რატომ მაინც და მაინც შევარდნაძე აღაზევა გორბაჩოვმა?

რატომ მაინც და მაინც შევარდნაძე აღაზევა გორბაჩოვმა?

    ისტორიას უყვარს გამოცანები. ზოგიერთი მათგანი დღემდე ამოუცნობია, ზოგიერთზე კი უკვე ნაპოვნია ზუსტი პასუხი. თუმცა, ისტორიისვე თავისებურებაა, რომ დროთა განმავლობაში მისთვის დაფარული აღარაფერი რჩება - ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ირკვევა, ყველაფერს ნათელი ეფინება - თვით ყველაზე ბნელით მოცულ და ერთი შეხედვით აუხსნელ მოვლენებსაც.
    საქართველოს ისტორია ამ მხრივ ოდნავადაც არ განსხვავდება სხვა ქვეყნის ისტორიისაგან, ოღონდ ისიც უნდა ვიგულისხმოთ, რომ XX საუკუნე ამ თვალსაზრისით ჩვენთვის განსაკუთრებულია - მან უამრავი ისეთი გამოცანა შემოგვინახა, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევენ და, მით უმეტეს, არც შთამომავლობას მისცემენ, რადგან მათზე პასუხი ძალზე მნიშვნელოვანია ერის შემდგომი განვითარებისა და ცხოველმყოფელობისათვის.
    საქართველოს ტრაგიკული ბედი XX საუკუნეშიც რუსეთის იმპერიას უკავშირდებოდა. ასევე მას უკავშირდება ყველა მნიშვნელოვანი, იდუმალი მოვლენა. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა ედუარდ შევარდნაძე, როგორც ისტორიული ფიგურა და როგორც გარკვეული ფენომენი.
    ეს პრობლემა მრავალწახნაგოვანია და სხვადასხვა კუთხით შეიძლება მასზე მსჯელობა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ ასპექტზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას: შევარდნაძის განსაკუთრებულობა, მისი გამორჩეულობა საქართველოსათვის დაიწყო 1985 წელს, როდესაც იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აღმოჩნდა.
    თუ მაშინდელ საზოგადოებრივ ატმოსფეროს გავიხსენებთ, ეს სრული მოულოდნელობა იყო. ადამიანები გაოგნებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს - «ნუთუ ეს მართალია? - დაუჯერებელია!» და ასე შემდეგ.
    მართლაც განსაცვიფრებელი უნდა ყოფილიყო: უზარმაზარი იმპერიის ახალმა იმპერატორმა პატარა საქართველოს მმართველი რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აღაზევა და ხელში უზარმაზარი ძალაუფლება მისცა. სწორედ ამ პოსტმა შეუქმნა შევარდნაძეს ის ქარიზმა, რომელიც დღეს ხშირად გვაბრმავებს და მისი ელემენტარული შეცდომების დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.
    სწორედ ამ ქარიზმამ გვაიძულა იგი «მსოფლიო დონის პოლიტიკოსად» მიგვეჩნია და საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიული კატაკლიზმებიც დიდწილად არის დაკავშირებული მაშინ - 1985 წლის გაზაფხულზე - იმპერიული ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან.
    დღეს ბევრი კამათი და მსჯელობაა საქართველოსათვის თავსდატეხილ უბედურებებზე. იმაზე, თუ როგორ და რატომ განვითარდა მოვლენები ჩვენს ქვეყანაში ბოლო 6-7 წლის განმავლობაში. რა დავკარგეთ, რა მოვიგეთ, ვინ არის დამნაშავე და ასე შემდეგ.
    მაგრამ რატომღაც არავის, ვინც საქართველოს უახლესი ისტორიის განხილვას მთლიანად იმპერიის სივრცეში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ცდილობს, არ ებადება ელემენტარული კითხვა: რატომ მაინც და მაინც შევარდნაძე აღაზევა გორბაჩოვმა? რატომ მაინც და მაინც სწორედ საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი დანიშნა მან ამ პოსტზე?
    ბევრისათვის თვით კითხვაც კი გაუგებარი დარჩება; ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს სწორედ ასე უნდა ყოფილიყო, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. რომ თუ ვინმე უნდა დაენიშნა გორბაჩოვს საგარეო საქმეთა მინისტრად და მსოფლიოს უდიდესი იმპერიის საგარეო საქმეთა გამგებლად - სწორედ ქართველი უნდა დაენიშნა. სწორედ ქართველი და არა ვთქვათ სომეხი, ყაზახი, უკრაინელი, ლიტველი, უზბეკი, აზერბაიჯანელი ან ვინმე სხვა.
