არჩევნები ამერიკაში – ვინ ურჩევნია საქართველოს?

არჩევნები ამერიკაში – ვინ ურჩევნია საქართველოს?

        ორშაბათს, ამერიკის ყველაზე რესპექტაბელურმა სოციოლოგიურმა ცენტრმა, - «გელაპ»-ის ინსტიტუტმა - საბოლოო გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ბარაკ ობამას ამერიკელთა 52 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს – 44 პროცენტი.
        დაახლოებით ასეთივე თანაფარდობას აფიქსირებენ სხვა სოციოლოგიური ორგანიზაციებიც. ოღონდ იმ დაზუსტებით, რომ შესაძლო ცდომილება დაახლოებით 3 პროცენტს უდრის (თუმცა ეს ცდომილება შესაძლოა ორივე კანდიდატზე გადანაწილდეს) ხოლო ამერიკელთა 6 პროცენტს ან ბოლო დღემდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის აძლევდა ხმას, ან საკუთარი არჩევანის გამხელა არ სურდა.
        აქ ნიშანდობლივია ის მომენტი, რომ თუ აფროამერიკელთა აბსოლუტურ უმრავლესობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, «მერყევთა» უმეტესობა თეთრკანიანია. ანუ ე.წ. «WASP» (თეთრი, ანგლოსაქსი, პროტესტანტი) კატეგორიას განეკუთვნება და მართლაც მერყეობს საკუთარ არჩევანში. თუმცა, განსხვავებით აფროამერიკელთა და სხვა უმცირესობათაგან, უბრალოდ არ ადასტურებს ღიად საკუთარ გადაწყვეტილებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად გამოკითხვათა შედეგებისა, ბარაკ ობამას გამარჯვება სულაც არა იყო გადაწყვეტილი. მით უმეტეს, რომ ამერიკაში მოქმედებს სპეციფიური საარჩევნო სისტემა. ფაქტობრივად, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამერიკის მოსახლეობის უმეტესობამ ხმა მისცეს ერთ კანდიდატს, მაგრამ, რეალურად, პრეზიდენტი მისი მოწინააღმდეგე გახდეს.
        საქმე ისაა, რომ ამერიკელები ირჩევენ არა უშუალოდ პრეზიდენტს, არამედ «ხმოსნებს» - დელეგატებს, რომლებიც საგანგებო შეკრებაზე შემდეგ ირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს. ხოლო რაკი ამერიკა ფედერაციაა და სხვადასხვა სუბიექტს (შტატს) ხმოსანთა სხვადასხვა ოდენობა ეკუთვნის კონსტიტუციით, სანუკვარი 270 ხმა შეიძლება იმ კანდიდატმა მოიპოვოს, რომელმაც ხმათა ნაკლები ოდენობა მიიღო ქვეყნის მაშტაბით.
        ერთის მხრივ, ეს თითქოს დემოკრატიის ელემენტარულ ნორმათა დარღვევაა, მაგრამ ამავდროულად, აიძულებს პრეზიდენტობის კანდიდატებს, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ კალიფორნიისა და ტეხასის მსგავს დიდ შტატებს, არამედ პატარა შტატებსაც, სადაც ნაკლები ამომრჩეველი ცხოვრობს – სამაგიეროდ დელეგატთა სოლიდურ ოდენობას აგზავნის გადამწყვეტ კონვენტზე.
        მთლიანობაში, ამჟამინდელი არჩევნები ნამდვილად ფენომენალურია და (შედეგის მიუხედავად) ისტორიულიც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც ერთხელ ამერიკის ისტორიაში ამ ქვეყნის უმცირესობებს – აფროამერიკელებს, «ლათინოსებს» და სხვებს ასეთი აქტიური მონაწილეობა არჩევნებში არ მიუღიათ.
