საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივნისი. 2024 წელი

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის გერასიმოვის დაპატიმრების ორდერები გასცა.

მათ ბრალად ედებათ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტების განადგურება.

შოიგუს ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა უკავია.

მანამდე ჰააგამ თვით პუტინის დაპატიმრების ორდერიც გასცა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ და რუსეთმა გაცვალეს ტყვეები ფორმულით 90 - 90-ზე.

უკრაინამ მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა ამით.

საინტერესოა, რომ შუამავალი გაცვლისას იყო არაბთა გაერთიანებული ემირატები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთი ყველანაირად უშლის ხელს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაწევრების თაობაზე.

ბოლო არგუმენტი იყო ის, რომ უკრაინა თითქოსდა უნგრულ ეთნიკურ უმცირესობას ჩაგრავს.

ბრიუსელი ახლა ცდილობს მოლაპარაკება დაიწყოს 1 ივლისამდე, რადგან 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება.

 ახლა ბელგიაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

პენტაგონმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის დაბომბვისას უკრაინის შეიარაღებული ძალები „არ უმიზნებდნენ პლაჟს“, სადაც ამერიკული ATACMS რაკეტის კლასტერული საბრძოლო ნაწილის აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 125 დაიჭრა, არამედ „უმიზნებდნენ სამხედრო ობიექტს“; თუმცა რუსულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო რაკეტა ან შეუცვალა ტრაექტორია და ამიტომ დაიღუპნენ სამოქალაქო პირები.

 იმავდროულად, პენტაგონი, რომლის ეს განცხადება აშკარად გამოხმაურებაა რუსულ ისტერიკაზე, აღნიშნავს, რომ უკრაინა „თავად ირჩევს სამიზნეებს“.

ანუ „ჩვენ არ ვერევით სამიზნეების შერჩევაშიო“

 

მოსკოვში, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროში უკვე განიხილავენ ყირიმისა და კრასნოდარის პლაჟების დახურვის შესაძლებლობას. ფაქტობრივად ეს საკურორტო სეზონის ჩაშლას ნიშნავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

Business insider წერს, რომ უკრაინამ დაიწყო საზღვაო დრონების გამოყენება წყლის ნაღმების დასაყენებლად რუსული ფლოტის დისლოკაციის ადგილების გარშემო.

როგორც ცნობილია, საზღვაო დრონებით უკრაინელებმა   რუსული შავი ზღვის ფლოტის მესამედი ან მწყობრიდან გამოიყვანეს, ან გაანადგურეს (შეიძლება თქვას, უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთს ომი მოუგო) და ახლა საზღვაო ნაღმების დაყენებით აპირებენ „გამოკეტონ“ რუსული ფლოტი სევასტოპოლში, ნოვოროსიისკში და, იმედია...ოჩამჩირეშიც, თუ იქ გამოჩნდებიან რუსულ გემები.

უკრაინული დრონები აყენებენ შედარებით მცირე, 100 კილოგრამიან ნაღმებს, რომლებიც, მიუხედავად ამისა, საკმაოდ ქმედითნი არიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის გამოძიებამ დაადგინა, რომ გასულ თვეში ბერლინის ქარხანაში მომხდარი ხანძარი რუსი „საბოტაჟნიკების“ ანუ დივერსანტების მოწყობილი იყო.

უბრალოდ წაუკიდეს ცეცხლი და გაიქცნენ რუსეთში იმავე დღეს.

ქარხანა დაიწვა. იგი Diehl Metal-ს ეკუთვნის და არანაირი კავშირი არა აქვს სამხედრო წარმოებასთან. მანქანის ნაწილებს ამზადებს.

ანუ ის მოტივი, რომ ქარხანა იარაღს ამზადებდა უკრაინისთვის, გამოირიცხა.

რჩება ვერსია, რომ რუსული სპეცსამსახურები პირდაპირ საბოტაჟზე გადავიდნენ უკვე. აღარ აქვს მათთვის მნიშვნელობა, სამხედრო წარმოებაა თუ არა. უარესიც: ჩვეულებრივი ქარხნის დაწვა უფრო იოლია, რადგან სამხედრო ინდუსტრიას უფრო ძლიერი დაცვა აქვს.

გაუგებარია, ამაზე უარესი პუტინმა გერმანელებს რაღა უნდა გაუკეთოს? პუტინის პარტიამ «Единая Россия» შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც იმ რუს დეპუტატებს, ვინც გაბედავს დასავლეთში მოგზაურობას, მანდატი ჩამოერთმევათ.

ბევრ რუს დეპუტატს, მათ შორის მმართველი პარტიიდან, კვლავინდებურად აქვთ შენგენის ვიზა, აქვთ დიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად ხშირად დასეირნობენ ოჯახებთან ერთად „წყეულ“ ევროპაში და ამერიკაშიც კი.

აქ დასავლეთის „ტექნოლოგიური“ მიდგომაც ჩანს: შენგენის ვიზების გაცემა ფაქტობრივად შეწყვიტეს რუსებზე, მაგრამ დეპუტატებს შეუნარჩუნეს „შემოსატყუებლად“ როგორც ჩანს, ოღონდ ეს გარემოება პუტინის მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა: მისი ქალიშვილები ევროპიდან გამოაძევეს. ამიტომ შურისძიება გადაწყვიტა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსმა სენატორმა, წარსულში ჰოკეისტმა ვიაჩესლავ ფეტისოვმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევრო-24 მატჩებს აჩვენებს რუსეთის ტელევიზია მაშინ, როდესაც რუსეთს აუკრძალეს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

 პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ჩავიდა ჩინეთში ცოტა არ იყოს უცნაური ვიზიტით: პოლონეთი უკრაინის ნომერ პირველი მხარდამჭერია, ხოლო ჩინეთი - რუსული აგრესიის მხარდამჭერი.

