პუტინის დოქტრინა

პუტინის დოქტრინა

    რუსეთის «თვითმპყრობელმა», რომელმაც დროებით «რეგენტობა» გადაწყვიტა და ძალაუფლება დიმიტრი მედვედევს გადააბარა, თავისი მმართველობის განმავლობაში ერთობ საინტერესო საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა შეიმუშავა, რომელიც შესაძლოა ექსკლუზიურად მხოლოდ მისი არ იყოს, ანუ რუსეთის მრავალსაუკუნოვანი იმპერიული გამოცდილებიდან გამომდინარეობს.
    ამ დოქტრინისა და, შესაბამისი მეთოდის არსი «შერჩევითი ძალადობის» ტექნოლოგიასა და «წერტილოვანი აგრესიის» გამოყენებაში მდგომარეობს.
    საილუსტრაციოდ დავაკვირდეთ რუსეთის პოლიტიკას ჩეჩნეთის, საქართველოს, პოლონეთისა და ინგლისის მიმართ. ოღონდ იმთავითვე გავითვალისწინოთ, რომ იმპერიული სისტემის მდგრადობისათვის, ზოგადად კრიტიკულად აუცილებელია ანტაგონისტურ სისტემათა დაშლა და მათი კონსოლიდაციის დაუშვებლობა.
    პირობითად თუ ვიტყვით, თანამედროვე რუსეთს და მის სახელმწიფოებრივ სისტემას რამდენიმე ანტაგონისტური, სისტემურად მასთან შეუთავსებელი «სარტყელი» აკრავს, რომლებიც მათი თვისებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიან რუსეთის სახელმწიფოებრივი სისტემის მდგრადობას:
    1) რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი «ავტონომიები», ანუ პატარა ერები, რომლებიც რუსეთმა თავის დროზე დაიპყრო და მოუსპობადი სეპარატისტული ინტენცია გააჩნიათ: ჩრდილოეთ-კავკასიელი ხალხები და ვოლგისპირელები, რომლებიც ერთიანი სეპარატისტული სისტემის ჩამოყალიბების თეორიულ საფრთხეს ქმნიან.
    2) ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები» - დღეს «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» შემავალი ქვეყნები.
    3) აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში რუსეთის ჰეგემონიის სფეროში შედიოდნენ
    4) დასავლეთი.
   
   

    პირველი სარტყელიდან, ანუ უშუალოდ ფედერაციაში შემავალი ავტონომიებიდან რუსეთმა დემონსტრაციულად და სამაგალითოდ დასასჯელად შეარჩია ჩეჩნეთი, რომელიც ყველაზე შორს წავიდა სეპარატიზმის გზაზე.
    ჩეჩნეთის პირველი ომი, 1994 წელს, სწორედ იმ მიზანს ისახავდა, რათა სხვა პოტენციური სეპარატისტები დაეშინებინა.
    იმავდროულად, რუსეთი დემონსტრაციულად კეთილგანწყობილი და მომთმენი იყო დანარჩენი ავტონომიების მიმართ იმის მიუხედავად, რომ მაგალითად თათრეთი ან ყაბარდო-ბალყარეთი ზოგჯერ არანაკლებ სეპარატისტულ ინტენციას ამჟღავნებდნენ.
    თათრეთის პრეზიდენტმა მენტემირ შაიმიევმა აკრძალა რუსეთის არმიაში თათრეთის მაცხოვრებელთა გაწვევა, რათა მათ ჩეჩნეთის ომში არ მიეღოთ მონაწილეობა, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტი ვალერი კოკოვი მედიდურად აცხადებდა: რუსეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ჰორიზონტული, ანუ კონფედერაციული კავშირები უნდა დავამყაროთო.
    ასეთმა პოლიტიკამ საშუალება მისცა რუსეთს, ერთის მხრივ სხვა ავტონომიათა ლოიალობა შეენარჩუნებინა, ხოლო მეორეს მხრივ ისინიც დაეშინებინა, რომ თუ ჭკუით არ იქნებოდნენ, მათაც ისეთივე საშინელი დღე ელოდათ, როგორც ჩეჩნებს.
    და უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკამ რუსეთისთვის შესანიშნავი შედეგი გამოიღო: რაკი სამაგალითოდ დასჯილი ჩეჩნეთის უბედურების საკუთარ სახლში განმეორება არავის სურდა, პუტინმა, ჩეჩნეთის ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ, «ახლა თქვენი ჯერიც არ მოვიდესო», თანდათან მიაღწია სეპარატიზმის პოტენციური კერების ჩაქრობას - თათრეთმაც, ყაბარდო-ბალყარეთმაც და ყველა სხვა ავტონომიამაც, 90-იან წლებში, ელცინის ცნობილი მოწოდების შესაბამისად (Возьмите столько суверенитета, сколько сможете проглотить!) მიღებული სეპარატისტული კანონმდებლობა შეცვალეს და თავიანთი კონსტიტუციები რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანეს.
    მაშასადამე, იმპერიულმა მეთოდმა (იგი კლასიკური divide et impera-ს მოდიფიკაციაა) ამ დონეზე ნამდვილად გაამართლა, ანუ წერტილოვანი დარტყმით რუსეთმა პოტენციურად საშიში ჯგუფი ეგოისტური ინტერესებით განმსჭვალულ ცალკეულ სუბიექტებად დაშალა და, მთლიანობაში, ამ ჯგუფის ლოიალობა-ნეიტრალიტეტი უზრუნველყო.
    აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდის განუყოფელი ტექნოლოგიური ხერხია «თავზე ხელის გადასმა» სხვა სუბიექტებისათვის იმ დროს, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დემონსტრაციული დასჯა მიმდინარეობს. პრეფერენციების მოფიქრება ადვილია. მთავარია ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ თვალნათელი არჩევანი «მათრახსა «და «ნუგბარს» შორის, რომელსაც სთავაზობენ.

