სუამის დედაქალაქი ვაშინგტონია

სუამის დედაქალაქი ვაშინგტონია


           

            ნატოს სამიტის მიმდინარეობის დროს აშშ-ს დედაქალაქში სუამის წევრი ქვეყნების მეთაურთა შეკრებამ რუსული მასმედიის დიდი შეშფოთება გამოიწვია.
            კომენტარებში ძირითადად ის აზრი სჭარბობს, რომ «სუამის ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მოილაპარაკონ ნავთობისა და გაზის რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ტრანსპორტირების შესახებ».
            რა თქმა უნდა, ეს მეტისმეტად გამარტივებული გაგებაა; უდავოა, რომ «სუამის» ლიდერთა ერთ-ერთი მიზანი ესეც იყო, ოღონდ გაუგებარია (ნორმალური, არაიმპერიული ლოგიკით) რატომ უნდა იყოს რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ვთქვათ, თურქმენული გაზის ტრანსპორტირების წინააღმდეგი.
            თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ რუსეთის ტერიტორიის გავლით გაზსადენის გაყვანა საქართველომაც შეიძლება აღიქვას, როგორც «გაზსადენის გაყვანა საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლით».
            ამ მომენტიდან ნათლად ჩანს, რომ მენტალური თვალსაზრისით, რუსულ საზოგადოებაში განვლილი წლების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. რუსული მენტალიტეტი კვლავ აღიქვავს ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებს», როგორც სატელიტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან «სმირნაზე» ჩამწკრივდნენ მის წინაშე - როგორც დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტები ჩაამწკრივა ელცინმა მოსკოვის ბოლო სამიტზე.
            რაც შეეხება «სუამ»-ს, დსთ-ს ფარგლებში (იმავე ნორმალური ლოგიკით), ეს გაერთიანება აგრეთვე ბუნებრივია, - ისევე, როგორც რუსეთ-ბელორუსის კავშირი.
            თუკი რუსეთს და ბელორუსს აქვთ უფლება, გაერთიანდნენ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინტერესთა განსახორციელებლად, რატომ არა აქვთ ამის უფლება სხვა ქვეყნებს?
            სუამი შეიქმნა 1997 წელს, სტრასბურში, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით გაიმართა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ლიდერთა შეკრება.
            თავდაპირველი ფორმალური მიზანი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა კოლეგებს შეკრებილიყვნენ, იყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების თაობაზე საერთო პოზიციის გამომუშავება.
            პარიზის ხელშეკრულებამ (1990 წელს) აკრძალა ევროპაში სახელმწიფო საზღვრებთან გარკვეული ოდენობის მძიმე ტექნიკის განლაგება.
            ბუნებრივია, 1990 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობისას, სულ სხვა გეოპოლიტიკური რეალობა იყო, მაგრამ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის «ფლანგი» ჩრდილოეთ კავკასია აღმოჩნდა, სადაც მძიმე ტექნიკის შემცირება მოსკოვს ნამდვილად ეპიტნავებოდა, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ხელშეკრულების რევიზია, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის ინტერესებს.
            ბუნებრივია, სუამ-ში იმთავითვე მოიაზრებოდა ლიდერი - უკრაინის სახით, მაგრამ კიევს, სავსებით ობიექტურად, არ შეიძლება ჰქონდეს ჰეგემონიის ისეთივე პრეტენზია, როგორც რუსეთს.
            იმავდროულად, უკრაინისგან სუამის სხვა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ ყველა ის სიკეთე (ბაზარი, მაკომპლექტებელი დეტალები, სამრეწველო პროდუქცია და ა.შ.), რასაც მანამდე რუსეთისაგან იღებდნენ, ანუ უკრაინა აღიქმება, როგორც იგივე რუსეთი, ოღონდ (ფიგურალურად თუ ვიტყვით) კრემლის გარეშე.
            ვაშინგტონში სუამის ქვეყნების შეკრებაც ერთობ სიმბოლური იყო, ვინაიდან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სახელმწიფოები პროდასავლურ პოლიტიკას ატარებენ.
            ისიც ნიშანდობლივია, რომ ამჯერად შეკრება გაიმართა უზბეკეთის საელჩოში. სულ რამდენიმე კვირის წინ უზბეკეთი შეუერთდა «სუამის» გაერთიანებას, რითაც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა დაადასტურა, რომ ტაშკენტში ამასწინათ განხორციელებულმა ტერაქტებმა იგი ვერ დააშინა და ერთხელ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე ხელი ვერ ააღებინა.
            უზბეკეთის ჩართვით «სუამში», ფაქტობრივად, მეორე პოლუსი იქმნება, რომელიც გააწონასწორებს უკრაინის გავლენას იმ შემთხვევისათვის, თუ კიევს მაინც გაუჩნდება დომინირების პრეტენზია;
