«ბათუმური ალიანსის» გაფორმება საეჭვოდ გაჭიანურდა

«ბათუმური ალიანსის» გაფორმება საეჭვოდ გაჭიანურდა

        მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინათ ბათუმში დიდი ზარზეიმითა და პროპაგანდისტული გნიასით გაფორმდა ეგრეთ წოდებული, «პოლიტიკური კოალიცია», დღემდე ამ კოალიციის ერთიან საარჩევნო ბლოკად დაფუძნება ვერ ხერხდება.
        «კოალიციის» შექმნა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს - მთავარია, შეადგენენ თუ არა «კოალიციონერები» ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს იყო (და არის) მთავარი საკითხი და არა დეკლარაციის ხელმოწერა. მით უმეტეს, რომ ეს დეკლარაცია, თუ ყურადღებით შევისწავლით, არავის არაფერს ავალდებულებს, ვინაიდან მის ნებისმიერ დებულებას შეიძლება მიეცეს სრულებით განსხვავებული ინტერპრეტაცია.
        იმას, რომ «კოალიციაში» ნამდვილად საეჭვო ვითარება იქმნება, ადასტურებს თვით კოალიციის წევრ პარტიათა წარმომადგენლების განცხადებებიც.
        მაგალითად, «ტრადიციონალისტმა» მერაბ ურიდიამ ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ «საბოლოოდ ერთიანი სიის საკითხი 30 ივლისს გადაწყდება». მაგრამ გავიდა 30 ივლისი, დაინიშნა არჩევნების დღე, მოვიდა 9 აგვისტო - ბათუმიდან კი ჩამიჩუმი არ ისმის (რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით). არადა, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ კოალიციის გაფორმებისას ერთმნიშვნელოვნად ითქვა: «საარჩევნო სიის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, - ამას დამატებითი კონსულტაციები დასჭირდება». შექმნილი ვითარება აშკარად გამაღიზიანებელია «კოალიციის» წევრი პარტიებისთვის – ცხადია, ისინი ასლან აბაშიძისა და «აღორძინების» ვერდიქტს ელოდებიან, თორემ თვითონ ყველაფერი კარგა ხანია გადაწყვეტილი აქვთ.
        არადა, თუ საბოლოოდ ერთიანი საარჩევნო ბლოკი (ერთიანი სიით) ვერ ჩამოყალიბდა, მაშინ, ელემენტარულად, კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ასეთ შემთხვევაში «მაჟორიტარებზეც» შეიძლება ვერ მოილაპარაკონ, ვინაიდან განსხვავებული ინტერესები გაუჩნდებათ.
        მეორე მხრივ, ასლან აბაშიძესაც აშკარად აღიზიანებს ის გარემოება, რომ თუ არ ჩავთვლით ვახტანგ რჩეულიშვილის  განცხადებას პარლამენტის სხდომაზე (რამაც უკურეაქცია გამოიწვია). «კოალიცია» თითქმის არ ერევა «თბილისსა და ბათუმს» შორის წარმოშობილ უთანხმოებაში, - კონკრეტულ პრობლემებთან (საზღვაო სანაოსნოსთან, საბაჟოსთან, ბიუჯეტთან) დაკავშირებით; გასაგებია, - მათ არ სურთ უკანდასახევი გზა მოიჭრან, თუმცა, ეს გზები უკვე ისედაც მოჭრილი აქვთ: თუ ერთიანი საარჩევნო სია არ ჩამოყალიბდა - «კოალიციის» წევრი პარტიები (რა თქმა უნდა, «აღორძინების» გარდა) უბრალოდ შეწყვეტენ არსებობას ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
        თუმცა, საარჩევნო ბლოკის დაფუძნების შემთხვევაშიც, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება; მაგალითად, უკანასკნელ პრეს-კონფერენციაზე «ტრადიციონალისტთა» ლიდერმა გააკეთა ძალზე უცნაური განცხადება: «თბილისისა და ბათუმის ბლოკებს შორის არ არსებობს კარდინალური განსხვავება უმთავრეს საკითხებში - მათ შორის, საგარეო და შიდაპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ მხოლოდ წვრილმანი გვასხვავებს – ისევე, როგორც წვრილმანი განსხვავებაა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში (ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში) ორ დაპირისპირებულ პარტიას შორის».
        აკაკი ასათიანის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული «ბათუმური კოალიცია» უკვე (იმთავითვე, ჯერ კიდევ არჩევნებამდე) დამარცხებულია.
