საქართველოში ახალი ხუთწლედის ათვლა დაიწყო

საქართველოში ახალი ხუთწლედის ათვლა დაიწყო

        გასული კვირა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო საიმისოდ, რომ ერთი რომელიმე თემა გამოიყოს, თუმცა, 9 აპრილის არჩევნების შემდეგ საერთო ტენდენცია მაინც გამოიკვეთა: საქართველოს არცთუ «გულდამშვიდებული» და «უღიმღამო» პოლიტიკური ხუთწლეული ელის - პირიქით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მომავალი ხუთი წელი ძალზე «საინტერესო» და მოვლენებით მდიდარი იქნება.
        ოღონდ არავინ უწყის, კარგია ეს თუ ცუდი. ჩინელებს წყევლაც კი ჰქონიათ: «შენ გეცხოვროს საინტერესო დროში», - შეადარეთ დიდი რუსი პოეტის «Блажен кто посетит сей мир в его минуты роковые...» თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მომავალი ხუთწლეულის «მრავალფეროვნება» და «სიმდიდრე» (ამ თვალსაზრისით) ვინმეს სუბიექტურ ახირებაზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, გაგრძელდება და, ალბათ, დასრულდება კიდეც, პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო.

X X X

        ამ თვალსაზრისით «მინისტრთა პორტფელების» განაწილება ყველაზე ნაკლებად საინტერესოა, რადგან აქ სწორედ ყველაფერი ნათელია: გია არსენიშვილი სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა იმ მოტივით, რომ მას არ უნდა გაუჭირდეს არაპოპულარული გადაწყვეტრილებების მიღება და მტკიცედ მართოს ახალი მთავრობა. ამ ახალ მთავრობაში (ესეც უკვე სავსებით ცხადია) ბევრი «ძველი» მინისტრი ვეღარ შეინარჩუნებს თანამდებობას. ზოგიერთი პირდაპირ (უკანმოუხედავად) «წავა» - სხვებს დეპარამენტის თავმჯდომარეებად «ჩამოალაბორანტებენ». თუმცა, საპარლამენტო დებატები სამინისტროთა «გამსხვილების» თაობაზე ერთობ ნიშანდობლივი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკური მენტალიტეტის საოცარი თვისება.
        რაც თავი მახსოვს (და რაც «ოპოზიცია» არსებობს ამ ქვეყანაში) «ოპოზიცია» ყოველთვის მოითხოვდა სამინისტროთა რაოდენობის «მაქსიმალურად შემცირებას» და ბრალს სდებდა ხელისუფლებას, რომ მას ბიუროკრატიული აპარატის შემცირება არ სურდა.
        1992-1995 წლების დაუვიწყარ «პირველ პარლამენტში» ასეთი ეპიზოდიც იყო – რომელიღაც «ოპოზიციონერმა» მძვინვარე პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ სამინისტროთა რაოდენობა 30-დან «მხოლოდ 18-მდე შემცირდა, მაშინ, როდესაც იგი 165-მდე შემცირებას მოითხოვდა. თუმცა, არავის არასდროს დაუმტკიცებია მეცნიერულად, რატომ უნდა შემცირდეს სამინისტროთა რაოდენობა. უბრალოდ «16»-ი «18-»ზე მცირე რიცხვია.
        ახლა მიაქციეთ ყურადღება, სწორედ ის ხალხი, ვინც ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ «16» უმჯობესია, ვიდრე «18» (გაუგებარია რითია «უმჯობესი»), ქმნის ახალ საზოგადოებრივ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, მიმდინარეობს სამინისტროთა მექანიკური შემცირება.
        თუმცა კვლავ გაუგებარია, რატომ არის შემცირება «მექანიკური» ამჟამად და რატომ იყო იგი «მექანიკური» 1994 წელს. ეს იმდენად საინტერესო მოვლენაა, ამაზე მსჯელობა დიდხანს შეიძლება, რადგან ასეთ თითქოსდა «წვრილმანებში» ქართული «პოლიტოკრატიის» (ანუ, ეგრეთ წოდებული, «პოლიტიკური ელიტის») ძირითადი მენტალური თვისება მჟღავნდება.
        იმავე მენტალიტეტიდან გამომდინარე, ამ კლასის წევრებს არაფრის დიდებით არ სურთ გაიგონ, რომ სწორედ ამ თვისებით აღიზიანებენ პოლიტიზებული და ავადმყოფურადვე ემოციური ელექტორატის ძალიან დიდ ნაწილს და სწორედ ამიტომ მარცხდებიან «ჯინაზე» სახელისუფლებო პარტიასთან – ვერა და ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ არ შეიძლება მხოლოდ «პროტესტული ელექტორატის» იმედად ყოფნა – ეს ელექტორატი ყოველთვის უმცირესობაა, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.
