ისევ მუხროვანის ამბოხი?

ისევ მუხროვანის ამბოხი?

 

სიკვდილითაც დავიწყებულნი

        ძალიან გვინდა გავთავისუფლდეთ წარსულისგან - წყეული წარსულისაგან, რომელიც არა და არ გვეშვება და ხშირად გვახსენებს თავს თითქოსდა დავიწყების ბურანში ჩაძირული ლანდებით, რომლებიც, იმავდროულად, ჯიუტად გვახსენებენ იმ დროსაც, რომელსაც ვერსად წავუვალთ - ეს ჩვენი ისტორიაა, - ხშირ შემთხვევაში სამარცხვინო და სისხლიანი.
        ვის ახსოვდა კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი? თითქმის არავის. არადა 2001 წელს მათი სახელი და გვარი ყველას პირზე ეკერა და ტელევიზიებიც ერთმანეთს ებრძოდნენ მათთან ინტერვიუს ჩაწერის უფლებისათვის.
        2001 წლის 25 მაისს, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის მეთაურობით, ერთ-ერთმა საჯარისო ქვედანაყოფმა მიატოვა სწავლება და მუხროვანის სამხედრო ბაზაზე გამაგრდა.
        ეს ქვედანაყოფი იმ დროს ეროვნული გვარდიის სტრუქტურაში შედიოდა და ამ «გვარდიის» ყოფილი სარდლის, თენგიზ კიტოვანის უახლოეს მეგობარს, ჯემალ ჭუმბურიძეს ექვემდებარებოდა.
        როდესაც ქვედანაყოფი მუხროვანისკენ დაიძრა, მისმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, ვინც უშიშროების სამინისტროს ინფორმატორი იყო, მობილური ტელეფონით დაურეკა თავის უფროსობას და შეატყობინა, რომ ასეულობით ჯარისკაცი, მძიმე საბრძოლო ტექნიკით, თბილისისკენ მოემართებოდა.
        თუმცა ოთანაძესა და კრიალაშვილს დედაქალაქამდე მაშინ არ მოუღწევიათ - ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხროვანის ბაზაზე გამაგრდნენ, სადაც მანამდე შინაგანი ჯარების ბრიგადა იყო დისლოცირებული.
        ეს ბრიგადა იმდროინდელი სარდლის, გია შერვაშიძის მეთაურობით, აგრეთვე სწავლებებზე იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი შეიტყო მუხროვანში ბაზის დაკავების ამბავი, გენერალმა შერვაშიძემ (შემდგომში ვარდების რევოლუციის დიდმა გულშემატკივარმა) შინაგან ჯარებს უბრძანა, მარშით ევლოთ მუხროვანისკენ და ბაზაზე გამაგრებული «დაუპატიჟებელი სტუმრებისათვის» ალყა შემოერტყათ.

დებილები და დაუნები შევარდნაძის არმიაში

        რუსთავი-2-ის ეთერით გამოსულ კობა ოთანაძეს ეს სასაცილოდაც არ ეყო: შინაგანი ჯარი რას დაგვაკლებს - ჩვენ ხომ არმია ვართ და ჩვენი დაზვერვა გვატყობინებს, მცირე ძალები ცდილობენ ალყისმაგვარი მოაწყონ, თუმცა მათ ერთი დარტყმით გავანადგურებთო.
        ამაყი ტონით წარმოთქმულ ამ ინტერვიუს მთელი დღის განმავლობაში ატრიალებდნენ ქართული და რუსული ტელეარხები.
        ამასობაში კი, ედუარდ შევარდნაძესთან დიდი თათბირები დაიწყო, რომელშიც «გვარდიის» ყოფილი და იმდროინდელი ელიტა მონაწილეობდა. თავდაპირველად მეამბოხეებმა პოლიტიკური მოთხოვნები ჩამოაყალიბეს. პირველი მოთხოვნა მოქალაქეთა კავშირის იმდროინდელი ლიდერების, მათ შორის ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის გადადგომაც იყო.
        ჯემალ ჭუმბურიძემ პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ზურაბ ჟვანიას დილითვე დაურეკა და აცნობა: ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენო. მაგრამ შემდეგ ყველანი მიხვდნენ, რომ პოლიტიკური ულტიმატუმების წამოყენება წამგებიანი იქნებოდა და თვალთმაქცურად გადაერთვნენ სოციალურ მოთხოვნებზე - აქაოდა, ძალიან გვიჭირს, ფორმასაც კი ვერ ვიკერავთ ახალსო.
        გია კრიალაშვილის განცხადებით, მათ შეპირდნენ, რომ 26 მაისის აღლუმისთვის ახალ ფორმას შეუკერავდნენ, მაგრამ მოატყუეს და არ შეუკერეს. ამიტომ გადაწყვიტეს აჯანყებულიყვნენ და ახალი არჩევნების დანიშვნა მოეთხოვათ.
        ეს კრიალაშვილიც საკმაოდ საინტერესო ფიგურაა - იგი კიტოვანის გვარდიისა და «მხედრიონთან» 1989 წლიდან დაპირისპირებული კიდევ ერთი «ძველბიჭური გაერთიანების», თეთრი გიორგის სათავეებთან იდგა.
        შევარდნაძე მაშინვე მიხვდა, რომ სოციალური მოთხოვნები, ფორმა და კატლეტში ხორცის ნაკლებობა თავიდან ბოლომდე დემაგოგია იყო. ფინანსთა მაშინდელი მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აცხადებდა, რომ არც ხელფასის, არც სასმელ-საჭმელის თუ ფორმის პრობლემა მაშინ არ იდგა.
        სამაგიეროდ, სერიოზული პრობლემები იყო გაწვევის თვალსაზრისით. ანუ ნამდვილი მიზეზი ყოფილი გვარდიელების უკმაყოფილებისა ის გახდა, რომ (კობა ოთანაძის თქმით) «არმიაში მხოლოდ დებილები და დაუნები მოდიან, დანარჩენები კი სამხედრო სამსახურს თავს არიდებენო».
        აი, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმ ბუნტის რეალური მიზეზი: ქართველ გენერალიტეტს არ მოსწონდა ვითარება, როდესაც ისინი ელიტად არ ითვლებოდნენ და ის ადგილი არ ეკავათ ქვეყანაში, რომელიც 1991-1993 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ მოიპოვეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები შევარდნაძის ხელში სულ უფრო ძლიერდებოდნენ.