        მისი ერთადერთი შანსი მდგომარეობდა მმართველ ძალასთან სწორედ თვისობრივ, კარდინალურ დაპირისპირებაში. მხოლოდ ამ პირობით შეიძლებოდა «დესტაბილიზაციით შეშინებულ» ამომრჩეველს გაერისკა, მაგრამ თუ არ არსებობს «კარდინალური განსხვავება», მაშინ რა აზრი აქვს ხელისუფლების შეცვლას იმ პირობებში, როდესაც არ დასრულებულა სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესი?
        «სახალხო-პატრიოტული» კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვალერი კვარაცხელიამ (იგი აშკარად განაწყენებულია «აღორძინებაზე», ასეთი არჩევანის გამო) მოულოდნელად შეაქო კიდეც ედუარდ შევარდნაძე: «თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამჟამინდელ კურსს გაატარებს ედუარდ შევარდნაძეზე უკეთ - ძალიან სცდება. თუ თვით სახელმწიფოებრივი კურსი მისაღებია, მაშინ მისი საუკეთესო გამტარებელნი სწორედ შევარდნაძე და «მოქალაქეთა კავშირი» არიან».
        კვარაცხელია - გოგუაძის «გულისტკივილი» გასაგებია: მათ ოპოზიცია ესმით მხოლოდ როგორც სახელმწიფოებრივი კურსის კარდინალური შეცვლის საშუალება.
        რაც შეეხება «წვრილმანებში დაპირისპირებას» - «ტრადიციონალისტთა ლიდერი» უდავოდ მართალია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ორპარტიული სისტემის ფარგლებში პოლიტიკური დაპირისპირების ძირითადი საკითხია მხოლოდ და მხოლოდ გადასახადების შემცირება-გაზრდა; სოციალურ სფეროში, ან საგარეო პოლიტიკაში კურსის შერბილება-გამკაცრება; მაგრამ არავითარ შემთხვევაში, თვით კურსის შეცვლა. საქართველოში კი აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა: ჯერ არც სახელმწიფო დაფუძნებულა სრულყოფილად, არც საგარეო-პოლიტიკური კურსი შემდგარა საბოლოოდ და არც სოციალურ-ეკონომიკური (ან თუნდაც პოლიტიკური) სისტემა ჩამოყალიბებულა.
        «ტრადიციონალისტთა» ლიდერის განცხადება ასეთ პირობებში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ «ბათუმური კოალიცია» - «მოქალაქეთა კავშირს» ეთანხმება საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსში და მხოლოდ ტაქტიკურ საკითხთა კორექტირებას მოითხოვს.
        არადა, ეს ხომ ნამდვილად არ არის ასე? მაგალითად, აკაკი ასათიანმა აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო იგივე ვახტანგ რჩეულიშვილი, ვინაიდან «სოციალისტთა» ლიდერი სწორედ კარდინალურ საკითხებში უპირისპირდებოდა (ყოველ შემთხვევაში, დღემდე) მმართველ პარტიას და საერთოდ, დროა მივაქციოთ ყურადღება ერთ უცნაურ გარემოებასაც: «კოალიციის» წევრ პარტიებს დღემდე არც ერთი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაუმართავთ (თუ არ ჩავთვლით «კოალიციის გაფორმების დღეს, მაგრამ იმ ღონისძიებას «ერთობლივი პრესკონფერენცია» ძნელად თუ ეთქმოდა).
        არადა, ეს ყოვლად აუცილებელი ატრიბუტია წინასაარჩევნო კამპანიისა! რა არის ამ უცნაურობის მიზეზი? ის ხომ არა, რომ სინამდვილეში მართლა არ არსებობს შეთანხმება ერთიანი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების თაობაზე?
        კოალიციის წევრ პარტიებს უამრავი პიროვნული და პოლიტიკური წინააღმდეგობა აქვთ; ბუნებრივია, ისინი უეჭველად შეეცდებოდნენ, რაც შეიძლება სწრაფად შეექმნათ ბლოკი იმისთვის, რომ საკმარისი დრო ჰქონოდათ კონსოლიდაციისა და ამომრჩევლის ცნობიერებაში დამკვიდრებისათვის. ამიტომ ჩქარობენ სხვები, მაგრამ არ ჩქარობს «აღორძინება», ვინაიდან მას, მრავალი თვალსაზრისით, მომავალ პარლამენტში «მოქალაქეთა კავშირთან» ჯერ-ჯერობით ერთი-ერთზე დარჩენა უფრო იზიდავს, ვიდრე იმ პარტიების «გაყვანა», რომლებიც შემდეგ უმალვე დაკარგავენ ლოიალობას.

