ლარის დევალვაცია სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლენაა და არა პოლიტიკური შეცდომებისა

ლარის დევალვაცია სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლენაა და არა პოლიტიკური შეცდომებისა

  

    დღეიდან ეროვნული ბანკი აღარ განახორციელებს ინტერვენციებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე. ასეთი გადაწყვეტილება, დიდი განსჯისა და ფიქრის შემდეგ, მაინც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ.
    იგი აშკარად ყოყმანობდა, მაგრამ გარემოებამ აიძულა, გადაედგა ძალზე არასასურველი ნაბიჯი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებდა სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს 37 მილიონი დოლარის ოდენობით. აგრეთვე, მსოფლიო ბანკის 20 მილიონიან კრედიტს, ევროკავშირის შეპირებულ 15 მილიონ დოლარს და ასე შემდეგ. ეს კი უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, - გამომდინარე საბიუჯეტო კრიზისიდან, - რათა სახელმწიფომ შეძლოს ვალდებულებათა შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციათა წინაშე;
    ლარის გაშვება იმას ნიშნავს, რომ რეალურ თანაფარდობას ქართულ ეროვნულ ვალუტასა და დოლარს შორის საფინანსო ბაზარი დაადგენს. ძირითადი ფაქტორი აქ, უეჭველად, ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული სხვაობა იქნება. ეკონომიკა საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა (მიუხედავად სირთულისა), რათა დადგინდეს ამა თუ იმ პროცესის მიზეზი.
    წარმოქმნილი სირთულეების უმთავრესი მიზეზია არა გადასახადების აუკრეფავობა ან ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა, არამედ უზარმაზარი უარყოფითი სალდო, რომელიც საგარეო ვაჭრობის სფეროში ჩამოყალიბდა უკანასკნელ წლებში. რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა ეს სალდო კიდევ უფრო გაზარდა. რუსეთი ძირითადი საექსპორტო ბაზარი აღმოჩნდა (ისევე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნები). იმავდროულად, იმპორტი კატასტროფულად გაიზარდა. განსხვავებამ იმპორტსა და ექსპორტს შორის ნოემბრისთვის კოლოსალური ციფრი - 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ამას ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებდა. საჭირო იყო თანაფარდობის აღდგენა. თუ არადა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი, რომელიც იმავე ნოემბრისთვის 60 მილიონ დოლარამდე შემცირდა, საეროთდ ნულზე დავიდოდა.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პრეზიდენტთან შეხვედრისას საკითხი კატეგორიულად დასვა: ან მოახდენთ ლარის დევალვაციას, ან ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას საქართველოსთან. საფინანსო ცენტრებთან ურთიერთობის გაწყვეტა კი კატასტროფა იქნებოდა. ამრიგად, გადაწყვეტილება მიღებულია. ლარი «გათავისუფლდა» სახელმწიფოს მეურვეობისაგან. პრინციპში, ეს სახელმწიფო რეგულირების უკანასკნელი ბერკეტი იყო. ამიერიდან საბაზრო ეკონომიკა საქართველოში არსებობს სრულიად პირველყოფილი სახით. ზუსტად შეიძლება დადგინდეს, რა მოჰყვება ლარის დევალვაციას, - სავალუტო კურსი ერთბაშად «ავარდება», შემდგომ ისევ «დაიწევს» და მოძებნის საყრდენ წერტილს სადღაც შუალედში 2-დან 3 ლარამდე. ეს შეზღუდავს იმპორტს (ვინაიდან ასეთი მაშტაბით იმპორტირებული საქონლის გაძვირება შეუძლებელი იქნება) და პირიქით, შექმნის საექსპორტო სტიმულს;
    ფასების ზრდა გარდაუვალია, მაგრამ ნაკლები პროცენტული ოდენობით. ფასებიც (მომსახურებასა და საქონელზე), აგრეთვე მოძებნიან «ბალანსს»; თუმცა ეს «საყრდენი» უფრო სხვა განზომილებაში მოიძებნება.
