საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აპრილი. 2024 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აგრძელებს არაერთგვაროვანი და არაერთმნიშვნელოვანი განცხადებების გაჟღერებას.

მან არ გამორიცხა, რომ ივნისში, როცა ევრო-ატლანტიკური სივრცე ოპერაცია „ოვერლორდის“ მორიგ წლისთავს აღნიშნავს (1994 წლის ივნისში ანგლო-ამერიკული 2 მილიონიანი დესანტის გადასხმა საფრანგეთის სანაპიროზე) საიუბილეო ღონისძიებებზე მიიწვიოს.....ვლადიმერ პუტინი!

გარდა ამისა, მაკრონმა „მეომარ მხარეებს“ (ანუ რუსეთსა და უკრაინას) მოუწოდა „ოლიმპიური ცეცხლის შეწყვეტისკენ (Olympic truce)“ მიმდინარე წლის ივლისში, როცა პარიზი უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს.

ამ მოწოდებას უმალვე უპასუხა პუტინმა მისი პრეს-მდივნის, პესკოვის პირით: Olympic truce უკრაინამ შეიძლება გამოიყენოს ჯარების გადაჯგუფებისა და მომზადებისთვისო. ანუ რუსეთი არანაირ ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს მიუხედავად მაკრონის მოწოდებისა, რაკი ავდეევკას დაცემის შემდეგ რუსული საოკუპაციო არმია ფლობს სტრატეგიულ ინიციატივას და ცდილობს შეტევა გააგრძელოს დნეპრის მიმართულებით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მკვეთრად გააკრიტიკა დასავლეთი, რომელიც უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობას ამართლებს იმით, რომ უკრაინა.....არ არის NATO-ს წევრი.

მერედა განა ისრაელი NATO-ს წევრიაო? - აბსოლუტურად რეზონულად იკითხა უკრაინელმა ლიდერმა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ალიანსის წევრი სახელმწიფოების პირდაპირი სამხედრო დახმარებით და მათი აქტიური მონაწილეობით შეძლო ისრაელმა ირანული თავდასხმის მოგერიება რამდენიმე დღის წინ.

ზელენსკის ამ განცხადებამ დასავლელ ლიდერებს უხერხულობა შეუქმნა.

იმიტომ, რომ სიმართლეა.

ევროკავშირის „საგარეომ“, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ დასავლეთს არ შეუძლია უკრაინას აღმოუჩინოს ისეთივე დახმარება, როგორც აღმოუჩინა ისრაელს, რადგან ირანული რაკეტები „მიფრინავდნენ NATO-ს წევრი ქვეყნების ბაზების თავზე და მათი ჩამოგდება იოლი იყო, ხოლო უკრაინაში ალიანსის ბაზები არ არისო“.

დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა ნაციონალური უშიშროების საკითხებში აშშ პრეზიდენტის მრჩევლის PR-მა კირბიმ: ისრაელისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსული აგრესიის დაწყებისთანავე ღიად თქვაო, რომ ამერიკა პირდაპირ (!) ამ კონფლიქტში არ ჩაერევა.

ეს უხერხული და არც თუ ბოლომდე დამაჯერებელი „თავის მართლებები“ იმ დებულებას ადასტურებს, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა უკრაინა იძულებულია სრულიად არადიპლომატიურად, ზოგჯერ არაკორექტულადაც „პირში მიახალოს“ სიმართლე დასავლელ კოლეგებს - შეარცხვინოს, ამხილოს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.  

ეს უფრო ქმედითი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე დახურულ კარს მიღმა „კონსულტაციები“ და „შეშფოთების გამოთქმა“ დიპლომატიური ფრაზეოლოგიით.