    ეს აზრი სასიამოვნოდ ელამუნება ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას. სიტკბოთი და სიამაყით გვივსებს გულს და კვლავაც გვამყოფებს იმ ბურანში, რომელშიც ჭეშმარიტების აღქმა და დანახვა შეუძლებელია.
    ამ ძილქუშიდან კი უეჭველად უნდა გავთავისუფლდეთ თუ გვსურს, ბოლოს და ბოლოს, რეალურად შევაფასოთ რანი ვართ, სადა ვართ და ვისთან გვაქვს საქმე. ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად კი ვერც წარსულს ავხსნით და ვერც მომავალს დავინახავთ.
    კვლავ პირდაპირ და ბევრისათვის არასასიამოვნოდ ვსვამ კითხვას, - რატომ მაინცდამაინც ქართველი? რატომ მაინცდამაინც ის დანიშნა ამ პოსტზე ან რატომ სწორედ ამ პოსტზე და არა, ვთქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრის ან სხვა რომელიმე დარგის კურატორის - კრემლის პოლიტიკაში ხომ მკაცრი «სპეციალიზაცია» იყო?
    მოდით, ჯერ, უპირველეს ყოვლისა, იმაზე შევთანხმდეთ, რომ შემთხვევით ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს (ეს ელემენტარულია). მით უმეტეს, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და მით უმეტეს, ისეთ პოსტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მომავლისათვის.
    და მაინც - რატომ?
    დარწმუნებული ვარ, ბევრს ამ კითხვაზე (თვით შევარდნაძის მოწინააღმდეგეებსაც კი) რამდენიმე სტერეოტიპული, მზამზარეული პასუხი ექნება. ეს სტერეოტიპები ღია მსჯელობის საგანი არ ყოფილა, მაგრამ იგი მაინც მუსირებს საზოგადოებრივ ცნობიერებაში.
    პირველი ამგვარი სტერეოტიპით, გორბაჩოვს სურდა ამ პოსტზე დაენიშნა დიდი პოლიტიკოსი, დიპლომატი, რომელიც უეჭველად გაართმევდა თავს მის წინაშე მდგარ ურთულეს ამოცანებს.
    მაგრამ ეს ახსნა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს: თუ გორბაჩოვს სურდა ამ პოსტზე დაენიშნა ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ სირთულეს გაართმევდა თავს და ყველა მის მითითებას შეასრულებდა, მას, რასაკვირველია, შეეძლო თავისი არჩევანი შეეჩერებინა რომელიმე «დიპლომატიურ მგელზე» - გრომიკოს რომელიმე ახალგაზრდა, არაორდინარულად და არასქემატურად მოაზროვნე მოადგილეზე ან ისეთ ბრწყინვალე დიპლომატზე, როგორიც ვთქვათ, იული ვორონცოვია, რომელიც დიპლომატიური ხელოვნების ცოდნით ასი თავით (ეს საწყენი არ არის) მაღლა იდგა და დგას ედუარდ შევარდნაძეზე. განა იგი ვერ შეძლებდა ასეთი პიროვნების მოძებნას რუსულ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებში?
    მეორე: გორბაჩოვს სურდა, ამ პოსტზე ეხილა თავისი თანამოაზრე, რომელიც იზიარებდა მის რეფორმისტულ სულისკვეთებას და სწორედ ამ თვალსაზრისით შეძლებდა მის მხარდაჭერას.
    მაგრამ თუ ასეა, ისმის კითხვა: განა გორბაჩოვის გვერდით არ იყვნენ ეთნიკურად რუსი მოღვაწენი, რომლებიც სრულიად იზიარებდნენ და ეთანხმებოდნენ მის იდეებს? განა ალექსანდრე იაკოვლევი, ევგენი პრიმაკოვი, არკადი ვოლსკი მისი თანამოაზრენი და უახლოესი თანამებრძოლნი არ იყვნენ?
    მესამე: გორბაჩოვს თურმე გულმხურვალედ უყვარდა საქართველო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან სტავროპოლის მხარეში მუშაობის დროიდან და სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი შევარდნაძეზე.
