის გრაფიტის ერდოღანის შეურაცხმყოფელი ნახატებით და წარწერებით; ასევე, რასაკვირველია, სოციალურ ქსელებს.
ჯერ ჯერობით ამ პროვოკაციით რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრების დადგენილება `გაიჭედა` თურქულ პარლამენტში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჟურნალმა The Time გამოაქვეყნა 2023 წლის ადამიანის შორთ ლისტი, რომელშიც შევიდნენ......პუტინი, ჩინეთის ავტოკრატი მმართველი სი ძინპინი და თოჯინა ბარბი.
ზოგადად ეს რეიტინგი ძალიან უცნაური მოვლენაა. თავის დროზე ჰიტლერიც გამოაცხადა ამ რესურსმა `წლის ადამიანად`.
განსაზღვრა ხდება არა დადებითი-უარყოფითი თვალსაზრისით, არამედ ვინ არის ყველაზე გავლენიანი და ცნობადი.
მაგალითად, როცა The Time ახასიათებდა შორთ-ლისტს, პუტინზე დაწერა, რომ იგი აგრძელებს ომს უკრაინაში მიუხედავად მთელი დასავლეთის წინააღმდეგობისა და გადაურჩა პრიგოჟინის ამბოხს.
ანუ `მაგარია` (Cool)
სი ძინპინზე წერია, რომ მან კიდევ უფრო გაიძლიერა პოზიციები ჩინური კომპარტიის ბოლო ყრილობის შედეგად. და ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა; მაშასადამე სი-ც `მაგარია`
თოჯინა ბარბიმ კი მასზე ფილმის შემქმნელებს მილიარდნახევარ დოლარზე მეტი მოუტანა - Cool!
Cool-ების სიაშია ასევე OpenAI ხელოვნური ინტელექტის კომპანიის დამფუძნებელი სემ ალტმანი, რომელზეც რამდენჯერმე ვწერდით. ასევე პროკურორები, რომლებმაც ბრალდება წაუყენეს აშშ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და ფედრეზერვის ამჟამინდელი დირექტორი ჯერომ პაუელი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს `აქ ყველა დარწმუნებული იყო, რომ რუსები 3 დღეში კიევს აიღებდნენ`
`აქ` იგულისხმება თეთრი სახლი ანუ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია.
ამერიკამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინის დახმარება, რაც დაინახა, რომ უკრაინელები იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ მტერს.