    ახლა განვიხილოთ მეორე ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ანალოგიურ მეთოდს იყენებს. ეს გახლავთ 11 ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკა», რომლებიც ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» გაერთიანდნენ 1992-1993 წლებში.
    აქ რუსეთმა ასეთივე თვალსაჩინოდ დასასჯელ მსხვერპლად საქართველო შეარჩია. მოსკოვი წლების განმავლობაში, სხვების დასანახად, დემონსტრაციულად, საჯაროდ სჯის საქართველოს - სჯის სამხედრო აქციებით, სეპარატიზმის მხარდამჭერით, დაბომბვით, შეურაცხყოფით, დამცირებით (ცხინვალში დაჩოქება, ქართველების დეპორტაცია და სხვა), ბლოკადით, ემბარგოთი, ტერიტორიების ფაქტობრივი და იურიდიული ანექსიით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
  იმავდროულად, რუსეთი ხაზგასმულად კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს დსთ-ს წევრ ყველა სვა სახელმწიფოსთან. ბევრ რამეს ითმენს კიდეც, ბევრ პრობლემას ჩქმალავს, რათა ქართულ საზოგადოებას განუმტკიცოს «მარტოობისა» და «გამონაკლისობის» განცდა, რაც მოსკოვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტის მისაღწევად.
    იმავდროულად (ისევე, როგორც წინა შემთხვევაში) დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნები, სედავენ რა საქართველოს საჯარო, მოურიდებელ გვემას, დამცირებასა და გაუთავებელ, უშედეგო ტანჯვა-წამებას, თავად უფრო ლოიალურნი არიან რუსეთის მიმართ.
    ყოველ შემთხვევაში, პრობლემების გამწვავებას ერიდებიან და ცხრაჯერ ზომავენ - ერთხელ გაჭრამდე. აზერბაიჯანსა და მოლდოვას რუსეთისადმი არანაკლები პრეტენზიები აქვთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ საქართველოს უმწეო ტანჯვა-წამების შემხედვარენი, დახეთ რა ფრთხილად, ჭკუადამჯდარად ირჯებიან. მანამ არაფერი გეტკინოთ, სანამ ამ გზით სტრატეგიულ პრობლემებს (დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის) არ გადაჭრიან, მაგრამ ასალ, უფრო მძიმე პრობლემებს ხომ იცილებენ თავიდან - მაგალითად მათ ტერიტორიას არავინ ბომბავს, სავიზო რეჟიმი არ წესდება და «ტელევიზიად» წოდებული რუსეთის საინფორმაციო იარაღი ყოველდღიურად სულში არ აფურთხებთ.
    ამრიგად, საქართველოს დსთ-შიც კეთროვანივით შიშით უყურებენ და ჩვენი ვითომ «შეცდომების» განმეორება არ უნდათ. პუტინი კი ხაზგასმული »კეთილგანწყობით» ჩადის, მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში და «შეჰიდთა» ალეას ყვავილებით ამკობს. თანაც, ამ დროს ლამის იჩოქებს - აზერბაიჯანელთა გულის ასაჩუყებლად. თითქოსდა ამით რუსეთი რაიმეს შეცვლის ყარაბაღში. ან სომხეთის მხარდაჭერაზე იტყვის უარს.
    სულ სხვა საკითხია, თუ მაინცდამაინც საქართველო რატომ შეირჩა, ან, უფრო სწორედ, ჩვენ რატომ შევარჩევინეთ თავი რუსეთს თავისი იმპერიული მეთოდის წარმატებული აპრობაციის პოლიგონად. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.

