ლოკალური არჩევნები «უპარტიო» კანონით

ლოკალური არჩევნები «უპარტიო» კანონით

        დღეს იწყება საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მორიგი სხდომა. საკანონმდებლო ორგანოს აქვს უკანასკნელი შანსი, თავი დააღწიოს კონფუზს, რომელშიც მოხვდა (მთლიანად, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი) მას შემდეგ, რაც ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ სისტემასთან დაკავშირებით.

        შეიქმნა უბრალო სამარცხვინო ვითარება. კიდევ უარესი, რომ პარლამენტართა დიდი ნაწილი ამას ვერ გრძნობს. არადა, არც ისე ძნელია გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: შარშან, შემოდგომაზე, «პოლიტიკურმა ძალებმა» ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ადგილობრივი თვითმმართველობის თვით კონცეფციასთან დაკავშირებით: ნაწილი საერთოდ «რეგიონალიზაციას» მოითხოვდა, სხვებმა დაიჟინეს – მერი და გამგებელი ხალხმა აირჩიოსო. აი, სწორედ ამ უკნასკნელმა კატეგორიამ ამჟამად «არჩევითობის» წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან შემოდგომის შემდეგ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, «მოქალაქეთა კავშირი» დაიშალა, გამწვავდა ბრძოლა პრეზიდენტთან მის «ჩასანაცვლებლად», გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი, ტრადიციულად, სახელმწიფოებრივ პოლიტიკას საკუთარ პოლიტიკას უსადაგებს.
        ამითვე აიხსნება ის უცნაური გარემოება, რომ ხალხი, რომელიც პარლამენტის სხდომებზე ეგზალტირებული ორატორობდა «გამგებლების არჩევის მოთხოვნით», დღეს ბრძნული გამომეტყველებით საუბრობს «შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის მიერ გამგებლების არჩევის შემთხვევაში». თითქოს, ეს «ნეგატიური ფაქტორები» მანამდე არ არსებობდა, სანამ პრეზიდენტი «მოქალაქეთა კავშირის» თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა.
        საშემოდგომო სესიაზე, ოპოზიციის მძვინვარე პროტესტის პირობებში «უმრავლესობამ» მიიღო კანონი, რომლითაც იქმნება «ასოცირებული» საკრებულოები რაიონულ დონეზე. ანუ რაიონის საკრებულოს შეადგენენ სოფლის, დაბის და ქალაქის თავები.
        სხვათა შორის, აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ საქართველოს პირობებში ასეთი სქემა გაცილებით ურფო დემოკრატიულია (საუბარია, «ადგილობრივ თვითმმართველობაზე»), ვიდრე რაიონული საკრებულოების დაკომპლექტება პარტიული სიებით, როდესაც ყველა ადგილს დაეუფლება ადგილობრივი ოლიგარქია, ხოლო პატარა და ღარიბი სოფლების ინტერესები საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი რაიონულ საკრებულოებში.
        ამ კანონს მაშინ «შავბნელსა» და «რეაქციულს» სწორედ ის პოლიტიკოსები უწოდებდნენ, ვინც ამჟამად, ფაქტობრივად, დაასამარა ახალი კანონი, ანუ გარდაუვლად აქცია არჩევნების ძველი კანონმდებლობით ჩატარება.
        პარლამენტმა პირველი მოსმენით ვერ მიიღო «არჩევითობის პრინციპი», მაგრამ ვერც «პრეზიდენტის მიერ დანიშვნა» დაამტკიცა.
        ერთი შეხედვით, შეიქმნა ჩიხური ვითარება და ბევრი «პოლიტიკური ძალა» უკვე ემზადებოდა «დიდი ვაჭრობისთვის», რაკი მიაჩნდა, რომ არჩევნების ჩატარება-არჩატარება მათზე იყო დამოკიდებული: უნდოდათ, მიიღებდნენ ამა თუ იმ კანონს», უნდოდათ, არ მიიღებდნენ. შესაბამისად, არჩევნებიც ამას «მიესადაგებოდა.»
        აქ კი ნამდვილად შეცდნენ.: ჯერ ერთი, პრეზიდენტს შემონახული ჰქონდა ისეთი ძლიერი კოზირი, როგორიცაა ვეტოს უფლება, ოღონდ ეს იარაღი დროზე ადრე არ გამოაჩინა და არც დასჭირდა. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტოკრატია ვერ მიხვდა, რომ პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად დაინტერესებული იყო 2 ივნისს არჩევნების ჩატარებით და არაფრის დიდებით არ დაუშვებდა ამ არჩევნების გადატანას.
        საპარლამენტო აურზაურში «ახალი კანონი» ფარატინა ქაღალდად იქცა. მაშასადამე, საქართველოს კიდევ 4 წლის განმავლობაში ექნება თვითმმართველობის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს პარტიათა ჰეგემონიას რაიონებში. გამგებლებს კი პრეზიდენტი დანიშნავს ყოვლეგვარი შეზღუდვის გარეშე.
        ეს არის პირველი, ძალზე სერიოზული ნაბიჯი პარტიათა თარეშის დასასრულებლად ამ ქვეყანაში. მათმა ლიდერებმა კი ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვეს:. ისინი ეცადნენ, არ დაეკანონებინათ ხელისუფლების კონცენტრაცია და განმტკიცება «ადგილებზე» (რაკი ცენტრალური ხელისუფლება თავისთვის ეზმანებათ), მაგრამ შედეგად, პარტიული ეპოქის დასასრული მოაახლოვეს.

დილის გაზეთი, 23 აპრილი, 2002 წელი