უკრაინის ტრაგედია ამ სასტიკ რეალობას ადასტურებს და მას Real policy ნაწილად აქცევს: ისტორიულად დაკომპლექსებულმა გერმანიამ, 2022 წელს, მხოლოდ  მას შემდეგ დაიწყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაც ბერლინში უკრაინის ელჩმა გერმანიის კანცლერ  შოლცს უსუსური „მოხარშული ძეხვი“ უწოდა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს გაზარდოს არმიის რიცხოვნობა კიდევ 500 000 გაწვეულით ანუ თითქმის მილიონამდე

როგორც იქნა, დიდი დებატების შემდეგ, ეს კანონი მიიღო უკრაინის რადამ. ზელენსკიმაც მაშინვე მოაწერა ხელი

კანონი ძალაში შევა 1 თვის შემდეგ და ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს იმ წვევამდელების მიმართ, რომლებიც ცდილობენ დაუძვრნენ მობილიზაციას და იმალებიან.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პეკინში ამერიკის „ხაზინის მდივნის“ (ფინანსთა მინისტრის) ქალბატონ ჯანეტ იელენის ვიზიტმა შედეგი გამოიღო: ჩინეთის ბანკებმა რუსული ტრანზაქციების დაბლოკვა დაიწყეს. ამ ბანკებს შორისაა  ICBC (უდიდესი ბანკი ქვეყანაში) ასევე China Citic Bank, Industrial Bank და Bank of Taizhou.

ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზაქციებს ყველა ჩინური ბანკი ბლოკავს. არის პატარა ბანკები, რომლებიც „ატარებენ“ გადარიცხვებს და მათი მეშვეობით რუსეთს კვლავინდებურად შეუძლია გადარიცხვების განხორციელება.

თუმცა მოსკოვში წუწუნებენ, რომ ეს „პატარა ჩინური ბანკებიც“ თანდათან ჰბაძავენ დიდ ბანკებს, რაკი ამერიკის სანქციების ეშინიათ.

აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები და საბანკო წრეები (რუსეთში არ არსებობს ბანკი, კრემლთან რომ არ იყოს „მიბმული“) ეძებენ ახალ გზებს ჩინეთში ფულის, მათ შორის ჩინური იუანის გადასარიცხად და ცდილობენ ამ მიზნით გამოიყენონ.....„რუსეთის მეგობარი „სამხრეთ ოსეთის ბანკი“!!!

ანეკდოტია: „ცხინვალის ბანკი“ ხდება იმ უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტის ცენტრალური „მოთამაშე“, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთსა და რუსეთს შორის მრავალმილიარდიანი ვაჭრობის დაფინანსებას, რაც მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად სჭირდება.

ბოროტი ანეკდოტია აბა რა არის?

და ამის მიზეზია დასავლური, ამერიკული და ევროპული ბიუროკრატიის სიჩლუნგე, რომელსაც ვერ გაუგია და  არ სურს შეიგნოს, რომ სინამდვილეში არანაირი „ცხინვალის ბანკი“ არ არსებობს და რომ ეს მხოლოდ „შირმაა“ მოსკოვის ბანკებისა.

არა, მაინც ჯიუტად იმეორებენ აბსურდს: „სამხრეთ ოსეთის ბანკი რუსული ბანკი არ არის; სამხრეთ ოსეთის აღიარება არ მომხდარა და მას ვერ დავასანქცირებთ, რაკი იურიდიულად არ არსებობს და ამავე მიზეზით იმ რუსულ თუ ჩინურ ბანკებსაც ვერ დავასანქცირებთ, რომელთა ტრანზაქციებსაც „სამხრეთ ოსეთის ბანკი“ ატარებსო.

მეორე საინტერესო მომენტი კი ისაა, რომ „ამერიკელ რკინის ლედიდ“ წოდებულმა იელენმა, პეკინში ყოფნისას გააფრთხილა ჩინელები: „არ გვაინტერესებს ტრანზაქციები იუანში ტარდება თუ რუბლში - რა ვალუტაშიც არ უნდა ტარდებოდეს, დოლარით და ევროთი ოპერირებას აგიკრძალავთო“

ეს ძალიან კარგი, მაგრამ.....სანამ დასავლური ბიუროკრატია „სამხრეთ ოსეთის ბანკის“ მიმართ იმეორებს ამ კლინიკურ იდიოტიზმს, რა შედეგი უნდა გამოიღოს ამ „სიმტკიცემ“?

