ომი ცხინვალში: საქართველო ბეწვის ხიდზე

ომი ცხინვალში: საქართველო ბეწვის ხიდზე

    ყოფილი «სამხრეთ ოსეთის» ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.
    ეს რომ სწორი განსაზღვრებაა, თუნდაც ის ელვა-დეპეშა მეტყველებს, რომელიც ცხინვალის ბუნკერიდან ე.წ. «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» ერთ – ერთმა ხელმძღვანელმა მობილურიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით(!) გაუგზავნა საინფორმაციო სააგენტო «ინტერფაქსს».
    მასში ნათქვამია: «რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამხრეთ ოსეთს დახმარება სჭირდება ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ უკვე გვიან იქნება».
    რა თქმა უნდა, არა ამ მიმართვის პასუხად, მაგრამ უკვე სისხამ დილით რუსეთის ავიაციამ დაიწყო საქართველოს შეიარაღებულ ძალთა პოზიციების დაბომბვა. ამ დროს გამოიყენება სუ-24 და სუ-25 ტიპის საფრონტო გამანადგურებლები.
    ისმის კითხვა: რატომ არ იყენებს ქართული მხარე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო საშუალებებს? სარწმუნო წყარომ თავდაცვის სამინისტროში «ჯი-ეიჩ-ენ»-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ საქართველოს არმიას, რა თქმა უნდა, აქვს მიწა - ჰაერის სითბური რაკეტები, მაგრამ ამგვარი რაკეტების გამოყენება დიდ საფრთხეს შეუქმნის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საჰაერო ტრასას, რომელიც სწორედ გორის ცაზე გადის.
    ანუ, ქართული მხარე არც თუ უსაფუძვლოდ შიშობს, რომ შემთხვევით შეიძლება რაკეტით სამგზავრო თვითმფრინავი იყოს ჩამოგდებული, ხოლო ჩვეულებრივ ცეცხლსასროლი საშუალებები ესოდენ ეფექტური არ არის.
    აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ საფრონტო ბომბდამშენებით რუსეთი ნამდვილად ვერ შეძლებს შეტევის შეჩერებას თუ იგი სხვა თვალსაზრისით წარმატებული იქნება.
    საქართველოს პარლამენტის წევრმა (ცხინვალის რეგიონიდან) ბადრი ბასიშვილმა სააგენტოს კორესპონდენტს 15 საათისთვის განუცხადა, რომ «ცხინვალის 80 პროცენტს უკვე ჩვენი ფორმირებები აკონტროლებენ, მაგრამ ქალაქის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს შეტევა ჯავის მიმართულებით, სადაც სეპარატისტთა ძირითადი დაჯგუფებაა დისლოცირებული. როკის გვირაბის გაკონტროლების გარეშე კი, ბადრი ბასიშვილის თქმით «ვითარება გართულდება»
    სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ თუ ქართული არმია ვერ შეძლებს როკის გვირაბის ჩაკეტვას, მაშინ უახლოეს დღეებში, განურჩევლად იმისა, რა ბედი ეწევა ცხინვალს, სეპარატისტები და მათი მხარდამჭერები სწორედ ჯავის რაიონში შექმნიან მძლავრ დაჯგუფებას და უეჭველად შეეცდებიან განახორციელონ ეთნიკური წმენდა «დიდი ლიახვის ხეობაში», რომლის 9 სოფელი სეპარატისტებს ისედაც «ყელში აქვთ გაჩხერილი».
    რაც შეეხება «ეთნიკურ წმენდას», რუსული პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ამ საზარელი ბრალდების წამოყენებას და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობს – თითქოსდა საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს განდევნოს ოსები ქვეყნის ტერიტორიიდან.
    სწორედ ამ მიზნით გაიხსნა 15 საათიდან მშვიდობიანი მოსახლეობისათვის უსაფრთხოების დერეფანი არა როკის გვირაბის, არამედ გორის მიმართულებით. ამით ხელისუფლება ცდილობს დემონსტრირებას, რომ მისი მიზანი არ არის ოსი მოსახლეობის აყრა და ქვეყნიდან გაძევება.
