ოპერაცია «გალი»     ანუ ქართველების ხოცვა - ქართველების თანხმობით!

ოპერაცია «გალი»     ანუ ქართველების ხოცვა - ქართველების თანხმობით!

 

    ის, რაც გალში მოხდა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ჩემი აზრით, სერიოზულ ანალიზს მოითხოვს, რადგან ეს მოვლენები უაღრესად ნიშანდობლივია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ხელისუფლების მრავალი წარმომადგენლის სრული უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობისა და (პირდაპირ ვიტყვი) გონებრივი სიჩლუნგის გამოვლინებითაც.
    შეგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებში აფხაზ ბოევიკთა ექვსასკაციანმა რაზმმა გადმოლახა ე.წ. «ბუფერული ზონის» საზღვარი და, რუსული სამშვიდობო ჯარების სრული ინერტულობის პირობებში, გალის რაიონს შეესია. წამებით დახოცეს ათეულობით მშვიდობიანი ქართველი მოსახლე. ბევრ მათგანს (თვითმხილველთა თქმით) სიკვდილის წინ დააძრეს ფრჩხილები, დაუსახიჩრეს სახე და ა.შ. ბევრი გააუპატიურეს, ხოლო ათასობით ქართველი, რომელმაც დაიჯერა «მშვიდობისმყოფელთა» დაპირებანი და გალის რაიონში დაბრუნდა, კვლავ გახდა იძულებული გადმოელახა ენგური და თავი ზუგდიდის რაიონისათვის შეეფარებინა.
    ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, საქართველოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. გაკეთდა რამდენიმე მწვავე განცხადება (მათ შორის უმაღლეს დონეზეც). თუმცა, საერთაშორისო რეაქცია ამ განცხადებებზე, რუსეთშიც და მთელს მსოფლიოშიც, საკმაოდ გულგრილი და ტრაფარეტული იყო. საპასუხოდ, აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, სოკრატ ჯინჯოლიამ გააკეთა მეტად დასაფიქრებელი განცხადება. კერძოდ, ჯინჯოლიამ ჩვეული ურცხვობით მსოფლიოს ამცნო, რომ «გაკვირვებას იწვევს საქართველოში ატეხილი ისტერიკა გალის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვეულებრივი ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული როგორც ქართულ მხარესთან, ასევე რუსეთის სამშვიდობო ძალთა სარდლობასთან. ამდენად, საქართველოს ხელმძღვანელობის პროტესტები სრულიად უსაგნოა».
    რა თქმა უნდა, ჯინჯოლიას განცხადებისათვის შეიძლება არც მიგვექცია ყურადღება, მაგრამ თავდაპირველად ჩემი განცვიფრება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ქართულმა მხარემ არ უარყო მისი სიტყვები «წინასწარ შეთანხმების» შესახებ. გადავათვალიერე ადრინდელი გაზეთები და, სრულიად მოულოდნელად, წავაწყდი განსაცვიფრებელ, სენსაციურ ინფორმაციას, რომელმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
    კერძოდ, მარტის დასაწყისში, ერთდროულად რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო იუწყებოდა, რომ «ზუგდიდში შედგა ორმხრივი კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა გალის რაიონის გამგებელი, რუსლან ქიშმარია. ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მოილაპარაკეს, ზუგდიდისა და გალის რაიონებში ერთდროულად განახორციელონ პარალელური ოპერაციები კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ».
    ახლა უკვე შეგვიძლია ზუსტად აღვწეროთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: საქმე ის გახლავთ, რომ ზამთრის განმავლობაში გალის რაიონის იმ ნაწილში, რომელსაც რუსეთის სამშვიდობო ჯარები სრულად აკონტროლებენ, სტიქიურად (სხვადასხვა გზით) დაბრუნდა რამდენიმე ათასი ქართველი ლტოლვილი. მათი უკან გაძევება შეუძლებელი იყო - გალში დისლოცირებული აფხაზური მილიციის ძალები (50 კაცი) ამისათვის არ კმაროდა, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომც სდომოდათ, ასე აშკარად ვერ დაარღვევენ შეთანხმებას და გალის რაიონში ვერ შემოუშვებდნენ «ბოევიკთა» დიდ რაზმებს - «წმენდის» ოპერაციის განსახორციელებლად.
    არძინბა აშკარად შეაშფოთა ამ გარემოებამ. არადა, ქართველ ლტოლვილთა უკან «არდაბრუნების» ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ისაა, რომ მათ პერმანენტული შიში ჰქონდეთ აფხაზებისა და, როდესაც აფხაზური მხარე (სიტყვიერად) თანხმობას განაცხადებს რამდენიმე ათეული ლტოლვილის დაბრუნებაზე - ამ უკანასკნელმა თავად თქვას უარი, ხოლო აფხაზურმა მხარემ «მხრები აიჩეჩოს» და გაეროს მეთვალყურეებთან თავი იმართლოს: ხომ ხედავთ, ჩვენ კი ვთავაზობთ, მაგრამ ისინი არ ბრუნდებიანო.
