საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივნისი. 2024 წელი

The New York Times პირველად (!!!) აქვეყნებს რუსეთ-უკრაინის სტამბულის შეთანხმების (დრაფტის ანუ პროექტის) სრულ ტექსტს, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 15 აპრილით;

 როგორც ცნობილია, სწორედ იმ დროს სტამბულში, ერდოღანის ფორმალური „შუამავლობით“ მიმდინარეობდა მოლაპარაკება რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის დაზავების თაობაზე და დოკუმენტი პარაფირებულიც კი იყო მომლაპარაკებლების მიერ.

„პარაფირებული“ იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ ვინც აწარმოებდა მოლაპარაკებას (უკრაინული მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელი იყო დავით არახამია), შეთანხმდნენ ტექსტზე, მოაწერეს ხელი და ელოდნენ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა დოკუმენტი საბოლოოდ გაფორმებულიყო.

მაგრამ ეს დოკუმენტი იყო კატასტროფა.

ჯერ სახელწოდება ვნახოთ: „ხელშეკრულება უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიათა შესახებ“.

გარანტორები იქნებოდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი; ანუ არა მხოლოდ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, არამედ....თვით რუსეთიც.

პირველივე პუნქტში ნათქვამია, რომ უკრაინა ხდება მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, არ შევა სამხედრო კავშირებში (იგულისხმება NATO), არ განათავსებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზებს და შეიარაღებულ ქვედანაყოფებს, ასევე ნებისმიერი (ანუ საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ბაზირების) რაკეტებს და არ ჩაატარებს არასდროს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებს.

უკრაინელებმა ამ პუნქტში „გამოივაჭრეს“ დებულება, რომ „მუდმივი ნეიტრალიტეტი“ შეთავსებადია ევროკავშირის წევრობასთან.

ეს პუტინის დათმობა იყო იმ გათვლით, რომ ტერიტორიულმთლიანობა დარღვეულ უკრაინას არა მხოლოდ NATO-ში, არამედ ევროკავშირშიც არავინ მიიღებდა. ასე ეგონა მაშინ.

„გარანტორები“ თავის მხრივ კისრულობდნენ პასუხისმგებლობას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, აღმოუჩენენ მას სამხედრო დახმარებას უშუალოდ კონფლიქტში ჩართვით, ოღონდ.....ეს გარანტიები არ ეხებოდა ყირიმს და არ ეხებოდა დონბასს, რომელიც უკვე ანექსირებული ჰქონდა რუსეთს.

მოსკოვი თანხმდებოდა გაეყვანა ჯარები ხერსონიდან და ზაპოროჟიედან იმ პირობით, რომ უკრაინა უზრუნველყოფდა „სახმელეთო დერეფანს“ რუსეთიდან - ყირიმისკენ.

ჩამოთვლილი იყო, რამდენი ტანკი შეიძლება ჰყავდეს უკრაინას, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი, რამდენი საარტილერიო სისტემა და ა.შ და ა.შ.

თანაც, რუსეთი ეწინააღმდეგებოდა იმ ელემენტარულ მოთხოვნას, რომ თუ 5 სახელმწიფო გარანტორთაგან ერთ-ერთი განახორციელებდა ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ ძალაში შედიოდა დანარჩენი 4 გარანტორის (რეალურად 3 გარანტორის - ჩინეთი არ ითვლება) უფლება და ვალდებულება, დახმარებოდნენ უკრაინას სამხედრო ძალით;

ანუ პუტინი მოითხოვდა, რომ თვითონაც თუ აღმოჩნდებოდა აგრესორი, 5 გარანტორი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე „ვეტოს“ უფლება მოეპოვებინა.

კრემლმა  ეს უფლება ეშმაკურად გააფორმა: „გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს რეზოლუციაო“ და....იმ საბჭოში მოსკოვს ხომ ვეტოს პრეროგატივა აქვს?!

ბუნებრივია, ზელენსკი ამგვარ „გარანტიებს“ არ დათანხმდებოდა და ვერ დათანხმდებოდა: რა „გარანტიაა“ ეს, რომელიც აგრესორს ვერ შეზღუდავს?