    შეუძლებელია, მაგალითად, ეროვნული ვალუტის 70-80 პროცენტიანი დევალვაციის პირობებში ფასებიც ამავე მაშტაბით გაიზარდოს. ეს გამორიცხულია. მაგალითად, სექტემბრიდან - დეკემბრამდე ლარი დაეცა 1,34-დან - 1,68-მდე. ეს საკმაოდ მაშსტაბური დევალვაციაა. მართალია, იგი «ნაბიჯ-ნაბიჯ» ხორციელდებოდა, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ ლარი 20-30 პროცენტით გაუფასურდა; თუმცა, ასეთ მაშტაბურ დევალვაციას, ფაქტობრივად, არანაირი შესამჩნევი ცვლილებები ბაზარზე არ გამოუწვევია. უფრო მეტიც - რაოდენ საოცარი უნდა იყოს, გრძელდებოდა დეფლაცია. ფასი ოდნავ გაიზარდა მხოლოდ სიგარეტსა და იმ საქონელზე, რომელიც უშუალოდ დამოკიდებულია იმპორტზე.
    ანალოგიური სურათი (უეჭველად) გვექნება იანვარ-თებერვლისთვისაც. ფასები გაიზრდება, ოღონდ ნაკლები მაშტაბით, ვიდრე ლარის დევალვაცია მოხდა.
    მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთმანეთში ურევს ორ ურთიერთდაკავშირებულ, მაგრამ მაინც სხვადასხვა მოვლენას, - დოლარის საბაზრო კურსი ლარის მყიდველუნარიანობის პირდაპირპროპორციული არ არის. იმ ადამიანებს, ვინც ამ დღეებში შეშინებული დარბის თბილისის ქუჩებში და დოლარს ეძებს, - ცდილობს, როგორმე «გადაახურდავოს» ლარი, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ თუ ლარი 80 პროცენტით გაუფასურდა, მაშასადამე, ასევე 80 პროცენტით შემცირდა მისი მყიდველუნარიანობაც (ვთქვათ) სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე. ეს აბსოლუტურად მცდარია. ლარი შეიძლება (დოლართან მიმართებაში) გაუფასურდეს 80 პროცენტით, მაგრამ მყიდველუნარიანობის მხრივ მხოლოდ 15 პროცენტით შემცირდეს. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მთლიანად იმპორტირებულ ბენზინზეა დამოკიდებული, ბენზინის გაძვირება კი ყველაფერს გააძვირებს, ამიტომ, ლარის დევალვაცია, უპირველესად, «ურტყამს» იმპორტიორებს და იმ კატეგორიის მომხმარებელს, ვინც იმპორტზეა ორიენტირებული;
    თუმცა, ბაზარი სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში უეჭველად მოძებნის «საშუალო წერტილს» და ის ხალხი, ვინც დღეს და ხვალ დოლარს 3 ლარად იყიდის (ვაითუ შემდეგ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდესო) უეჭველად წაგებული დარჩება, ვინაიდან მომავალი კვირის ბოლოსათვის დოლარი 2-2,5 ეღირება;
    რაც მთავარია, ეროვნული ბანკი არ აპირებს ემისიის განხორციელებას. ეს არის სწორედ «საკვანძო მომენტი». თუ ბანკი ემისიას დაუშვებდა, ანუ ბაზარზე გამოიტანდა არაუზრუნველყოფილ ლარს, მაშინ დოლარი სულ მალე არათუ 5 ლარი, არამედ 20, 100 და 1000 ლარიც ეღირებოდა, ანუ მოხდებოდა ლარის «კუპონიზაცია».
    ეს, დღევანდელ პირობებში, კატეგორიულად გამორიცხულია. თუმცა, არსებობს მეორე საშიშროებაც – ლარი გამოიდევნოს საფინანსო ბაზრიდან და მისი ადგილი სხვა ვალუტამ დაიკავოს, ანუ ლარმა დაკარგოს ის უკანასკნელი, ერთადერთი ფუნქცია, რაც გააჩნდა - გადახდა და ყველა სახის ანგარიშსწორება (საბანკოს გარდა) განხორციელდეს სხვა ვალუტით.
    მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ ლოგიკურად: რა შეიძლება იყოს ეს «სხვა ვალუტა»? რუბლი საქართველოს ფინანსურ მიმოქცევაში ვეღარ დაბრუნდება. რუსულ ფულს უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაშსტაბური დევალვაცია ელის, ვინაიდან პრიმაკოვის მთავრობა ემისიის განხორციელებას აპირებს. ერთადერთი შესაძლო ალტერნატივა ისევ და ისევ დოლარია, ოღონდ საქართველოს სრული დოლარიზაციაც შეუძლებელია როგორც წმინდა ტექნიკური (ვთქვათ, მონეტების არქონა), ასევე თვისებრივი მიზეზების გამო. თუ იგულისხმება «მსხვილი ანგარიშსწორება» დოლარებში, - იგი დღემდეც სწორედ და მხოლოდ ასე ხორციელდებოდა. გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, თითქოს სექტემბრის კრიზისამდე, როდესაც ლარი «მყარად» იდგა გარკვეულ ნიშნულზე, ბიზნესმენები ანგარიშსწორებას ლარებით ახორციელებდნენ; რა თქმა უნდა, არა! გარიგებები ყველგან და ყოველთვის დოლარით, თანაც, უმრავლეს შემთხვევაში, «ცოცხალი დოლარით» («ჩემოდნით») ხდებოდა. ასევე დოლარით მიმდინარეობდა ვაჭრობა მოსახლეობის მიერ უძრავი ქონების (ბინების) ან ძვირად ღირებული მოძრავი ქონების (ავტომანქანები) ყიდვა-გაყიდვისას.
    ისიც სერიოზული შეცდომაა, თითქოს სექტემბრამდე მოსახლეობა ლარებში ინახავდა დანაზოგს და ახლა «მიაწყდება» გადამცვლელ პუნქტებს, რომ ლარები დოლარებში გადაცვალოს. ვისაც ლარები ჰქონდა, კარგა ხანია დოლარი იყიდა. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა რეალურად მომხდარიყო, არის ბანკების ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებისა და ანაბრების დოლარებში გადაყვანის მოთხოვნა. მაგრამ ნუ დავივიწყებთ საქართველოს ფისკალური ვითარების უმთავრეს მოთხოვნას, - ბანკი (კვლავ და კვლავ ვიმეორებთ) არ ახორციელებს ემისიას, ანუ ლარების ოდენობა მკაცრად შეზღუდულია.
    «ანგარიშებზე» ბანკებში იდო მაქსიმუმ 30-40 მილიონი ლარი, რომელიც თითქმის მთლიანად გადაყვანილია დოლარებში, სექტემბრიდან - დეკემბრამდე სწორედ ამაზე იხარჯებოდა (და არა მხოლოდ იმპორტზე) ეროვნული ბანკის რეზერვი.
    ამრიგად, ლარის დევალვაცია სრულ კატასტროფასა და ქვეყნის დაქცევას არ ნიშნავს. მაგრამ იგი მაინც საქართველოსთვის დამახასიათებელი თვისებრივი სახელმწიფოებრივი სისუსტის სერიოზული ინდიკატორია. რომ არა გადასახადების აუკრეფაობა, რომ არა საბაჟო სისტემაზე კონტროლის დაკარგვა, - ასეთი მაშტაბური დევალვაცია საჭირო აღარ გახდებოდა, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი სრულიად სხვა კატეგორიის სირთულეებმა, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს, თუმცა კი, სერიოზულად ზემოქმედებს ეკონომიკურ ვითარებაზე:
    საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის «ნერვებს უშლით» ის გარემოება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის «ობიექტურ სირთულეებს» ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმარებისას.