        ასეთი გამონაკლისი საქართველოში მხოლოდ ერთხელ გამომჟღავნდა – 1990 წლის 28 ოქტომბერს და იმდღევანდელი «ბრძნული» გადაწყვეტილების შემდეგ ელექტორატმაც ჭკუა ისწავლა.
        არადა, ელემენტარული ლოგიკით, სრულიად არაკონიუნქტურული მოსაზრებებით, ამ ვითარებაში, როდესაც (პოლიტ-ეკონომიკური ანა-ბანაა) «წარმოების საშუალებები» სახელმწიფოს, ფაქტობრივად, აღარ ეკუთვნის, სამინისტროთა რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს, ვინაიდან «კოორდინაცია», «მენეჯმენტი» და «მართვა» აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსის კატეგორიებია.
        ეკონომიკური სირთულეების ერთი-ერთზე მიზეზი კი უდავოდ ის არის, რომ საქართველოს მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა, აგრეთვე, მენტალური თავისებურებებით «მმართველია» და არა «მენეჯერი».
        ქმედითი მენეჯმენტის განსახორციელებლად კი, საბჭოთა ეპოქის დროინდელი სისტემის შენარჩუნება საჭირო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება პერსონალიებს, ერთადერთი ნიშანი (შედეგის მისაღწევად) ისევე, როგორც სახელმწიფო მინისტრიეს შემთხვევაში, პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რაც (პარადოქსულად ჟღერს) პოლიტიკური ამბიციის არქონას გულისხმობს.
        ბოლოს და ბოლოს, მინისტრი უნდა გადაიქცეს «ტექნიკურ ფიგურად» თავის სფეროში და გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
        თუ ასეთი მთავრობის ფორმირება მოხერხდა – ამჟამად არსებული პრობლემები სულაც არ არის გადაუწყვეტელი. საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად დგას ჯანსაღ საფუძველზე, ხოლო საბიუჯეტო სირთულეთა მიზეზი ლიბერალური რეფორმის არასაკმარისი რადიკალურობაა მხოლოდ.
        სხვათა შორის, ლიბერალური ეკონომიკა გულისხმობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ფასწარმოქმნის სრულ თავისუფლებას, არამედ (ყველა ქვეყანაში) უსასტიკეს სასჯელს თუნდაც მცირედი გადასახადადის დამალვის ან კონტრაბანდისათვის.
        «ახალ მთავრობას» ამ მხრივ «ველოსიპედის გამოგონება» ნამდვილად არ მოუწევს და მისი ქმედითობა სულ მალე – ერთ წელიწადში გამოჩნდება. საკმარისია პირველივე სერიოზული «შეჯახება» სამსახურებრივი «თვითგადარჩენის» ინსტინქტსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის.
        ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 9 აპრილის შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს «ხელ-ფეხი გახსნილი» აქვს, - ვეღარავინ შეძლებს მის შანტაჟირებას «მოწინააღმდეგე ბანაკში გადარბენის» ქარაგმული თუ აშკარა მუქარით, ხოლო ხელისუფლებათა გამიჯვნის «ამერიკული მოდელი» ნამდვილად იძლევა საშუალებას თანამდებობიდან გაათავისუფლდეს კონკრეტული მინისტრი - «კოლექტიური», ანუ «ჯოგური» პასუხისმგებლობის, «ყველას ერთ ტაფაში მოხარკვის» გარეშე, რაც ესოდენ დამახასიათებელია «კაბინეტური მოდელისათვის» და საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, შექმნის არა ქმედით სისტემას, არამედ ნამდვილ «ჭაობს».
        ზოგადად, საქართველოს კონსტიტუციის «ჭრა-კერვაზე» ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს - დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს სპეციფიკას სოაცრად «მოერგო». მისი «გადახვნის» მცდელობას კი შეიძლება კიდევ ერთი სამოქალაქო ომი მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს.