NYT ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს გარემოება გახდა პირველი მიზეზი ხელშეკრულების ჩაშლისა, ხოლო მეორე არსებითი მიზეზი გახდა ბუჩას ტრაგედია: სწორედ მაშინ რუსეთმა ბუჩადან გაიყვანა ეთნიკური უმცირესობებისგან შემდგარი ქვედანაყოფი, რითაც კიევის შტურმს აპირებდა და ბუჩაში დადასტურდა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ!

 

ცალკე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა, როგორ აღმოჩნდა ეს დოკუმენტი NYT ხელში ზუსტად მაშინ, როცა შვეიცარიაში იხსნება „გლობალური სამიტი“ უკრაინის თემაზე.

არ არის გამორიცხული, რუსებს მიეწოდებინათ პროვოკაციული მიზნით.

 

უკრაინის თემატიკაზე გლობალურ სამიტში 101 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ვაშინგტონმა უზრუნველყო ინფორმაციის „გაჟონვა“, რომ ჩინეთი არა მხოლოდ თვითონ არ მონაწილეობს ამ სამიტში, არამედ ცდილობდა სხვა ქვეყნებიც დაერწმუნებინა არ მიეღოთ მონაწილეობა.

ეს სხვა ეტაპია უკვე რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობისა.

G7 ბოლო სამიტზე, რომელშიც ზელენსკიც მონაწილეობდა, ჩინეთი საბოლოო კომმიუნიკეში 38-ჯერ არის ნახსენები და სულ ნეგატიურ ჭრილში, როგორც პოტენციური მტერი და მოწინააღმდეგე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შვეიცარიის გლობალურ სამიტზე გამოსვლისას, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვი „შეიჭრა ფინეთში და ტერიტორიის 10% ოკუპაცია მოახდინაო“.

რა თქმა უნდა შეიჭრა და რა თქმა უნდა დაიპურო, მაგრამ სანამ NATO-წევრები გახდებოდნენ, ფინელი ლიდერები ამაზე არ საუბრობდნენ ასე თამამად.

NATO-ს ქოლგა სიმართლის ლაპარაკს დიდად უწყობს ხელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდეგი „გლობალური სამიტი“ უკრაინის თემატიკაზე გაიმართება უკვე გამარჯვების შემდეგ.

„გლობალურმა სამიტმა“ დაამტკიცა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში მორიგი სკანდალია: 12 ივნისს, ე.წ. „რუსეთის დღეს“, აფხაზეთის საელჩოში გაიმართა მიღება, რომელზეც რუსეთის ელჩმა მიხეილ შურგალინმა მიიწვია მხოლოდ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები და არ მიიწვია ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

აფხაზეთის „საელჩოს“ საიტზე გაჩნდა აფხაზთა კომენტარები, რომ ელჩმა „არმიწვევით“ დასაჯა ოპოზიცია, რომელიც პუტინისთვის „პიცუნდას აგარაკის“ გადაცემის წინააღმდეგი იყო (ხელისუფლებამ ეს აგარაკი არც გადასცა პუტინს რეალურად-დ!), ახლა წინააღმდეგია ენგურჰესის გადაცემისა რუსული ენერგო-კონცერნებისთვის, წინააღმდეგია ბინების ყიდვა-გაყიდვისა და ა.შ.

რეალურად, შურგალინმა ძალიან კარგად იცის (გამოცდილი და ეშმაკი დიპლომატია), რომ სინამდვილეში, როგორც წინა მიმოხილვაში ვწერდით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და მისი ვითომ „ოპოზიცია“ სპექტაკლებს ათამაშებენ, თუმცა მიღებაზე ოპოზიციის „არმიწვევაც“ ერთგვარი საპასუხო თამაშის ნაწილია.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, რაც რუსეთის საელჩოს საიტზე აფხაზთა კომენტარებს მოჰყვა: სრულიად მოულოდნელად, ამ კომენტარებს პირადად უპასუხა ელჩმა შურგალინმა და გვარიანად გათათხა კომენტატორებიც და აფხაზური ოპოზიციაც, რის შედეგად მას აფხაზმა ოპონენტებმა „პროვოკატორი-ელჩი“ უწოდეს.

