დომუხოვსკი-გელბახიანის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება

დომუხოვსკი-გელბახიანის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება

დომუხოვსკი-გელბახიანის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება

    2 მარტს საქართველოს პარლამენტის «ოვალურ დარბაზში» ე.წ. «დომუხოვსკი-გელბახიანის» საქმეზე განსასჯელთა ადვოკატები შეხვდნენ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომისიების წარმომადგენლებს.
    შეხვედრას ესწრებოდნენ «მართლწესებისა და კანონიერების», «ადამიანის უფლებათა დაცვის», «იურიდიული» და «თავდაცვის» კომისიების წარმომადგენლები. დეპუტატები ნოდარ ნათაძე, გელა ნიკოლაიშვილი, თამარ ჩხეიძე, დავით კუპრეიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდა აგრეთვე პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე. ამ შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ფრაქცია «რესპუბლიკელების» წევრი თენგიზ დიხამინჯია, რომელიც უძღვებოდა შეხვედრას.
    როგორც ცნობილია, საქმე ეხება იმ 19 პირის სასამართლო პროცესს, რომლებიც 1993 წლის 5 ოქტომბრიდან იმყოფებიან პატიმრობაში. რამდენიმე მათგანს ბრალი ედება ჩიქოვანის ქუჩაზე ცნობილი ტერორისტული აქტის განხორციელებაში. ადვოკატთა მტკიცებით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მთელი რიგი დარღვევებით. ამიტომ, ისინი იძულებულნი გახდნენ მიემართათ პარლამენტისათვის, რათა მას დაეცვა განსასჯელთა უფლებები.
    ვიქტორ დომუხოვსკის, პეტრე გელბახიანის, ბიძინა დოკვაძის ადვოკატებმა ისაუბრეს საქმეში არსებულ დარღვევებზე რაც, მათი აზრით, განაპირობებს პროცესისა და შესაბამისად - განაჩენის უკანონობას.
    ზოგიერთმა ადვოკატმა კი პირდაპირ თქვა, რომ ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობს იუსტიციის სისტემაში და ასეთი დარღვევებით წარმართული პროცესის მომსწრე არ ყოფილა. მოსამართლე მირზა დოლიძე ახდენს ყოველგვარი იურიდიული ნორმისა და წესის იგნორირებას. თუმცა, მას რა მოეთხოვება, როდესაც თვით უმაღლესი თანამდებობის პირებიც არღვევენ კანონს - წინასწარ აცხადებენ ეჭვმიტანილებს მკვლელებად და ტერორისტებად. ისე, რომ არავითარ ანგარიშს არ უწევენ უდანაშაულობის პრეზუმპციას.
    დოკვაძის ბრალეულობის შესახებ განცხადებებს აკეთებდა ის, ვინც აწარმოებდა გამოძიებას. პროკურორი ანზორ ბალუაშვილი იძლეოდა ინტერვიუს, რომელშიც წინასწარ აცხადებდა განაჩენს, და ა.შ.
    მოსამართლე მირზა დოლიძე შეურაცხყოფას აყენებს ადვოკატებსა და განსასჯელებს, არ აძლევს მათ საშუალებას, გააპროტესტონ მისი უკანონო გადაწყვეტილებანი, აძევებს ადვოკატებსა და თვით განსასჯელებს სასამართლო დარბაზიდან და ა.შ.
    ყოველივე ამის გამო, განსასჯელთა ადვოკატები, საქართველოს ისტორიაში პირველად, იძულებულნი გახდნენ პრეს-კონფერენცია მოეწყოთ. თუმცა, ამან პროცესის მსვლელობაზე არავითარი ზეგავლენა არ იქონია.
    ადგილი ჰქონდა სხვა სახის უკანონობასაც თვით ძიების პროცესში. მაგალითად, დოკვაძე საშინლად აწამეს - იგი მიჰგვარეს ჯაბა იოსელიანს აეროპორტში, სადაც მან უარყო მისდამი წაყენებული ბრალდება. სულ რაღაც ორი საათის შემდეგ კი აღიარა დანაშაული რომელიც მას (ადვოკატის მტკიცებით) არ ჩაუდენია. დოკვაძის საკანში არ უშვებდნენ არავის, მაგრამ მასთან შევიდნენ ტელევიზიის წარმომადგენლები და ინტერვიუ ჩაიწერეს, რაც სრული უკანონობა იყო, რადგან ყველა ეს ინტერვიუ, განცხადება, თუ სტატია ზემოქმედებას ახდენდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ვერა და ვერ იქნება ობიექტური.
    გარდა ამისა, ადვოკატთა აზრით, ყოვლად დაუშვებელია სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, რადგან სასჯელის ეს ზომა გაუქმებულია, თვით იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც დეკემბერ-იანვრის მოვლენების შემდეგ მოვიდა.
    ჯერ კიდევ 1992 წლის თებერვალში, სამხედრო საბჭომ, შემდეგ კი სახელმწიფო საბჭომ, აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას.
    მართალია 17 ივნისს სახელმწიფოს საბჭომ აღადგინა ეს სასჯელი, მაგრამ თვით დანაშაული ჩადენილია 13 ივნისს. ხოლო კანონს უკუქმედების ძალა, როგორც ცნობილია, არა აქვს.
    ვიცე-სპიკერმა რუსუდან ბერიძემ განაცხადა, რომ პატიმართა უფლებების დაცვის სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სასურველია, ადვოკატი თავიდანვე ესწრებოდეს ძიებას - ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიდან.
    რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს: ვინაიდან განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი, საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ხელმოწერების შეგროვებამ და პრესკონფერენციებმა შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს და ზემოქმედება იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსუდან ბერიძის თქმით, «საბოლოო გადაწყვეტილება ჰუმანიზმით უნდა იყოს განპირობებული და არა შურისძიებით».
    პარლამენტარმა გელა ნიკოლაიშვილმა წაიკითხა პარლამენტის 116 წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან პროცესი მიმდინარეობდა აშკარა დარღვევებით - სიკვდილით დასჯის გამოყენება, ამ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია.
    განაჩენი შედგება 6 მარტს. იგი საბოლოოა და საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

«ივერია-ექსპრესი», 3 მარტი, 1995 წელი.