საერთაშორისო მიმოხილვა. 19 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 მარტი. 2024 წელი

პოლიტიკას და მართლმსაჯულებას ხშირად განსხვავებული ლოგიკა და ალგორითმი აქვთ და მათი წინააღმდეგობა ხშირ შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაში აყენებს Deep state-ს ანუ გადაწყვეტილების მიმღებ (Decision maker) ბიუროკრატიას.

ამ დებულების მკაფიო ილუსტრაციაა ის, რაც ახლა ხდება დონალდ ტრამპის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით.

ამჯერად ქეისი ეხება სამოქალაქო სარჩელს, რომლითაც ტრამპს სასამართლომ დააკისრა 445 მილიონი დოლარი (პროცენტებით $454 მილიონი) იმ ქეისზე, რომლითაც იგი გამტყუნდა ნიუ იორკში მისი კუთვნილი ქონების გადაჭარბებით შეფასების გამო.

დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ამერიკული კანონებით, გასაჩივრების უფლება მომჩივანს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში (უფრო ზუსტად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩერდება „აღსრულება“) თუ შეიტანს გირაოს და ეს გირაო, ფაქტობრივად, ლამის ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობისაა.

ამდენი „ქეში“ ტრამპს უბრალოდ არა აქვს: ამერიკული კანონებით, (განსხვავებით საქართველოს კანონმდებლობისგან), სასამართლო გირაოს უძრავი ქონებით შეტანა არ შეიძლება. კიდევ უარესი: კომპანიები, რომლებიც ზოგადად უზრუნველყოფენ ხოლმე გირაოსთვის საჭირო სესხების გაცემას, ასევე უარს ამბობენ მიიღონ გარანტია უძრავი ქონების სახით.

ბუნებრივია, დონალდ ტრამპის ქონება, თუნდაც მარტო ნიუ იორკში, თუნდაც მისი Tramp tower NYC-ს მეხუთე ავენიუზე ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ეს გირაო. მაგრამ ჩვენში ხშირად არ ესმით, რომ ამერიკაში „ქეში“ ანუ „ცოცხალი ფული“, მით უმეტეს ასეთი უზარმაზარი რაოდენობით, დიდი იშვიათობაა. მულტიმილიარდერები რომ არიან - ბეზოსი, ცუკერბერგი და ა.შ -იმათაც კი გაუჭირდებათ ერთბაშად „იშოვონ“ ამდენი „ქეში“.

უძრავი ქონება და აქციები - კი ბატონო. მაგრამ ამერიკული მართლმსაჯულება გირაოს სახით ქეშს მოითხოვს.

სწორედ აქ წარმოიშობა წინააღმდეგობა მართლმსაჯულების ლოგიკასა და Deep state-ის პოლიტიკურ ლოგიკას შორის: კანონით, თუ დონალდ ტრამპი თვის ბოლომდე არ შეიტანს გირაოს, მაშინ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 454 მილიონი დოლარის ჯარიმის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მიიმართოს „აღსასრულებლად“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ყადაღა უნდა დაედოს და მერე აუქციონზე გაიყიდოს იგივე Tramp tower და Tramp organization-ის კუთვნილი სხვა ქონება, მაგრამ.......დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატია! მისი ნიუ იორკული ბიზნესის დანგრევა პოლიტიკური აქტი გახდება! „ტრამპის“ „ბრენდის“ შერყვნა პოლიტიკური აქცია იქნება!

გაბედავს ამას ამერიკული ბიუროკრატია?

და სხვა რა გზა დარჩება, თუკი სასამართლოს ანუ მართლმსაჯულების ლოგიკა თავისას მოითხოვს? ვერანაირი პოლიტიკური მოსაზრებებით ვერ დაუშვებს ამერიკული იურისპრუდენცია ამგვარი პრეცედენტის შექმნას, რომ არ აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება - ეს დაანგრევს მართლმსაჯულებას მთლიანად! მით უმეტეს ამერიკაში, სადაც სიტყვის თავისუფლებაა, სადაც არაფერი დაიმალება, სადაც ამჟამად მძვინვარე საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ტრამპს hater-ები არანაკლებ ჰყავს, ვიდრე fan-ები.