            მაგრამ (ვიმეორებ) უკრაინის გაძლიერება საქართველოსათვის ობიექტურად მაინც ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ, ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტ ქლინთონთან შეხვედრისას (სამიტში მონაწილე ლიდერთაგან ტეტ-ა-ტეტ ქლინთონი მხოლოდ შევარდნაძეს და კუჩმას შეხვდა) ედუარდ შევარდნაძემ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ორი რამ სთხოვა: პირველი - ზეგავლენა მოახდინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკზე, - საქართველოსათვის ახალი კრედიტების გამოყოფის მიზნით; და მეორე: დაეხმაროს უკრაინას, რათა ამ ქვეყნის სათავეში პროკომუნისტური, პროიმპერიული ძალები არ მოვიდნენ.
            ქლინთონმა ორივე თხოვნაზე თანხმობა განაცხადა. თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები თეთრი სახლის «თხოვნით» (ანუ ბრძანებით) დაეხმარებიან უკრაინას, შეარბილოს ეკონომიკური კრიზისი, ეს ქვეყანა სამომავლოდ დარჩება დსთ-ს სივრცეზე «მეორე ცენტრად» და რუსეთის მძლავრ ალტერნატივად.
            სუამის გაერთიანება კი, მთლიანობაში, თანდათან გადაიქცევა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრულ ალტერნატივად.
            თავის დროზე «დსთ» შეიქმნა, როგორც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების შენარჩუნებისა და, იმავდროულად, მშვიდობიანი სახელმწფიოებრივი «გაყრის» მექანიზმი.
            მაგრამ სულ მალე აღმოჩნდა, რომ რუსეთი სხვა მიზნებს ისახავდა - «ფრაგმენტული იმპერიალიზმით», «მცირე ინტენსივობის» კონფლიქტების პროვოცირებით, სეპარატიზმის მხარდაჭერითა და საბჭოთა პერიოდში ჩადებული «შეყოვნებული მოქმედების ნაღმთა» აფეთქებით აეძულებინა დსთ-ს წევრი ქვეყნები, კვლავ შეერთებოდნენ რუსეთს და აღედგინათ ერთიანი სახელმწიფო ჯერ კონფედერაციის, შემდგომ კი ფედერაციის სახით.
            მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანამ უზრუნველყო სეპარატისტთა გამარჯვება აფხაზეთში, «სამხრეთ ოსეთში», დნესტრისპირეთსა და ყარაბაღში (იგივე ემუქრებოდა უკრაინასაც ყირიმში - მან მაინც ვერ მოახერხა ახალი იმპერიული გაერთიანების შეკოწიწება.
            პირიქით, «სუუამის» შექმნა იმას ნიშნავს, რომ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები იწყებენ გაერთიანებას თავის დასაცავად - საერთო ინტერესების შესაბამისად.
            ფაქტობრივად, ნამდვილი «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» სუამია, ვინაიდან სწორედ ეს გაერთიანება ახორციელებს მიზნებს, რაც თავიდან ჩაიდო დსთ-ს წესდებაში. აქედან გამომდინარე, რუსეთი მისი იმპერიული ამბიციებით, შესაძლოა, სულ მალე იზოლაციაში აღმოჩნდეს, ანუ დარჩეს ბელორუსის, სომხეთისა და ტაჯიკეთის ამარა.
            ლოგიკური იქნება, თუკი «სუუამს» შეუერთდება ყაზახეთი და ყირგიზეთი; რაც შეეხება თურქმენეთს, ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე (საქართველოს გავლით) ტრანსპორტირების სურვილი მას ბუნებრივად აქცევს სუუამის მოკავშირედ.
            ამრიგად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, შეიძლება ითქვას, ახალი «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» იქმნება. სულ მალე ორგანიზაცია იურიდიულადაც გაფორმდება, ანუ ხელი მოეწერება დამოუკიდებელ დოკუმენტს, მიიღებენ წესდებას და ა.შ. სავარაუდოდ, ეს მოხდება უმალვე, როგორც კი რუსეთი და ბელორუსი გააფორმებენ თავიანთ «კავშირს» - უპირველესად სწორედ ამიტომ ჭოჭმანობს ელცინი და ჯერ-ჯერობით უარს ეუბნება ლუკაშენკოს მხურვალე თხოვნას.
            «სუუამის» საერთაშორისო ორგანიზაციად გაფორმების შემდეგ იგი ერთობლივ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირს შეიძენს - ასეთი ორიენტირი ვაშინგტონი იქნება. თეთრი სახლი და კონგრესი, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ «სუუამის» გაძლიერებას - თვით ამ ორგანიზაციაში კი, ჰეგემონი ან დომინანტი არ იარსებებს. თანათავმჯდომარეები რიგრიგობით იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც მასში გაწევრიანდებიან - საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, მოლდოვა და ა.შ. განსხვავებით «დსთ» -სგან, სადაც მხოლოდ რუსეთია «მუდმივი» თავმჯდომარე.
            რუსული პოლიტიკის შეურიგებლობა, უბრალოდ, განსაცვიფრებელია, მთელი ამ კონსტრუქციის დაშლა ხომ მას სულ ადვილად შეუძლია, თუ დაეხმარება საქართველოს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისა და ლტოლვილთა დაბრუნებაში.

მერიდიანი, 30 აპრილი, 1999 წელი