    მესამე ჯგუფია აღმოსავლეთ ევროპა - ყოფილი სსრკ სატელიტი სახელმწიფოები. აქ კრემლმა მიზეზთა გამო პოლონეთი შეარჩია. დავაკვირდეთ: რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ და სწორედ პოლონეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომ იგი «ვაშინგტონში სამუშაოს საძებნელად დაძრწის», სწორედ პოლონეთის წინააღმდეგ შემოიღო მოსკოვმა ეკონომიკური სანქციები და ასე შემდეგ.
   იმავდროულად კი, მოსკოვი პრეფერენციებს ამკვიდრებს უნგრეთის, სლოვენიის, სხვა აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების მიმართ და შედეგად ის მიიღო, რომ როდესაც, მაგალითად, პოლონეთმა და ლიტვამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების ხელმოწერა აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკის უარყოფას დაუკავშირეს, სლოვენიამ, რომელიც ამ დროს ევროკავშირის თავმჯდომარეა, უარი განაცხადა პოლონეთთან და ლიტვასთან ერთად დელეგაციით საქართველოში გამომგზავრებულიყო.
    ბუნებრივია, ეს დემარში ხსენებული პრეფერენციების შედეგი გახდა – სლოვენიას გაზპრომი ბევრ რამეს დაპირდა «სამხრეთ ნაკადის» გაზსადენიდან. ანუ, რუსეთის პოლიტიკა აქაც იმავე სისტემური თავისებურებებით ხასიათდება: დაჰყავი და იბატონე.
    მოსკოვში ყველაზე მეტად ევროკავშირის კონსოლიდაციისა (უფრო ზუსტად, კონსოლიდირებული პოზიციისა) ეშინიათ. ამის არდასაშვებად კი იყენებენ ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალ პატარა სახელმწიფოთა ეგოისტურ, თუმცა სავსებით რეალურ, ბუნებრივ და, კაცმა რომ თქვას, ლეგიტიმურ ინტერესებსა და მისწრაფებებს.

    კრემლის კლასიფიკაციით მეოთხე ჯგუფში შემავალი სახელმწიფოებიდან მოსკოვმა «მსხვერპლად» ინგლისი შეარჩია.
    დასავლეთის არც ერთ ქვეყანასთან რუსეთს ისეთი დაძაბული ურთიერთობა არა აქვს, როგორც ინგლისთან. დავაკვირდეთ: თვით ამერიკასთანაც კი, რომელიც თითქოსდა ბევრად მეტ პრობლემას უქმნის პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
    ეს ნიუანსი ადასტურებს, რომ რუსეთის პოლიტიკა ამ სისტემაში არ არის რეაქტიული ანუ არ წარმოადგენს პასუხს ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტულ პოლიტიკაზე მის მიმართ.
    რუსეთმა სწორედ ინგლისისა და ლონდონის გულში, პიკადილის ქუჩაზე დატოვა შემაძრწუნებელი რადიოაქტიული კვალი, სწორედ ბრიტანული ორგანიზაცია («ბრიტანეთის საბჭო») გააძევა რუსეთიდან და ასე შემდეგ.
    იმავდროულად, ისევ და ისევ, დავაკვირდეთ როგორ «დაუტკბა» კრემლი ანგელა მერკელის გერმანიასა და სილვიო ბერლუსკონის იტალიას; როგორ სთავაზობს მათ სხვადასხვა პრეფერენციებს ისევ და ისევ ენერგოსფეროში (რაც ენერგომატარებლებზე ფასის არნახული ზრდის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება) და არა მხოლოდ: რუსეთის გრანდიოზული ბაზრის ხელმისაწვდომობა და ინვესტიციები იმ ვითარებაში, როცა ამ ქვეყანაში «ნავთობდალორების» კოლოსალური ოდენობა ტრიალებს, აგრეთვე არანაკლები «სატყუარაა».
    რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ ჯგუფში, აღწერილი პოლიტიკის სისტემური შედეგი ისეთივეა, როგორც თითქოსდა სულ სხვა, თვისებრივად განსხვავებულ პირველ სარტყელში: იდენტური თვისებრიობისა და (ობიექტურად) ანალოგიური ინტერესების მქონე ჯგუფის დაშლა ცალკეულ ელემენტებად და, მთლიანობაში, რუსეთისადმი მისი სტრატეგიული ლოიალობა-ნეიტრალობის შენარჩუნება.

