საერთაშორისო მიმოხილვა. 24 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 სექტემბერი. 2023 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროში ისეთი აგრესიული ანტიდასავლური სფიჩით გამოვიდა, ფიდელ კასტროს შეშურდებოდა;

მან დასავლეთს `ტყუილის იმპერია` უწოდა (The Empire of lie). როგორც ჩანს ეს იყო `ლინკი` აშშ დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ეპოქალურ გამოსვლაზე გაეროში (1983წ), როდესაც პრეზიდენტმა რეიგანმა მოსკოვურ სახელმწიფოს (მაშინ რომ სსრკ ერქვა) უწოდა The Empire of evile (ბოროტების იმპერია) .

რეიგანის ის გამოსვლა ახლაც `ეწვით` რუსებს.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ დიდ პრეს-კონფერენციაზე: ამერიკა პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ ომშიო!

ანუ მოსკოვი მზად არის განიხილოს ამერიკის როლი უკრაინის კონფლიქტში, როგორც უშუალო მონაწილეობა.

ეს სტატუსი კი იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს ამერიკას სამხედრო გზით (!) უპასუხოს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ან იარაღით მოამარაგოს ამერიკის ყველა მტერი და ტერორისტული ბანდა.

შეიძლება ითქვას, ამ განცხადებით, რაც უდავოდ პუტინთან იქნებოდა შეთანხმებული, რუსეთ-დასავლეთის და მეტადრე რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სარწმუნო დასავლური წყაროები ადასტურებენ, რომ უკრაინის არმია ნელ-ნელა, `ბაჯბაჯით` თუმცა მაინც მიიწევს აზოვის ზღვისკენ.

მაინცდამაინც ზღვაზე გასვლა არ არის აუცილებელი, რათა რუსეთ-ყირიმის დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი გადაჭრან: საკმარისი იქნება არტილერიისა და ზალპური ცეცხლის დანადგარების წვდომის მანძილზე აღმოჩნდეს ეს დერეფანი.

ახლა მხოლოდ ბალისტიკური ან სხვა ტიპის რაკეტების წვდომის არეალშია, თუმცა რაკეტებით სახმელეთო ტრანზიტის აღკვეთა ვერ მოხერხდება. საამისოდ აუცილებელია არტილერია, მათ შორის შორსმწვდომი ზალპური ცეცხლის დანადგარები, რომელთა ცეცხლის კორექტირება მოხდება უკრაინული დრონებით ან ამერიკული კოსმოსური თანამგზავრებით.

გუშინ უკრაინელებმა წინ წაიწიეს ვერბოვოს მიდამოებში.

ბოლოდროინდელი წინსვლა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, არც უკრაინის არმიამ დასავლეთისგან მიიღო სპეციალური განმნაღმველი მანქანები. სწორედ ისინი ჭრიან დერეფნებს დანაღმულ ველებზე, სადაც შემდეგ უკვე მძიმე ტექნიკა და ფეხოსნები შედიან.ეს მანქანები გარეგნულად ძალიან გვანან ბულდოზერებს; მათი პეშვი თხრის მიწას 1 მეტრის სიღმეზე და უძლებს ნებისმიერი ნაღმის აფეთქებას

თუმცა მსხვერპლი ნამდვილად დიდია სამწუხაროდ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ დასავლურ ფლაგმანულ, მეინსტრიმულ მედიას გადავხედავთ, უკვე თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ომის ბედი ზუსტადაც ბრძოლის ველზე გადაწყდება და არა დიპლომატიურ მაგიდასთან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინა უკვე თითქმის ყოველ დღე ბომბავს ყირიმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ქმედებაა.

მართალია უკრაინული რაკეტების და დრონების დაახლოებით 95% მიზანს ვერ აღწევს, რაკი ყირიმი საზენიტო სისტემებით მოსკოვის მსგავსად არის გამაგრებული, თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: მთავარია, რომ ყირიმის თავზე უკვე თითქმის ყოველ დღე (ბოლო შეტევა გუშინ ანუ შაბათს იყო) წივის საჰაერო თავდაცვის გამაყრუებელი სირენა, რაც ყირიმელ რუსებს აგრძნობინებს, რომ ადრე იყო რუსეთთან შეერთების ზეიმი და მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ.

 

ირკვევა ახალი დეტალები სევასტოპოლში, რუსეთის შტაბზე უკრაინული რაკეტის წარმატებული შეტევის შესახებ.

ამჯერად ეს იყო არა დრონი, არამედ ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა  Storm shadow.

რაკეტა მოხვდა შტაბის შენობას და უკრაინული დაზვერვის ცნობით ცხრა (!) მაღალი რანგის რუსი სამხედრო გაანადგურა.

თან არა მხოლოდ შავი ზღვის ფლოტის სარდლები, არამედ  დონბასზე მოქმედი რუსული დაჯგუფების სარდლებიც.

 როგორც ჩანს `სახმელეთო` და `საზღვაო` ძალების რუსი სარდლები თათბირს ატარებდნენ, როგორ დაებომბათ კოორდინირებულად უკრაინა.

სწორედ ამ თათბირისას მოხვდა შტაბის შენობას რაკეტა. ეს კი უეჭველად იმას  ნიშნავს, რომ უკრაინული სამხედრო დაზვერვაც კარგად მუშაობს და ყირიმში, მათ შორის თვით შტაბშიც ინფორმატორები ჰყავთ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` საგარეომ განაცხადა: რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ მოსკოვმა და თბილისმა, ვლადიკავკაზ-ცხინვალის საავტომობილო გზას გორის და თბილისის მიმართულებით არ გავხსნი, სანამ საქართველო `სამხრეთ ოსეთის` დამოუკიდებლობას არ აღიარებსო. ანუ არასდროს.