    მაგალითად, ფონდის ექსპერტებს გაგონებაც არ სურთ ისეთი არგუმენტებისა, როგორიცაა «სუსტი კონტროლი საზღვრებზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვეულობა, უდიდესი კორუფცია» და ასე შემდეგ. ეს ყოველივე სახელმწიფოებრივი პრობლემებია. კეთილი ინებე და ისინი გადაწყვიტე, თუ არადა, საერთოდ არა ხარ სახელმწიფო და შენი პრეტენზიები «დამოუკიდებლობაზე» უბრალოდ სასაცილოა;
    მართლაც, რომელ «ეკონომიკურ რეფორმებზეა» საუბარი, როცა კორუფციის პრობლემაც კი ვერ დაუძლევია ქვეყანას? ვგულისხმობ არა «კორუფციას», ამ ცნების ჩვეულებრივი, ევროპული გაგებით, არამედ ისეთ ვითარებას, როდესაც არანაირი სახელმწიფოებრივი მექანიზმი არ ფუნქციონირებს კორუფციული სტიმულის გარეშე.
    ეს ყოველივე სავალუტო ფონდს არ აინტერესებს და არც უნდა აინტერესებდეს. კორუფცია, საზღვრის დაუცველობა, მით უმეტეს, დაბალი საგადასახადო კულტურა, ისეთი პრობლემებია, რომლებიც ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, - თუ აქვს პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე; თუ ვერა და, თავი უნდა ანებოს დამოუკიდებლობაზე ფიქრსაც კი!
    არის სხვა კატეგორიის ობიექტური სირთულეებიც, - მაგალითად, საქართველოს არ გააჩნია წიაღისეული სიმდიდრე, რომლის გატანაც შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო ბაზარზე საბიუჯეტო დანაკლისის შესავსებად.
    არა გვაქვს ნავთობი, ოქრო ან სხვა რესურსი. ესეც სავალუტო ფონდის ბრალია. ბევრს უშლის ნერვებს «ფონდის» დიფერენცირებული მიდგომა სხვადასხვა ქვეყნებისადმი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ქვეყნები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან; მაგალითად, რუსეთს ატომური ბომბები აქვს.
    სავალუტო ფონდი ყოველთვის გააკეთებს იმას, რასაც უმთავრესი დონორები, - ამერიკა და ევროპა უბრძანებენ. ამ უკანაკნელთა დამოკიდებულება კი (რუსეთისა და საქართველოს მიმართ) განსხვავებულია, - გამომდინარე ელემენტარული სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმიდან.
    ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რამდენიც უნდა ვეცადოთ, მას ვერ შევცვლით. სასაცილოც კი იქნება ჩვენი «აღშფოთება». ზუსტად ასევე, «ჩვეულებრივია», რომ, ვთქვათ, აზერბაიჯანს შეუძლია უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავოს იმავე ფონდის მიმართ და უფრო წარმატებით «ევაჭროს», რაკი აქვს ნავთობის რესურსი, რომელიც ყოველთვის შეიძლება გაიტანო მსოფლიო ბაზარზე და სარფიანად გაყიდო, ანუ მოიზიდო სახსრები საბიუჯეტო დავალიანების დასაფარად. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს (თურქმენეთს, ყაზახეთს, რუსეთს და ასე შემდეგ) უფრო მეტი სივრცე აქვთ პოლიტიკური მანევრისათვის, მათი დამოუკიდებლობის ხარისხიც უფრო მაღალია.
    ჩვენ კი მსგავსი არაფერი გაგვაჩნია; ამიტომ უფრო მეტად ვართ დამოკიდებული გარეშე დახმარებაზე. და მაინც, ლარის დევალვაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაოდენ მძიმე და არაპოპულარულიც უნდა იყოს იგი, ეკონომიკის კრახს არ ნიშნავს. უფრო პირიქით, - იგი ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის მორიგი «შოკური თერაპია», გნებავთ «შოკი თერაპიის» გარეშე, რომელსაც ეკონომიკამ (თუნდაც, უმძიმესი სოციალური დანაკარგის ფასად) აუცილებლად უნდა გაუძლოს.