X X X

        საქართველოს «შიგა პრობლემაეტიკაზე» უფრო მეტად ნიშანდობლივი და საინტერესო გასულ კვირას უდავოდ ის პროცესები იყო, რაც ქვეყნის გარეთ, ანუ ქვეყნის «გარშემო» ვითარდებოდა.
        რუსეთში მდგომარეობა (საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების მიუხედავად) დღითი დღე იძაბება. უკვე ნათელია, რომ რუსეთი ამ ომს ბოლოს და ბოლოს, ისევე წააგებს, როგორც წინა ომი წააგო - პარტიზანული ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ერთი («გამომწვარი მიწის») მეთოდით, თანამედროვე მსოფლიოში კი რუსეთს ამის საშუალებას არავინ მისცემს.
        აქედან გამომდინარე, პუტინის რეჟიმი ეძებს «გარეშე მტერს», «გარეშე ფაქტორს», მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოს ამ თვალსაზრისით თავს ვეღარ ესხმის, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე ეუთოს დამკვირვებელთა განლაგებამ მოუსპო მას საფუძველი (საბაბი) პროპაგანდისტული დივერსიებისათვის.
        ამიტომ, სტამბოლის სამიტზე მიღწეული ეს შეთანხმება ქართული დიპლომატიის ძალიან სერიოზულ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
        სამაგიეროდ, რუსეთი იკავებს ქართული სოფლის (ფიჭვის) ტერიტორიას იმისათვის, რომ მოახეროს ქართულ საზოგადოებაში მორიგი დაძაბულობისა და დაპირისპირების პროვოცირება. ესეც ძალზე სიმპტომატური მოვლენაა: ხშირია კამათი, რომელი ქვეყანა უფრო აგრესიულ პოლიტიკას ატარებს დღეს (დღეს და არა XVIII საუკუნეში) საქართველოს მიმართ – რუსეთი თუ თურქეთი.
        არადა, უდავო ფაქტია, რომ თურქეთმა, ასე თუ ისე, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით, რეალობის პატივისცემით თუ პრაგმატიზმით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველო-თურქეთის საზღვარი.
        რუსეთს კი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აღიარება არ სურს. მოსკოვი ყველანაირად აჭიანურებს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს სწორედ იმ მიზნით, რათა ჰქონდეს საშუალება და საბაბი იმგვარი პრვოოკაციებისათვის, როგორიც გასულ კვირას ხევსურეთში განახორციელა.
        აქედან გამომდინარე, რუსეთთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია საქართველოსათვის სასიცოცხლო აუცილებლობა ხდება. თუნდაც ტერიტორიული დათმობის ფასად. უახლოეს მომავალში უნდა დადგინდეს საზღვარი (უპირველესად, ჩეჩნეთის მონაკვეთზე) და შესაბამისი ხელშეკრულების პარაფირება იქცეს საქართველოს უმთავრეს მოთხოვნად რუსეთის მიმართ.
        იგივე შეიძლება ითქვას სომხეთსა და აზერბაიჯანზეც, რომლებიც, აგრეთვე, აშკარად აჭიანურებენ საზღვრის დადგენის პროცესს – როგორც ეტყობა, დაახლოებით იმავე მიზნით.
        ძალაუნებურად გაგიჩნდება ეჭვი, ხომ არ იყო მართალი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს ერთადერთი, ჭეშმარიტად მეგობრულად განწყობილი მეზობელი არის შავი ზღვა.

