პუტინი დასავლეთს უკვე დასცინის კიდეც

პუტინი დასავლეთს უკვე დასცინის კიდეც

    რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა გამგზავრებულიყო კემპ–დევიდში, სადაც «დიდი რვიანის» შეხვედრაა დაგეგმილი. თავდაპირველად ეს შეხვედრა ჩიკაგოშივე უნდა გამართულიყო «ნატო»–ს სამიტის პარალელურად. ბუნებრივი ადგილიც სწორედ ჩიკაგო იქნებოდა, რაკი «დიდი რვიანის» შვიდი წევრი-სახელმწიფო «ნატო»-ს სამიტს ესწრება. იაპონია არ არის «ნატო»–ს წევრი, მაგრამ უახლოესი მოკავშირეა.
    თუმცა, რაკი პუტინმა ჩიკაგოში ჩასვლაზე უარი განაცხადა, სპეციალურად მისთვის, შეხვედრის ადგილი კემპ–დევიდში, ანუ ამერიკის პრეზიდენტების საგარეო რეზიდენციაში გადაიტანეს: აქაოდა, პუტინი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ, ოღონდ ის ჩამოვიდეს და თუნდაც მთვარეზე შევიკრიბებითო.
    პირველ რიგში, ეს ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის, ბარაკ ჰუსეინ ობამას პოზიცია იყო. მიუხედავად ამისა, პუტინმა ბოლო მომენტში მაინც უარი თქვა და «დაკავებულობა» მოიმიზეზა. ამის შემდეგ, თუ დიდი რვიანი მაინც კემპ–დევიდში შეიკრიბება და არა ჩიკაგოში, «ძლიერნი ამა პლანეტისანი» საერთოდ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. თუმცა, პუტინის მიზანიც სწორედ ესაა: დასცინოს დასავლელ ლიდერებს და მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი ის აღარაა, რაც ბორის ელცინის ეპოქაში იყო, როდესაც «დიდ შვიდეულში» მიღებას იხვეწებოდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    იმავე დროს, როდესაც პუტინი დასავლეთს ასე დასცინის და თავსლაფს ასხავს, ევროპა იწყებს აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ. გერმანიის კანცლერმა და დრეზდენის რეზიდენტურიდან პუტინის მეგობარმა ქალმა, ანგელა მერკელმა მორიგი ისტერიკა მოაწყო ბუნდესტაგში. ფაქტობრივად, მან პრეზიდენტ იანუკოვიჩის იზოლირება, საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტირება და უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება მოითხოვა.
    იანუკოვიჩი რომ დიდი ხვითო არ არის – ცხადია. იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებითაც აშკარა სისულელე ჩაიდინა, მაგრამ აქ დასავლური «ორმაგი სტანდარტი» უფროა საგულისხმო: თუკი იანუკოვიჩი პირსისხლიანი დიქტატორი და ტირანია, ამიტომ სანქციებს იმსახურებს, პუტინის რით არის მასზე ნაკლები? რა, ნაკლები დიქტატორია, ნაკლებად არღვევს ადამიანის უფლებებს?
    ლონდონის ცენტრში, პიკადილიზე, დღემდე იგრძნობა რადიოაქტიული პოლონიუმის კვალი, რომლითაც პუტინის სპეცსამსახურებმა მისი პირადი მტერი, ალექსანდრე ლიტვინენკო მოკლეს; ციხეში მოკლეს სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც პუტინის უშუალო გარემოცვა კორუფციაში ამხილა; კვლავაც ციხეში ლპება ბიზნესმენი ხოდორკოვსკი მაშინ, როდესაც პუტინის მეგობარი სხვა რუსი მილიარდერები (მაგალითად აბრამოვიჩი) საკუთარ გემებზე ლაღობენ; რუსული ბომბდამშენ–რაკეტმზიდები კი პროვოკაციულად არღვევენ უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დიდი ბრიტანეთის, კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეს.
    მიუხედავად ამისა, პუტინის საწინააღმდეგოდ დასავლელი ლიდერები კრინტს არ სძრავენ. იგივე ანგელა მერკელს, როდესაც ევროპული ფასეულობების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს, რატომღაც პუტინი არ ახსენდება. იმიტომ, რომ რუსული გაზი და ნავთობი, სინამდვილეში, მისთვის ბევრად ფასეულია, ვიდრე ყბადაღბული «დემოკრატია». და ქალბატონი ანგელა აქ გამონაკლისი სულაც არ არის.
    ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური საზრისის ერთ–ერთი უმთავრესი ნაკლი დასავლეთის გაიდეალება და მისთვის რაღაც მითიური ნიშან–თვისებების მიწერაა. არადა, სინამდვილეში, ეს არის ინსტიტუციურად ძალიან მყიფე, უაღრესად პრაგმატული ცივილიზაცია, რომელსაც საკუთარი, ხშირ შემთხვევაში მერკანტილური ინტერესების გარდა არაფერი ამოძრავებს.
    ერთი უბედურებაა, როდესაც ამ ინტერესებს (გაზსა და ნავთობს) ევროპულ ღირებულებებს სწირავენ, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც საკუთარი ეროვნული ღირსებაც კი აღარ ახსოვთ: ფაქტია, რომ პუტინის მიერ გაწნული სილის პასუხად, წამოკნავლებაც ვერავინ გაბედა დასაველთში.
    ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა და ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურია: ამათი იმედი უნდა გვქონდეს?!!!

2012