დემირელი დღეს ნავთობის ტრანზიტის ტარიფებს შეგვამცირებინებს

დემირელი დღეს ნავთობის ტრანზიტის ტარიფებს შეგვამცირებინებს

        დღეს თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის თურქეთის პრეზიდენტი მეუღლითურთ. შეიძლება ითქვას, ეს, მართლაც, საგანგებო და განსაკუთრებული ვიზიტია, რამდენიმე მიზეზით.
        დავიწყოთ თითქოსდა წვრილმანით: თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოდის მეუღლესთან - ნაზიმე დემირელთან ერთად. ნაზიმე ძალიან იშვიათად მონაწილეობს თვით ოფიციალურ ვიზიტებშიც კი - დაახლოებით 1 შემთხვევაში ათიდან (მაგალითად, გასული წლის აპრილში ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე დემირელმა მეუღლეც იახლა).
        ეს ერთი. მეორეც, სულეიმან დემირელის ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილი იყო მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში. პარასკევს იგი ჩამოდის მისივე დაჟინებული მოთხოვნით (ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტებმა მორიდება არ იციან), უმალვე მას შემდეგ, რაც დასრულდა მოლაპარაკება ანკარაში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან. მოლაპარაკების ძირითადი თემა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ყო.
        როგორც ცნობილია, სატრანზიტო ტარიფებთან დაკავშირებით ქართულიო მხარის «გაჯიუტებამ» და მთელი ნავთობის 3 პროცენტის (ან ბარელზე 20 ცენტის) მოთხოვნამ ბაქო, ანკარა და ვაშინგტონი ძალიან გაანერვიულა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულმა მხარემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც დიპლომატიური ტექნოლოგიის ნაკლებობიდან გამომდინარეობს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა კონკრეტული მოთხოვნის დაფიქსირება (20 ცენტის, მით უმეტეს, მთელი ნავთობის სამი პროცენტის, ანუ მილიონ-ნახევარი ტონის), ვინაიდან, ამით დავაფრთხეთ პროექტის ძირითადი სპონსორი - «ბრითი პეტროლიუმი», რომელსაც ისედაც არ ეპიტნავება უზარმაზარი, ძვირადღირებული ნავთობსადენის მშენებლობა ბაქოდან – ხმელთაშუაზღვისპირეთამდე მაშინ, როდესაც არსებობდა (განიხილებოდა) ეკონომიკურად გაცილებით მომგებიანი პროექტი: ბაქო-სუფსა. ამ შემთხვევაში ჭკუა უნდა გვეხმარა და თუ შემოთავაზებული ტარიფები არ გვაკმაყოფილებდა, არავითარ შემთხვევაში არ დაგვესახელებინა ჩვენი წინადადება (რაც ხელზე დაიხვიეს თურქებმა, აზერბაიჯანელებმა დაე ბრიტანელებმა), არამედ, უბრალოდ, გვეთქვა, რომ შემოთავაზებულიო ტარიფი არ გვაკმაყოფილებს და პარტნიორებს თავად შემოეთავაზებინათ ახალი ტარიფი, ვიდრე იგი ჩვენთვის მისაღებ დონეს არ მიაღწევდა.
        თუმცა ამაზე საუბარი უკვე ძალიან გვიან არის. სულეიმან დემირელის ვიზიტი (სპეციალურად, სწორედ ამ საკითხის განსახილველად) ისეთ მდგომარეობაში გვაყენებს, რომ უკვე უარის თქმა ვიზიტის ჩაშლის ტოლფასი იქნება, რაც ურთიერთობათა გამწვავებას გამოიწვევს იმ დროს, როცა საქართველოს უპირველესი გეოპოლიტიკური პარტნიორი სწორედ თურქეთი ხდება – მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
        ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ დასავლეთმა (ამერიკის შეერთებულმა შტატებმა) თურქეთს დააკისრა რეგიონული «ზესახელმწიფოს», ანუ დასავლეთის ფორპოსტის როლი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასავლური გავლენის ზრდა კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში.
        ვიდრე თურქეთი იზიარებს «დასავლური თამაშის წესებს», მის როლსა და ფუნქციასა ჩვენს რეგიონში ეჭვქვეშ არავინ დააყენებს, ამიტომ «ევროპა» და «დასავლეთი» საქართველოსათვის, უპირველესად, არის თურქეთი.
        დღეს თურქეთი (ესეც ახალი გეოპოლიტიკური და ისტორიული რეალობაა) საქართველოსათვის ისევე არის «შუამავალი» დასავლეთთან, როგორც რუსეთი იყო XIX საუკუნეში, ანუ ერეკლე II-ის იდეა «ევროპაში რუსეთის მეშვეობით შესვლისა» დღეს ტრანსფორმირდა შევარდნაძის არცთუ უსაფუძვლო იდეაში: ევროპაში შესვლა თურქეთის გავლითა და შუამავლობით.
        ნურასდროს დავივიწყებთ, რომ დღეს (საბედნიეროდ) 1801 წელი არ არის, ამიტომ დასავლეთი თურქეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს აღიარებს მხოლოდ მანამდე, ვიდრე თურქეთი იზიარებს «თამაშის წესებს», ანუ ვიდრე დემოკრატიული სახელმწიფოა. მაგრამ საკმარისია თურქეთში გაძლიერდეს პანისლამისტური ან თუნდაც პანთურქული ექსპანსიონისტური ტენდენციები, დასავლეთი უმალვე დაიწყებს რეგიონში ახალი დასაყრდენის ძიებას და საქართველოზე უკეთესს ვერც იპოვის.
        ანკარაში ეს ყოველივე შესანიშნავად უწყიან. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს შანსი, უფრო აქტიურად დაიცვას თავისი ინტერესები.
        3 პროცენტი და «20 ცენტი», რა თქმა უნდა, მეტისმეტია, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანა სერიოზულ მოგებას მიიღებს.
        თუმცა მთავარი მაინც თვით მშენებლობის პროცესია (რის შედეგადაც ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი «დაილექება») და, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური გარანტიებიც

მერიდიანი, 14 იანვარი, 2000 წელი