დუდა შეხვდა ჩინელ დიქტატორ სი ძინპინს და მოლაპარაკება გამართა „სარტყელი/გზის“ გეოპოლიტიკურ კონცეპტში პოლონეთის ადგილის შესახებ.

კი მაგრამ.......Belt and road პოლონეთის მონაწილეობით როგორ უნდა განხორციელდეს თუ ჩინური ტვირთი ჯერ რუსეთის მთელს ტერიტორიას არ გაივლის?

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესო მოვლენაა ე.წ. ჩინურ დავოსზე“ ანუ ე.წ. „საზაფხულო დავოსზე“, დალიანის პროვინციაში, ჩინეთის პრემიერ მინისტრის Li Qiang (ლი ციანის) გამოსვლა.

ფაქტობრივად მან განაცხადა, რომ ჩინეთი იწყებს სავაჭრო ომს დასავლეთთან იმის გამო, რომ დასავლეთი ყოველნაირად ცდილობს შეზღუდოს მომავლის პროდუქციის ანუ ელექტრომობილების ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე.

როგორც ცნობილია, ჯერ ამერიკამ (ანუ ბაიდენის ადმინისტრაციამ) გაზარდა ჩინურ ელექტრომობილებზე საიმპორტო ტარიფები, შემდეგ კანადამ და ახლა ევროკავშირიც აპირებს ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღებას.

სამივეს არგუმენტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია: ჩინეთის კომპარტია, ანუ ჩინეთის სახელმწიფო, WTO წესების დარღვევით ხელს უწყობს დემპინგს, დოტირებს ელექტრომობილების წარმოებას, შესაბამისად ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილები შეუდარებლად იაფია, ვიდრე ევროპული ან ამერიკული.

და ეს იმ დროს, როდესაც სულ რამდენიმე წლის შემდეგ ევროკავშირი სამუდამოდ და საბოლოოდ აკრძალავს შიდა წვის ძრავიან მანქანებს.

ბუნებრივია, პეკინი ახლა ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი ამ კოლოსალურ ბაზრებზე, თუმცა ევროპული ავტომრეწვი და ამერიკული ავტომრეწვი ყველანაირად ლობირებენ, რათა მთავრობებმა დაიცვას ისინი არაკეთილსინდისიერი ჩინური კონკურენციისაგან.

როგორც ჩანს, სწორედ ავტომრეწვი და კონკრეტულად ელექტრომობილების წარმოება იქცევა იმ „უკანასკნელ წვეთად“ რაც აავსებს დასავლეთის მოთმინების ფიალას და აიძულებს მას შეცვალოს თამაშის წესები ჩინეთთან ვაჭრობაში, რაკი თვითონ ჩინეთი არ თამაშობს დასავლური თამაშის წესებით: ანუ ერთის მხრივ სარგებლობს დასავლური ბაზრების გახსნილობით, მაგრამ იყენებს სახელმწიფო ბერკეტებს იუანის ხელოვნურად დევალვაციის, მაშასადამე საექსპორტო ავტომობილების გაიაფებისა და დემპინგური ფასებით კონკურენტების განადგურებისთვის.

არ არის არც ჩინური ეკონომიკა, არც ჩინეთის პოლიტიკური სისტემა საიმისოდ მზად, დასავლური თამაშის წესებს მისდიოს.

ეს გასაგებია თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დასავლეთიც რისკავს რაკი ჩინეთი 1,5 მილიარდიანი ბაზარია და როდის ჩაკეტავენ ჩინელი კომუნისტები არავინ იცის. თანაც მსოფლიო გლობალიზებულია - დასავლეთი აღარ არის ერთადერთი ძალის ცენტრი. და მესამე: დასავლეთს საკუთარი ავტომრეწვის დიდი ნაწილი სწორედ ჩინეთში აქვს გადატანილი.

. . . . . . . . . . . . . . . . .  .

პრეზიდენტი ბაიდენი უახლოვდება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მეორე ნაბიჯი იქნება მას შემდეგ, რაც აშშ ადმინისტრაციამ ნება დართო უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე; თუმცაღა მხოლოდ მეზობელ რეგიონებში და მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის.

თეთრ სახლში მომზადებულია პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც პენტაგონს ენიჭება უფლება განალაგოს უკრაინის ტერიტორიაზე ქვეკონტრაქტორები ამერიკული იარაღის შესაკეთებლად.

იგულისხმება ამერიკული ტანკები, ჯავშანმანქანები და ახლო მომავალში ალბათ საბრძოლო თვითმფრინავებიც. ბუნებრივია, სამხედრო ტექნიკა ბრძოლისას გამოდის მწყობრიდან და მას შეკეთება სჭირდება. ტრანსპორტირება დასავლეთში კი დიდ დროს მოითხოვს.

ბუნებრივია ამგვარი სარემონტო ბაზების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზევე დასავლური პერსონალით, სპეციალისტებით, დაცვით და ა.შ. დიდ რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბაიდენმა როგორც ჩანს გადაწყვიტა არ შეიმჩნიოს „წითელი ხაზები“ რასაც მანამდე უფრთხოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის მთავრობამ შესაძლოა ულტრაორთოდაქსალური ებრაელები გაიწვიოს არმიაში.

მათ დღემდე არ იწყევდნენ არმიაში მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო სავალდებულო გაწვევა ეხება ყველას - ქალსაც და მამაკაცსაც.

ეს გამონაკლისი ისრაელის საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

ულტრაორთოდაქსალური ებრაელები ჯარში არ მსახურობდნენ რაკი ამას მათი სწავლება უკრძალავთ.

თუმცა ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რელიგიური სწავლებაა და საერო კანონებს იგი არ უნდა ცვლიდეს.