ზოგადი დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპს, - ამ უდავოდ ფენომენალურ მოვლენას ამერიკის ისტორიაში, - თანადთან აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, როცა მას მართლა აღარაფერი აქვს დასაკარგი უბრალოდ. „ან სრული განადგურება და სიკვდილი, მთელი ცხოვრების დანგრევა და მიწასთან გასწორება ან......ტოტალური ტრიუმფი და გამარჯვება, ნებისმიერ ფასად!“.

საშუალედო Outcome აქ აღარ არსებობს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ბაიდენი დაადანაშაულა....მისთვის ბიზნესის წართმევის მცდელობაში, ანუ დაახლოებით ის საზრისული „აპარატი“ და არგუმენტაცია გამოიყენა, რასაც იყენებენ პოსტსაბჭოური და „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში ბიზნესმენები ხელისუფალთა წინააღმდეგ: „ჩემთვის ბიზნესის წართმევა უნდათო“.

თუმცა, რეალურად, ჯო ბაიდენს აბა რაში სჭირდება ტრამპის ბიზნესი? თუმცა აქ იგულისხმება, რომ ხელისუფლება ცდილობს მატერიალური საყრდენი წაართვას ოპონენტს და ამ არგუმენტს თვით ისეთი ძლიერი, ავტორიტეტული მართლმსაჯულების სისტემაც კი, როგორიც ამერიკაშია, ვერაფერს უპასუხებს: ამიტომაა ტრამპის ფენომენი აბსოლუტურად უპრეცედენტო და უმაგალითო ამერიკის ისტორიაში

 

ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ებრაელებს, რომლებიც დემოკრატებს აძლევენ ხმას არჩევნებზე და მზად არიან მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენს.....სძულთ ისრაელი და ებრაული რელიგია!

ბუნებრივია იგი გულისხმობდა, რომ ჯო ბაიდენი ცდილობს „დააბალანსოს“ ისრაელის მხარდაჭერა და არ არის ერთმნიშვნელოვანი.

თუმცა ამერიკის ებრაულ თემს ამერიკელი დემოკრატების მხარდაჭერის არანაკლები ისტორია აქვთ, ვიდრე „რესპუბლიკელებისა“, რადგან ისრაელის მხარდაჭერა ამერიკაში „ზეპარტიული“ თემაა

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ე.წ. „არჩევნების“ შემდეგ დასავლური მედიის მთავარი თემა ხდება, თუ ვინ მიულოცა და ვინ არ მიულოცა კრემლის ბინადარს ე.წ. „გამარჯვება“.

ირკვევა, რომ მიულოცა ჩრდილო კორეამ, ჩინეთმა, ჰონდურასმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, უზბეკეთმა, ირანმა და....აზერბაიჯანმა.

სომხეთმა კი არ მიულოცა.

პუტინის მენტალობიდან გამომდინარე, ის, რომ მას არ მიულოცა სომხეთის პრეზიდენტმა ან პრემიერმა, მისთვის ძალიან არსებითი საკითხია; ისევე, როგორც არსებითი საკითხია, რომ მიულოცა აზერბაიჯანმა.

სომხეთი ბევრად დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე აზერბაიჯანი და პუტინისთვის ეს გარემოება უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ვიდრე მისი ქვეყნის ისტორიული გეოპოლიტიკური ინტერესები: ჩააბარა და გაყიდა ისტორიული მოკავშირე, ერთმორწმუნე სომხეთი, რადგან მისი არჩევანი აღმოჩნდა „მახლობელი და მსგავსი“ ალიევის რეჟიმი.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ბალტიის სამმა ქვეყანამ, - ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა - ყველაზე რადიკალური პოზიცია დაიკავეს პუტინის არჩევნებთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა,  სამივე ქვეყანაში პუტინის არჩევნები მაინც ჩატარდა საელჩოებთან გახსნილი საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე; იმიტომ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, რომელსაც არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს კრემლთან.

