საერთაშორისო მიმოხილვა. 1 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 დეკემბერი. 2023 წელი

ნოემბრის განმავლობაში დასავლური მედიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა სემ ალტმანის ქეისი.

ალტმანი არის `ხელოვნური ინტელექტის` კვლევისა და პროდუცირების კომპანიის OpenAI დამფუძნებელი. იგი ითვლებოდა კალიფორნიის Silicon valley ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სტარტაპის ავტორად, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ახლაც უწინასწარმეტყველებენ, რაკი OpenAI-მ Artificial Intelect სფეროში ნამდვილად სერიოზულ წარმატებებს მიაღწია.

ამ მხრივ სემ ალტმანი ისეთივე ყურადღებას იქცევდა, როგორც თავის დროზე მარკ ცუკერბერგი ან სტივ ჯობსი.

მოულოდნელად, 15 ნოემბერს OpenAI-ს ბორდმა სემ ალტმანი გენერალური დირექტორის CEO პოსტიდან გადააყენა, მაგრამ კომპანიაში ამას ისეთი მძვინვარე რეაქცია მოჰყვა სპეციალისტების მხრიდან, რომ ბორდი იძულებული გახდა 22 ნოემბერს თვითონ გადამდგარიყო ხოლო ალტმანი თანამდებობაზე აღედგინათ.

რატომ გადააყენეს ზუსტად არავინ იცის.

ამერიკულ მედიაში ბევრი სპეკულაციაა, რომ თითქოს ამ საქმეში სპეცსამსახურები არიან ჩარეულნი: გადაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე ალტმანმა განაცხადა, რომ მიაგნო ფორმულას, რომლითაც ნამდვილი რობოტის შექმნა შეიძლება - აი ფილმებში რომ გვინახავს ისეთის.

თუმცაღა დღეს არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ეს რობოტები კონტროლიდან არ გამოვლენ და სახიფათონი არ გახდებიან.

ალტმანის შესაძლებლობებში და მის გენიაში ეჭვი არავის ეპარება.

ირკვევა, რომ ალტმანმა ბოლო 1 წლის მანძილზე მდიდრული ვილები და პენტჰაუზები იყიდა როგორც ამერიკაში ასევე ჰავაიზე. ზოგიერთი ტაბლოიდი იმასაც ვარაუდობს, რომ ალტმანი, რომელიც ეთნიკური წარმომავლობით ებრაელია, საიდუმლოდ თანამშრომლობს ისრაელის მთავრობასთან, რათა მის მიერ მიგნებული ახალი გენიალური ტექნოლოგია პირველ რიგში ისრაელის არმიას მიაწოდოს.

შესაძლოა ეს ყოველივე სპეკულაცია იყოს, თუმცა ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს მართლაც ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ალტმანის მსგავს ვიზიონერებს გააკონტროლებდა, რათა მათი  გამოგონება კაცობრიობისთვის უბრალოდ სახიფათოდ არ იქცეს.

დიდი ამერიკელი ფანტასტის, აიზეკ აზიმოვის ცნობილ ლიტერატურულ სერიალში რობოტებზე, ჩამოყალიბებულია რობოტექნიკის სამი ურყევი კანონი:

ა) რობოტმა არ უნდა მიაყენოს ზიანი ადამიანს;

ბ) რობოტმა უნდა შეასრულოს ადამიანის ყველა ბრძანება თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს;

გ) რობოტი თავს უნდა გაუფრთხილდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.

ეს აზიმოვის თხზულებებშია ასე, თუმცა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს  სტაფში და 17 ამერიკული სპეცსამსახურებიდან რამდენიმეში, როგორც ჩანს სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ალტმანის ნოუ ჰაუ  - მისი გამოგონებანი ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

თუმცა იმავე ამერიკული პრესის ცნობით, ალტმანს, როგორც გენიალურ გამომგონებელს პენტაგონში მხარდამჭერებიც ჰყავს, რაკი მისი მიგნებები სამხედრო სფეროში ძალიან მოთხოვნადი იქნება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

კაპიტოლიუმის ბორცვზე მორიგი მძიმე ინტრიგა ვითარდება: წარმომადგენლობითმა პალატამ დაბლოკა ირანისთვის 6 მილიარდი დოლარის `გალღობა` იმ სახსრებიდან, რაც ჯერ კიდევ 1979 წელს, ე.წ `ისლამური რევოლუციის` დროს გაიყინა ამერიკულ ბანკებში.