    ყველაზე უარესი ამჟამად არ მომხდარა. ყველაზე უარესი ის იქნება, თუ ლარის დევალვაციის შემდეგ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გადასახადების, აგრეთვე, საბაჟო მოსაკრებლების მოზიდვა ბიუჯეტში. აი, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად გველის ეკონომიკური კოლაფსი და სრული განადგურება. ობიექტური გარემოებების გამო, ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ შემოსავლები ბიუჯეტში შემცირდება. თუნდაც იმიტომ, რომ შემცირდება იმპორტი, ხოლო წარმოების ამოქმედებასა და ექსპორტის გაზრდას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება.
    ამ პირობებში საგარეო დახმარებას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ალბათ, დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც დასავლეთის ქვეყნები (იგივე სავალუტო ფონდი) ან უნდა დაეხმაროს ქვეყანას, ან აღიაროს, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები კრახით დასრულდა ისევე, როგორც კრახით დასრულდა თვით დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის იდეა, ევრაზიული დერეფნის პროექტი და ასე შემდეგ.
    როგორც ჩანს, დასავლეთს უბრალოდ არ სურდა ათეულობით მილიონი დოლარის გამოყოფა ლარის შესაკავებლად, მაშინ როდესაც მისი დევალვაცია (გამომდინარე ეკონომიკური ფაქტორებიდან) აბსოლუტურად გარდაუვალი იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ლარის გათავისუფლების შესახებ), დაახლოებით 50 მილიონ დოლარს, სწორედ ბიუჯეტის დანაკლისის შესავსებად, საქართველო უეჭველად მიიღებს;
    რა თქმა უნდა, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისათვის, თუ დევალვაციას ხელისუფლება ჯერ კიდევ შარშან განახორციელებდა, ან წლეულს გაზაფხულზე. უკიდურეს შემთხვევაში, - სექტემბრის კრიზისის დროს არ «დააბრუნებდა» ლარს საწყის პოზიციაზე და მაშინვე შეწყვეტდა ინტერვენციებს.
    შექმნილი მდგომარეობის მიზეზთა-მიზეზი, მაინც მსოფლიო ფინანსური კრიზისია, რომელიც დაახლოებით 1997 წლის აპრილში დაიწყო სამხრეთ კორეაში, შემდეგ გავრცელდა ინდონეზიაზე, მოიცვა სინგაპური, ჰონკონგი, ტაივანი, ეპიდემიასავით მოედო მთელს აზიას, გამოიწვია ეკონომიკური სისტემის კოლაფსი რუსეთში, ანუ «დომინოს პრინციპით» მოადგა საქართველოს.
    ეკონომიკური ლოგიკის მხრივ, ყველაზე ზუსტი გადაწყვეტილება იქნებოდა, საქართველოში ეროვნულ ბანკს მაშინვე შეეწყვიტა ინტერვენციები სავალუტო ბირჟაზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იყო პოლიტიკური და სახელისუფლებო თვალსაზრისით.
    მაშინ ჯერ კიდევ საბიუჯეტო კრიზისის ნიშნებიც არ ჩანდა. ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება ვერ მიიღებდა ასეთ «ექსტრაორდინარულ და მოულოდნელ» გადაწყვეტილებას, ვინაიდან ძალიან ძნელი (შეუძლებელი) იქნებოდა მოსახლეობისათვის იმის ახსნა, რატომ უნდა «გაეშვათ» ლარი მაშინ, როცა თითქოს არანაირი საფუძველი საამისოდ არ არსებობდა.
    არადა, ხელისუფლებას რომ ეს მაშინვე გაეკეთებინა, ახლა ლარი მაქსიმუმ 1,5-მდე თუ დაეცემოდა.
    საქართველოს ხელისუფლების მეტისმეტი დამოკიდებულება საზოგადოებრივ აზრზე მისი სისუსტის გამოვლინებაა; ხმა არ ამოგვეღება იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო ბოლო ადგილზეა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის - მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით აკრეფილი გადასახადების მიხედვით.

დილის გაზეთი, 7 დეკემბერი, 1998 წ.