აბა რა მნიშვნელობა აქვს რუსეთიდან ჩინეთში ფინანსური ტრანზაქცია პირდაპირ განხორციელდება თუ „სამხრეთ ოსეთის ბანკის“ გავლით, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ქაღალდზე არსებობს?

საოცრებაა მართლა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ახლა, ამერიკამ ფილიპინებზე (!) განალაგა საშუალო სიშორის რაკეტები და მათი გამშვები დანადგარები.

პირველად ისტორიაში!

ადრე ამ ნაბიჯის გადადგმას პენტაგონი ერიდებოდა, რაკი იოლი პროგნოზირებადი იყო პეკინის ბობოქარი უარყოფითი რეაქცია

თუმცა ახლა (უკვე) ეს რეაქცია ვაშინგტონს აღარ აღელვებს და გადადგა ნაბიჯი, რაც კარდინალურად ცვლის სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას წყნარი- ოკეანე - ინდოჩინეთის რეგიონში.

ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ფილიპინები სულ მალე გახდება AUKUS ( ავსტრალია დიდი ბრიტანეთი, აშშ) სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი; და ის ტრილატერალური სამმხრივი მოლაპარაკებებიც, რაც ვაშინგტონში გაიმართა იაპონიის და ფილიპინების ლიდერთა მონაწილეობით, წარმატებით დასრულდა.

რა თქმა უნდა საშუალო სიშორის რაკეტების განლაგება ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული.

საინტერესოა, რომ ეს რაკეტები ფილიპინებზე ჩაიტანეს არა გემით, არამედ  თვითმფრინავით ვაშინგტონის შტატიდან.

ვაშინგტონის შტატი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს - სიეტლია.

Washington DC (District of Columbia) ანუ ამერიკის დედაქალაქი - აღმოსავლეთ სანაპიროზე.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი საინტერესო საკითხი-ტენდენცია გაჩნდა მსოფლიო მეინსტრიმულ მედიაში: შეიძლება თუ არა ინდოეთმა ჩაანაცვლოს ჩინეთი, როგორც დასავლეთის ალტერნატიული ეკონომიკური და „მანუფაქტურული“ სტრატეგიული პარტნიორი?

ინდოეთი, განსხვავებით ჩინეთისგან, დემოკრატიული ქვეყანაა.

რამდენიმე დღის შემდეგ ამ 1,441 მილიარდიან სახელმწიფოში (მოსახლეობით ჩინეთს გაასწრო უკვე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ამავე დროს, ინდოეთის ეკონომიკაც იზრდება, ინდუსტრია ვითარდება, ამიტომ თითქოს რატომაც ვერ „ჩაანაცვლებს ჩინეთს?“

თუმცა ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი: ეკონომიკურ აყვავებაში ჩინეთს დაეხმარა სწორედაც რეფორმატორ ლი ქუან  იუს მოდელი, რომელმაც სინგაპური მსოფლიოს ეკონომიკურ მარგალიტად აქცია და შემდეგ ჩინელმა ლიდერმა დენ სიაოპინმა გადმოიღო: „პოლიტიკური დიქტატურა და...... ეკონომიკური, საბაზრო ლიბერალიზმი ერთდროულად“.

ეს მოდელი დემოკრატიულ ინდოეთში შეუძლებელია.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვის სასამართლო პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, უმალვე გადაიზარდა სკანდალში.

ნებისმიერი სასამართლო პროცესი ამერიკაში იწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევით. ტრამპის ადვოკატები ყურადღებით „სერჩავენ“ ახლა სოციალურ ქსელებს, რათა „ნაფიცთა“ კონტინგენტში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები არ გაეპაროთ.

გარკვეული კომუნიკაციებიც ჰქონდათ.

ამის გამო მოსამართლემ ტრამპი გააფრთხილა.

რამდენჯერაც არ უნდა გააფრთხილოს, ტრამპი იბრძოლებს ბოლომდე! მას დასაკარგი არაფერი აქვს უკვე.