საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივლისი. 2023
გუშინ კრემლმა განაცხადა, რომ დაკავებულია რუსული ნეოფაშისტური დაჯგუფების აქტივისტი, რომელიც, ვითომ, უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით, პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის ლიკვიდაციას გეგმავდა.
ასევე ქსენია სობჩაკის მკვლელობას.
პირველი ღიად, მეორე მინიშნებით მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
დაპატიმრებულთაგან ყველაზე უფროსი 16 წლისაა.
აშკარა სოციოპათები არიან და არ არის გამორიცხული, უფრო რუსული ФСБ იყენებდეს მათ - რუსული ელიტების დასაშინებლად.
მეორეს მხრივ, უკრაინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ `ფსევდო ჟურნალისტები`, რომლებიც სინამდვილეში ჟურნალისტები კი არა, ომის პროპაგანდისტები არიან (მაგალითად იგივე სიმონიანი ან სოლოვიოვი) ლეგიტიმურ სამიზნეებად განიხილებიან.
ომის მეხოტბე ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი მოსკოვის კაფეში ააფეთქეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ღამით უკრაინამ უძლიერესი შეტევა მიიტანა სევასტოპოლის რუსულ სამხედრო ბაზაზე საჯარო და წყლის უპილოტო აპარატებით.
დასავლური იარაღი არ გამოუყენებიათ.
უკრაინამ შეძლო თვითონ დაემზადებინა მაღალი ხარისხის წყალქვეშა უპილოტო აპარატები, რითაც ახლა უტევს რუსულ ფლოტს.
სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
იქვე, იალტაში კი ასი ათასობით რუსი მზეზე ირუჯება.....
თუმცა დიდი ხნით არა.
ბოლო ამგვარი შეტევა სევასტოპოლზე უკრაინელებმა მიიტანეს 25 მაისს. გუშინდელი შეტევა ბევრად ძლიერია.
გუშინ რუსეთის ბელგოროდის ოლქშიც კვლავ ჩაირთო განგაშის სიგნალი.
ოლქი უკრაინელებმა დაბომბეს დრონებით - რუსების მხრიდან ხარკოვის მორიგი დაბომბვის პასუხად.
რუსული ოლქების დაბომბვა სულ მცირე ხნის წინ სენსაცია იყო....ახლა ყოველდღიური რუტინა ხდება.
რუსები ამტკიცებენ, თითქოს `წარმატებით იგერიებენ` უკრაინული დრონების შეტევას და უპილოტო აპარატებს: ქალაქ ბელგოროდთან, ასევე სხვა დასახლებულ პუნქტებთან მიახლოებისთანავე აგდებენ, თუმცა......ოლქის გუბერნატორს წამოსცდა, რომ ამ კვირეების განმავლობაში უკრაინული შეტევის შედეგად ოლქისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებას 20 მილიარდი რუბლი ($222 მლნ) დასჭირდება.
ერთი ოლქისთვის ეს უზარმაზარი თანხაა. როცა ჩაეძიენ სპეციალისტები, მათ შორის დასავლელი და უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები, რატომ არის ასეთი დიდი თანხა საჭირო თუკი `უკრაინული დრონები ვერაფერს გვაკლებენ`, საოცარი რამ გაირკვა: თურმე ბელგოროდში მთლიანად დანგრეულია 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 80-ზე მეტი კერძო სახლი და აფეთქებულია ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი.
ესაა წარმატებით მოგერიება` და `ვერაფერს გვაკლებენო`?
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა ჯერ-ჯერობით ვერ გაბედა (!!!) `ხორბლის გარიგების` (Зерновая сделка) გაუქმება ერდოღანთან, რასაც შარშან მიაღწია იმ იმედით, რომ საპასუხოდ დასავლეთი გაუუქმებდა სანქციებს რუსულ ბანკებს. პირველ რიგში რუსეთის სასოფლო სამეურნეო ბანკს (РоссельхозБанк).
დასავლეთი არანაირი კომპრომისზე არ წავიდა და `მხრები აიჩეჩა`: ``თუ აღარ გამოატარებთ უკრაინული პორტებიდან ხორბალს და სიმინდს, თქვენი აჯობებსო``.
