საერთაშორისო მიმოხილვა. 25 აპრილი. 2022 წელი
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა. მან ამომრჩეველთა ხმების 58,55% მიიღო. მისი მთავარი კონკურენტი, ნაციონალისტი და პოპულისტი მარინ ლე პენი 41,45%-ს დასჯერდა.
გამართლდა უამრავი ექსპერტის პროგნოზი, რომ როდესაც მეორე ტურში გადის ლე პენი (რაც ადრეც მომხდარა) საფრანგეთის მემარცხენე და მემარჯვენე ძალები ერთიანდებიან მისი ნაციონალისტური პროექტის და ნაციონალისტური რიტორიკის წინააღმდეგ. ანუ მანამდე შეურიგებელი ძალები ერთიანდებიან `სახალხო ფრონტის` პრინციპით.
ეს დაიწყო ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც მეორე ტურში გავიდნენ რესპუბლიკელი ჟაკ შირაკი და მარინ ლე პენის მამა, პარტია `ნაციონალური ერთობის`დამფუძნებელი, ჟან მარი ლე პენი.
შემდეგ იგივე განმეორდა უკვე 2017 წელს, როდესაც მეორე ტურში გავიდა ლე პენი. ოღონდ არა ჟან მარი ლე პენი, არამედ მისი ქალიშვილი, მარინ ლე პენი, ხოლო პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი გახდა.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ფანგები დიდწილად ერთიანდებიან ლე პენის წინააღმდეგ უმთავრესად (არა მხოლოდ, თუმცა უმთავრესად) იმ მოტივით, რომ ლე პენის გამარჯვება, მაღალი ალბათობით, გამოიწვევს საფრანგეთში ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური უმცირესობების ამბოხს, საშინელ პროტესტებს, ანარქისტთა და მენტალურად მეამბოხეთა (ოღონდ რაიმე საბაბი და `სათქმელი` მიეცი კატეგორია-დ) ქუჩებში გამოსვლას, `ყვითელი ჟილეტების` აქციებზე უარეს შეტაკებებს, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებას და უკიდურეს შემთხვევაში სამოქალაქო ომსაც კი.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, ფრანგ მემარჯვენეებს ალბათ მოსწონთ მარინ ლე პენის პროგრამის რაღაც დეტალები ვთქვათ ემიგრაციის ნაწილში, ხოლო ფრანგ მემარცხენეებს შესაძლოა კიდეც მოსწონდეთ მარინ ლე პენის `ევროსკეპტიციზმი`, ესე იგი სკეპტიკური დამოკიდებულება ევროკავშირის და NATO-ს მიმართ, მთლიანობაში ეს შიში საბოლოოდ მაინც გადასწონის (ხოლმე) მეორე ტურში და ისინი ერთიანდებიან ლე პენის წინააღმდეგ. შესაბამისად, ერთიანდებიან მათი ამომრჩევლებიც!
ნიშანდობლივია, რომ ბევრი ფრანგი, ბევრი პარზიელი, ლიონელი, მარსელელი და ა.შ. რომელსაც სულ არ ანაღვლებს პოლიტიკა და ვინც (FYI) არ მისულა საარჩევნო უბანზე პირველ ტურში, მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა, მივიდა და ემანუილ მარკონს (რომელიც არ უყვარს, არ მოსწონს) მაინც მისცა ხმა, ოღონდ კი მარინ ლე პენს არ გაემარჯვა და ქვეყანაში ომი არ დაწყებულიყო.
ძირითადად ეს არიან აპოლიტიკური `ობივატელები`, რომლებსაც თავისი პატარა ბიზნესის, თავისი საქმის, ხელოვნების, ფრანგული სამზარეულოს, მეგობრობის, პარიზის კაფეებში საათობით მუსაიფის მეტი ცხოვრებაში არაფერი აინტერესებთ (ქალებიც და კაცებიც), მაგრამ როგორც კი იგრძნეს, რომ თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებდა, ეს ტკბილი, მშვიდი ცხოვრების წესი დაერღვეოდათ, მეორე ტურზე მივიდენენ და ხმა მისცეს არა იმდენად მაკრონს (რომელიც სულაც არაა ძალიან პოპულარული, ხშირად დასცინიან, აბუჩად იგდებენ), არამედ ხმა მისცეს მარინ ლე პენის წინააღმდეგ.
აქტივობამ მეორე ტურში (!) 63,23% შეადგინა სწორედ ამ მიზეზით. ეს საფრანგეთისთვის, ზოგადად ევროპისთვის, საკმაოდ მაღლი აქტივობაა.