ირკვევა, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია აკრძალო საარჩევნო უბნების მოწყობა საელჩოების ტერიტორიაზე; საელჩოები სარგებლობენ ექსტერიტორიული სტატუსით. მაგრამ....ბალტიის ქვეყნების პოლიცია ამოწმებდა რუსებს, რომლებიც საელჩოებთან რიგში იდგნენ იმის მიუხედავადაც კი, რომ ბევრი რუსი ამბობდა: „პუტინის მოწინააღმდეგე ვარ და იმიტომ მივდივარ არჩევნებზე, რათა ბიულეტენი გავაფუჭოო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .  

რომელ „არჩევნებზეა“ ლაპარაკი რუსეთში, როდესაც ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერ აქტივისტებს და მათი შტაბის წევრებს უბრალოდ იჭერენ და ატერორებენ?

მაგალითად, ოპოზიციური კანდიდატი ნადეჟდინი პუტინის ე.წ. „საარჩევნო კომისიამ“ მოხსნა არჩევნებიდან ვითომ მხარდამჭერთა სიებში ხარვეზების გამო, მაგრამ.....ნადეჟდინის მომხრეებს აპატიმრებენ და ციხეში სვამენ გამოგონილი და აბსოლუტურად გაუგონარი ბრალდებებით: „ექსტრემიზმი“

რუსეთის პოლიციის განყოფილებაში შექმნილია სპეციალური დანაყოფები  „ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

ზოგადად ეს დიქტატორ პუტინის „მიგნებაა“ მისი რეჟიმის განსამტკიცებლად: „ექსტრემიზმის“ ცნება შემოიტანა რუსულ კანონმდებლობაში.

რა არის „ექსტრემიზმი?“ . ეს არ არის „ტერორიზმი“. ეს არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხელისუფლებას არ მოეწონება, ხელისუფლების ინტერესებს არ შეესაბამება და იოლად შეიძლება გამოცხადდეს „ექსტრემიზმად“.

გამოდის, ყველაფერი „ექსტრემიზმია“, რაც პუტინს არ მოსწონს. ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობა, ნებისმიერი ოპოზიციური განცხადება და ასე შემდეგ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

ენგურჰესის კაშხალი, გაზაფხულის დადგომის კვალობაზე, თანდათან ივსება წყლით. შესაბამისად, აფხაზეთს უჩნდება შანსი მიიღოს ენგურჰესიდან ელექტროენერგია და აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთში კომერციულ ფასად (!) შესყიდულ ელექტროენერგიაზე. მაგრამ.....სეპარატისტული აფხაზეთის ენერგეტიკული პრობლემატიკა არ უკავშირდება მხოლოდ გენერაციას: როგორც კი აფხაზეთის ელექტროქსელები გადაერთო გუშინ ენგურჰესზე, კერძოდ ელექტროგადამცემი ხაზი „აჩიგვარა“, ეს ქსელი დაუყოვნებლივ გამოვიდა მწყობრიდან, ერთ ერთ მონაკვეთზე კი გაწყდა, საცხოვრებელ სახლს დაეცა და სახლი დაწვა.

მთელს აფხაზეთში ელექტროენერგია კვლავ გამოირთო.

ანუ.....ენგურჰესიდან რამდენი ელექტროენერგიაც არ უნდა მიიღონ, აფხაზეთის ელექტროგადამცემი/ ელექტროგამანაწილებელი ქსელები ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, გენერაცია მნიშვნელობას კარგავს.

ოპოზიცია პირდაპირ სდებს ბრალს „პრეზიდენტ ბჟანიას“, რომ იგი შეგნებულად ანადგურებს აფხაზეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა შემდეგ აფხაზეთის ენერგეტიკა რუსეთს მიჰყიდოს.