საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ივლისი 2022 წელი
საუკეთესო დასავლური სამხედრო პროფილის `Think tank`-s აანალიზებენ ახლა უკრაინის მარცხს ლისიჩანსკ-სევეროდონეცკის მიმართულებაზე და ასკვნიან, რომ მარცხი წმარეა, მტკივნეულია, თუმცა გამანადგურებელი არ არის: უკრაინამ ბრძოლა წააგო და არა ომი.
მათი აზრით, რუსეთის მიზანი უკრაინული არმიის ალყა იყო და მისი ტყვედ აყვანა ან განადგურება, რაც პუტინმა ვერ მოახერხა - ახალი ბრძოლები წინ არის.
პირველ რიგში სლავიანსკის მიმართულებით. იქ უკრაინელებს არანაკლებ ძლიერი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა აქვთ მოწყობილი, ვიდრე სევეროდვინსკთან ჰქონდათ.
მთავარია, ჯარი გადაარჩინეს!
ჯარს კი, თუ გადარჩა, მუდამ შეუძლია კონტრშეტევაზე გადავიდეს. თუ დღეს არა, თუნდაც 3 თვეში
. . . . . . . . . .
გუშინ ცნობილი გახდა რამდენიმე სანდო რესურსიდან, რომ რუსეთის ციხეებიდან და კოლონიებიდან პირველი 50 `მოხალისე` გააგზავნეს საომრად უკრაინაში და სასჯელის გაუქმებას შეპირდნენ.
მოსკოვი ამ ინფორმაციას რასაკვირველია უარყოფს, არადა არაფერი განსაკუთრებით დაუჯერებელი აქ არ არის: სრულებით შესაძლებელია, სწორედ ასე მომხდარიყო. `ზეკების` (სიტყვიდან Заключённый) გაგზავნა ფრონტზე რუსული მილიტარული კულტურის ნაწილია.
ლუგანსკის რაიონი კი დაიპყრო პუტინმა მთლიანად, მაგრამ მეტისმეტად ძვირი ფასი დაუჯდა: დამატებით კიდევ ათასობით დაღუპული და დაჭრილი სამხედრო.
მობილიზაციის გამოცხადებას ვერ ბედავს, რადგან მისი აგრესია სულ უფრო არაპოპულარული ხდება. ამიტომ იყენებს იმ რესურსს რაც დარჩა: მილიონამდე `ზეკია` ახლა რუსეთში. სიხარულით დათანხმდება უამრავი მათგანი, იომონ უკრაინაში, ოღონდ ციხიდან გამოვიდნენ.
`გაიქცევიან`? კი, ნაწილი გაიქცევა და გადავა უკრაინის მხარეს, თუმცა ბევრი ოჯახის, სახლ-კარის მიტოვებას მოერიდება და მართლა იომებს.
პუტინმა ეს იცის..... სტალინის გამოცდილებიდან გამომდინარე.
. . . . . . . . . .
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირველად განაცხადა, რომ ევროკომისია მოამზადებს იურიდიულ საფუძვლებს, რათა მოხდეს ევროპაში რუსული ქონების სრული კონფისკაცია და ეს თანხები გადაეცეს უკრაინას აღდგენისთვის.
ეს სენსაციური განცხადებაა: ანუ შესაძლოა ევროპაში დააპატიმრონ ყველაფერი, რაც
ა) ეკუთვნის რუსულ სახელმწიფოს
ბ) ეკუთვნის რუსულ იურიდიულ პირებს
გ) ეკუთვნით რუს ფიზიკურ პირებს.
მაგრამ....რეალურად გაბედავს ამას ევროკავშირი?
კი თქვა ქალბატონმა ურსულამ, მაგრამ On the ground გაბედავენ?
რუსეთში ძალიან ბევრი რამ აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს, ევროპის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და ვინმეს ეჭვი ეპარება: პუტინი ერთ წამს არ დაფიქრდება, ისე წაართმევს მათ ყველაფერს?
ახლა პუტინი ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის სახელმწიფო რეზერვი ამარიკასა და ევროპის ბანკებში არ არის ჩამორთმეული. მხოლოდ დაყადაღებულია.
