პოლიტიკური სასაფლაო

პოლიტიკური სასაფლაო

 

    აგვისტოს ომის შემდეგ, ქართული «პოლიტიკუმი» ანუ, როგორც 90-იან წლებში უწოდებდნენ, «პოლიტოკრატია» დიდი მოვლენების მოლოდინით აღივსო.
    ერთი შეხედვით ლოგიკურია და ასეთი კატაკლიზმი მართლაც უნდა იწვევდეს სერიოზულ ცვლილებებს; როგორც მინიმუმ, ახალ საპარლამენტო არჩევნებს მაინც.
    ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხში «პოლიტიკუმი» თითქმის შეთანხმდა – სულ მთლად მარგინალების გარდა, პრეზიდენტის გადადგომასა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას არავინ ითხოვს, რაკი შესანიშნავად უწყიან (ძალიანაც ეშინიათ), რომ დესტაბილიზაცია და «ქუჩი სტიქია» დღეს იმაზე ნაკლებ მართვადი შეიძლება იყოს («სწორი მიმართულებით» მისი წარსამართად) როგორც 2007 წლის შემოდგომასა და იანვრის არჩევნებისას.
    შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლოა არა ხელისუფლება არამედ სისტემა შეიცვალოს და ლეგალური ოპოზიციის აქტიურობით «ჩასაფრებულმა» არალეგალურმა ძალებმა, თუნდაც იმავე იგორ გიორგაძემ მოიგოს, რის შედეგადაც კარგი დღე არც მათ დაადგებათ, პოზიცია-ოპოზიციონერობის განურჩევლად.
    ამდენად, «პრეზიდენტის გადაგდების» თემა, ამ ეტაპზე მაინც, დღის წესრიგიდან მოხსნილია; მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რას მოიმოქმედებენ, თუკი ხელისუფლება გაზაფხულისათვის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეც უარს განაცხადებს.
    არადა, ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ საქმეს სწორედ ამგვარი პირი უჩანს: პარლამენტი არჩეულია 2012 წლის გაზაფხულამდე. ხოლო პრეზიდენტი – 2013 წლამდე. საქართველოს თვისებათა გათვალისწინებით, ეს იმდენად დიდი ვადაა, რომ ისეთი კატაკლიზმიც კი, როგორიც წელს გადავიტანეთ, ამ ხნის განმავლობაში, გარკვეულწილად აქტუალობას დაკარგავს. ისევე, როგორც აფხაზეთის ომმა დაკარგა «ელექტორალური აქტუალობა», ვთქვათ, 1999-2000 წლების არჩევნებისას.
    ამრიგად, ქართული «პოლიტიკუმი» ერთობ ტრაგიკომიკური დილემის წინაშე იმყოფება და არჩევანის გაკეთება უჭირს. თუმცა, პოლიტიკური პროცესის პოტენციურ მონაწილეთა რიგები არათუ თხელდება, არამედ იზრდება. თანაც, წარსულში ცნობილი სახეებით, რომელთა «ცნობადობა» ამა თუ იმ ნიშნის საზოგადოებრივ ინტერესს მაინც განაპირობებს.
    ჯერ-ჯერობით საკმაოდ წარუმატებელია ქალბატონ ბურჯანაძის «ახალი სტარტი»; პარლამენტის თავმჯდომარეობისას იგი ბევრად უკეთ თვლიდა პოლიტიკურ ნაბიჯებს, ვიდრე ხელისუფლების ოპონენტის ამპლუაში.
    მთავარი ის კი არ არის, რამდენად გამართლებულია ომთან დაკავშირებული 43 კითხვა და არც ის, თუ რამდენი კითხვა შეიძლება არსებობდეს თვით ქალბატონი ბურჯანაძის მიმართ - 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებით დაწყებული, რომელშიც იგი სასტიკად დამარცხდა (ოღონდ მიხეილ სააკაშვილთან და არა ედუარდ შევარდნაძესთან), არამედ ის გარემოება, რომ ჯერ ერთი, რაც მთავარია, ქალბატონ ბურჯანაძეს არა ჰყავს გუნდი!
    ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველას გვახსოვს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სალომე ზურაბიშვილსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ისიც ამბობდა, რომ სრულებით ახალ სახეებს მოიყვანდა ხელისუფლებაში, მაგრამ მისი ამბიცია დასრულდა უმალვე, როგორც კი ამომრჩევლების წინაშე სრულებით უცნობი, არაფრისმთქმელი სახეებით გარშემორტყმული წარსდგა და ტელემაყურებელს ისღა განუცხადა «აი, ეს ხალხი შევკრიბე – რაც ხართ თქვენ, იგივე არიან ისინიო». შედეგიც შესაბამისი მიიღო.
    არც პარლამენტის ექს-თავმჯდომარის გარშემო ჩანან რაიმე პოლიტიკური «შეტყობინების» მატარებელი სახეები; ხოლო «ოჯახის მეგობრებით» დაკომპლექტებული გუნდი კარგია იმავე ოჯახში, სუფრაზე და არა პოლიტიკაში. ნინო ბურჯანაძის გვერდით არ არის არც ერთი თვითმყოფადი, თავისთავადი ფიგურა, რომელიც თუნდაც ისეთ ინტერესსა და საზოგადოებრივ ემოციას იწვევდეს (დადებითს თუ უარყოფითს, ამ კონტექსტში არა აქვს მნიშვნელობა) როგორიცაა, ვთქვათ, გიგა ბოკერია.