        აქედან მომდინარეობს სწორედ უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა კენჭისყრისას. ადრე ისინი ქვეცნობიერად თვლიდნენ, რომ ამერიკის ბედს მხოლოდ იგივე WASP კატეგორიის ადამიანები (ანუ «პირველი ხარისხის მოქალაქეები») წყვეტდნენ, ხოლო მათ ხმას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ობამას ფენომენმა კი გაუჩინათ რწმენა, რომ ისინიც სრულფასოვანი ამერიკელები არიან და შეუძლიათ გადამწყვეტი წვლილი შეიტანონ თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს ფსიქოლოგიური აღქმა უეჭველად განამტკიცებს «ამერიკელობის» იდენტობას, «ამერიკული ოცნების» ცხოველმყოფელობას და ხელს შეუწყობს ამ ვეებერთელა, ურთულესი საზოგადოების შემდგომ კონსოლიდაციას.

        ბუნებრივია, ახალ პრეზიდენტს, რომელიც სულ მალე განმარტოვდება თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, უამრავი პრობლემა ხვდება ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში. ჩვენთვის კი უმთავრესი საკითხია, როგორ იმოქმედებს ამერიკელთა არჩევანი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე, რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტას და დაგვეხმარება ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უპირველესად ჩვენივე «თავის ტკივილია»; თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი გლობალური როლიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვთ ამბიცია ყველა რეგიონის პრობლემათა «მოწესრიგებაში» გადამწყვეტი თუ არა, ანგარიშგასაწევი სიტყვა თქვან.
        თეთრს სახლში, კაპიტოლიუმზე და სახელმწიფო დეპარტამენტშიც აგვისტოს მოვლენები სწორედ იმიტომ აღიქვეს ესოდენ მწვავედ, რომ ამერიკის გლობალური როლისა და ავტორიტეტის ხელყოფად მიიჩნიეს.
        და არც თუ უსაფუძვლოდ.
        მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს (როგორც ზოგჯერ გვიმტკიცებენ) თითქოს ამერიკის ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში (მაკკეინი იქნება თუ ობამა, დემოკრატი იქნება თუ რესპუბლიკელი) საქართველოსათვის არაფერი შეიცვლება.
        მექანიკური, გამარტივებული სქემების მოყვარულები ხშირად იმასაც აცხადებენ რომ რესპუბლიკელები ტრადიციულად უფრო «მკაცრად» არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ, ვიდრე დემოკრატები. ამიტომ დემოკრატი ობამა თითქოსდა «რუსეთს ჩაგვაბარებს», ხოლო «რესპუბლიკელი მაკკეინი არ გაგვწირავს» და ასე შემდეგ.
        ისტორიული გამოცდილება კი ადასტურებს, რომ ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ამგვარ სქემებში ვერ ეტევა: დემოკრატმა ჯონ კენედიმ ლამის ატომური ომი დაიწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ - კარიბის კრიზისის დროს, რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა, მისი აბსოლუტურად უკომპრომისო პოზიციით, ნამდვილად შეუწყო ხელი კომუნისტური რეჟიმის ეროზიას, მაგრამ ნატოს გაფართოება სწორედ დემოკრატი ბილ კლინტონის მმართველობისას განახლდა და სწორედ დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ, მოსკოვის მუქარისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვიტა ნატოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, აგრეთვე ბალტიის სახელმწიფოთა მიღება.
        ანუ მთავარია არა პრეზიდენტის პარტიული კუთვნილება, არამედ როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე ამერიკის შიდაპოლიტიკური კონიუნქტურა და თვით პრეზიდენტთა «ბექგრაუნდი».
        თუ ამ თვალსაზრისით გავაანალიზებთ მაკკეინისა და ობამას პოზიციებს, გარკვეული სხვაობა ტაქტიკაში ნამდვილად არსებობს. თუმცა ამერიკის გრანდიოზულობისა და ჩვენი ქვეყნის სიმცირის გათვალისწინებით აქვე უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის, რაც ამერიკისათვის «ტაქტიკაა», ჩვენი საბრალო, სუსტი ქვეყნისათვის შესაძლოა «სტრატეგია» აღმოჩნდეს.
