რეფორმა იმ მიჯნას მიუახლოვდა, რომლის იქით ან აღმავლობაა, ან - სამოქალაქო ომი

რეფორმა იმ მიჯნას მიუახლოვდა, რომლის იქით ან აღმავლობაა, ან - სამოქალაქო ომი

    ნამდვილი რეფორმები ახლა იწყება. 31 ივლისის მოახლოებამ, როდესაც უნდა გადაწყდეს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის საკითხი, ერთგვარად მიჩქმალა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიჯნა, რომელსაც სწრაფად უახლოვდება ქვეყანა - ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპი.
    პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილიამ, უკვე განაცხადა ამის თაობაზე, მაგრამ «მთავარი რეფორმატორის» განცხადებას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. თუმცა, საქმე სწორედ რომ ძალზე სერიოზულად არის. უახლოეს დღეებში თბილისს ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და «საქართველოს კურატორი» შადმან ვალავი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებას გამართავს ედუარდ შევარდნაძესთან რეფორმათა მეორე ეტაპის განხორციელების თაობაზე. ამავე დროს, თემურ ბასილია ამზადებს უმნიშვნელოვანეს ბრძანებულებას, რომელმაც (ისევე როგორც 1994 წელს, სახელმწიფოს მეთაურის ცნობილმა ბრძანებულებამ) უნდა განსაზღვროს რეფორმის შინაარსი.
    საქართველოსთვის ეს მოვლენა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ნამდვილი ეკონომიკური რეფორმა ქვეყანაში სწორედ ახლა იწყება, -1994-1996 წლებში მხოლოდ სტაბილიზაციის პროგრამა განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებდა მონეტარისტულ პოლიტიკას ეკონომიკაში, ფინანსური სისტემის სტაბილიზაციას და ფასების ლიბერალიზაციას, ანუ ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფონის შექმნას. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა აშენდეს სრულფასოვანი საბაზრო ეკონომიკა.
    განსაკუთრებული ეიფორია ხელისუფლებას ნამდვილად არ ეტყობა. ედუარდ შევარდნაძეს, მიუხედავად თემურ ბასილიას განცხადებისა, ჯერ თითქმის არაფერი უთქვამს «რეფორმათა მეორე ეტაპის» შესახებ. მიზეზი ადვილად ასახსნელია, - ხელისუფლება გრძნობს, რომ მიუახლოვდა მიზანს, რომლის მიღმა ბევრი განსაცდელი და საშიშროება ელის.
    ბევრმა ქვეყანამ (შეიძლება ითქვას, უმრავლესობამ) რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციათა საფუძველზე და მის მიერ გამოყოფილი კრედიტებით დაიწყო ლიბერალური რეფორმების განხორციელება, პირველი ეტაპი მეტ-ნაკლებად სწრაფად და უმტკივნეულოდ განვლო. უმთავრესად, როგორც ჩანს, იმის წყალობით, რომ რეფორმათა პირველ ეტაპზე ხდება გარდაქმნა იმ სფეროში, რომელიც არათუ აკნინებს მმართველი ელიტის (ვგულისხმობთ სამეურნეო და ფინანსურ ელიტას) ინტერესებს, არამედ პირიქით, - კეთილისმყოფელ, სტაბილურ ფონს ქმნის, რომელზედაც ეკონომიკური ურთიერთმოქმედების არსებული მექანიზმები შეუფერხებლად და სტაბილურად მუშაობს. ამრიგად, თუ საზოგადოების (სოციუმის) ქვედა ფენებისთვის ეს რეფორმა მტკივნეული, ხშირად არასასურველია, «ზედა ფენები» მას ყოველმხრივ ხელს უწყობენ, რადგან იგი მათ ინტერესებს სავსებით შეესაბამება.
    მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ «პირველი ეტაპი» მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოა ნამდვილი რეფორმის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი კი გულისხმობს ეკონომიკაში თვისებრივი სტრუქტურული, სისტემური ცვლილებების განხორციელებას (მაგ. «ბუნებითი მონოპოლიების» რესტრუქტურიზაციას), რაც ყოველთვის და ყველგან ძალზე მტკივნეულად აღიქმება ელიტის მიერ, რადგან იგი მიჩვეულია წლობით ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური კორპორაციების ფარგლებში მუშაობას და ამ სფეროში რაიმე ცვლილებას აღიქვამს, როგორც უშუალო შეტევას საკუთარ ინტერესებზე.
    სოციალური შინაარსის თვალსაზრისით მდგომარეობა იცვლება. ამჯერად უკვე «ქვედა ფენები» არიან სრულიად გულგრილნი რეფორმის მიმართ და ხელსაც კი უწყობენ მას, ზედა ფენები პირიქით - გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ. საქართველოში ეს პროცესი უაღრესად დამძიმებული იქნება ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით. პირველი: საქართველო არ არის კოლუმბია, მექსიკა ან ურუგვაი - საქართველოს ეკონომიკა საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ნამსხვრევია. ამდენად, ტოტალური ეკონომიკური სისტემები (თუნდაც იგივე «ბუნებრივი მონოპოლიები») ჩვენში გაცილებით მყარი და აგრესიული სოციალური კორპორაციების სახით არსებობენ. გარდა ამისა, საქართველო ჯერ კიდევ ძალზე სუსტი, პოტენციურად არასტაბილური სახელმწიფოა. ვგულისხმობ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სიმყიფეს. მაგალითად, თურქეთში ნებისმიერი სოციალური რეფორმის «ზემოდან» გასატარებლად ხელისუფლებას მყარი, სტაბილური და საუკუნოვანი ტრადიციის მქონე სახელმწიფოებრივი მექანიზმი გააჩნია, საქართველოში ამგვარი მექანიზმი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
    80-იანი წლები ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის სამოქალაქო ომების პერიოდი იყო. ამ დაპირისპირებისა და საზარელი ხოცვა-ჟლეტის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ხელისუფლებამ სცადა მონეტარისტული რეფორმა საწყისი, მოსამზადებელი ეტაპიდან - სიღრმისეული სტრუქტურული გარდაქმნების ფაზაში გადაეყვანა.
    ჩვენს «პროვინციელ დემოკრატებს» ვერაფერს შეასმენ, თორემ საქართველოსთვის სასარგებლოც კი იქნებოდა დროებით დიქტატურის დამყარება, რათა ეკონომიკის რეფორმირებას სამოქალაქო ომის გარეშე ჩაევლო. რაკი ამის საშუალება არ არის, ხელისუფლებას «ბეწვის ხიდზე» მოუწევს გავლა. პირველივე ნაბიჯს, რომელიც «ფორმალური» თუ «არაფორმალური» მონოპოლიების დასაშლელად და ეკონომიკური სისტემის შესაცვლელად გადაიდგმება, სოციალურ კორპორაციათა გააფთრებული რეაქცია მოჰყვება. არ არის გამორიცხული მასობრივი დესტაბილიზაცია, არეულობა, ტერორი, სამოქალაქო ომი. უმალვე შეიცვლება ძალთა განლაგება პარლამენტში, რომელშიც ამ კორპორაციებს ძალიან მძლავრი ლობი ჰყავთ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის სახით. ამოქმედდება მთავრობაზე ზემოქმედების «არაფორმალური» ბერკეტები. მეწილეები «წილოსნებს» აიძულებენ, დაიცვან მათი ინტერესები. უმალვე «საჭირო გახდება» და ამოძრავდება კრიმინალური სამყარო და კრიმინალიზებული პოლიტოკრატია, რომელიც 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ უსაქმოდ დარჩა. ყოველივეს კი ჩვეული ოსტატობით გამოიყენებს რუსეთის სპეცსამსახური.
    საქართველო დგას სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე. რა პოლიტიკური საფარველიც უნდა შეიძინოს მან, ეს დაპირისპირება არის გამოვლინება პოსტკომუნისტური სოციალური კორპორაციების მძვინვარე რეაქციისა.

7 დღე, 20 მაისი, 1997 წ.