ვლადისლავ არძინბა «ბათუმურ ალიანსს» საქართველოს წინააღმდეგ ბინძურ კოზირად იყენებს

ვლადისლავ არძინბა «ბათუმურ ალიანსს» საქართველოს წინააღმდეგ ბინძურ კოზირად იყენებს

        აფხაზეთში, რასაკვირველია, დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს «ბათუმური კოალიციის» ფორმირებასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებს.
        სეპარატისტებმა უმალვე «იყნოსეს», რომ ამ საქმიდან, ზოგი რამ (არცთუ უმნიშვნელო) შეიძლება მათთვის სასარგებლოც «გამოდნეს». ამიტომ უმალვე აიტაცეს და შეძლებისდაგვარად აძლიერებენ ძირშივე მცდარ სტერეოტიპს.: «აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტას «მოძმე აფხაზ ხალხთან» კომპრომისის მიღწევას, ედუარდ შევარდნაძე უშლის ხელს, ვინაიდან მის დროს დაიწყო ომი აფხაზეთში, თორემ საქართველოს პრეზიდენტი რომ სხვა (ასლან აბაშიძე ან ჯუმბერ პატიაშვილი) იყოს, არძინბა უეჭველად დათანხმდებოდა კომპრომისზე და, შემოგვირიგდებოდა».
        ეს ძირშივე მცდარი სტერეოტიპი უაღრესად ხელსაყრელია თვით არძინბასათვის.
        ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ იგი უახლოეს მომავალში ჩავა ბათუმში და შეხვდება ასლან აბაშიძეს ან რაიმე სხვა ნაბიჯს გადადგამს «ბათუმური კოალიციისადმი» თავისი სიმპათიების დასადასტურებლად.
        ზოგიერთი ინფორმაციით, ტრადიციონალისტთა ლიდერიც აპირებს შეხვდეს არძინბას ან სეპარატისტთა რომელიმე სხვა მაღალჩინოსანს ბაქოში (!) ამ ინფორმაციას რაღაც საფუძველი ნამდვილად აქვს. სეპარატისტები ასეთ შეხვედრას, რა თქმა უნდა, კვლავ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. მაგალითად, არძინბა თანახმა იქნება, შეხვდეს კაკო ასათიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, თანხმობას განაცხადებს (და თვითონ გამოიჩენს ინიციატივას), რათა ბაქოშივე მოეწყოს არძინბას შეხვედრა ჰეიდარ ალიევთან. ეს იქნება ვლადისლავ არძინბასა და სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირველი შეხვედრა, თუ, რასაკვირველია, ბორის ელცინს არ ჩავთვლით.
        ამ «დიდებული მოვლენის» კომენტირებისას «დამოუკიდებელი აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებებს - კაკო ასათიანი ან «ბათუმური კოალიციიის» სხვა წევრები საერთოდ არ გაახსენდებათ. მათთვის ყოველთვის ყველაზე მთავარია აფხაზეთის «სამართალსუბიექტურობისა» და «თანასწორსუბიექტურობის» დაფიქსირება.
        ზოგადად, თუ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ქართულ-აფხაზურ პროცესში, უეჭველად შევამჩნევთ, რომ არძინბა მუდამ გულისხმობდა «ბათუმის ფაქტორს». ოღონდ არა იმ აზრით, ბუნებრივია, თითქოს იგი მზად იქნებოდა «ბათუმის ლიდერთან» კომპრომისისთვის ან დათანხმდებოდა იმავე სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში, რაც აჭარას აქვს დამკვიდრებული.
        უბრალოდ, არძინბა სატანისებრ ეშმაკი პოლიტიკოსია და ხვდება, რომ «თბილისისა და ბათუმის ცენტრებს» შორის კონკურენციის გამოყენებით, შესაძლოა დაასუსტოს ზოგადად საქართველოს პოზიციები აფხაზეთთან მიმართებაში.
        გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები: ერთი წლის წინ მზადდებოდა «ისტორიული» ხელშეკრულება მხარეთა შორის, რომელსაც, ფაქტობრივად, უნდა დაეფიქსირებინა საქართველო-აფხაზეთის თანასწორსუბიექტურობა; ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი აფხაზეთის «დე-იურე» დამოუკიდებლობის გზაზე;
        ქართული მხარის ყოველი მცდელობა, შეეტანა დოკუმენტის პროექტში «დამცავი მექანიზმები», შეერბილებინა მისი გარადაუვალი უარყოფითი შედეგი, წარუმატებლად დასრულდა.
        არძინბა დაჟინებით მოითხოვდა, დოკუმენტზე ხელის მოწერას სწორედ სოხუმში; თანაც, რუსეთის და დასავლეთის სახელმწიფოთა მონაწილეობით;
        ანუ მთელი მსოფლიოს თვალწინ უნდა დადასტურებულიყო აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობა, ხოლო იურიდიულ სუვერენიტეტს დროთა განმავლობაში თვით ხელმოწერილი დოკუმენტი უზრუნველყოფდა.
        როდესაც არძინბამ შეატყო, რომ ედუარდ შევარდნაძე სინამდვილეში არ აპირებდა სოხუმში ჩასვლას (იქ უკვე იცდიდა რუსეთის ტელევიზიის რამდენიმე ჯგუფი საქართველოს კაპიტულაციის შესახებ «ისტორიული» რეპორტაჟების მოსამზადებლად), მან სოხუმის «საიდუმლო იარაღის» გამოყენება გადაწყვიტა: თუ გახსოვთ, სწორედ მაშინ გავრცელდა პირველად ინფორმაცია (აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით) არძინბა-აბაშიძის სავარაუდო შეხვედრის შესახებ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ არძინბა მაშინაც და ახლაც ოსტატურად იყენებს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. ფაქტობრივად, სეპარატისტთა ლიდერმა დაიწყო ედუარდ შევარდნაძისა და «მოქალაქეთა კავშირის» შანტაჟირება: თუ ისინი ხელს არ მოაწერენ არძინბასათვის ხელსაყრელ დოკუმენტებს, მაშინ არძინბა გამართავს რამდენიმე დემონსტრაციულ შეხვედრას აბაშიძესთან, აგრეთვე «კოალიციის» წევრებთან, რათა გააძლიეროს ძირშივე მცდარი, ყალბი, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებისათვის მაინც მეტად საშიში მასობრივი სტერეოტიპი: «არძინბა შევარდნაძის გამო არ გვირიგდება, თორემ პრეზიდენტი რომ იყოს სხვაა...» და ა.შ.
        მიუხედავად ასეთი ბინძური შანტაჟისა, შევარდნაძემ მაინც არ მოაწერა ხელი ქვეყნისათვის საზიანო დოკუმენტებს. პასუხად კი, არჩევნების მოახლოებისთანავე არძინბას «შურისძიებამაც» არ დააყოვნა.
        ამიტომ, სრულებითაც არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ბათუმში ან სოხუმში გაიმართოს გულისამაჩუყებელი შეხვედრები არძინბასა და აბაშიძეს შორის, - კოალიციის სხვა წევრთა მონაწილეობით, რაც სრულიადაც არ ნიშნავს, რომ სეპარატისტები «მათთან» კომპრომისზე წავლენ «გახელისუფლების» შემდეგ.
        ვითომ არ იციან ეს ყოველივე ბათუმში? – შესანიშნავად იციან! მაგრამ, როგორც ჩანს, «მტრის» დასასუსტებლად ყველაფერს იკადრებენ. ძნელი მისახვედრი არც ისაა, ვინ მიაჩნიათ «მტრად».

დრონი, 17 ივლისი, 1999 წელი.