შურგალინი, როგორც მოგახსენეთ, გამოცდილი და გაიძვერა დიპლომატია.

ასეთები არ ეშლება.

მან, რასაკვირველია, იცოდა, რომ მის კომენტარებს აუცილებლად მოჰყვებოდა „ამბავი“ და სიტუაციის გამწვავება; თუმცა ეს შეგნებულად გააკეთა, რაკი წინასწარგანზრახულად სურდა გამწვავება  და....ამით message გაუგზავნა მთლიანობაში აფხაზურ ელიტებს, რომ რუსეთის მოთმინების ფიალა ი ვ ს ე ბ ა: „ყველაფერს ვამჩნევთ, ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, დასკვნები გამოგვაქვს და გადაწყვეტილებებსაც ვამზადებთო“ - ასე „ითარგმნება“ რუსი ელჩის „უჩვეულო“ მოქმედება ახლა.

სხვათა შორის, თუ აფხაზურ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, იოლად შესამჩნევია ახალი ნარატივი: „მოლაპარაკებები გავმართოთ თბილისთან“.

და ისიც ცხადია, რომ ეს ნარატივი, ქართველოფობიურ აფხაზურ სოციუმში კულტივირებულია და ინდოქტრინირებულია აფხაზური ელიტების მიერ მიზანმიმართულად, მათ შორის ქართველ „სასარგებლო იდიოტებზე“ გათვლით, - ვისაც ეს უბადრუკი ფეიკი უხარიათ „დამარცხებულის კომპლექსის“ გამო.

სინამდვილეში ამ ნარატივის მიზანი მოსკოვის „ლბილი წაშანტაჟებაა“, რომ აი...... „თუ განსაკუთრებით „მოგვაწვებით“ და „დაგვპრესავთ“, თუ ზომებს მიიღებთ......მაშინ....აგერ არის NATO (ენგურს გაღმა) და აგერ არის EU (ენგურს გაღმა).....ანუ......„საქართველო“ კი არ არის „აგერ“, მეზობლად,  არამედ სწორედ NATO და EU.

 

ამავე „წაშანტაჟების“ ფარგლებში, ერთი წუთით არ დავიჯეროთ, რომ შემთხვევითი იყო, როცა მოსკოვის „ნომენკლატურა“ ინალ არძინბა გააპანღურეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან რაკი მეტისმეტად აქტიურად მოითხოვდა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას და მისი გაგდების შემდეგ „პრეზიდენტმა“ ბჟანიამ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ტუჟბა, რომელიც ზუსტად იმ დროს ვაშინგტონში იმყოფებოდა;

ტუჟბა მალე დაბრუნდა აფხაზეთში, ბჟანიამ მოუხსნა „მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსი  (რაკი მოსკოვიდან „დაუცაცხანეს:  ჩვენს A კლასის ინტერესებს ეხებით უკვეო“), თუმცა „მესიჯი“ დარჩა.

თანაც...... აქვე „ფრთხილად“ შევნიშნავ, რომ ეს იყო „მესიჯი“ არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვაშინგტონის მიმართაც, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა ჩვეული ოსტატობით გააგზავნეს ერთდროულად ორი მიმართულებით!!!

ეს თემა (სოხუმიდან ვაშინგტონში გაგზავნილი „მესიჯებისა“) ნამდვილად არსებობს, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ჩვენთვის.

„ამდენს აფხაზები როგორ გაბედავენო“ არ არის სწორი: თუ მოსკოვი ძლიერ „მიაწვებათ“, მაშინ იმავე „ლბილი წაშანტაჟების“ ტექნოლოგიის ფარგლებში კიდეც გაბედავენ!

ყოველ შემთხვევაში, აფხაზი სეპარატისტები დასავლურ „მოედანზეც“ ცდილობენ ეშმაკურად „თამაშს“ და პოლიტკორექტულობის გამო ამას თბილისში არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია ყურადღებას არ აქცევს სამწუხაროდ.