მეორეს მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ისე მკაცრად მოითხოვს დასავლეთისგან რუსეთის აქტივების გაყინვას, რომ ევროკომისიას უბრალოდ აღარ შეუძლია ამ სამართლიან მოთხოვანთა უპასუხოდ დატოვება. თუმცა...`იურიდიული ბაზის შემზადების` შესახებ განცხადებიდან ამ ბაზის რეალურად შექმნამდე და მით უმეტეს მის განხორციელებამდე დიდი `მანძილია` ყველა თვალსაზრისით.
არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი ვერ იღებს კანონებს! ეს ბევრს ეშლება სინამდვილეში: ევროპარლამენტი არ არის საკანონმდებლო ორგანო. იგი მხოლოდ `მოდელურ კანონებს` იღებს, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მხოლოდ რეკომენდაციაა და არა აუცილებლად აღსასრულებელი კანონი. შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფოს, ასევე რუსული იურიდიული და ფიზიკური პირების ქონების ასე ერთიანად კონფისკაციის თაობაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებმა უნდა მიიღონ.
უნგრეთი მიღებს? საბერძნეთი მიიღებს? კვიპროსი მიიღებს?
ფანტასტიკის სფეროდანაა.
ევროპულმა საბჭომ (სადაც შედიან პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები) ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, ამისთვის არანაირი `საკანონმდებლო ბაზა` არ სჭირდება, ოღონდ იქ სრული კონსენსუსია საჭირო - ყველა ლიდერის ერთდროული თანხმობა.
. . . . . . . . . .
ბორის ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წინა წლებში ის რამდენჯერმა შეხვდა ლონდონში მცხოვრებ რუს ოლიგარქს, ალექსანდრ ლებედევს, რომელიც პუტინთან დაახლოებული მილიარდერია.
ასევე, ჯონსონმა ხელი გაუმართა ალექსანდრე ლებედევის შვილს, ევგენი ლებედევს, რათა მას......ლორდის ტიტული მიეღო და ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი გამხდარიყო!!!
ანუ პარლამენტის ზედა პალატს წევრი, სადაც დედოფალი გამოდის ხოლმე ყოველწლიური სიტყვით.
ბრიტანელები ახლა აღშფოთებულნი არიან ჯონსონის ამ საქციელით, მაგრამ რატომღაც `ვერ ამჩნევენ`, რომ სწორედ მათი სახელმწიფოებრივი სისტემა ქმნის იმის შესაძლებლობას, პუტინის მონა ლებედევის შვილმა ლორდის ტიტული მიიღოს...... ფაქტიურად `იყიდოს`.
ევგენი ლებედევს `სიბირის ლორდი` უწოდეს. Lord of Siberia.
ექსპერტთა უმრავლესობა უკვე თვლის, რომ სასწაული იქნება, თუ ახლა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დარჩა ხელისუფლებაში.
მის კაბინეტს სკანდალით ტოვებენ მინისტრები და რაც ყველაზე არსებითია, კონსერვატიული პარტია ხედავს (ხედავს ყველა გამოკითხვით), რომ ბორის ჯონსონის გამო მისი პარტიის რეიტინგიც იძირება.
შესაბამისად, თუ ბრიტანელ კონსერვატორებს უნდათ გადარჩნენ, არაპოპულარული პრემიერი უნდა მოიშორონ.
ბრიტანელები ძალიან გააბრაზა იმან, რომ ჯონსონი `ქეიფობდა` მაშინ, როცა ჩვეულებრივ ბრიტანელებს პოლიცია აპატიმრებდა კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო. დემოკრატიულ ქვეყანაში არაფერი ისე არ აღიზიანებს და აბრაზებს მოქალაქეს, როგორც შერჩევითი სამართალი. ორგზის უმეტეს - თუ შერჩევითი სამართალი ხორციელდება უშუალოდ ხელისუფალის მხრიდან.
აქ არის სწორედ სისტემური სხვაობა ამერიკაში შექმნილ სიტუაციასთან: დონალდ ტრამპს მისი მომხრეები ნამდვილად აპატიებენ იმას, თუ ის ნებისმიერი ხერხით იბრძოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
დონალდ ტრამპის `გადაგდება` (და არა პირიქით) დასწევს მომხრეთა თვალში `რესპუბლიკური პარტიის` რეიტინგს. შესაბამისად, რესპუბლიკელები `კბილებით დაიცავენ` ტრამპს, ხოლო ბორის ჯონსონის თანაპარტიელები, პირიქით - იოლად მოისვრიან მას ხელისუფლებიდან და პარტიიდან.