    ბუნებრივად ისმის კითხვა: საბოლოოდ რა მიზანს ისახავს რუსეთი? ლოიალობა და ნეიტრალიტეტი ხომ თითქოს მისი თვითმიზანი არ არის? პასუხი თვალნათელია: პირველი სარტყელის შემთხვევაში რუსეთმა შეძლო სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მიეღწია ჩეჩნეთის პრობლემის გადაწყვეტისთვის – სხვა რეგიონებში დესტაბილიზაციისა და სისტემური გართულებების გარეშე, რითაც ეს სარტყელი მკვიდრად «შემოიმტკიცა».
    მისი მთავარი მიზანი კი, ამ ისტორიულ ეტაპზე, მეორე ჯგუფში შემავალი სახელმწიფოებია – ანუ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნება ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე და მათი თანდათანობითი «შემომტკიცებაც» - მომავალში «მართვადი ქაოსის» სისტემათა ამოქმედებითა და «ცენტრისკენული ტენდენციების» პროვოცირებით. როგორც 90-იანი წლების დასაწყისში!
    სწორედ ეს გახლავთ კრემლის პროგრამა – მაქსიმუმი. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ პოსტსაბჭოური სივრცე, გარდა ბალტიისპირეთისა, რომელსაც უფრო მესამე სარტყელში მოიაზრებენ, რუსეთის «სამკვიდროა» (Достояние) და მის საბოლოო შემომტკიცებას ისტორიულ ამოცანადაც განიხილავენ.

    ჩვენ მიერ აღწერილ ტექნოლოგიას რუსეთისათვის რამდენიმე სისტემური საფრთხე და გამოწვევა ახლავს თან.
    უპირველეს ყოვლისა, ეს არის სხვადასხვა ჯგუფში შემავალი და კრემლის მიერ «მსხვერპლად» შერჩეული სუბიექტების, ასე ვთქვათ, საპასუხო «ინტერჯგუფური» სოლიდარობა.
    მაგალითად, მეორე კატეგორიაში «დასასჯელად» შერჩეულმა საქართველომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთისადმი არც თუ კეთილგანწყობილი პოზიცია დაიკავა ჩეჩნეთის ომის (ანუ პირველი კატეგორიის სუბიექტის) მიმართ, ხოლო «მესამე კატეგორიაში» შემავალი პოლონეთი უპრეცედენტოდ აქტიურია საქართველოს დასაცავად.
    პოლონეთის პრეზიდენტმა ზემოთხსენებული სენსაციური განცხადებაც კი გააკეთა რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და «ნატო» - ში ჩვენი ქვეყნის გაწევრებასაც დაუჭირა მხარი, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო: შევარდნაძის ეპოქაში პოლონეთი საქართველოს მიმართ ისეთივე გულგრილი გახლდათ, როგორც დღეს საფრანგეთი, ესპანეთი ან გერმანია.
    ხოლო «დასავლეთის კატეგორიაში» შემავალი სახელმწიფოებიდან სწორედ ინგლისია ყველაზე აქტიური დამცველი როგორც საქართველოსი, ასევე პოლონეთის.
    ანუ, ეს კანონზომიერება რუსეთის მართლაც სერიოზული სისტემური გამოწვევაა, რომლის განეიტრალებას კრემლი ისევ და ისევ ცდილობს იმ ჯგუფში შემავალ სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლით, მათი «გამხოლოებით» და შესაბამისი პარტნიორების დაინტერესებით. ამრიგად, ინგლისი ვერ ახერხებს გერმანიის დაყოლიებას, პოლონეთი – სლოვენიისას, ხოლო საქართველო – აზერბაიჯანის.
    მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, ეს მაინც სერიოზული საფრთხეა რუსეთისთვის; თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბრძოლა-ბრძოლაა და ბრძოლის ბედს კონკრეტულ უბანზე კონკრეტული რესურსების ხარისხი და სიმძლავრე წყვეტს. მიმდინარეობს ომი პოსტსაბჭოური სივრცისთვის. ამ ომის შედეგთა პროგნიზირება ისევე ძნელია, როგორც ნებისმიერი ომისა: გაიმარჯვებს უფრო ძლიერი და დამარცხდება უფრო სუსტი – მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს პროგნოზი.

