მოსკოვს ქართული ცრემლებისაც არ სჯერა

მოსკოვს ქართული ცრემლებისაც არ სჯერა

        გუშინ მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა სამთავრობო «დილი ელჩობა», სახელმწიფო მინისტრის – გიორგი არსენიშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში, აგრეთვე, შედიოდნენ სათბობ-ენერგეტიკის, ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრები. ქართველი მინისტრები შეხვდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრს – მიხაილ კასიანოვს, აგერთვე სხვა რუს კოლეგებსაც.
        როგორც ცნობილია, ძირითადად, 3 საკითხი განიხილებოდა: 1. ენერგეტიკა. 2. ვალების რესტრუქტურიზაცია. 3. სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობა გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტების ფარგლებში.
        ენერგეტიკის სფეროში მიღწეულია მხოლოდ «საშუალედო» გადაწყვეტილება: «გაზპრომი» - «ეი-ი-ეს»-სს მოაწვდის ბუნებრივ აირს წინასწარ გადახდილი თანხის ფარგლებში. ამერიკელ პარტნიორთან გაფორმებული კონტრაქტის ჩაშლა რემ ვიახირევს ხელს არ აძლევდა, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება მას შემდეგ, რაც ეს კონტრაქტი ამოიწურება.
        საეჭვოა, მოსკოვი კვლავ დაეთანხმოს მსოფლიო ფასებზე ორჯერ იაფად თბილსრესისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. მინსკის სამიტზე პრეზიდენტმა პუტინმა შემთხვევით არ იხუმრა «გაზის ფასებზე». მაშასადამე, სულ მალე შემოგვთავაზებენ ბუნებრივი აირის ყიდვას მსოფლიო ფასებით, ანუ 100 კუბომეტრი – 100 დოლარად. საქართველოსათვის ეს ფანტასტიკური ფასია. როგორც მინიმუმ, იგი ელექროენერგიის ორჯერ გაძვირებას გამოიწვევს. თუმცა, ესეც მანამ, ვიდრე რუსეთი საერთოდ გადაკეტავს გაზის ონკანს – ეს კი მხოლოდ დროის საქმეა.
        რაც შეეხება ვალების რესტრუქტურიზაციასა და სავიზო რეჟიმს -–რუსეთის პოზიცია ამ საკითხშიც ერთმნიშვნელოვანია: გადავწყვიტეთ ეს პრობლემა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ანუ «პარიზისა» და «ლონდონის» კრედიტორთა კლუბების ფარგლებში.
        თურქმენეთისგან განსხვავებით, რუსეთი ამ კლუბების აქტიური წევრია და თითქოს, სავალუტო ფონდს შეუძლია მასზე ზემოქმედება, მაგრამ ფონდის შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით შეზღუდულია – იგი არ შექმნის კრედიტორზე ძალდატანების პრეცედენტს არანაირი პოლიტიკური მოტივით.
        რაც შეეხება ჩვენს ხელთ არსებულ ვითომც ერთადერთ ბერკეტს – საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში, რუსეთის გაწევრიანების «ბლოკირებას», - მოსკოვს ეს სასაცილოდაც არ ეყოფა; ფორმალურად, საქართველოს მართლაც აქვს «ვეტოს» უფლება, მაგრამ რუსეთის (ისევე, როგორც ჩინეთის) ვტო-ში გაწევრიანება პოლიტიკური პრობლემაა.
        თუ ვაშინგტონში, ბრიუსელსა და ტოკიოში მიიღეს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველო წინააღმდეგობის გაწევას, რასაკვირველია, ვერ გაბედავს.
        ამრიგად, ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთთან საუბარს აზრი აქვს მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემათა გადაწყვეტის შემთხვევაში.
        საეჭვოა, კასიანოვსა და არსენიშვილს პოლიტიკური პრობლემატიკა განეხილათ, თუმცა, ქარაგმების დონეზე რუსულმა მხარემ ქართველი კოლეგები მიახვედრა, რომ ყველა პრობლემა ისევ და ისევ «ბაზების» საკითხში იკვეთება.
        კრემლს სურს, შეინარჩუნოს «სამხედრო ყოფნა» საქართველოში, რათა გეოპოლიტიკურად და სამხედრო-სტრატეგიულად «უზრუნველყოს» თავისი ზურგი».
        ამ მიზნის მისაღწევად კი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებას არ მოერიდება, თუმცა, რუსეთი პირდაპირ და აშკარად არ განახორციელებს ეკონომიკურ სანქციებს, ვინაიდან ეს, როგორც ფრანგები ამბობენ, «მოვეტონია» საერთაშორისო ურთიერთობებში:
        რუსული დიპლომატია ყოველთვის ილაშქრებს ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ (მათი «არაჰუმანურობის გამო»), მაშინაც კი, როდესაც საქმე ჰუსეინისა და მილოშევიჩის ოდიოზურ რეჟიმებს ეხებათ, ანუ ამგვარი პრეცედენტის დაფიქსირებას რუსეთი მოერიდება.
        სამაგიეროდ, არ არის გამორიცხული ვუალირებული ზემოქმედება, შენიღბული სანქციები – თუნდაც «სავიზო რეჟიმის» ფორმით – ეს რეჟიმი ხომ იგივე ვუალირებული «ეკონომიკური სანქციაა?!».
        ბუნებრივია, ამ პრობლემატიკას სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში ვერ გადაწყვეტდა. ეს არც იყო მისი კომპეტენცია, თუმცა, მოსკოვთან დიალოგისათვის «ხიდის» შენარჩუნება მაინც ყოვლად აუცილებელია.
        სულაც არ არის გამორიცხული, თვით რუსეთი მოვიდეს «კომპრომისის» ხასიათზე (თუ საქართველოს სიმტკიცე და გაუტეხლობა შეატყო), ამიტომ დიალოგისთვის ყველა «ხიდსი დაწვა» არ იქნებოდა მიზანშეწონილი.

დილის გაზეთი, 7 დეკემბერი, 2000 წელი