საქართველოს შანსი

საქართველოს შანსი

        ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველო მართლაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ასეთი მასშტაბით ეს პირველად მოხდა. ნაწილობრივ შეიძლება შეედაროს მხოლოდ 1991-92 წლების, ეგრეთ წოდებულ დეკემბერ-იანვრის გადატრიალება და სამოქალაქო ომი, რომელიც დასავლურმა მედიამ შეაფასა, როგორც «სისხლიანი კლოუნადა».
        მაგრამ მაინც, მაშსტაბითაც და შინაარსობრივადაც, ამის შედარებაც არ შეიძლება.
        რა თქმა უნდა, ძალზე სერიოზულია აზრი, რომ დაუშვებელია ამერიკელ ინსტრუქტორთა ჩამოსვლის გადაჭარბებულად შეფასება. მართლაც, ჯერჯერობით, საუბარია მხოლოდ სამხედრო ინსტრუქტაჟზე «თრენინგისა და ეკიპირების» პროგრამის ფარგლებში. საქართველოში მარტის ბოლომდე ჩამოვა რამდენიმე ათეული ინსტრუქტორი. ისინი მოამზადებენ ელიტარულ სამხედრო ნაწილებს. გათვალისწინებულია მსუბუქი შეიარაღების (ცეცხლსასროლი იარაღის) და კავშირგაბმულობის საშუალებათა გადმოცემა. ამ ეტაპზე გამორიცხულია საქართველოში ბაზების დაფუძნება ან თუნდაც მცირერიცხოვანი სამხედრო შენაერთების გადმოსროლა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში კვლავინდებურად დისლოცირებულია რუსეთის არმია. სანამ ის აქ არის, სამხედრო დახმარება «ინსტრუქტაჟის» დონეს ძნელად თუ გასცდება.
        მაგრამ მეორე მხრივ, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიტვაშიც კი ვერ გაბედა, რომელიც ყველაზე ახლოს არის «ნატო»-ში გაწევრიანებასთან.
        არათუ რამდენიმე წლის, არამედ რამდენიმე თვის წინაც კი, ამგვარი რამ წარმოუდგენელი ყო.
        1993 წლის სექტემბერში, როდესაც ასი ათასობით სოხუმელი კოდორის ხეობაში შიმშილითა და სიცივით იხოცებოდა, თბილისიდან სთხოვეს ვაშინგტონს, თურქეთში დისლოცირებული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენების გამოგზავნა უბედური ადამიანების გამოსაყვანად. ამერიკული სამხედრო სარდლობის პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო: ეგ ტერიტორია რუსეთის შაიარაღებულ ძალთა კონტროლოის სფეროა და ამ წინადადებას არც კი განვიხილავთო.
        ამ თვალსაზრისით ვითარება შემდგომ წლებში შეიცვალა. არ შეცვლილა იგი 2001 წლის 11 სექტემბრამდე, რომელმაც მთლიანად გადაატრიალა გლობალური პოლიტიკა.
        რატომ იქცევა დღეს ჯორჯ ბუში ესოდენ აქტიურად და (კარგი გაგებით) აგრესიულად? იმიტომ, რომ 11 სექტემბრის ტრაგედია მართლაც ძალიან სერიოზული დარტყმა იყო ამერიკის, როგორც «ზესახელმწიფოს» იმიჯზე. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება კი ვერ დაუშვებს, რომ ამერიკის გლობალური იმიჯი გახუნდეს და ელვარება დაკარგოს.
        შესანიშნავი ამერიკელი პოლიტოლოგი, ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის წიგნში «დიდი საჭადრაკო დაფა» წერს, რომ ეკონომიკურ ძლევამოსილებასთან, სამხედრო ძლიერებასთან და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ამერიკის «ზესახელმწიფოებრიობას» მისი მსოფლიო იმიჯიც განაპირობებს.
        ეს იმიჯი კი ნამდვილად შეირყა ნიუ-იორკის ტყუპ ცათამბჯენთა ჩამოქცევასთან ერთად. ამდენად, ამერიკას აუცილებლად სჭირდებოდა თავისი გლობალური გავლენის და ძლევამოსილების დემონსტრირება.
        აქვე აღსანიშნავია: «იმიჯი» აბსტრაქტული ცნება არ გეგონოთ _ ეს ეკონომიკური კატეგორიაცაა. ასეულობით მილიონი ადამიანი სწორედ ამერიკის ეკონომიკაში აბანდებს თავის დანაზოგს მთელი მსოფლიოდან სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის უძლეველობისა და ძლევამოსილების იმედი აქვთ.
        ამდენად, ამერიკას სჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ ცათამბჯენებთან ერთად არ წაქცეულა, პირიქით, «გეოპოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადავიდა «ევრაზიული საჭადრაკო დაფის» ორ საკვანძო უჯრაზე – ცენტარლურ აზიასა და კავკასიაში.
        იმავდროულად, ამერიკელებმა შესანიშნავად უწყიან, რომ მაგალითად, ავღანელ «თალიბებს» რუსული სპეცსამსახურები უმაგრებდნენ ზურგს, რათა ცენტრალური აზიის სეკულარისტული რეჟიმები დაეშინებინათ და კრემლზე «მიებათ»; და რომ ბელორუსის მეშვოებით მოსკოვი იარაღს აწვდის მსოფლიოს ყველაზე ბნელ რეჟიმებს, ხოლო დასავლეთის პრესა აივსო სტატიებით ბინ ლადენის მეგობრის, ვინმე «კგბ»-ს გადამდგარი ოფიცრის» ვლადიმერ ბუტის შესახებ.

დილის გაზეთი, 6 მარტი, 2002 წ.