მცირე ბიზნესი - პუტჩისტებისთვის

        ამის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძემ პრობლემა მისთვის ჩვეული ტექნოლოგიით მოაგვარა: «მცირე ბიზნესისათვის» ბუნტის მოთავეებს მნიშვნელოვანი თანხები გამოუყვეს: თვით კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი კი ფაქტობრივად დააწინაურეს: ოთანაძე კონსტიტუციური სასამართლოს დაცვას ჩაუყენეს სათავეში, ხოლო გია კრიალაშვილი უკრაინაში სამხედრო ატაშედ დანიშნეს!
        შევარდნაძემ, როგორც ყოველთვის, მიიჩნია, რომ საქმის მოგვარება კომპრომისით და დათმობით თუ იყო მხოლოდ შესაძლებელი, რადგან იარაღის ჟღარუნის თავი არავის ჰქონდა.
        გარდა ამისა, ჯემალ ჭუმბურიძემ სახელმწიფოს მეთაურს შეახსენა, რომ «ეროვნულ გვარდიას დიდი დამსახურება აქვს მოქალაქეთა კავშირის წინაშე».
        პირდაპირ ვერ ბედავდა თქმას თათბირზე, თუმცა ამ ფრაზით გულისხმობდა, რომ თვით შევარდნაძის მიმართ აქვთ გვარდიელებს «დიდი დამსახურება», რაკი ზვიად გამსახურდია დაამხეს და შევარდნაძე ჩამოიყვანეს.
        ედუარდ შევარდნაძე არ შეუშინდა პირადად მისულიყო მუხროვანში და კობა ნათენაძე, აგრეთვე გია კრიალაშვილი კამერების წინ გადაეკოცნა. ამით თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ოთანაძესა და კრიალაშვილს გაუხსენა ის, რაც შევარდნაძემ აპატია.
        ბუნებრივია, სააკაშვილი და ოქრუაშვილი შევარდნაძისაგან განსხვავებით გადამჭრელ ზომებს და სარისკო ნაბიჯებს არ ერიდებოდნენ და ორივე მეამბოხე, როგორც არასანდო სუბიექტი, ძალოვან სტრუქტურებს მოაშორეს.
        როგორც ჩანს, ამ კატეგორიის ადამიანი (ანუ ისინი, ვინც 90-იან წლებში დიდ როლს თამაშობდა ქვეყანაში, შემდეგ კი «მოატოვეს» იმდენი დაგროვდა, რომ უკმაყოფილებამ მუხროვანში ამოხეთქა. თანაც, ამოხეთქა სწორედ მაშინ, როდესაც თბილისში ანტისამთავრობო აქციების გამო არასტაბილური ვითარებაა და რუსეთიც არ მალავს ნებისმიერი ქმედებისათვის მზადყოფნას.
        რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ «რუსული სპეცსამსახურების» მოქმედებაზე, მთავარი მიზეზია ყოფილ მაღალჩინოსან სამხედროთა «უმუშევრობა» (რაც მათ უდიდეს უსამართლობად მიაჩნიათ) და ფული, რომელსაც ამ ინტერესთა დამთხვევაში მოსკოვი იხდის.
        პრაიმ - ტაიმის ინფორმაციით, კობა ნათენაძეც და გია კრიალაშვილიც თავიანთი ძველი ნაცნობების და თანამებრძოლების მეშვეობით ცდილობდნენ საჯარისო ნაწილის აბუნტებას და მათი მოტივი არა მხოლოდ ძველი მდგომარეობის დაბრუნება, არამედ პირადი შურისძიებაცაა.

