შაშინგტონის მერი დაშოშმინდა

შაშინგტონის მერი დაშოშმინდა

    როგორც იქნა, ქუთაისის ბობოქარი მერი დაშოშმინდა და კარგა ხანია, აღარ შეუძრავს საქართველო თავისი მქუხარე გამოსვლებით «ცილიკომანგანუმისა» თუ იმ «მესამე ძალის» თაობაზე, რომელიც ცდილობს «დაძაბოს ურთიერთობა იმერეთის გუბერნატორსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის», მაგრამ შაშიაშვილის ეს დაშოშმინება მოჩვენებითია - ვულკანს მხოლოდ სძინავს და თუ გაიღვიძა, ვაი ჩვენი ბრალი!
    იმერეთის გუბერნიის მოსახლეობა კარგა ხანია შეურიგდა შაშიაშვილის «ფართომაშსტაბიან ექსპერიმენტებს» და მხოლოდ ყრუ გმინვით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას; უფრო ზუსტად, ეს უკმაყოფილება ამჟამად იმერული ანეკდოტებით გამოიხატება, მაგალითად: ჭიჭიკია შეხვდა ბიჭიკიას: «გეიგე, დედამიწა ბრუნავსო!» - გაჩუმდა, ბიჭო, შაშიაშვილმა არ გეიგოს, თვარა გადასახადს დააწესებს - კატაობთო».
    გუბერნიაში სამხედრო-კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ (როდესაც ყველა «ბუტკა» აღიგავა პირისაგან მიწისა ხოლო ქუთაისი საქართველოში პატერნალისტური პოლიტიკის ოაზისად იქცა), თემურ შაშიაშვილმა სოციალურ ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი: გაძლიერებული ტემპებით იქმნება «იმერეთის ელიტა» - ქუთაისში უკვე იმდენი აკადემიკოსია, რამდენიც საშუალო ზომის ევროპულ ქვეყანას გასწვდებოდა ამბიციის დასაკმაყოფილებლად; მაგრამ თემურ შაშიაშვილის თვალსაწიერი კიდევ უფრო ფართოა: იმერეთი საქართველოში იმავე ადგილს იკავებს, რასაც საქართველო - კავკასიაში.
    ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, თუ გინდა დაიპყრო მსოფლიო, უნდა დაიპყრო კავკასია, თუ გინდა დაიპყრო კავკასია, უნდა დაიპყრო საქართველო, ხოლო თუ გინდა დაიპყრო საქართველო, უნდა დაიპყრო იმერეთი, ანუ თუ გსურს დაიპყრო მსოფლიო, უნდა დაიპყრო იმერეთი.
    პარალელურად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს «ევრაზიული დერეფნის პროექტს», იმერეთის ხელისუფლება ამუშავებს «იმერეთის გეოპოლიტიკურ კონცეფციას», რათა ეს რეგიონი იქცეს «ხიდად ევროპასა და აზიას შორის». ამბობენ, იმერეთში ხშირად წამოსცდებათ ხოლმე სიმთვრალეში: დედას გიტირებთ ყველას, ნავთობსადენმა მაინც ჩვენზე უნდა გეიაროსო.
    რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, იმერეთის გუბერნატორის აქტიურობისა მას იმდენად ეშინოდა, რომ ამჟამად (რაკი ამ აქტიურობამ მოიკლო) იმერეთის «საშინაო საქმეებში ჩარევას» ვეღარ ბედავს და მხოლოდ შიშნარევი იმედით ელის «მაისობას», როდესაც ვულკანმა შეიძლება კვლავ ამოხეთქოს.
    შარშან «მაისობისას» ქუთაისში მორიგი «დიდი გადარბენის» დროს, როდესაც შაშიაშვილი «დროგის ცხენივით» დაარბენინებდა აქეთ-იქით საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს «შესანიშნავ ინტელიგენციას», გუბერნიის ცენტრში გუბერნატორის ბრძანებით ღამის 3 საათზე დაიწყო «გაფართოებული თათბირი», რომელიც პირდაპირ ეთერში იყო ტრანსლირებული იმერეთის მთელს ტერიტორიაზე. დილის 6 საათისათვის პრეზიდენტმა ვეღარ მოითმინა და გმინვა აღმოხდა: «ე, ბიჭო, რა დაგვხოცე მშიერი».
    მთელი დღის ნარბენი ჟურნალისტები თემურ შაშიაშვილმა შიმშილით დაგვსაჯა. ქართული პრესის ჯანყი ედუარდ შევარდნაძემ «ჩააქრო», რომელმაც ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს. მიუხედავად ამისა, თემურ შაშიაშვილს ნირი არ უცვლია და დღემდე არ სწყალობს «თბილისელ ჟურნალისტებს»; მისდამი რწმუნებულ გუბერნიაში კი სრული სიმშვიდე და წესრიგია - «ტყიბულის მატარებელი დეიარება» მხოლოდ და ახალი ენის გასატეხი გაჩნდა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამწყები მსახიობებისათვის: შაშიაშვილი გაშაშიაშვილებულა, საშაშვიალეთში ჩაშაშვიალებულა.

მერიდიანი, 21 მარტი, 1997 წ.