    გარდა ამისა, არძინბას სერიოზულ შეშფოთებას მართლაც იწვევდა საქართველოს ხელმძღვანელთა მცდელობა, რუსეთისადმი სტრატეგიული დათმობების გზით მიეღწია აფხაზური პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტისათვის. ამგვარი კომპრომისის «საშიშროება» ნამდვილად არსებობდა. ამიტომ, საჭირო იყო საქართველოს «შეჯახება» რუსეთთან, საპარლამენტო ოპოზიციის პროვოცირებისა და თბილისში მორიგი დაძაბულობის გამოწვევის გზით.
    ამ მიზნით, ვლადისლავ არძინბამ (არაერთგზის მითქვამს, რომ მისი სახით საქმე გვაქვს უაღრესად ჭკვიან და ძლიერ მოწინააღმდეგესთან) ჩაიფიქრა და ზუსტად განახორციელა შემდეგი ოპერაცია:
    მისი მითითებით, გალის რაიონის გამგებელი, ქიშმარია, ზუგდიდში ორმხრივი შეხვედრის დროს, ფარისევლურად დაეთანხმა ქართველთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ «გალის რაიონში მძიმე კრიმინალური ვითარებაა, ამდენად საჭიროა მკაცრი ზომების მიღება მდგომარეობის გამოსასწორებლად» და შესთავაზა ქართულ მხარეს ერთდროულად, როგორც ზუგდიდის, ასევე გალის რაიონში, «პარალელურად» ჩატარებულიყო ოპერაცია «კრიმინალური მდგომარეობის გამოსასწორებლად».
    ხსენებული «ქართული მხარეც» ბრიყვული სიხარულით დათანხმდა ამ იდეას, რადგან თვით პერსპექტივა, რომ ზუგდიდსა და გალში «ერთდროულად ჩატარდებოდა» რაიმე ღონისძიება - მას პროპაგანდისტულად მომგებიანად მოეჩვენა.
    შეთანხმება გაფორმდა ოთხმხრივი კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმით. არძინბამ მიზანს მიაღწია: რაკი ეს ოქმი ხელთ ჰქონდა, იგი დაუყოვნებლივ შეხვდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ იაკუშევს და მოსთხოვა (ქართული მხარის თანხმობაზე მითითებით!!!-ავტ.) რუსეთის ჯარებს განსაზღვრულ დროს გალის რაიონში შეეშვათ «აფხაზური მილიციის» გაძლიერებული რაზმი - «ანტიკრიმინალური ოპერაციის» ჩასატარებლად.
    რასაკვირველია, გენერალი იაკუშევი შესანიშნავად მიხვდა, სინამდვილეში რა «ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებასაც» ისახავდა სოხუმი მიზნად, მაგრამ რაკი დარწმუნდა, რომ ქართველები ასეთი «გულარხეინები» არიან, თავად «მხრები აიჩეჩა» და განზე გადგა. თუმცა იქნებ სიამოვნებითაც ადევნებდა თვალს განხორციელებულ «ოპერაციას».
    12 მარტს მდინარე ღალიძგა გადმოლახა აფხაზ ბოევიკთა ექვსასკაციანმა რაზმმა, რომელიც კბილებამდე იყო შეიარაღებული. მართალია მძიმე ტექნიკა არ ჰყოლიათ, მაგრამ იგი არც დასჭირდებოდათ, რაკი სრულიად უმწეო, უიარაღო მოსახლეობასთან ჰქონდათ საქმე. «კრიმინალთა ძებნის» საბაბით, ისინი იჭრებოდნენ ქართველთა სახლებში და «წინააღმდეგობის გაწევის მოტივით» ხოცავდნენ უბედურ გალელებს რომლებიც, რა თქმა უნდა, სინამდვილეში არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მოძალადეებს (ამას აზრი არ ჰქონდა,) მაგრამ რაკი განმკითხავი არავინ იყო (სამშვიდობო ჯარები მილიციის «ანტიკრიმინალურ ოპერაციაში» აბა, როგორ ჩაერეოდნენ?). აფხაზებმა ზოგი ქართველი მოკლეს, ზოგიც დაასახიჩრეს და ზუგდიდში გამოუშვეს, რათა სხვა ლტოლვილები დაეშინებინათ.
   ოპერაცია რამდენიმე დღე გაგრძელდა - ეს ვადა საკმარისი იყო იმისათვის, რათა ყველაფერი დაემთავრებინათ მანამ, სანამ ე.წ. «გაეროს მეთვალყურენი» ამოძრავდებოდნენ და უმწეო «პროტესტს» განაცხადებდნენ. ამის შემდეგ, აფხაზურმა რაზმმა გალის რაიონი დატოვა, ხოლო არძინბა და სეპარატისტთა სხვა ლიდერები აცხადებდნენ, რომ დასრულდა «ანტიკრიმინალური ოპერაცია», რომელსაც, დამნაშავეთა შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო, მოჰყვა მსხვერპლი.
    მიდი და უმტკიცე ახლა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა და რომ ეს «ანტიკრიმინალური ოპერაცია» კი არ იყო (სინამდვილეში) არამედ დამსჯელი ღონისძიება! ოპერაცია დამთავრებულია და მან მიზანსაც მიაღწია - დააშინა ქართველი ლტოლვილები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ვეღარ გაბედავენ გალის რაიონში დაბრუნებას.
    არავითარი პრეტენზია გენერალ იაკუშევის მიმართ არ გაჭრის - იგი ყველას უპასუხებს, რომ ოპერაცია ჩატარდა ქართული მხარის თანხმობით (!!!) და წარმოადგენს ორმხრივი კომისიის ოქმს, რომლის ძალითაც მან შემოუშვა გალის რაიონში «აფხაზური მილიციის გაძლიერებული რაზმი».
    არძინბას მზაკვრობა და უზნეობა, რასაკვირველია, არავითარ გაკვირვებას არ იწვევს. მე მხოლოდ ორი რამ მაინტერესებს: კონკრეტულად ვინ იყო ის ქართველი ოფიციალური პირი, რომელმაც აფხაზებს თანხმობა განუცხადა გალში ამ ოპერაციის ჩატარებაზე და როდის უნდა მოეღოს ბოლო უნიათობისა და უპასუხისმგებლობის დომინირებას საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონში?
    «ივერია-ექსპრესი», 21 მარტი, 1995 წელი.