ამ ვითარებასთან უშუალო კავშირშია ის, რაც გუშინ მოხდა `დიდ ჟიურიზე`, რომელიც ამჟამად განიხილავს საკითხს, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
არ აგვერიოს კონგრესში მიმდინარე Hearing-თან. ეს სხვაა.
`დიდი ჟიური` ამერიკის სისხლის სამართლის კოდექსით არის ერთგვარი` წინასასამართლო სხდომა`, რომელიც იხილავს, საერთოდ რამდენად დასაბუთებულია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა 45-ე პრეზიდენტსი წინააღმდეგ მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ანუ 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის შენობაში ტრამპისტთა შეჭრის გამო.
`დიდი ჟიურის` ბოლო განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება (აღიძრას თუ არა საქმე) გადაიდება 2023 წლისთვის და შესაძლოა 2024 წლის შემდგომი პერიოდისთვისაც კი გადაიდოს!
ანუ ტრამპის წინააღმდეგ საქმის აღძვრა `ვერ ესწრება` 2022 წლის კონგრესის საშუალედო არჩევნებისთვის და შესაძლოა ვერ მოესწროს ასევე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც.
რა არის ამის მიზეზი?
ერთი შეხედვით დაუჯერებელი, თუმცა რეალური მიზეზი ისაა, რომ ამერიკელ Decision maker - ებს ანუ `გადაწყვეტილების მიმღებებს`, ვინც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს ბიუროკრატიული იერარქიის სხვადასხვა დონეზე (ესაა სწორედ ყბადაღებული Deep state, სხვა კი არაფერი) აშკარად ეშინია (!) იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რაც ქვეყანაში კატასტროფულ კონფრონტაციას გამოიწვევს და უდიდესი დარტყმაც გამოვა ამერიკულ დემოკრატიულ სისტემაში ასწლეულობით ჩამოყალიბებულ ორპარტიულობაზე, რაკი `სამიზნედ` აქცევს `რესპუბლიკურ პარტიას`, რომელიც, იმავდროულად დგება არანაკლებ კატასტროფული არჩევანის წინაშე: ჩაიძიროს ტრამპთან ერთად (ეს `ვაია`) ან გაჰყვეს მას ბოლომდე სამოქალაქო ომში (ეს `ვუია`)
ამგვარი საზარელი დილემა ამერიკაში პირველად წარმოიშვა.
აი იმგვარი პრობლემა კი, რის წინაშეც ბრიტანელი `კონსერვატორები` დგანან ახლა - უამრავჯერ ყოფილა წარსულში. ის ბევრად იოლია.
. . . . . . . . . .
ქართული საზოგადოების და მედიის, ისევე როგორც მსოფლიო საზოგადოების და მედიის ყურადღების მიღმაა უზბეკეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც სინამდვილეში შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს მთელი ცენტრალური აზიისთვის და ააფეთქოს რეგიონი.
საქმე ისაა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტმა მირზიოევმა განიზრახა ყარაყალპაკეთის ავტონომიის გაუქმება! ამ ტერიტორიას ავტონომია საბჭოთა პერიოდიდან ჰქონდა. ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია უზბეკეთში. 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს
როდესაც ყარაყალპაკელებმა გაიგეს, რომ ტაშკენტი აპირებდა მათთვის ავტონომიის გაუქმებას, ქუჩებში გამოვიდნენ.
შეტაკებათა შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა და ტაშკენტმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, რაც პრეზიდენტი მირზიოევი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა: ავტონომია დარჩება, კონსტიტუციაში შესწორებები უკან გამაქვსო.
ანუ დამარცხდა, ხოლო აზიაში დამარცხებული ავტორიტარები არ უყვართ. მაშასადამე ძალაუფლების გადანაწილებისთვის გააფთრებული ბრძოლა ტაშკენტში გარდაუვალია.