«მოტოვებული» სამხედროს ეგზოტიკური შურისძიება

        ძალიან საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სპეცდანიშნულების რაზმ «დელტას» ყოფილი მეთაური, გია ღვალაძე ცდილობს ძალიან ექსტრავაგანტული ფორმით იძიოს შური დათო თევზაძესა და კობა კობალაძეზე, აგრეთვე გია ყარყარაშვილზე, რომლებმაც იგი ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ან სიტყვა არ შეაწიეს, როდესაც არმიიდან უშვებდნენ.
        ამ ვერსიის შესაბამისად, ღვალაძემ სპეციალურად «გარია» საქმეში თითქმის ყველა ქართველი გენერალი, ვისთანაც კი საქმე ჰქონია.
        წყარომ, რომელმაც ეს ვერსია მოგვაწოდა, იგი ასე დაასაბუთა: ადამიანი გაჭირვების გამო ან თავს იკლავს ან იმათ კლავს, ვინც აწყენინა, ულუკმაპუროდ დატოვა და შეთქმულებაში მათ გარევას რატომ მოერიდებოდაო».
        ასეა თუ ისე, მუხროვანის ბატალიონში მომხდარმა ბუნტმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა - რუსეთს გაუჩნდა საფუძველი «ნატოელ» პარტნიორებს უთხრას: ამ ველურ ქვეყანასთან როგორ თანამშრომლობთ და საგიჟეთში წვრთნების ჩატარება როგორ შეიძლებაო.
       

სააკაშვილის ულტიმატუმი

        პრეზიდენტ სააკაშვილის საპასუხო ბრძანებაც ძალიან მკაცრი იყო: მუხროვანის ბატალიონთან არა მხოლოდ ათეულობით ტანკი, არამედ საარტილერიო დივიზიონიც განლაგდა.
        ყველაფერი მზად იყო საიმისოდ, რათა ბაზის შტურმი დაწყებულიყო, თუ მეამბოხეები არ დანებდებოდნენ. იგულისხმებოდა საარტილერიო და საავიაციო დაბომბვაც. მაგრამ პუტჩისტები დროულად მიხვდნენ, რომ სააკაშვილი არ არის შევარდნაძე და 2001 წლის სამარცხვინო კომპრომისი აღარ განმეორდებოდა. ამიტომაც დანებება არჩიეს.
        თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, არავითარი შეპირება ოფიცრებისთვის არ ყოფილა: მხოლოდ ჯარისკაცებს შეჰპირდნენ, რომ თუ დროულად დანებდებოდნენ, მათ აღარ გაასამართლებდნენ, სხვებს კი სამშობლოს ღალატის ბრალდებით სასამართლო ელით, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
        რაში მდგომარებდა მეამბოხეთა გეგმა?
        საეჭვოა ისინი თბილისში შემოჭრილიყვნენ. მით უმეტეს სათუოა, ამ საქმეში ღიად და აშკარად ჩარეულიყო რუსეთი.
        უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სატანკო კოლონა შეჩერდებოდა სადღაც გომბორთან და სხვა სამხედრო ნაწილებიც (რომელთა აჯანყებულების მხარეს გადასვლა იგულისხმებოდა გეგმით) უბრალოდ გამოვიდოდნენ დისლოკაციის ადგილებიდან და შეჩერდებოდნენ თბილისის მისადგომებთან.
        ამითY დედაქალაქში მიმდინარე პროცესებზე ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა ზეგავლენა: 1991 წლის შემოდგომაზე, თენგიზ კიტოვანის გვარდიამაც დატოვა ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მაშინ დემონსტრაციები მიმდინარეობდა დემოკრატიის მოთხოვნით და თბილისს გაეცალა. თუმცა შორი-ახლოს, თბილისი ზღვაზე გამაგრდა. ამან თბილისში იმ დროს მიმდინარე დემონსტრაციებზე მაინც მოახდინა ზეგავლენა და ოპოზიციის მხარდამჭერთა სითამამე განაპირობა.
        მაგრამ დღეს მაინც 2009 წელია და არა 1991 ან თუნდაც 2001.
        ბოლო 20 წლის მოვლენებმა ქართველ პოლიტიკოსებს ბევრი რამ ასწავლა. მათ შორის ისიც, რომ თუ ამგვარ აქციებს მხარს დაუჭერენ, ქვეყანაში შესაძლოა უმართავი პროცესები დაიწყოს და კარგი დღე არც მათ დაადგებათ.
        რაც შეეხება დაფინანსებას, მუხროვანის მეორე პუტჩის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა მძლავრი ლობი, რომელიც მზადაა მილიონები გადაიხადოს «ვარდების რევოლუციის» შედეგად ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის.
        მაგრამ ამ «დაბრუნების» აუცილებელი პირობა ხელისუფლების დამხობა და ახალი რევოლუციის ან გადატრიალების მოწყობაა.
        ასეთ ვითარებაში რუსულ სპეცსამსახურებს კრიზისის შედეგად შემცირებული სახელმწიფო რეზერვების ხარჯვაც არ მოიწევთ, რათა საქართველოს მორიგი «არევის» საქმეზე რუსი გადასახადის გადამხდელთა თანხები ხარჯონ.