6 მილიარდი დოლარი ირანს უნდა მიეღო მიმდინარე წლის აგვისტოს გარიგების ფარგლებში, როდესაც ვაშინგტონმა და თეირანმა კატარის შუამავლობით მოილაპარაკეს, რომ ირანი გაათავისუფლებდა 5 ამერიკელს, ვინც ირანში დააპატიმრეს შპიონაჟის ბრალდებით, სამაგიეროდ ამერიკა გამოუშვებდა ციხეებიდან რამდენიმე ირანელს, ვისაც ანტიამერიკულ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს და კიდევ 6 მილიარდ დოლარზე აღუდგენდა ირანს წვდომას.

როგორც ჩანს `ტყვეთა გაცვლა` კი შედგა, მაგრამ.....რაც შეეხება 6 მილიარდ დოლარს....... მას შემდეგ რაც ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, ნეთანიაჰუმ, როგორც ვარაუდობენ, ამერიკაში ისრაელის ლობის სთხოვა, დაებლოკა ეს ფინანსური სახსრები. ამიტომ 6 მილიარდი დოლარი კი გადარიცხეს კატარში ირანისთვის, თუმცა მის ბანკებში გაიყინა.

ოღონდ....ბაიდენის ადმინისტრაციას და სენატში (ზედა პალატაში) დემოკრატთა წარმომადგენლობას საკითხის ასეთი გადაწყვეტა არ მოსწონს, რადგან.....სხვა დროსაც ხომ დაგვჭირდება ასეთ სახელმწიფოებთან გარიგება ამერიკელების გასათავისუფლებლად და ვინღა გვენდობაო.

არადა იმ 307 კონგრესმენიდან ვინც ირანისთვის ხსენებული 6 მილიარდის `გაყინვას` მისცა ხმა, უამრავი დემოკრატია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ფრონტის ხაზი დონბასზე თითქოსდა `გაყინულია` ბოლო დროს, თუმცა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სენსაციურ ინფორმაციას რუსული არმიის კოლოსალური დანაკარგის შესახებ ავდეევკასთან ბრძოლებში ბოლო 1 თვის მანძილზე: საშუალოდ 931 მებრძოლი დღე-ღამის განმავლობაში.

ოღონდ აქ იგულისხმება არა მხოლოდ მოკლულები, არამედ დაჭრილებიც.

წინა რეკორდი იყო ბახმუტისთვის ბრძოლებში: 776 დღე-ღამეში.

ავდეევკას რუსეთი უკვე დიდი ხანია უტევს, რადგან ავდეევკა სოლივითაა შეჭრილი ქალაქ დონეცკის შემოგარენში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინული სეპარატიზმის ცენტრია.

ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები ასკვნიან, რომ ეს `გაყინვა`, სრულებით შესაძლებელია, უკრაინისთვის გამოდგეს უფრო ხელსაყრელი ვიდრე რუსეთისთვის, რადგან მოსკოვს არ შეუძლია შეწყვიტოს შეტევა ავდეევკაზე, ასევე შეტევა დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე უკრაინულ პლაცდარმზე და პირდაპირ `ახოცავს` ცოცხალ ძალას; ეს კი  მალე აიძულებს პუტინს მორიგი `მობილიზაცია` გამოაცხადოს.

არა საყოველთაო, თუმცა მორიგი `ნაწილობრივი მობილიზაცია`.

  

ამ დროს კი, პუტინმა განაცხადა `რუსების მსოფლიო ფორუმზე`, რომ რუს ქალებს 7-8 შვილი უნდა ჰყავდეს ერის გამრავლებისთვის, `როგორც ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ჰყავდათო`.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ პუტინმა დიდი სოციალური და ფინანსური შეღავათები თუ ბონუსები დააწესა მრავალშვილიანი დედებისთვის, რუსეთის მოსახლეობა მაინც მცირდება ყოველწლიურად.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ მილიონამდე რუსმა დატოვა ქვეყანა.

დაახლოებით 300 000 ომში დაიღუპა ან დაიჭრა მძიმედ.

ამიტომ პუტინის გუნდი ახლა აბორტების საკანონმდებლო აკრძალვაზე ფიქრობს.