ფუნდამენტური მიზეზი ისაა, რომ ემანუილ მაკრონი პროგნოზირებადია! - ამომრჩეველმა დაახლოებით იცის, რას გააკეთებს იგი ხვალ, რაზე რა პოზიცია ექნება, რას იტყვის როგორ მოიქცევა და ასე შემდეგ. მარინ ლე პენი კი არაპროგნოზირებადია, მისი განჭვრეტა შეუძლებელია, არც არაფერი დაეჯერება
მაგალითად, კი ამბობს, თითქოს სულაც არ იქნება მომხრე, საფრანგეთი ევროკავშირიდან გამოვიდეს მაშინვე, როგორც კი თავად პრეზიდენტი გახდება ....მაგრამ, ფრანგ ბურჟუას, ვისთვისაც ძალიან კომფორტულია, რომ ზამთარში ავსტრიულ ალპებში უვიზოდ შეუძლია იმგზავროს, იქ ფრანგული ფრანკები არ გადაახურდავოს, ევროთი ჯიბეში იმოგზაუროს მთელს ევროპაში, თავი ზედმეტად არ შეიწუხოს.....რატომ უნდა სურდეს ახლა ცვლილებები, რისკი, მიჩვეული ცხოვრების წესის დარღვევა?.....ამიტომაც გაიმარჯვა მაკრონმა, ხოლო მარინ ლე პენი მორიგჯერ დამარცხდა, ოღონდ.......ხმების 41,45%!!!. ეს ძააააალიან დიდი ციფრია. თანაც ყველა არჩევნების კვალობაზე იზრდება, 50%-ს უახლოვდება.
სამწუხაროდ, პუტინის მეგობარი მარინ ლე პენი ფრანგული პოლიტიკური ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე საფრანგეთში სერიოზული პოლიტიკა აღარ გამოვა.
ფრანგული დემოკრატიისათვის საბედნიეროდ, საპრეზიდენტო არჩევნებს ახასიათებს (ყველგან ახასიათებს) პერსონიფიცირება; ხოლო დემოკრატიაში ამომრჩევლის მენტალობა ისეა მოწყობილი, რომ პერსონალურად მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებზე იმაზე მეტ ხმას იღებს, ვიდრე მისი პარტია, `ნაციონალური ერთობა` იღებს ხოლმე საპარლამენტო არჩევნებზე.
ანუ უფრო მეტად გავლენიან საპარლამენტი ფრაქციას ამ მიზეზის გამო ლე პენი ვერ ქმნის.
ასე რომ არ იყოს, საფრანგეგთში უკვე დიდი ხნის წინ მოხდებოდა დრამატული ცვლილებები, რადგან ფრანგული კონსტიტუციით, პარლამენტი `მრავლისშემძლეა`: საფრანგეთი არ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მაგრამ არც კლასიკური ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკაა: პარლამენტს უდიდესი ბერკეტები აქვს. ამ ქვეყნის მმართველობით მოდელს `საპრეზიდენტო-საპარლამენტო` ეწოდება.
მაკრონის გამარჯვების საპროტესტოდ საფრანგეთის ქალაქებში დაიწყო აქციები. ლიონში პროტესტანტებმა პოლიციის შენობას ფოირვერკის მაშხალები დაუშინეს. თუმცა საფრანგეთის ზემძლავრი სახელმწიფო მათ მოუვლის. საბედნიეროდ.
ემანუილ მაკრონმა პირველივე განცხადებაში გამარჯვების შემდეგ, ფრანგებს მოუწოდა შეკავშირდნენ და პირობა დადო, რომ ყველა ფრანგის პრეზიდენტი იქნება.
უეჭველია, რომ მაკრონი გააგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც პრეზიდენტობის პირველი ვადის (პირველი 5 წლის) განმავლობაში ატარებდა.
ეს არის ფუნდამენტური დებულებები რაც `საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის` საძირკველში ჩადო მისმა დამაარსებელმა, პრეზიდენტმა-გენერალმა შარლ დე გოლმა:
1) `რბილი` დისტანცირება ` NATO-სგან ისე, რომ სრულად არ გამოვიდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის `ქოლგისქვეშეთიდან;
2) ინგლისის და ამერიკის `რბილი` ოპონირება, ოღონდ საერთო `ატლანტიკური` დისკურსის ფარგლებში და ამ სტრატეგიისათვის ზიანის მიუყენებლად;
3) ევროოპტიმიზმი, ესე იგი გერმანიასთან და იტალიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირის გაძლიერება;
4) `თამაში მოსკოვთან`. ოღონდ არა ისე ღრმად და სამარცხვინოდ, როგორც ლე პენი. დე გოლი მოსკოვთან მაშინაც `საკუთარ თამაშს თამაშობდა`, როცა მსოფლიოში ცივი ომი მიმდინარეობდა ორ ბანაკს შორის.
საფრანგეთში პოლიტიკური დაძაბულობით მაშინვე ისარგებლეს რუსმა ოლიგარქებმა, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, ქონება დაუყადაღეს, იახტები დაუპატიმრეს.......მათ საფრანგეთის სასამართლოს კოლექტიური სარჩელით მიმართეს: გვჩაგრავენ, ჩვენს დისკრიმინაციას ბედავენ ეთნიკური ნიშნით (რაკი რუსები ვართ), ქონებებს გვართმევენ და საბანკო ანგარიშებს გვიბლოკავენო.