    რუსეთის მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც იგი საგანგებოდ სჯის ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ამ დროს იძულებულია იმავე კატეგორიაში შემავალი სხვა სუბიექტისაგან იმდენი მოითმინოს, რომ საბოლოოდ ესეც ასუსტებს და ამცირებს სტრატეგიული სისტემური მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს.
    მაგალითად: როდესაც რუსეთი საქართველოს უპრეცედენტოდ «აწვებოდა» აფხაზეთში, ამ დროს აზერბაიჯანმა ირანის ატომური ელექტროსადგურისათვის განკუთვნილი მოწყობილობით სავსე რუსული სარკინიგზო ეშელონი დააკავა აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე; ხოლო უკრაინამ ფაქტობრივად აკრძალა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის აღლუმის გამართვა იმ ფორმით, იმ სცენარით და იმ მაშტაბით, როგორც მოსკოვში ჰქონდათ ჩაფიქრებული. მაგრამ მოსკოვი იძულებული გახდა ორივეგან დათმობაზე წასულიყო, ორივე ინციდენტი მიეჩქმალა და «გადაეყლაპა», რამაც ორივე შემთხვევაში მას სისტემური პრობლემები შეუქმნა, თუმცა არა იმ ზომისა, რომ თვით ტექნოლოგია დაეყენებინა ეჭვქვეშ და შესაბამის პოლიტიკაზეც უარი ეთქვა.

    მესამე საფრთხე: საბედნიეროდ, სხვა სახელმწიფოები ხვდებიან და ინტუიტიურად გრძნობენ, რომ «მთავარი მსხვერპლის» შემდეგ შესაძლოა მათი დროც მოვიდეს, ამიტომაც უჩნდება უკრაინის პრეზიდენტს სურვილი, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს აფხაზეთთან დაკავშირებით – აქაოდა, «საქართველოს მერე ჩვენი დროც მოვაო», მაგრამ ამ ჯგუფშიც, მით უმეტეს დასავლეთშიც, ყველა «ეგოისტს» აქვს იმედი, რომ მას ვერ გაუბედავენ და მას ეს აცდება. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში მაინც «აუტკივარი თავის არატკივებას არჩევენ» - ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ დრომდე.

    რა ნიშნით არჩევს «მსხვერპლს» რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე ძნელია. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შერჩევა ყველა შემთხვევაში ხდება არა შემთხვევით ან სუბიექტური ემოციით, არამედ ხანგრძლივი ანალიზის და უემოციო, მკაცრად რაციონალური განსჯის შედეგად, ხოლო მოტივაციური კომპლექსი უამრავ განზომილებასა და ელემენტს მოიცავს: ეკონომიკურს, პოლიტიკურს, დიპლომატიურს, სამხედროს, გეოგრაფიულს, საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურს და ისტორიულსაც.
    ეს იმდენად რთული კომპლექსია, რომ მისი ნიშან-თვისებების თაობაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანდა. მხოლოდ ერთი მაგალითი «დასავლეთის» ჯგუფიდან. რატომ ინგლისი? – მათ შორის ალბათ იმიტომაც, რომ ინგლისელები ერთადერთი ერია ევროპაში, რომელსაც რუსებისა ისტორიულად არაფერი მართებთ. უკლებლივ ყველა სხვა ერს რაღაც მაინც „მართებს“ რუსეთისა და რუსების ისტორიულად – გარდა ინგლისელებისა.
    ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი რაკი, საბოლოო ანგარიშით, რუსეთი ნებისმიერი იმპერიისთვის თვისებრივ სისტემებს ეყრდნობა ანუ «იმპერიული ერის» სიამაყის, მისი დერჟავული ვნებების დაკმაყოფილება  თვით არსებობის, ცხოველმოქმედებისა და უსასრულო ზრდა-განვითარების აუცილებელი პირობაა.