X X X

        გასულ კვირას ბელორუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც საქართველოსადმი კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდა, მორიგი, საოცრად თავხედური განცხადება გააკეთა: «ბელორუსეთი არ დაუჭერს მხარს დსთ-ის მომავალ სამიტზე ეკონომიკური სანქციების აღდგენას აფხაზეთის წინააღმდეგ («აღდგენას», ვინაიდან ეს სანახევრო «სანქციებიც» პუტინმა გააუქმა 1999 წლის სექტემბერში – ავტ.). ბელორუსი ხალხი თანაუგრძნობს აფხაზ ხალხს, რომელიც ამჟამად საშინლად იტანჯება.
        აფხაზეთშიც ხომ ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც რუსეთი, ბელორუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში (მაშასადამე, აფხაზეთიც «ქვეყანა? – ავტ.), ამიტომ მათ აქვთ «ცხოვრების უფლება».
        აქედან გამომდინარე, ლუკაშენკო იმუქრება, რომ დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა მომავალ სამიტზე «ვეტოს დაადებს» ყველა გადაწყვეტილებას, რომლებიც აფხაზი ხალხის წინააღმდენგ იქნება მიმართული.
        ცხადია, რომ მომავალი სამიტი საქართველოსათვის უმძიმესი გახდება – საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ახალ პრეზიდენტს პოზიციის გარკვევას მოსთხოვს. თუ რუსეთი უახლოეს მომავალში ერთმნიშვნელოვნად არ დაგმობს აფხაზურ სეპარატიზმს, ეს უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ პუტინი არ აპირებს შეიცვალოს ელცინის შინაარსობრივად (არა ფორმით, არამედ შინაარსით) ანტიქართული პოლიტიკა ამ მიმართულებით.
        თუმცა, ამის ნიშნები ისედაც გამოჩნდა პუტინის ერთ-ერთ პირველ პრესკონფერენგციაზე (დსთ-ის მეთაურთა წინა სამიტის დროს), როდესაც მან განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონფლიქტების «მოწესრიგებისას» და სამშვიდობო ოპერაციათა შემდგომი განხორციელებისას რუსეთი იმოქმედებს ცნობილი სამედიცინო პრინციპით «არა ავნო» (ნე ნავრედი), ანუ რუსეთისათვის კვლავინდებურად უმთავრესი იქნება მხარეთა «დაშორიშორება», ენგურზე საზღვრის «დაფიქსირება», თუნდაც აფხაზეთის «თვითგამოცხადებული» რესპუბლიკის თანდათანობით განმტკიცების ხარჯზე.
        მას დღემდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მართალია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთგზის აღიარა «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა», მაგრამ ადვილად შესამჩნევია თვისებრივი განსხვავება ამ ორ ცნებას შორის: რუსეთმა რამდენჯერაც უნდა განაცხადოს, რომ «ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას» - ეს სოხუმში არანაირ აღელვებას არ გამოიწვევს.
        სეპარატისტთა ლიდერები ხუმრობდნენ კიდეც: მეზობელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არათუ რუსეთი, არამედ ჩვენც ვაღიარებთო.
        სულ სხვა საქმეა «სეპარატიზმის დაგმობა». ეს მართლაც შეაშფოთებდათ სეპარატისტებს, მაგრამ კრემლს მათთვის დღემდე შეშფოთების არანაირი საბაბი არ მიუცია. იგივე კრემლი, დამახასიათებელი უსინდისობითა და თავხედობით, საქართველოსგან «მაინც» მოითხოვს ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ რუსეთის ოპერაციის «უეჭველ მხარდაჭერას» და ისიც უკვირს, რატომ იწყებს საქართველო სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს.