ეს ცხინვალისა და სოხუმის კონსოლიდირებული პოზიციაა: ისინი არ აღიარებენ 2011 წლის შეთანხმებას თბილისსა და მოსკოვს შორის, რომ შვეიცარიის კერძო კომპანიას უნდა გაეკონტროლებინა ე.წ. `სავაჭრო დერეფნები` ცხინვალისა და აფხაზეთის გავლით. მოთხოვნა იგივე აბსურდია: `ჯერ გვცნოს საქართველომ და მერე ვნახოთო`.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ყარაბაღში გრძელდება სომხური ფორმირებების განიარაღება: სომხები უკვე აბარებენ მასობრივად იარაღს: აზერბაიჯანის არმია ტკბება გამარჯვებით: გუშინ ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან შეკრიბეს ქალაქ შუშას ცენტრალურ მოედანზე და უჩვენეს სომხების მიერ ჩაბარებული იარაღი: ასეულობით ავტომატი, ტყვიამფრქვევი და რამდენიმე ჯავშანმანქანა;

რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფელები` მხოლოდ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში (ხანკენდი) არიან განლაგებულნი.

ამასობაში აზერბაიჯანის არმია ნელ-ნელა მიჩოჩავს და იკავებს ყარაბაღის მთელს რეგიონს სტეფანაკერტის გარდა; და რად უნდათ სტეფანაკერტი? რამდენ ხანს გაძლებს იქ მცხოვრები 20 000 სომეხი?

დიდ სურათს თუ შევხედავთ, ასეთი ისტორიული ღალატი, რაც ახლა რუსეთმა ჩაიდინა მისი მოკავშირე სომხეთის მიმართ, კაცობრიობის მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი ძნელად მოსაძევებელია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთში დაიწყო `აზიური ოლიმპიადა`. მასში  მონაწილეობს აზიისა და წყნარი ოკეანის 45 სახელმწიფო.

რუსეთი პეკინმა `აზიურ ოლიმპიადაზე ` არ მიიწვია.

არადა რუსები დღენიადაგ გაჰყვირიან სრულ აბსურდს, რომ რუსეთი `როგორც ევროპული ასევე აზიური სახელმწიფოაო`. ესე იგი ევრაზიული;

ნამდვილად, რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილია აზიაში, ვიდრე ევროპაში, თუმცა რუსეთი აზიური სახელმწიფო იმ აზრით არ არის, რა საზრისსაც ჩინეთი დებს `აზიურობაში`.  

რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ ნაწილში ცხოვრობს და არა აზიურ ნაწილში.

ოლიმპიადა, რომელიც გუშინ გაიხსნა, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. პეკინს მიაჩნია, რომ რუსეთის ადგილი იქ არ არის: ჩინეთის ხელისუფლებას საკუთარი პრიორიტეტების და ლიდერობის დემონსტრირება სურს აზიაში. ამისთვის კი აუცილებელია ჩინეთის `აზიურ-ოლიმპიური ნაკრები` პირველ ადგილზე  გავიდეს.

არადა.....ჩინელებმა ხომ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს `რუსული დოპინგი`, რისი წყალობითაც პუტინმა მოიგო 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა. ამიტომ ჩინელებს სულაც არ ეპიტნავებათ, ამ დოპინგის წყალობით რუსმა სპორტსმენებმა ჩინელი სპორტსმენები დაჩაგრონ. და რუსეთი ისევე გავიდეს კომიკურ `პირველ ადგილზე`, როგორც 2014 წელს.

ამიტომაც არ მიიწვიეს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, რუსეთმა მოახერხა `ეშმაკის ჩამოგდება` პოლონეთსა და უკრაინას შორის.

უკვე ვწერდით, რომ პოლონეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვარშავა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინულ ხორბალზე ემბარგოს გამო.

როგორც ჩანს, ამისთვის პოლონელები ამერიკელებმა და გერმანელებმა მკაცრად დატუქსეს და პოლონეთის პრემიერი მორავეცკი იძულებული გახდა დაეზუსტებინა, რომ მისი განცხადება ეხებოდა ახალი პოლონური იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ხოლო ის იარაღი, რასაც პოლონეთი უკვე შეჰპირდა უკრაინას, ასევე სხვა დასავლური იარაღი კვლავინდებურად გადაიტვირთება პოლონეთში.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ 15 ოქტომბერს პოლონეთში ტარდება გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები; მმართველი `სამართლისა და სამართლიანობის პარტია` (პრემიერი მორავეცკი) ამ არჩევნებს წააგებს, თუ პოლონელ ფერმერთა მხარდაჭერა არ ექნება. უკრაინული ხორბალი კი იაფია და ფერმერებს დიდწილად დააზარალებს; ბევრს გააკოტრებს კიდეც

რუსეთს რომ უკრაინული პორტები არ დაებლოკა, ეს პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა. ხორბალი მოთხოვნადია მთელს მსოფლიოში; ახლა კი უკრაინელებს მხოლოდ სახმელეთო მარშრუტები დარჩათ - რკინიგზით; არადა, რკინიგზით გადატვირთული ხორბალი რენტაბელურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოკლე მარშრუტზე გადატვირთავ -  ევროკავშირში.

პოლონელებს, სლოვაკებს და უნგრელებს, სადაც ასევე აწარმოებენ ხორბალს, ევროკავშირის ბაზარი `თავისად` მიაჩნიათ და ბრიუსელის პრო-უკრაინულ გადაწყვეტილებებს აიგნორებენ სამწუხაროდ