კრემლი შევარდნაძის არსებობის ფაქტს ეგუება

 კრემლი შევარდნაძის არსებობის ფაქტს ეგუება

        საქართველოში რუსული ისტებლიშმენტის «ოქროს ბიჭუნას» - ანატოლი ჩუბაისის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შევარდნაძეს «დიდი საჭადრაკო დაფის» რუსულ სეგმენტზე თავისი პარტია ჯერ არ დაუსრულებია.
        დავაკვირდეთ: ჩუბაისის ვიზიტი შედგა სწორედ მაშინ, როდესაც გამწვავდა ურთიერთობა (პირველად, 1994 წლიდან) საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირების თაობაზე.
        ოფიციალური თბილისის ეკონომიკურ («სატარიფო») პრეტენზიებს შორსმიმავალი გეოპოლიტიკური მოსაზრება უდევს საფუძვლად: საქართველო ვერ დაუშვებს, რომ აზერბაიჯანი 2010 ან 2020 წლისთვის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ხომ 60 წლიანი (!) პროექტია) იქცეს «რეგიონულ ზესახელმწიფოდ» - თუ ამ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო არ მიიღებს შესამჩნევ (შესადარ) ეკონომიკურ მოგებას.
        ბაქოში კი თბილისის მოულოდნელი პრეტენზიები არ «ეპიტნავათ» და დათმობას არ აპირებენ. ისინი უკვე აშკარად გადაჭარბებით აფასებენ საქართველოს პოლიტიკურ დამოკიდებულებას და არ ითვალისწინებენ წინასაარჩევნოდ გამწვავებულ ვითარებას.
        ანატოლი ჩუბაისის «ელვისებური ვიზიტით» შევარდნაძემ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებს აგრძნობინა, რომ თუ საქართველოს ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, თბილისს კიდევ აქვს ზოგიერთი «ალტერნატიული კოზირი».
        ამასთანავე, ანატოლი ჩუბაისი მხოლოდ რუსეთის «მთავარი ელექტროენერგეტიკოსი» როდია - იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი ოლიგარქია, რომელიც დღეს (ბერეზოვსკისთან და აბრამოვიჩთან ერთად) ახორციელებს «ელცინის მემკვიდრეობის» გაყოფას. მას აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს ამ უძლიერესი ოლიგარქიული დაჯგუფების სახელით და აწარმოოს მოლაპარაკება არათუ მხოლოდ «ენერგეტიკის», არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე – მათ შორის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზეც.
        ნიშანდობლივია, რომ ანატოლი ჩუბაისმა წინასწარ შეუთანხმა მოლაპარაკებათა თემატიკა ვლადიმერ პუტინს, ხოლო თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა, რომ «რუსეთის დემოკრატიული ძალები მხარს უჭერენ ედუარდ შევარდნაძეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში». მისი თქმით, 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგში მას ისევე არ ეპარება ეჭვი, როგორც 26 მარტს, რუსეთში, ვლადიმერ პუტინის გამარჯვებაში.
        ესეც ძალიან სერიოზული სიგნალია: ბერეზოვსკი-ჩუბაის-პუტინის დაჯგუფება შევარდნაძეს მიანიშნებს, რომ არ იზიარებს რუს კომუნისტთა ბრიყვულ სტერეოტიპებს, თითქოს საბჭოთა კავშირისა და «სოციალისტური ბანაკის» დანგრევა «ქართველების შეთქმულება» იყო და მზად არის იმუშაოს ერთგვარი «გეოპოლიტიკური კომპრომისის» ფორმულაზე.
        კრემლში პრაგმატიკოსთა გუნდი მოვიდა, რომელსაც შესანიშნავად ესმის, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქმე კვლავ ედუარდ შევარდნაძესთან ექნებათ – განურჩევლად იმისა, უყვართ იგი თუ არა.
        ამასთანავე, ანატოლი ჩუბაისი, როგორც არა მხოლოდ ბრწყინვალე «პოლიტტექნოლოგი», არამედ შესანიშნავი ფინანსისტი, საქართველოში «ხელცარიელი» არ ჩამოსულა; მან ჩამოიტანა კონკრეტული წინადადება ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც აგრეთვე აქვს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ქვეტექსტი.
        კერძოდ, ჩუბაისი საქართველოს სთავაზობს დაღესტნიდან - აღმოსავლეთ საქართველოში ახალი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რათა რუსეთმა მიიღოს საშუალება, თურქეთში მოახდინოს ელექტროენერგიის ექსპორტი.
        ჩუბაისისა და «რუსეთის ერთიანი ელექტროქსელების» დაინტერესება სავსებით ბუნებრივია - თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ამჟამად შეიქმნა პარადოქსული ვითარება: ვილაიეთებსა და თვით თურქეთის მთავრობას აქვს საშუალება გადაიხადოს ფული მიწოდებული ენერგიისათვის, მაგრამ არ აქვს საკუთრივ ენერგია.
        ჩუბაისმა იცის, რომ საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში მის ორგანიზაციას ასეულობით მილიონ დოლარს მოუტანს.
        სანაცვლოდ, საქართველო ტრანზიტის საფასურად მიიღებს ელექტროენერგიას, რაც საშუალებას მოგვცემს «დავაბალანსოთ» აღმოსავლეთ საქართველოს გაუბედურებული ენერგოსისტემა.
        გარდა ამისა, ჩუბაისი მზად არის საქართველოს ენერგეტიკული ქსელების განვითარებაში მნიშვნელოვანი სახსრები დააბანდოს, ვინაიდან ესმის, რომ გეოპოლიტიკურ ნაკადთა გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში პოზიციათა განმტკიცება ნებისმიერ შემთხვევაში პერსპექტიული «პოლიტ» და «კაპიტალ» დაბანდებაა.
        ჩუბაისი აგრეთვე დაინტერესდა «ხუდონჰესის» მივიწყებული მშენებლობით. არ არის გამორიცხული, ენგურჰესთან დაკავშირებით პოლიტიკური (და სამხედრო) გადაწყვეტილებების მიღებაც.
        ერთი სიტყვით, რუსეთის ამჟამინდელი მმართველი დაჯგუფება საქართველოსთან მწვავე კონფრონტაციის შეწყვეტას აპირებს, ვინაიდან ამით ბევრი ვერაფერი მოიგო - უფრო პირიქით.
        სახელმწიფო კანცელარიიდან სარწმუნო წყაროს ცნობით, ანატოლი ჩუბაისი ერთი-ერთზეც ესაუბრა ედუარდ შევარდნაძეს.
        როგორც ჩანს, საქმე ეხებოდა მოსკოვში, 24 იანვარს დაგეგმილ შეხვედრას პუტინსა და შევარდნაძეს შორის. აგრეთვე დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების მომავალ სამიტს.
        ბერეზოვსკი-ჩუბაის-პუტინის დაჯგუფება აპირებს ბორის ელცინის არა მხოლოდ «დამსახურებულ პენსიაზე გაშვებას», არამედ მის არჩევას დსთ»-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ. ამ საკითხში კრემლს აუცილებლად დასჭირდება შევარდნაძის მხარდაჭერა.

7 დღე, 19 იანვარი, 2000 წელი