    გასაგებია აქ რაც იგულისხმება. მაგრამ ჯერ ერთი, გორბაჩოვს ქართველებზე უფრო კარგი და სტაბილური ურთიერთობა სტავროპოლში სომხებთან ექნებოდა და საერთოდ, ეს ახსნა მეტისმეტად პრიმიტიულია - თუ როგორ «უყვარდა» გორბაჩოვს საქართველო, 9 აპრილს გამოჩნდა და რომც ყვარებოდა, ამგვარი საკითხები «სიყვარულით» არ წყდება.
    ნამდვილი ახსნა სხვაგან უნდა ვეძიოთ. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ჰქონდა თუ არა გორბაჩოვსა და მის მხარდამჭერ გუნდს რაიმე გეგმა იმ პოლიტიკის განხორციელებისა. რომელსაც თავად «პერესტროიკას» უწოდებდა.
    გორბაჩოვი იური ანდროპოვის ხელდასმული იყო. დღეს უკვე აღარ არის საკამათო, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც შეიმუშავა გარკვეული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერიის მოდერნიზაციას და ეს გეგმა «ანდერძად» დაუტოვა თავის რჩეულს.
    გეგმა ითვალისწინებდა იმპერიის ტაქტიკურ უკანდახევას მრავალ სფეროში - მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საგარეო პოლიტიკაში. ანუ გორბაჩოვმა უეჭველად (უკვე მაშინ, - 1985 წელს) იცოდა, რომ საგარეო პოლიტიკაში უკან დახევა დასჭირდებოდა. მან იცოდა, რომ უეჭველად მოუწევდა ავღანეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანა და გერმანიის გაერთიანებასთან შერიგება. სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა დასავლური მხარდაჭერის მიღება, რაც (გეგმის მიხედვით), შემდგომი მოდერნიზაციისათვის აუცილებელი იყო.
    აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პასუხი ამ იდუმალებით მოსილ კითხვაზე - გორბაჩოვმა იცადა, რომ რუსული საზოგადოება (განსაკუთრებით კი რუსული გენერალიტეტი) უაღრესად მწვავედ და მტკივნეულად მიიღებდა ამ უკანდახევას და რისხვით აღივსებოდა. ამიტომ, მას სჭირდებოდა პიროვნება, რომელიც «განტევების ვაცის» როლს შეასრულებდა, რომელსაც დაბრალდებოდა იმპერიის დანგრევა, გავლენის სფეროების დაკარგვა, ჯარების უსწრაფესი გამოყვანა და რომლის წინააღმდეგაც მიმართავდა როგორც შოვინისტურად განწყობილი საზოგადოების, ასევე გენერლების სიძულვილს. თანაც, მას სწორედ ქართველი სჭირდებოდა ამ როლში, რადგან სტალინისა და ბერიას შემდეგ ქართველი პოლიტიკოსისადმი რუსულ საზოგადოებაში უკვე არსებობდა გარკვეული წინასწარი განწყობა და ეს განწყობა შესანიშნავი ნიადაგი იქნებოდა «მზაკვარი» პოლიტიკოსის იმიჯის შესაქმნელად შევარდნაძის სახით, რომელსაც თითქოს სურს «რუსეთზე შური იძიოს» - სტალინისადმი უმადურებისათვის.
    გორბაჩოვის გათვლა უაღრესად ზუსტი აღმოჩნდა. რუსული საზოგადოებისა და გენერალიტეტის დიდი ნაწილი სწორედ შევარდნაძეს მიიჩნევს მთავარ «დამნაშავედ» მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იგი არაფერს წყვეტდა და მხოლოდ გორბაჩოვის ბრძანებას ასრულებდა. შედეგად კი, შევარდნაძესთან ერთად საქართველოც დაისაჯა.
    ისინი, ვინც ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს შეგნებულ მტრობაში სდებენ ბრალს, რა თქმა უნდა სცდებიან. მათ სიძულვილი აბრმავებთ და არ აძლევთ საშუალებას დაინახონ, რომ ედუარდ შევარდნაძე ისეთივე მსხვერპლია იმპერიული მზაკვრობისა, როგორც მისი საბრალო, ბედკრული სამშობლო.

«მსგეფსი», 13-19 აგვისტო, 1994 წელი.