    სარწმუნო წყაროთა ცნობით, ქართული სამხედრო შენაერთები სენაკის ბაზიდან ჯერ კიდევ ხუთშაბათს მოძრაობდნენ არა მხოლოდ ცხინვალის, არამედ აფხაზეთის მიმართულებითაც – იმ შემთხვევისთვის, თუ აფხაზი სეპარატისტები ოსების მხარდასაჭერად პროვოკაციებს მოაწყობენ.
    რაც შეეხება ვარაუდებს იმის თაობაზე, თუ რამდენად წინასწარ დაგეგმილი იყო ომის დაწყება და სამხედრო ოპერაცია ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად, - უეჭველია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ეს შეხედულება საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში თანდათან მწიფდებოდა დაახლოებით 2006 წლის შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ მოსკოვი და ცხინვალი არაფრის დიდებით არ დაეთანხმებოდნენ საქართველოს წინადადებას - ფედერალიზაციისა და ავტონომიის შესახებ.
    მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება (თარიღის თაობაზე) ალბათ მაინც «სიტუაციურად» იყო მიღებული, რაკი საქართველოს ხელისუფლებას შესანიშნავად ესმის, რომ ომის დაწყება სწორედ იმ დღეს, როდესაც მთელი ბედნიერი მსოფლიო ფერად ბუშტებს უშვებს ჰაერში ოლიმპიადის დაწყების აღსანიშნავად – ქვეყნის მოწინააღმდეგეებს პროპაგანდისტულ არგუმენტებს მატებს.
    თუმცა, როგორც შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი წერდა «ომს ხშირად მაშინ იწყებენ, როდესაც მის შესაძლო მძიმე შედეგებს აცნობიერებენ, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ აღარ აქვთ».
    ის ფაქტი, რომ საქართველომ ძალის გამოყენება გადაწყვიტა მანამ, სანამ რეალურად მოითხოვდა სამშვიდობო ძალების გაყვანას, უეჭველად მეტყველებს, რომ თბილისში იმედოვნებენ მოსკოვთან კომპრომისს მას შემდეგ, რაც მას ფაქტის წინაშე დააყენებენ.
    გათვლა აქ უეჭველად იმაზეა, რომ ედუარდ კოკოითი ბევრს მოსკოვშიც აღიზიანებდა და სწორედ ამით აიხსნება სკანდალები მასსა და რუსეთის წარმოგზავნილ მოროზოვ-ბარანკევიჩებს შორის. რამდენად იმუშავებს ეს გათვლა, მომავალი გვიჩვენებს. ბევრი რამ სამხედრო აქციის წარმატებულობაზე იქნება დამოკიდებული.
    ყველაზე რთული საკითხია, - რამდენად არის შეთანხმებული ეს გადაწყვეტილება დასავლელ მოკავშირეებთან, მეგობრებთან ან «ნახევრადმეგობრებთან», რომლებიც მეორე ნახევრით რუსეთის მეგობრები არიან.
    თუმცა აქაც, ალბათ, კლასიკური ფორმულა იმუშავებს: დასავლეთი ცნობს მომხდარ ფაქტებს თუ ეს ფაქტები მის იდენტურ საფუძვლებს არ არყევს.
    მაგალითად, დასავლეთი ლეგიტიმურად აღიარებს საქართველოს გამარჯვებას, თუ(!) იგი განხორციელდება მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში – შედარებით ნაკლები მსვერპლით და ოსური უმცირესობის ლეგიტიმურ უფლებათა დაცვით არა მხოლოდ ომის მსვლელობისას, არამედ საბრძოლო ფაზის დასრულების შემდეგ.
    ეს იმდენად რთული ამოცანაა, რომ ბეწვის ხიდზე გავლას უდრის.
    მაინც იმედი ვიქონიოთ, ქვეყანასა და საზოგადოებას საამისო რესურსები ეყოფა – ხელისუფლების გონიერების, სამხედროთა პროფესიონალიზმის და საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულობის რესურსთა ჩათვლით.