        გასულ კვირას ტრეტიაკოვის «ნეზავისიმაია გაზეტა»-ში გამოქვეყნდა ანალიტიკური დასკვნა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ «სეპარატისტებთან (რასაკვირველია, აქ მხოლოდ ჩეჩნები იგულისხმებიან) ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლდ აძლიერებს მათ (სეპარატისტთა ავტ.) პოზიციებს – ჯერ ერთი, მოლაპარაკებით მხარეები აფიქსირებენ თავიანთ თანასწორუფლებიანობას და მეორეც: მოლაპარაკებათა ფაქტი (თვით ფაქტიც კი) ადასტურებს მხარეთა არა მხოლოდ თანაწსორუფლებიანობას, არამედ თანაბარ პასუხისმგებლობას. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლებამ არამც და არამც არ უნდა გამართოს მოლაპარაკება ჩეჩენ სეპარატისტებთან.
        მაგრამ იგივე «ნეზავისიმაია გაზეტა» იმავე გვერდზე აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის დიპლომატის «უფლებამოსილ» განცხადებას, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი გამოთქვამს «გულწრფელ სინანულს», რომ შეფერხდა მოლაპარაკებათა პროცესი «საქართველოსა და აფხაზეთს» შორის.
        არადა (მისი თქმით), «პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანი, თანაბარი პასუხისმგებლობით განმსჭვალული მოლაპარაკებების პროცესშია შესაძლებელი».
        ხედავთ? ესე იგი, თვითონ «სეპარატისტებთან» მოლაპარაკებას როგორ გამართავენ – რას ბრძანებთ! ამით ხომ მხარეთა «თანასწორუფლებიანობასა და თანაბარპასუხისმგებლობას» გამოავლენენ, ხოლო საქართველო, თურმე, «ვალდებული» ყოფილა, აფხაზ სეპარატისტებთან «თანასწორუფლებიანობაც» დააფიქსიროს და «თანაბარი პასუხისმგებლობაც».
        ზემოთთქმულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად სწორად, როდესაც წლების განმავლობაში არჩია მოლაპარაკება სწორედ იმ ფორმატში, რაც რუსეთმა შემოგვთავაზა.
        ედუარდ შევარდნაძეს, ალბათ, იოტისოდენი ილუზია არ ჰქონია არასდროს, რომ ეს მცდელობა სრულებით ფუჭი იქნ.ებოდა და არანაირ შედეგს არ გამოიღებდა (ყოველ შემთხვევაში, პოზიტიური თვალსაზრისით), მაგრამ ეს მაინც აუცილებელი იყო – ქართული საზოგადოების თავისებურებებიდან გამომდინარე, არ დამკვიდრებულიყო ილუზია: «აი, ჩვენ რომ აფხაზებთან მოლაპარაკება დაგვეწყო დროულად, ჩვენ რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები შემოგვეყანა... ჩვენ რომ მთავარ შუამავლად რუსეთი აგვერჩია... ჩვენ რომ პირდაპირ დიალოგზე უარი არ გვეთქვა... აქამდე კონფლიქტი ასგზის მოგვარებული იქნებოდა».
        ეს ილუზია არ გაუჩნდებოდათ ლტოლვილებს (ვინაიდან ისინი შესანიშნავად იცნობენ აფსუა სეპარატისტებს. – ავტ.) მაგრამ უეჭველად გაუჩნდებოდათ სხვებს, ამიტომ ილუზია აუცილებლად უნდა «ამოწურულიყო»: მისი წარმოშობა ქვეყანას უკვე 1996-97 წლებში დააყენებდა სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე.
        საამჟამად ილუზია «ამოწურულია», ანუ პოლიტიკა უეჭველად, უეჭველად შეიცვლება! ეს შეიძლება ნიშნავდეს არა ფართომასშტაბიანი ომის წარმოებას, არამედ სპეცოპერაციებს სამურზაყანოში სეპარატისტთა ფორმირებების წინააღმდეგ ან (თუ ძალისმიერი მეთოდები საერთოდ გამოირიცხება, როგორც უპერსპექტივო), სტრატეგიულ კომპრომისს იმავე სეპარატისტებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოს იურისდიქციის აღდგენას სამურზაყანოში და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე.
        ყოველ შემთხვევაში, «ძველი ფორმატით» რომ სამშვიდობო პროცესი აღარ გაგრძელდება – იმთავითვე ცხადია. ამ მიმართულებითაც, ალბათ, სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ უკვე სექტემბრიდან.