საფრანგეთში სასამართლო დამოუკიდებელია, ხოლო ეშმაკურად მოფიქრებული სარჩელი, რომლის შინაარსია `აბა ჩვენ რა შუაში ვართ, მხოლოდ ეთნიკური და ეროვნული ნიშნით რატომ გვჩაგრავთ, პოლიტიკა სულ არ გვაინტერესებსო`, ზოგიერთი ფრანგი მოსამართლისთვის შესაძლოა `დამაჯერებელიც` კი გამოდგეს.
`დისკრიმინაციის` ხსენებაც კი, საფრანგეთში და მთელს ტანამედროვე ევროპაში ნამდვილი წყევლაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ამიტომაც მოითხოვენ ყველა ასპირანტი ქვეყნისგან, ვისაც ევროკავშირთან დაახლოება, მით უმეტეს ევროასოცირება და ევროკავშირის წვერობა სურს, პირველ რიგში `ანტიდისკრიმინაციული` კანონმდებლობის მიღებას.
აი რატომ არის აუცილებელი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და ჰააგის ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ: თუ რეჟიმი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაშინ რუს ოლიგარქებს ვეღარ უშველით დემაგოგია `ჩვენ რა შუაში ვართ` ვერსად ევროპა/ამერიკაში, როგორც ვერ უშველა ამგვარმა დემაგოგიამ (`აბა ჩვენ რა შუაში ვართ, ბიზნესს ვაკეთებდით`) გერმანელ ოლიგარქებს ნაციზმის განადგურების შემდეგ - ყველაფერი წაართვეს და ბოგანოებად აქციეს.
ნიშანდობლივია, რომ გერმანელ ნაცისტ ოლიგარქებსაც იგივე მოთხოვნას უყენებდნენ ნიურნბერგის ტრიბუნალის ბრალმდებლები: `არ მიგიღიათ მონაწილეობა რას ნიშანვს? - დაგმეთ ჰიტლერი?! არა არ დაგიგმიათ. მაშასადამე მონაწილეობა გაქვთ მიღებული`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სააღდგომოდ, რუსულმა არმიამ უკრაინა კვლავ დაბომბა. ასე მიულოცა `მართლმადიდებელმა რუსეთმა` აღდგომა მართლმადიდებელ უკრაინას. ოდესაში დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 3 თვის პატარა ბავშვი. ასევე დედა და ბებია.
ამერიკელებმა კოსმოსური თანამგზავრიდან მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ რუსებმა ეს რაკეტა გაუშვეს კასპიის ზღვის საჰაერო სივრციდან.
მივაქციოთ ყურადღება: არა კასპიის ზღვაში დისლოცირებული გემებიდან, არამედ კასპიის ზღვის თავზე მორიგე სამხედრო თვითმფრინავებიდან. შემდეგ რაკეტამ გადაუფრონა აზერბაიჯანს, გადაუფრინა საქართველოს, შავ ზღვას და აფეთქდა ოდესის საცხოვრებელ კორპუსში.
ამით რუსეთი ყველას აფრთხილებს: `ხომ ხედავთ რა შემიძლიაო`. თორემ განა სხვა ადგილიდან ვერ ისვრის იგივე რაკეტას?
იმავე მიზნით შესაძლებელია ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში და ატლანტიის ოკეანეში ან წყნარ ოკეანეში საჰაერო სივრციდან, გემიდან თუ წყალქვეშა ნავიდანაც ისროლოს ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტა რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აფეთქდება მეტ-ნაკლები სიზუსტით. ესეც სადემონსტრაციოდ: `აი რა შემიძლია თუ......`
უახლოეს დღეებში რუსული არმია გეგმავს შეტევაზე გადასვლას ხერსონის რაიონში ქალაქ კრივოი როგის მიმართულებით, საიდანაცაა წარმოშობით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზოგადად აღდგომის შემდეგ ელიან დიდ ფრონტალურ შტურმს აღმოსავლეთ უკრაიანში.
ოღონდ 100 ბატალიონ/ტაქტიკური ჯგუფიდან (ბტჯ), რაც თებერვალში კონცენტრირდებოდა უკრაინის გარშემო, რუსეთს დარჩა 75-76 ბატალიონ/ტაქტიკური ჯგუფი. ყოველ
ბტჯ-ში დაახლოებით 1 000 მეომარია.
ეს უტყუარი მაჩვბენებელია, რომ დანარჩენი უკრაინელებმა გაანადგურეს. ესე იგი დაახლოებით 30 000 რუსი მეომარი ან მოკლეს, ან დაჭრეს ან ტყვედ აიყვანეს.
კატასტროფული დანაკარგია. მთელი ავღანური ომის განმავლობაში (1979 – 1988) მოსკოვმა 15 000 მეომარი დაკარგა. ახლა 2 თვეში - 30 000მდე. თუნდაც დაჭრილებთან და ტყვედ აყვანილებთან ერთად.