საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აპრილი. 2024 წელი

ირანმა, პირველად ისტორიაში, პირდაპირ შეუტია ისრაელს, თუმცა ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა, რაკი ბრწყინვალედ იმუშავა ისრაელის საზენიტო სისტემამ და ამერიკულ საზენიტო  Patriot-თა ქსელმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ღიად სთხოვა პრემიერ ნეთენიაჰუს, აღარ უპასუხოს ირანს!

შეისმენს თუ არა ამ თხოვნას ისრაელის პრემიერი, ჯერ უცნობია.

ამ წუთის მდგომარეობით რეგიონში დიდი ომის (ისრაელ-ირანის ომის) საფრთხე არ არის, რაკი ირანმა განაცხადა, რომ ოპერაცია დაასრულა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კვირას დილით, ირანის არმიამ, იმ ქვეყნის მმართველი რელიგიური „აიათოლლების“ მითითებით, 170 უპილოტო აპარატი და 150 ბალისტიკური რაკეტა ესროლა ისრაელს.

აქვე უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანმა პირდაპირ, უშუალოდ და არა მისი Proxy-ჯგუფების მეშვეობით „დაარტყა“ ისრაელს: მიუხედავად იმისა, რომ 1979 წლის „ისლამური რევოლუციის“ შემდეგ ირანი ისრაელის ყველაზე ბოროტი, ყველაზე შეურიგებელი და ფანატიკური მტერია, პირდაპირი სამხედრო შეტაკება ამ ქვეყნებს შორის „დღემდე“ ანუ 2024 წლის 14 აპრილამდე არ მომხდარა.

1979 წლამდე ირანსა და ისრაელს შორის იმდენად კარგი ურთიერთობა იყო, რომ (დაუჯერებელია თუმცა ისტორიული ფაქტია) ისრაელი ირანს ბირთვული ენერგეტიკის განვითარებაშიც კი ეხმარებოდა.

ახლა უკვე ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

„ისლამური რევოლუციის“ შემდეგ, ამ რელიგიის  შიიტური მიმდინარეობის  პრომოუტერი ირანი ცდილობდა ისლამურ სამყაროში დომინირება მოეპოვებინა „პალესტინელებზე ზრუნვით“ მაშინ, როცა სუნიტური თურქეთი ბევრად ლოიალური იყო ისრაელის მიმართ, ხოლო არაბული ეგვიპტე და სირია ისრაელთან ყველა ომში დამარცხდნენ.

თავის მხრივ, არაბულ ქვეყნებსა და თურქეთს შორის არასდროს ყოფილა ძმური და სამოკავშირეო ურთიერთობა, რაკი არაბები თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ ოსმანთა იმპერიაში.

აი ამ წინააღმდეგობრივ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იფეთქა სამხედრო დაპირისპირებამ ირანსა და ისრაელს შორის.

ირანმა დრონები და რაკეტები ესროლა ისრაელს იმ საბაბით, რომ ისრაელმა ძალიან ზუსტი დარტყმით გაანადგურა სირიაში ირანის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი, რომლებიც დამასკში მდებარე ირანული საელჩოს (საკონსულოს) ტერიტორიიდან აკოორდინირებდნენ ანტიისრაელურ სამხედრო და ტერორისტულ აქციებს.

 

320 დრონიდან და რაკეტიდან, რაც ირანმა ესროლა ისრაელს, 99%-მა მიზანს ვერ მიაღწია. მხოლოდ რამდენიმე ჩამოვარდა ნეგევის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც ისრაელის თვითმფრინავებია განლაგებული. თუმცა იქაც უმნიშვნელოდ დაზიანდა ინფრასტრუქტურა მხოლოდ.

ბრწყინვალედ იმუშავა ისრაელის საზენიტო სისტემამ „რკინის გუმბათი“, რომელიც ისრაელის მთელს საჰაერო სივრცეს ფარავს.

დადასტურდა, რომ ეს სისტემა არა მხოლოდ პალესტინელი ტერორისტების  თვითნაკეთი რაკეტების წინააღმდეგაა შედეგიანი და ქმედითი, არამედ ირანის ბევრად უფრო ტექნოლოგიური დრონების და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც.

ოღონდ „რკინის გუმბათზე“ არანაკლები როლი შეასრულა თავდაცვის კიდევ ოთხმა  ზღუდემ:

 

ა) ისრაელის ავიაცია, რომელიც მუდმივად ბარაჟირებს რეგიონის ცაში, აღჭურვილია ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტებით და აქვს შესაძლებლობა, ჩამოაგდოს იმ კლასის და ტექნოლოგიის საფრენი აპარატები, რაც ამჯერად ირანმა გაუშვა ისრაელის წინააღმდეგ

ბ) ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ავიაცია, რომელიც იქვეა და დიდი შესაძლებლობები აქვს იმავე ტექნოლოგიით ანუ „ჰაერი-ჰაერის“ კლასის  რაკეტებით. ამერიკული და ბრიტანული თვითმფრინავებიც მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ ცაში.

