კიტოვანსა და სიგუას იმ ღამეს რუსული ჯარების შტაბში ეძინათ

კიტოვანსა და სიგუას იმ ღამეს რუსული ჯარების შტაბში ეძინათ

 

    5 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, ე.წ. «შეიარაღებული ოპოზიციის» სამხედრო ფორმირებებმა საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის შტურმი დაიწყეს. ეს სამხედრო აქცია გახდა ლოგიკური შედეგი 2 სექტემბრის პროვოკაციის შემდეგ თბილისში განვითარებული მოვლენებისა.
    ხელისუფლების დამხობა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. იმდროინდელი მოვლენების ზოგიერთი «სულისჩამდგმელის» განცხადება - აქაოდა, ხელისუფლების დამხობას არ ვაპირებდით, მაგრამ ლოთი ქობალიამ თავად გავიხსნა ცეცხლიო - სრული სიყალბეა. სინამდვილეში ე.წ. «ოპოზიციას» ძალიან ეშინოდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყებოდა საქართველოს საერთაშორისო აღიარების პროცესი (ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო) და შემდეგ ხელისუფლების დამხობა უფრო გაძნელდებოდა.
    რა თქმა უნდა, დეკემბერ-იანვრის მოვლენები, ანუ მარაზმული ომი თბილისის ცენტრში მოსკოვიდან იმართებოდა. ისიც ტყუილია, თითქოს კრემლი «ორივე მხარეს უჭერდა მხარს», სინამდვილეში იგი სწორედ ოპოზიციას ეხმარებოდა და ამან განაპირობა კიდეც მისი გამარჯვება; არა იმიტომ, რომ ამ ე.წ. «ოპოზიციის» პოლიტიკური პროგრამა (თუკი ასეთი არსებობდა) უფრო მისაღები იყო მისთვის, არამედ სულ სხვა მიზეზით: იმპერიის სპეცსამსახურებს უბრალოდ სჭირდებოდათ დესტაბილიზაცია საქართველოში (ისევე, როგორც სხვა «მოკავშირე რესპუბლიკებში»), რათა დაენგრია ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი, იმთავითვე ჩაედო ამ საფუძველში ანტისახელმწიფოებრივი პრეცედენტი და მოეხდინა საზოგადოებაში შეურიგებელი დაპირისპირების პროვოცირება.
    პასუხისმგებლობა კრემლის გეგმის «ბრწყინვალედ განხორციელებისათვის», უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეკისროს პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც მარცხი განიცადა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში და რომელსაც არაფერი ამოძრავებდა - ქვეყნის დანგრევის ფასადაც კი «პოლიტიკაში დაბრუნების» მანიაკალური სურვილის გარდა.
    იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც დეკემბერ-იანვრის შემდგომაც და დღესაც ბევრს ლაპარაკობენ საქართველოს «დამოუკიდებლობის» შესახებ, შესანიშნავად უწყოდნენ, საიდან იმართებოდა ზემოთხსენებული მოვლენები. მათ შესანიშნავად იცოდნენ, ვის უჭერდა მხარს რუსეთი და ვინ იბრძოდა რუსთაველის გამზირზე.
    1991 წლის 29 დეკემბერს კიტოვანმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: «საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია იტოვებს უფლებას, დახმარებისათვის მიმართოს ბორის ელცინს». იმთავითვე ნათელი იყო, რომ ბორის ელცინი თავად ვერ წამოავლებდა ხელს ავტომატს და «ქართული დემოკრატიის» გადასარჩენად თბილისში არ გამოიქცეოდა; იგულისხმებოდა საქართველოში დისლოცირებული რუსული არმიის მხარდაჭერა. სწორედ ამ არმიამ გადაარჩინა «ოპოზიცია» 29-30 დეკემბერს, როდესაც ხელისუფლების ერთგულმა ნაწილმა მძლავრი კონტრშეტევა წამოიწყეს.
    კიტოვანსა და სიგუას (გოგა ხაინდრავას აღიარებით) იმ ღამეს რუსული ჯარების შტაბში ეძინათ. ყოველივე ეს ძალიან კარგად იცოდნენ იმ პოლიტიკანებმა, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ «ეროვნული ინტერესების» თაობაზე. არადა, საქართველოს ყველაზე მთავარი ეროვნული ინტერესი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ქვეყნის დამღუპველი სამოქალაქო ომის პროვოცირება. სავსებით ცხადი იყო, რომ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას აუცილებლად მოჰყვებოდა სამოქალაქო ომი, სამოქალაქო ომს კი - ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაკნინება.
    ამ სტრიქონების ავტორს არასდროს დაავიწყდება 1992 წლის 2 იანვარი. იმ დღეს საზოგადოება «ცოდნის» დარბაზში ე.წ. «საკონსულტაციო საბჭოს» პირველი სხდომა ჩატარდა; სხდომაში მონაწილეობდა უკლებლივ ყველა «ოპოზიციური პარტიის» წარმომადგენელი. სულ რამდენიმე ასეულ მეტრში ხოცვა-ჟლეტა გრძელდებოდა, საზარელი ეროვნული ტრაგედია ტრიალებდა, ქართული პოლიტელიტის სხდომაზე კი ისეთი მხიარული განწყობილება იყო, თითქოს საახალწლო ზეიმზე თანაკლასელები შეკრებილიყვნენ. იმ უზნეო პოლიტიკანთაგან არც ერთს არა აქვს მორალური უფლება, დღეს «ეროვნულ ინტერესებზე» ილაპარაკოს.
    ყველაზე დამანგრეველი შედეგი დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა სწორედ ეროვნული ცნობიერების დაკნინების თვალსაზრისით გამოიღო. თბილისის ცენტრში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა საზარელი ხოცვა-ჟლეტა. . . . თოკით შემოღობილი ტერიტორიიდან ორიოდე ნაბიჯში კი «ჩვეულებრივი ცხოვრება» გრძელდებოდა. თითქოს არც არაფერი ხდებოდა რუსთაველის გამზირზე!
    სწორედ იმ მარაზმიდან იღებს სათავეს შემდგომდროინდელი ყველა მარცხი და ტრაგედია. ამიტომ საქართველოს მანამ არაფერი ეშველება, სანამ ხელისუფლების დამხობას შესაბამისი პოლიტიკური შეფასება არ მიეცემა.

«მერიდიანი», 20 დეკემბერი, 1996 წელი.