        თუმცა მანამ, სანამ საბოლოო დასკვნას გავაკეთებდეთ იმის თაობაზე, თუ «ვინ სჯობს საქართველოსათვის», თავად უნდა ჩამოვყალიბდეთ - ჩვენ რა გვინდა და ჩვენ რას მოველით ამერიკისაგან მომავალი საპრეზიდენტო ლეგისლატურის განმავლობაში?
        თუ ჩვენი მიზანია განვაგრძოთ საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე, არ დავიწყოთ მოსკოვთან არანაირი დიალოგი წინასწარი საერთაშორისო გარანტიების გარეშე, მოვიპოვოთ ამერიკის სამხედრო-ტექნიკური და შემდგომი ფინანსური მხარდაჭერა, განვაგრძოთ პოზიციონირება, როგორც რეგიონში რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიულმა ალტერნატივამ და პოსტსაბჭოურ სივრცეზე ალტერნატიული პროექტების განხორციელების ფორპოსტმა, თუ, აქედან გამომდინარე, მზად ვართ ხანგრძლივი და მკაცრი., გარკვეულწილად დაუნდობელი მრავალწლიანი ბრძოლისათვის, რისი შედეგიც შეიძლება აღმოჩნდეს (Gგააჩნია ჩვენს ბრძოლისუნარიანობას) ამერიკის კიდევ უფრო მეტად და ღრმად შემოსვლა კავკასიაში, ტერიტორიული პრობლემების მეტი ინტერნაციონალიზება და საქართველოსათვის ამერიკის სამხედრო-სტრატეგიული გარანტიების რეალურად განხილვა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჯონ მაკკეინის გამარჯვება სჯობს.
        ეს პოლიტიკოსი (და, რაც ძალზე არსებითია, მისი პოლიტიკური გუნდი), რომელმაც პირადად იომა მოსკოვის წინააღმდეგ ვიეტნამში, ტყვედ ჩავარდა და საშინელი ტანჯვა-წამება გამოიარა რუსი ინსტრუქტორების მიერ დაგეშილი ვიეტნამელი «წითლების» ჭაობიან-ვირთხებიან დილეგებში, შემდგომ ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა რონალდ რეიგანსა და მის გუნდს, - სწორედ მისი წარსულიდან გამომდინარე, ამ კურსის გატარებაში ბევრად უფრო აქტიური და თანმიმდევრული იქნება.
        იგი ჩვენს ნაცვლად რა თქმა უნდა, არ იომებს, ჩვენს ნაცვლად არ იშიმშილებს, გაჭირვებას და რისკებს ამერიკელებს არ «გადააკისრებს», მაგრამ ნამდვილად არ დაიშურებს რეალურ მხარდაჭერასაც იმ ზღვრამდე, სადაც რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია იწყება.
        თუმცა აქვე იბადება ლოგიკური კითხვა: რა იქნება მაშინ, თუკი რუსეთი განაგრძობს იმის დემონსტრირებას, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელია, რათა საქართველოში (სამხრეთ კავკასიაში) ამერიკის შემდგომი შემოსვლა არ დაუშვას?
        ეს კითხვა ჯერ-ჯერობით უპასუხოა, ამდენად განვიხილოთ მაკკეინის ალტერნატივა: ბარაკ ობამას ამერიკის კონსერვატიული (პოსტრეიგანული) ელიტისა არაფერი მართებს; ასევე დამოუკიდებელია მისგან ობამას გუნდი, რომელიც ამერიკელ კონსერვატორთა ინტელექტუალურ ცენტრებს (მაგალითად «ჰერითიჯ ფაუნდეშნ»-ს) ახლოს არ გაკარებია. იმ აზრით, რომ მათთვის «მოსკოვთან ბრძოლის» იდეალები სრულებით უცხოა.