ასეთი აკრძალვა მსოფლიოს თითქმის არც ერთ ტერიტორიაზე არ არსებობს.

აფხაზეთშია კიდევ.

პუტინისთვის პრობლემა `საზარბაზნე ხორცის` ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მუშა-ხელის დეფიციტიც. იძულებული ხდება ხელი შეუწყოს შრომითი რესურსების იმიგრაციას ცენტრალური აზიიდან, ასევე ჩინეთიდან, რაც იოლად მისახვედრ სხვა პრობლემებს უქმნის `რუსულ სამყაროს`, იგივე  Русский мир-ს რომლის მშენებლობაც პუტინის იდეა-ფიქსია,

  . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის `ცოფიანი რეაქცია` გამოიწვია პოლონეთის მზადყოფნამ (რაც მედიაში გაჟღერდა), გააგზავნოს პოლონური არმიის ქვედანაყოფები ფინეთ-რუსეთის საზღვარზე საზღვრის დასაცავად კრემლის `ჰიბრიდული შეტევისგან`, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან და ავღანეთიდან ლტოლვილებს `მიუქსევენ` ხოლმე საზღვარს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებს.

ფინეთმა ყველა სასაზღვრო გადასასვლელი ჩაკეტა რუსეთთან სწორედ ლტოლვილობის მაძიებელთა მოზღვავების გამო, რასაც კრემლის `ღრენა` მოჰყვა.

ახლა კიდევ უფრო ხმამაღლა `ღრენენ`, როცა NATO-ს წევრ ფინეთს იმავე ალიანსის მეორე წევრი ქვეყანა, პოლონეთი, სამხედრო დახმარებას ჰპირდება.

თუმცა კრემლის ღრენისა ფინეთს აღარ ეშინია, რაკი NATO იცავს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა კვიპროსში რეგისტრირებულ  ევროპული კომპანიების კონგლომერატს ჩამოართვა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტ `პულკოვოს` მართვა და საკუთარი` კარის ბიზნესმენების` კომპანიებს გადასცა

არადა პულკოვოს `ჩრდილოეთ კარიბჭის` კომპანიას მართვის ხელშეკრულება 2040 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

სანკტ-პეტერბურგის აეროპორტი სტრატეგიული ობიექტია. მისი მართვა ევროპული კონსორციუმის მიერ იმ ძველი დროების გამოძახილი იყო, როცა გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრიოდერი `გაზპრომში` გადადიოდა სამუშაოდ, ხოლო ანგელა მერკელი პუტინს........ უღიმოდა.

ზოგადად, ასეთ გადაწყვეტილებებს დიდი ომის წინ იღებენ ხოლმე, რაკი გამორიცხულია სტრატეგიული ობიექტი `პოტენციური მოწინააღმდეგის` ხელში იყოს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარუმატებლად (ამერიკული პრესის აზრით, ნამდვილად წარუმატებლად) იხუმრა ერთ-ერთი ქარხნის მონახულებისას: მუშის ხელში რაღაც მოწყობილობა შენიშნა და უთხრა: `მე სულ დამყვება ადამიანი, რომელსაც ჩემოდანი უჭირავს ხელში და იქ არის მოწყობილობა, რომელსაც მსოფლიოს აფეთქება შეუძლიაო`.

პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა ე./წ. `ბირთვული `დიპლომატი` ანუ პატარა ჩემოდანი, სუიტ ქეისი  Sweetkeys, რომელშიც ინახება ბირთვული რაკეტების გაშვების კოდები.  

აშშ პრეზიდენტს ყველგან დაჰყვება თან ამერიკული არმიის ოფიცერი, რომელსაც ეს Sweetkeys მიჯაჭვული აქვს ხელზე და გახსნის მხოლოდ მაშინ, როცა პრეზიდენტი გადაწყვეტს ბირთვული რაკეტების გაშვებას მტრის მიმართულებით.

ამერიკული მედია ერთსულოვანი იყო ამ შეფასებაში, რომ ასეთი` ხუმრობა` არ შეიძლება ბირთვულ თემებზე და რომ პრეზიდენტი...... `ვერ არის ფორმაში` დონალდ ტრამპთან მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო საარჩევნო კლინჩის წინ.