    რაც შეეხება იმ გუნდს, რომელთან ერთად ქალბატონი ბურჯანაძე 2003 წლის არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად (დღევანდელი მმართველი გუნდისაგან დამოუკიდებლად) მისი წევრებიც არ ამჟღავნებენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს, რაკი გემი, რომელზეც დარჩნენ, კი ღრჭიალებს თითქოს, ტორტმანებს, მაგრამ ჯერ არ იძირება.
    მეორე, არანაკლებ არსებითი მიზეზი წარუმატებელი სტარტისა ალტერნატიული პროექტის არარსებობაა.
    ომის შედეგები ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის, რაკი «43 შეკითხვის» ჭეშმარიტი ადრესატი (ანუ ხალხი და არა ხელისუფლება) კითხულობს: «კი, მართალია, მერედა რა, - შენ რას გვთავაზობ?»
    2007 წლის სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილის «მძლავრი სპურტი» მხოლოდ და მხოლოდ იმან განაპირობა, რომ მან კითხვები კი არ დასვა, არამედ გაბოროტებული და გაანჩხლებული «პროტესტული სოციუმის» კითხვებს თავად უპასუხა და ახალ რევოლუციას შეპირდა – კონკრეტული ფაქტებისა და ბრალდებებს სახით. თანაც არა აკადემიურ-ეპისტოლარულ ჟანრში, არამედ მასისთვის გასაგებ, აგრესიულ ენაზე.
    ცოტა უფრო მეტი გაურკვევლობაა ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით. «მემარჯვენეთა» ლიდერი, დავით გამყრელიძე განცვიფრებით აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ კონფიდენციური შეხვედრა ჰქონდა ყოფილ პრემიერთან, მაგრამ შემდეგ «ეს შეხვედრა ან ხელისუფლებამ, ან თვით ნოღაიდელმა გააპიარა».
    ანუ «ახლებს» სულაც არ ეპიტნავებოდათ შეხვედრის განსაკუთრებული გახმაურება, მაგრამ მისმა ინიციატორმა (თვით ნოღაიდელმა) ამცნო ამის შესახებ მედიას.
    ეს დეტალი ზუსტად მეტყველებს ყოფილი პრემიერის ჭეშმარიტ მოტივზე. სინამდვილეში მას პოლიტიკური ანგაჟირება სჭირდება უფრო მეტად, ვიდრე რეალურად პოლიტიკაში დაბრუნება.
    მაგალითის სახით შეგახსენებთ ავთო ჯორბენაძის მოქმედებას 2003 წლის რევოლუციის შემდეგ: იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას შეიძლებოდა ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან «კითხვები გასჩენოდა», მან დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია (შესაბამისი «არაოფიციალური იმუნიტეტის» მოსაპოვებლად), რომლის სახელწოდება ახლა აღარავის ახოვს.
    მესამე «მომბრუნებელი» თითქოს მედია - მეწარმე ეროსი კიწმარიშვილია. თუმცა, მისი გახმაურებული ინტერვიუ უფრო ალიბის მოპოვების ინტენციითაა ნაკარნახევი, ვიდრე პოლიტიკაში რეალურად დაბრუნების სურვილით. ესეც მისთვის უარეს შემთხვევაში. უკეთეს შემთხვევაში კი მომავალი მემუარების პირველი თავია – იმ როლის გათვალისწინებით რაც ამ მოღვაწემ შეიტანა ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
    პოლიტიკაში დაბრუნებას არა მხოლოდ ყოფილი სახელისუფლებო სახეები ცდილობენ, არამედ ოპოზიციური ლიდერებიც.
    «გაერთიანებული ოპოზიციის» მესვეურებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მას შემდეგ რაც გაზაფხულზე (13 იანვრიდან – 21 მაისამდე) მოხდა, პოლიტიკაში დაბრუნება მათთვისაც იოლი იქნება. პირიქით, უფრო ძნელიც კი შეიძლება გამოდგეს - მასის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით.
    «იმავე მდინარეში» ორჯერ შესვლის მოსურნენი მასას არ უყვარს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თავდაპირველი მოლოდინი გაუცრუვდა.
    ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური, ძმები ბერძენიშვილები (ერთი სიტყვით ყველა, ოქრუაშვილის «მოუქანცავი კოჰორტის» გარდა) დღეს ბევრად უფრო ფრთხილნი და წინდახედულნი გახდნენ და «რევოლუციას» აღარავის პირდებიან, რათა ისევ არ შექმნან ფუჭი მოლოდინი.
    მაგრამ საქმეც ისაა, რომ სოციუმის ის ნაწილი, რომელზეც ისინი აპელირებდნენ, მისი მენტალური მოცემულობებიდან გამომდინარე, «ზომიერებას» და «მოლოდინის გაცრუებას» არავის არასდროს აპატიებს.
    მთლიანობაში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებისა თუ რეალურად არსებული გარემო-პირობების გამო, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი სასაფლაოს დაემსგავსა, რომელზეც დრო და დრო შესაბამისი შემზარავი პერსონაჟები დაძრწიან – ალბათ «ნიუ-იორკელი მესიის» მოლოდინში; რაკი ყველა დანარჩენი, ვინც კი ქართულმა პოლიტიკუმმა შეიძლება მოიხმოს - იმავე «ლანდშაფტის» ბინადარია.