გ)  ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot, რომელიც დისლოცირებულია როგორც თვით ისრაელში, ასევე ამერიკის მოკავშირე სხვა ქვეყნებში.

დ) აშშ სამხედრო ფლოტი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მუდმივ მზადყოფნაშია  და მას რა თქმა უნდა აქვს „ზედაპირი - ჰაერის“ რაკეტები, რისი მეშვეობითაც ჩამოაგდო სამიზნეთა დიდი ნაწილი.

 

აქვე მივაქციოთ ყურადღება, რომ ირანული რაკეტების და დრონების განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე ი ო რ დ ა ნ ი ა მ - - არაბულმა ქვეყანამ, რომლისთვისაც, როგორც დასტურდება, ირანი უფრო დიდი მტერია ვიდრე ისრაელი. თუმცა იორდანია ისრაელის „მეგობარი“ ნამდვილად არაა.

 

ბუნებრივია, სამხედრო ანალიტიკოსები მთელს მსოფლიოში ახლა სწავლობენ ამ ინციდენტს და აკეთებენ დასკვნებს.

პირველი დასკვნა, რაც დომინირებს მსოფლიოს მეინსტრიმულ მედიაში ისაა, რომ ირანის დარტყმას უფრორე „დემონსტრაციული“ ხასიათი ჰქონდა.

ირანელ სამხედროებს პროფესიონალიზმი არ აკლიათ.

 მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ კლასის რაკეტებს და დრონებს, რაც ისრაელს ამჯერად ესროლეს, ხსენებული „თავდაცვითი ინფრასტრუქტურა“ (როგორც თვით ისრაელის, ასევე მისი მოკავშირეებისა) აუცილებლად, 99%-ით ჩამოაგდებდა. მაგრამ დამასკში ირანული საკონსულოს განადგურების საპასუხოდ რაიმე მაინც ხომ უნდა მოემოქმედებინათ?

გავითვალისწინოთ, რომ ირანს სხვა კლასის, მათ შორის ზებგერითი ბალისტიკური რაკეტებიც აქვს.

ოღონდ ეს რაკეტები არ უსვრია. არადა მათი ნეიტრალიზება  არა თუ ისრაელს, მისი „რკინის გუმბათით“, არამედ  ისრაელის მოკავშირეებსაც გაუჭირდებოდათ.

ასიდან ნახევარი მაინც მიაღწევდა მიზნამდე და დიდ ნგრევას, ასევე მსხვერპლს გამოიწვევდა თელ ავივში და იერუსალიმში.

რატომ არ ესროლა ირანმა ისრაელს ასეთი რაკეტები? იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს დარტყმა მხოლოდ „დემონსტრაცია“ იყო: თეთრი სახლიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელის ცაზე რაკეტების და დრონების უდიდესი ნაწილი ჩამოაგდეს, ირანმა დიპლომატიური არხებით მიმართა ბაიდენის ადმინისტრაციას: „ოპერაცია დავასრულეთო“.

დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, ეს Message სწორედ ამას ნიშნავს: „ჩვენ გვეჭირებოდა რაღაცით გვეპასუხა ისრაელისთვის, ვუპასუხეთ სიმბოლურად, მეტს აღარ ვაპირებთ, მაგრამ....თუ ისრაელი დაგვარტყამს, მაშინ სხვა ტექნოლოგიის და უფრო ძლიერ რაკეტებს ვესვრით“.

როგორც ჩანს ბაიდენმა ეს გაფრთხილება ყურად იღო: აშშ პრეზიდენტმა შეწყვიტა  მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, დაბრუნდა ვაშინგტონში, დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, „მიულოცა გამარჯვება“ (გამარჯვებაა აბა რა არის, როცა მტრის 320 რაკეტიდან 99% ჩამოაგდებ?!) და პირდაპირ, ღიად სთხოვა, ირანს საპასუხოდ არ დაარტყას!

თან გააფრთხილა, რომ თუ ისრაელი მაინც გადაწყვეტს ირანზე შეტევას, ამერიკა ამ შეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

რატომ გახდა აუცილებელი ამგვარი თხოვნა, თან გაფრთხილებასთან დაპარალელებული?