იგორ გიორგაძის მზის ჩასვენება საქართველოში

        გასულ კვირას საბოლოოდ დაესვა წერტილი იგორ გიორგაძის პოლიტიკურ «მოღვაწეობას» საქართველოში. «წითელმა შვიდეულმა», რომელიც «სახალხო-პატრიოტულ კავშირში» შემავალ პარტიებს აერთიანებს, ალიანსიდან გარიცხა პანტელეიმონ გიორგაძე, ხოლო «კავშირის» ლიდერებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ იგორ გიორგაძის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
        ასეთი განცხადება ვალერი კვარაცხელიას და ვახტანგ გოგუაძეს დღემდე არ გაუკეთებიათ. თუმცა, ჯერ კიდევ ამ ყრილობაზე, სადაც რომელიღაც «აქტივისტმა» პირველად წამოაყენა იგორის კანდიდატურა - დარბაზის მქუხარე ოვაციას ცივი დუმილითა და ხაზგასმული უძრაობით შეხვდნენ.
        იმთავითვე ცხადი იყო, რომ იგორ გიორგაძე «წინამძღოლად», მით უმეტეს, «პრეზიდენტობის კანდიდატად» არ მიაჩნდათ. თუმცა, მაინც «ეთამაშებოდნენ:», ოღონდ ამ თამაშ-თამაშში შეუმჩნევლად (გვიან შეამჩნიეს) გადავიდნენ იმ ზღვარს, საცა იწყებოდა სულ სხვა ხარისხის და შინაარსის დაპირისპირება ხელისუფლებასთან.
        განსაკუთრებით გუჯარ ყურაშვილის დაპატიმრებამ და «შეთქმულების» გახსნამ შეაშინათ. სრულებითაც არ ეპიტნავებოდათ, რომ თვითონაც დარჩენილიყვნენ იმ ზღვარს მიღმა, სადაც დიდი ხანია იმყოფებოდა თავად «კომანდორი»; თუმცა, ეს უკანასკნელი «სამშვიდობოს» იყო, - «წითელ შვიდეულს» კი საქართველოში უხდებოდა საქმიანობა.
        მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ იგორ გიორგაძე ხელისუფლებასთან პოლიტიკური (თუნდაც, რადიკალური და შეურიგებელი) დაპირისპირებისათვის არ გამოდგება. არანაირი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი, «ნორმალურ სიტუაციაში», იგორ გიორგაძეს საქართველოში არ გააჩნია. არავითარი რეალური პოპულარობით (თუ არ ჩავთვლით მარგინალურ ფენებს) ის არ სარგებლობს, არც ერთი სერიოზული პოლიტიკური პარტია მას მხარს არ დაუჭერს და საერთოდ, ქართული პოლიტიკა დიდი ხანია ტრაგიკომედიად იქცა; მაგრამ არც ისეთად, რომ მას შემდეგ, რაც 1987 წლიდან მოხდა, საქართველოში «იგორი» (სსრკ უშიშროების საშუალო ნიჭის მაიორი) აერჩიათ პრეზიდენტად.
        იგორ გიორგაძე «რევოლუციური» ფიგურა იყო. უფრო ზუსტად «ექსპორტირებული რევოლუციისა» - დაახლოებით, ბაბრაქ ქარმალის მსგავსი. საქართველოში მას პოლიტიკური პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ პირდაპირი აგრესიის, ახალი პუტჩის ორგანიზებისას.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, იგორ გიორგაძე შეიძლებოდა მხოლოდ «რუსულ ტანკზე ამხედრებული» შემოსულიყო თბილისში. კვარაცხელია - გოგუაძეს ეს რეალურად არ მიაჩნიათ; ოღონდ იმიტომ კი არა, რომ დღევანდელი ხელისუფლება «გადასატრიალებლად» არ ემეტებოდათ, არამედ ეშინოდათ, თავადაც არ მოხვედრილიყვნენ ამ სისხლიან ორომტრიალში.
        ამრიგად, იგორ გიორგაძისგან გამიჯვნის სურვილი (სწორედ ეს გახდა პანტელეიმონ გიორგაძის გარიცხვის მიზეზი და არა აფხაზეთის თაობაზე გაკეთებული მორიგი განცხადება) მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც «ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში» ჩართვა გადაწყვიტეს, ანუ შინაგანადაც დარწმუნდნენ «რევოლუციის» უაზრობასა და უპერსპექტივობაში.