მართლაც, დასავლეთს ბევრი არაფერი დააკლდებოდა ამით, თუმცა `მესამე მსოფლიოს` ქვეყნები ძალიან გაბრაზდებოდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილიც კი დაიწყებოდა.
სულ, 1 წლის განმავლობაში, უკრაინამ დებლოკირებული პორტებიდან 30 მილიონი ტონა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტი შეძლო.
ამ საქონლის სპეციფიკა ისაა, რომ სხვა რაიმე ტრანსპორტით, მაგალითად მატარებლით, მით უმეტეს სატვირთო მანქანებით მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია. უფრო ზუსტად, თეორიულად შეიძლება, თუმცა ხარჯები მოგებას გადაფარავს. მომგებიანი მხოლოდ გემებით ტრანსპორტირებაა.
`ხორბლის გარიგების` გაგრძელებაზე ჯერ მხოლოდ ერდოღანმა განაცხადა. პუტინი დუმს და `კბილებს აღრჭიალებს` ბრაზით. ერთის მხრივ ეშინია ერდოღანთან დაპირისპირების, მეორეს მხრივ, გუშინ უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირში პუტინის `ტროას ცხენია`, მოულოდნელად მოუწოდა პუტინს, არ დაბლოკოს ხორბლის ექსპორტი უკრაინიდან: უნგრეთის ავტორიტარი მმართველი ორბანი `თავის თამაშს თამაშობს`.
როგორც ევროკავშირთან, ასევე მესამე მსოფლიოშიც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკმა გაკიცხა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისათვის კლასტერული (კასეტური) იარაღის გადაცემის გამო: `ეს ხომ არაადამიანურად სასტიკი იარაღიაო`- თქვა ნოვატორმა მილიარდერმა.
ოღონდ ის არ გახსენებია, რომ რუსეთი დიდი ხანია ამ `არაადამიანურ იარაღს` იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთის ხელისუფლებამ აკრძალა სტამბულში Residence permit ანუ ცხოვრების უფლების გაცემა.
ეს პირველ რიგში რუსებს ეხება და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამის შემდეგ რუსები კიდევ უფრო აქტიურად წამოვლენ საქართველოში, რაკი ჩვენთან მოქმედებს უპრეცედენტოდ ლიბერალური კანონმდებლობა, როდესაც რუსი შეიძლება ცხოვრობდეს 12 თვე ტურისტის (და არა რეზიდენტის) სტატუსით, ამ ვადის მოწურვამდე მცირე ხნით ადრე გავიდეს ქვეყნიდან, მერე დაბრუნდეს საქართველოში და 12 თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება!
შესაბამისად, რუსები ისევ საქართველოს მოაწყდებიან სტამბულიდან.
საოცარი ციფრები ქვეყნდება ამასთან დაკავშირებით: ირკვევა, რომ რუსული აგრესიის შემდეგ, 15 მილიონიან (!) სტამბულში დაახლოებით 155 000 რუსი გადასახლდა.
იმავდროულად 4 მილიონიან საქართველოში 120-130 ათასი რუსი დასახლდა.
კომენტარიც კი ზედმეტია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთი აგრძელებს დაძაბულობის პროვოცირებასა და შენარჩუნებას ტაივანის გარშემო
ბოლო სამი დღეა, ათეულობით ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ჰკვეთს ტაივანის ყურეში `შუახაზს` ანუ იმ არაოფიციალურ საზღვარს (პეკინი მას ოფიციალურად არ ცნობს) რაც ჩინეთს ყოფს ტაივანისგან.
ჩინეთი არ ცნობს, სამაგიეროდ ტაივანი ცნობს და როდესაც ჩინური ავიაგამანადგურებლები შედიან ტაივანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოქმედების არეალში, მდგომარეობა განსაკუთრებით იძაბება - შესაძლოა კონკრეტულ `გადაწყვეტილების მიმღებს` ნერვებმა უმტყუნოს და `მიწა-ჰაერის` ან `წყალი-ჰაერის` რაკეტა გაუშვას.