XXX

        გასულ კვირას კვლავ აქტუალურად იქცა «კანონი პრესის შესახებ», ეს კანონი მართლაც მისაღებია – ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. მაგრამ თავისთავად კანონი (ან კანონის არარსებობა) «ამინდს ვერ შექმნის». კანონი ამჟამად მოქმედებს (იგი მიღებულია ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში), მაგრამ მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ბოლოს და ბოლოს, 1990 წელს საქართველოში ათიდან სამმა ადამიანმა თუ იცოდა, ალბათ, რა არის «კომპიუტერი» ან «თანამგზავრული ტელევიზია».
        წინა პარლამენტმა არ მიიღო «კანონი პრესის შესახებ», რადგანაც ჟურნალისტებს აშფოთებდათ მისი ანტიდემოკრატიულად გამოყენების საფრთხე.
        თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მონდომების შემთხვევაში «ანტიდემოკრატიულად» შეიძლება გამოიყენო ნებისმიერი კანონი, მათ შორის ამჟამად არსებული და მოქმედიც. ანუ მთავარია არა კანონი, არამედ სულ სხვა მიმართებები (საზოგადოებაში), რომლებიც კანონებით მხოლოდ ნაწილობრივ თუ რეგულირდება.
        ქართული საზოგადოება თავისი უბნებით არატოლერანტული საზოგადოებაა, ამიტომ განსხვავებული აზრი ძალიან ხშირად იწვევს არა საპასუხი განსხვავებულ აზრს, არამედ სულ სხვაგვარ რეაქციას.
        მიუხედავად ამისა, ის, რაც ამჟამად ხდება, არის ძალიან სასარგებლო პროცესი. დავაკვირდეთ: იძაბება დამოკიდებულება საზოგადოების სუბიექტებს შორის, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს პრობლემის პერსონიფიცირებას ხელისუფლებაში. ეს ძალიან კარგია, რადგან ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ყალიბდება «შეკავება-გასწონასორების» სისტემა, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობას და არა პირიქით.
        ეს პროცესი მომასწავებელია ისეთი ვითარებისა, როდესაც საერთოდ ვეღარ მოხერხდება (ვერც ერთი მხრიდან) ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილების პერსონიფიცირება, ხოლო სასამარლთოს ვერდიქტი (ვთქვათ) ჩაითვლება არა «ზემოდან სატელეფონო ზარის» შედეგად, არამედ უბრალოდ სასამართლოს ვერდიქტად – იგი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ვერდიქტი ამით ძალას არ დაკარგავს არც «ფორმალურად» და არც (ასე ვთქვათ) არაფორმარულად.
        ჟურნალისტურ წრეებში სავსებით სამართლიანად ითვლება არაკოლეგიალურობად ერთმანეთისათვის რჩევის მიცემა. ამიტომ სჯობს, ქარაგმულად ითქვას სათქმელი, ხოლო გამგები გაიგებს: სრული გაუგებრობაა «ანგაჟირებუოლბა» დააბრალო ტელევიას იმ პოლიტიკურ მოღვაწესთან მიმართებაში, ვისაც ამ ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამა საკმოდა მწვავედ «ეხუმრებოდა» თუნდაც «ნათხოვარი ჰალსტუხის» გამო.

დილის გაზეთი, 15 მაისი, 2000 წელი