        არადა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ობამას საგარეო პოლიტიკას, რუსული მიმართულებით, სწორედ ის «აკადემიური წრეები» წარმართავენ, რომელთა წარმომადგენლები აგვისტოს ომის დღეებში არც თუ ჩვენთვის სასიამოვნო მოწოდებებით და კომენტარებით გამოდიოდნენ ამერიკის წამყვან არხებზე და მედიაში.
        მივაქციოთ ყურადღება ობამას თანაპარტიელისა და თანაგუნდელის, ჰილარი კლინტონის განცხადებას იმის თაობაზე, რომ «თუ საუბარია «სამხრეთ ოსეთის» კონფლიქტზე, მაშინ ეს კონფლიქტი უნდა შევისწავლოთ არა რუსული ჯარების შეჭრის Dდღიდან, არამედ 1991 წლიდან დაწყებული».
        გარწმუნებთ, ქალბატონმა ჰილარიმ «სამხრეთ ოსეთი» კი არა, საქართველო არ იცის სად არის რუქაზე ხეირიანად (ისევე, როგორც რესპუბლიკელმა «ქალბატონმა სარამ») მაგრამ ეს განცხადება უეჭველად უკავშირდება გუნდში არსებულ საერთო ტრენდს, საერთო განწყობას, - იმ თეზისს, რომელიც ობამას მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს აგვისტოში, რომ «საქართველო არ არის მართალი ოსური და აფხაზური უმცირესობების მიმართ, რომელთაც ქართველი ხელმძღვანელები 90-იანი წლებიდან ჩაგრავდნენ».
        თუმცა ეს «აკადემიური განწყობა», რომელსაც კონკრეტული «გავლენის ჯგუფები» გამოხატავენ და ახორციელებენ, მხოლოდ შესაბამის პოლიტიკურ მოცემულობას ქმნის, რომელიც უბრალოდ კორრელირებს ევროატლანტიკურ სივრცეში არსებულ იმ ალტერნატიულ ტენდენციასთან, რომ პოსტსაბჭოური სივრცე რუსეთის პრიორიტეტული ინტერესების სფეროა და «იდეოლოგიური მოსაზრებებით» ამ სივრცისათვის მოსკოვთან კონფრონტაცია არ ღირს. მით უმეტეს, თუ კრემლი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ანექსიით კმაყოფილდება და მოქმედ(!) მილსადენებს არ ემუქრება.
        თანაც, ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი, ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში, მოსკოვს საქართველოში ნებისმიერი ქმედების უფლებას მისცემს და «ხელებს უპირობოდ გაუხსნის». გარკვეული ჩარჩოები აქაც იარსებებს, მაგრამ უფრო ფართო, ვიდრე რესპუბლიკელთა შემთხვევაში იქნებოდა.
        მაშასადამე, თუ ჩვენი მიზანია რუსეთთან დიალოგის დაწყება, 90-იანი წლების სტატუს-კვოს ნაწილობრივ მაინც აღდგენა; და თუ ამ მიზნით მზად ვართ არსებით დათმობებზე (ნეიტრალიტეტი; რუსეთის სამხედრო ყოფნის ლეგიტიმაცია საქართველოს ტერიტორიაზე თუნდაც «ანტიტერორისტული ცენტრების» სახით, რისი შესაძლებლობაც 2004-2005 წლებში განიხილებოდა; ტერიტორიული საკითხების მეორე პლანზე გადაწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ) მაშინ ობამა და მისი გუნდი უბრალოდ იდეალური პარტნიორი იქნება მოსკოვთან შესაძლო დიალოგისათვის აუცილებელი «მოედნის» მოსამზადებლად და ყოველმხრივ «უზრუნველსაყოფად».
        სწორედ ასეთი როლი შეასრულა 1992-1995 წლებში ბარაკ ობამას დემოკრატმა წინამორბედმა, ბილ კლინტონმა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ საქართველოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე იყო და არა ზვიად გამსახურდია ან მიხეილ სააკაშვილი. ანუ როგორც ვაშინგტონისთვის, ასევე მოსკოვისთვის მისაღები ფიგურა.