        რამდენად «პერსპექტიულია» მათი საქმე ნორმალური პოლიტიკური პროცესის პირობებში – სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ის არის, რომ იგორ გიორგაძეს რაიმე ლეგალური დასაყრდენი საქართველოში აღარ აქვს. «არალეგალურ დასაყრდენად» კი თუნდაც რუსეთის სამხედრო ბაზები გამოდგება.
        იგორ გიორგაძის «ჟურნალისტური» აქტივობა (რუსულ პრესაში) და საქართველოს ხელისუფალთა პერმანენტული ლანძღვა-გინება იმით იყო განპირობებული, რომ მას ყოველდღიურად უნდა დაედასტურებინა «მფარველებისათვის» (რუსული «სპეცსამსახურებისათვის») თავისი საჭიროება და შეუცვლელობა.
        მეზობელი ქვეყნის სპეციალური სამსახური მაინც «შიდა პროცესებზე» (საქართველოში) უფრო აკეთებდა აქცენტს, ვიდრე «ღია აგრესიაზე», ამიტომ იგორ გიორგაძეც სჭირდებოდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას ჰქონდა პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში «სახალხო-პატრიოტული კავშირის» სახით.
        რაკი «იგორს» ეს დასაყრდენი გამოეცალა, მისდამი ინტერესი რუსეთში თანდათანობით დაიკარგება; ამიტომ დღეს გიორგაძე-უმცროსის «ხურდაში დაბრუნების» ალბათობა მაღალია, როგორც არასდროს.
        «სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა, მისგან გამიჯვნით, შექმნა პირობა (შესაძლოა, თავისდაუნებურად) იგორ გიორგაძის «გადმოცემისათვის». სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ «კომანდორი» მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა «აღმოაჩინონ» და «მშობლიურ» (ქართულ) სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბარონ - ნიშნად აქტიური «სტრატეგიული» თანამშრომლობისა.
        ამიტომ, საცოდავი «კომანდორი» ამის შიშით იძულებული გახდება, მომავალში კვლავ გაააქტიუროს თავისი «ჟურნალისტური» საქმიანობა, იმისათვის, რომ მფარველებს თავისი «საჭიროება» ისევ დაუმტკიცოს.
        ზოგადად, იგორ გიორგაძე უფრო გარემოების მსხვერპლი» გახდა, ვიდრე რაღაც დემონური ჩანაფიქრისა, - სინამდვილეში (ვიმეორებ) ის ჩვეულებრივი, საშუალო გაქანების «ჩეკისტია», თანაც იმპერიის დაცემის ეპოქისა. იგი უშიშროების სამინისტროში ჩაბუდებული «მხედრიონის» მძევალი გახდა და არა პირიქით - როგორც ზოგიერთს ჰგონია;
        ანუ, იგორ გიორგაძე კი არ მართავდა «მხედრიონს», არამედ პირიქით - «მხედრიონი» მართავდა იგორ გიორგაძეს და იყენებდა მას საკუთარი მიზნებისათვის ისევე, როგორც ბოლო წლებში თვით ჯაბა იოსელიანიც ვეღარ მართავდა კორპორაციას. პირიქით - კორპორაცია მართავდა მას და იყენებდა საკუთარი შეხედულებისამებრ.
        თუმცა, ჩვეულებრივ, კრიმინალებს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევთ კრიმინალის პოლიტიზაცია და ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება. ეს მიმართება 29 აგვისტოს ტერაქტის წარუმატებლობამ დაარღვია, რომლის შემდეგ «იგორს» საქართველოში უბრალოდ არ დაედგომებოდა, ვინაიდან ძალისმიერი დასაყრდენიც დაკარგა.
        ამიერიდან, იგორ გიორგაძეს შეუძლია მხოლოდ ერთი ფუნქცია შეასრულოს: თუ პრეზიდენტი შევარდნაძე გადაწყვეტს, გაემიჯნოს ეგრეთ წოდებულ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას» და არ გაემგზავროს მოსკოვში, მორიგ სამიტზე (აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში პროგრესის არარსებობის გამო), «იგორ გიორგაძის ფაქტორი» სავსებით შეიძლება გამოდგეს პოლიტიკურ არგუმენტად - მოსკოვში გამგზავრებაზე უარისათვის.

დილის გაზეთი, 9 აგვისტო, 1999 წელი