ამერიკელები სიტუაციას მათი ზემძლავრი წყნარი ოკეანის ფლოტიდან აკვირდებიან და ყველაფრისთვის მზად არიან.
ტაივანთან 3 ამერიკული საავიამზიდო ჯგუფია განლაგებული. ეს უდიდესი ძალაა.
რასაკვირველია ბირთვული იარაღით, თუმცა ამერიკა არასდროს ადასტუირებს ან უარყოფს, არის თუ არა ავიამზიდზე ბირთვული იარაღი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი და უკრაინის დიდი მეგობარი ბენ უოლესი გადადგომას აპირებს. `შემოდგომაზე სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან, დავიღალე, - შვიდი წელია საწოლთან სამი ტელეფონი მიდევს, მეტი აღარ შემიძლია, ადამიანური ცხოვრება მომენატრაო`.
უკრაინაზე საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა: უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვთან მოულაპარაკია, რომ რუსული დაზვერვის დასაბნევად კოდურ სახელებს გამოიყენებდნენ სხვადასხვა იარაღის აღსანიშნავად რასაც უკრაინას ბრიტანეთი აწვდიდა.
უოლესი შოტლანდიელია, ამდენად შოტლანდიური ვისკის სახელწოდებები გამოდგებოდა: რაკეტები NLAW აღინიშნებოდა შოტლანდიური ვისკით Glenfiddich, ხოლო გემსაწინააღმდეგო რაკეტები Harpoon - ვისკით Islay.
უოლესმა გაიხსენა, რომ რუსული აგრესიის დაწყებამდე, 2022 წლის 11 თებერვალს ჩავიდა მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს შეხვდა და იმასაც ვისკი აჩუქა: თვალებში მიყურებდა და მეფიცებოდა, უკრაინაში შეჭრას არამც და არამც არ ვაპირებთო` - იხსენებს დიდი ბრიტანეთის შოტლანდიელი თავდაცვის მინისტრი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჰოლივუდში გაფიცვაა.
გაიფიცნენ მსახიობები და სცენარისტები.
საინტერესოა, რომ სცენარისტთა გაფიცვის მიზეზი `ხელოვნური ინტელექტის` (Artificial intelligence - AI) განვითარება გახდა. სცენარისტები შიშობენ, რომ AI დაწერს სცენარებს და ისინი აღარავის დასჭირდება. ეს შიში მთლად უსაფუძვლოც არ არის.
მსახიობები კი იმით არიან უკმაყოფილონი, რომ `ვარსკვლავები` მეტისმეტად ბევრს იღებენ და მსახიობთა დიდ მასას მხოლოდ მცირედი ხვდება.
ჰოლივუდში კრიზისს ღრმა ფესვები აქვს: კოვიდ-კატასტროფამ ბილეთების გაყიდვა შეამცირა და პანდემიის დასრულების შემდეგ გაყიდვები არ აღდგა: `კინოთეატრის კულტურამ` ამერიკაში უდიდესი დარტყმა მიიღო.
ამერიკელები ისე მიეჩვიენ პანდემიის დროს საკუთარ სახლებში (`სახლის კინოთეატრებში`) ფილმების ყურებას, რომ კინოში არ დადიან. მიუხედავად იმისა, ამერიკაში კინოთეატრები ისეთი კომფორტულია (განსაკუთრებით რეგიონებში) ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ.
მეორე მიზეზი ამ კრიზისისა ტელევიზიის როგორც სერიალთა პლატფორმის დაკნინებაა და ესეც დრომ მოიტანა. ამერიკელები საკაბელო ტელევიზიითაც აღარ უყურებენ ფილმებს: ურჩევნიათ გადმოქაჩონ სხვადასხვა პლატფორმიდან და კომპიუტერზე ან სულაც ტელეფონზე უყურონ.
7 წლის წინ 100 მილიონი ამერიკელი იწერდა ფილმებს `საკაბელოთი`. გასულ წელს კი მხოლოდ 64 მილიონი.
კოლოსალური ვარდნაა.
მთავარი საფრთხე ისაა, რომ სმარტფონი და კომპიუტერი კინოინდუსტრიას ვერ `აცხოვრებს` - გამორიცხულია.
ასეთია მისი სპეციფიკა.