როდის გაწყდება გასაწყვეტი?

როდის გაწყდება გასაწყვეტი?

      

        აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის საკითხი, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» ჩანაცვლებას რომელიმე სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ძალებით, რაც არარეალურია.
        რაკი ეს ვერ მოხერხდება და აფხაზ სეპარატისტებსაც ვერაფრით დავითანხმებთ, რათა აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაცია «ცხინვალის მეთოდით» განხორციელდეს (ანუ სამმხრივი სამშვიდობო ძალების შეყვანით), ისღა დაგვრჩენია, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ მართლაც იძულებული გახდება მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა.
        დავუშვათ, ხანგრძლივი ეშმაკობებისა და გაჭიანურების შემდეგ რუსეთი გაიყვანს სამშვიდობო ჯარს - მერე რას ვშვრებით?
        როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევაში ომი გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ქართველი პარტიზანები უეჭველად შეეცდებიან განაახლონ ფართომაშსტაბიანი საბრძოლო მოქმედელები გალის რაიონში, იმავე კოდორის ხეობაში და ასე შემდეგ. ამ დისპოზიციაში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ დიდი ომის დაწყება აფხაზეთის დასაბრუნებლად.
        ერთმნიშვნელოვნად ძნელია თქმა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. სამხედრო ხელოვნება და მეცნიერება საკმაოდ ზუსტი მეთოდოლოგიით სარგებლობს, შემთხვევითი არ არის, რომ მრავალ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებათა პროგნოზირებისას, მონაცემები სამხედრო ტექნიკის, ცოცხალი ძალის რაოდენობის შესახებ შეაქვთ კომპიუტერში, ისევე, როგორც ლანდშაფტის თავისებურებები და კომპიუტერს საკმაოდ ზუსტი დასკვნა გამოაქვს, ან, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე შესაძლო ვარიანტს ამზადებს ამ მონაცემების გათვალისწინებით.
        რამდენიმე დღის წინ «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა და ე.წ. «აფხაზური არმიის» შეიარაღებისა და ტექნიკის მონაცემები. მათი გაცნობა ადასტურებს, რომ, რაოდენ განსაცვიფრებელიც უნდა იყოს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და «აფხაზურ არმიას» დაახლოებით თანაბარი რაოდენობის იარაღი აქვთ. იგულისხმება საარტილერიო სისტემები, ჯავშნოსანი მანქანები, მძიმე და საშუალო, აგრეთვე, მსუბუქი ტანკები, თვითმავალი ქვემეხები, სამხედრო კატარღები, ავიაცია და ასე შემდეგ.
        სინამდვილეში აქ გასაკვირი არაფერია - პარიტეტი (რაოდენობრივი) შექმნა რუსეთმა ჯერ კიდევ პირველი ომის დროს, ოღონდ იმ ნიუანსით, რომ ყველა სახეობაში «აფხაზური» შეიარაღება უფრო ახალი მოდიფიკაციისაა, ვიდრე ქართული.
        რა თქმა უნდა, არც ესაა შემთხვევითი.
        ერთადერთი უპირატესობა ჯარისკაცთა რაოდენობაში გამოიხატება, ვინაიდან დასახელებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალთა რაოდენობა - 27 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, ხოლო აფხაზური «რეგულარული არმიისა» - 5 ათასი.
        თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, სოხუმს 25 ათასი რეზერვისტის გამოყვანა შეუძლია. ბუნებრივია, აქ იგულისხმება «გარედან» აფხაზეთში გადასროლილი ძალებიც.
        რელიეფის გათვალისწინებით, ერთადერთი, რასაც საქართველო უეჭველად მიაღწევს ომის განახლების შემთხვევაში, უკეთეს ვარიანტში იქნება «ფრონტის ხაზის» შეცვლა და ენგურიდან ამ ხაზის უფრო ჩრდილო-დასავლეთით გადანაცვლება.
        აქ ტექნიკის რაოდენობა კი არ შეასრულებს გადამწყვეტ როლს, არამედ ის გარემოება, რომ გალის რაიონში სეპარატისტთა ფორმირებას მოქმედება მოუწევს «ზურგის გარეშე», ესე იგი მტრულად განწყობილი მოსახლეობის ტერიტორიაზე. ამიტომ, უეჭველად შეეცდებიან «ფრონტის ხაზი» გალის არხთან შექმნან.
        რასაკვირველია, გალის არხის მარცხენა ნაპირიდან შესაძლებელია ოჩამჩირის დაბომბვა, მაგრამ მარჯვენა ნაპირზე განლაგებული «გრადი» და ურაგანი» სავსებით მისწვდება ზუგდიდს და წალენჯიხას.
        ამრიგად, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი ხანგრძლივი იქნება.
        უმთავრესი «სამხედრო» ფაქტორი კი ქართველი საზოგადოების დაბნეულობაა, რომელსაც ვერ გაუგია, რა უნდა ბოლოს და ბოლლოს - რუსეთთან მეგობრობა, მტრობა, ომი, მშვიდობა თუ რამე სხვა.

დილის გაზეთი, 17 ოქტომბერი, 2001 წ.