საქმე ისაა, რომ ბოლო 20 წელია ისრაელი მხოლოდ საბაბს ელოდა, რათა დაერტყა ირანის ბირთვული ობიექტებისთვის, სადაც ურანის გამდიდრების დონემ უკვე 60%-ს მიაღწია მაშინ, როცა 90%-ით გამდიდრებული ურანი  შესაძლოა ბირთვული იარაღის დამზადებისთვის გამოიყენონ ფანატიკოსმა აიათოლებმა და ისრაელი კი ამას არ დაუშვებს!

სხვათა შორის, ისრაელის გენერალიტეტი არ გამორიცხავდა, რომ რაკი ამერიკული თვითმფრინავები არ მიიღებდნენ მონაწილეობას ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაში, მის ავიაციას გადაეფრინა ირანზე, გაენადგურებინა ეს ობიექტები, ოღონდ  შემდეგ საწვავის შესავსებად აზერბაიჯანში დამჯდარიყო, რაკი ისრაელში დასაბრუნებლად საწვავი არ ეყოფოდა.

ამდენად, ამერიკელებს ჰქონდათ საფუძველი ევარაუდათ, რომ ისრაელი ახლა გამოიყენებს ირანის თავდასხმას, რათა დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა მოიყვანოს მოქმედებაში: ათასობით ისრაელის  თვითმფრინავი ერთდროულად ფრინდება, ანადგურებს ირანის ბირთვულ ობიექტებს და მიფრინავს აზერბაიჯანისკენ.....იქ  იღებს საწვავს, ბრუნდება ისრაელში.

თუმცა ეს მეტისმეტად სარისკო ოპერაციაა და პენტაგონი მხარს არასდროს უჭერდა: არაოფიციალურად ისრაელს ამერიკელები ჰპირდებოდნენ, რომ თუ ირანი 80%-მდე გაამდიდრებს ურანს, აშშ თვითონ „დაარტყამს“.

შესაბამისად, ახლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არამიზანშეწონილად მიაჩნია ირან-ისრაელის დიდი ომის „აფეთქება“ რეგიონში.

გაითვალისწინებს თუარა ნეთანიაჰუ ბაიდენის მოწოდებას - ჯერ უცნობია.

არც ერთი ისრაელელი არ მომკვდარა ამ შეტევის შედეგად.....არანაირი სერიოზული დაზიანება ინფრასტრუქტურას არ მიუღია.....თუმცა „შეტევა“ ფაქტია.

იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ ირანს ენდომებოდა ან ხვალ ენდომება უფრო სერიოზულად დაარტყას ისრაელს და ბევრად არსებითი ზიანი მიაყენოს, ის აუცილებლად გამოიყენებს პრო-ირანულ Proxy-არმიას ლიბანში!

იმ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დისლოცირებულია სამხედრო დაჯგუფება „ჰესბოლლა“, რომელიც „ჰამასზე“ ათჯერ ძლიერია.

მის მიერ ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ბევრად (შეუდარებლად) მეტი ზიანი მიაყენა მიმდინარე ომის განმავლობაში ისრაელს, ვიდრე ირანიდან ნასროლმა რაკეტებმა და დრონებმა.

მიზეზი ცხადია:  ლიბანი ისრაელს ესაზღვრება და იქიდან გაშვებული აპარატების ჩამოგდება ბევრად რთულია მაშინ, როცა ირანიდან ისრაელამდე რაკეტაც და დრონიც საკმაოდ დიდხანს მოფრინავს.

ისრაელს ახლა თითქოს არ აძლევს  ხელს დიდი ომი რეგიონში, როდესაც  „ცახალს“  ჯერ არ დაუსრულებია ოპერაცია ღაზაში - იქ პალესტინელები წინააღმდეგობას აგრძელებენ და ისრაელელი მძევლების  დიდი ნაწილიც არ არის ნაპოვნი.

ისრაელს არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს, ირანი იქცეს არაბული ქვეყნების და პალესტინელების „ლიდერად“ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამიტომ ნეტენიაჰუს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - დაარტყას თუ არა.

სუბიექტური გადაწყვეტილების პროგნოზირება ძალიან რთულია...... თუმცა ყველა ინდიკაცია მეტყველებს იმაზე, რომ ნეთანიაჰუ დაკმაყოფილდება შედეგით: ისრაელმა მოკლა 7 მაღალი რანგის ირანელი ოფიცერი.....ირანმა საპასუხოდ დაარტყა ისრაელს, მაგრამ ვერც ვერაფერი დააკლო: ისრაელმა თითქმის ყველა სამიზნე ჩამოაგდო.

ამ წუთის მდგომარეობით ასეა, თუმცა სრული დარწმუნებით არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისედაც ომში მყოფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ახლა „გარშემო“, გენერალი მეტი ჰყავს, ვიდრე სამოქალაქო მრჩეველი ან დიპლომატი.