საერთაშორისო მიმოხილვა. 2 სექტემბერი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 სექტემბერი 2022 წელი

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება აფხაზეთში და სამწუხაროა, რომ ქართული მხარე საერთოდ არაფერს აკეთებს, რათა რაღაცნაირად მაინც ირეაგიროს ამ პროცესებზე:

2 დღის წინ აფხაზეთში შეიქმნა `აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი`!

ფაქტიურად ომის კომიტეტია.

ოღონდ ომის რუსეთთან!

როგორც ცნობილია, პუტინისთვის ბიჭვინთის უნიკალური ტყის მასივის (ე.წ. `ხრუშჩოვის აგარაკის`) გადაცემის მოთხოვნას და რუსეთის ე.წ. `ელჩის`, შურგალინის თავხედურ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ისეთი მძვინვარე რეაქცია მოჰყვა აფხაზურ საზოგადოებაში, რომ აფხაზურმა ელიტებმა დაიწყეს ფიქრი საქართველოსთან რაღაც კომპრომისებზე.

ამის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი გახდა გუშინ აფხაზეთის `მთავრობის` მაღალი რანგის ჩინოვნიკთა და აფხაზ ბიზნესმენთა ე.წ. `სამუშაო ჯგუფის` განცხადება, რომ უნდა გაიხსნას სატრანზიტო სახმელეთო გზა საქართველოს გავლით, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან.

დღეს თურქეთთან აფხაზეთს აქვს (და იშვიათად ახერხებს მაინც) მხოლოდ საზღვაო-საბორნე კავშირი. რეგულარული მიმოსვლა კი არ გააჩნია. საზღვაო მოუხერხებელია, - ძვირია.

საჰაერო გზა თურქეთთან აფხაზებს რუსეთისგან დამოუკიდებლად არ გააჩნიათ: სოჭიდან დაფრინავენ Pegasus თურქული ლოუქოსტერით, მაგრამ თუ რუსეთმა უახლოეს მომავალში ფსოუს საზღვარი ჩაკეტა, როგორღა იფრენენ?

ამიტომ აფხაზ ბიზნესმენთა სამუშაო ჯგუფი ღიად, საჯაროდ (ეს კი აფხაზეთში შემთხვევით არასდროს ხდება) მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ყოველგვარი შეზღუდვა ენგურის ე.წ. `საზღვარზე`, რათა ფხაზებმა საქართველოს გავლით, მანქანით შეძლონ თურქეთთან კავშირის დამყარება: ეს იაფიც იქნება და მოხერხებულიც: სოხუმში ან გაგრაში ჩაჯდები მანქანაში, გადახვალ ენგურის ხიდზე და დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს, გურიის, აჭარის გავლით გაემგზავრები თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში და პირიქით, თურქეთის ამ პროვინციებიდან - დასავლეთ საქართველოს გავლით - აფხაზეთში.

ამ განცხადებაში და მიმართვაში `იმალება/იგულისხმება` ასევე, რომ აფხაზებმა შესაძლოა ვეღარ იფრინონ სოჭიდან სტამბულში, თუმცაღა იფრინონ ბათუმიდან სტამბულში ან ქუთაისიდან სტამბულში ან თბილისიდან სტამბულში და ასე შემდეგ.

ანუ ერთი შეხედვით ტრანზიტს ეხება, თუმცა სინამდვილეში ქარაგმულად იგულისხმება: რაკი მოსკოვი ჩვენს დახრჩობას აპირებს, გავიხედოთ საქართველოსკენ!

 

მერედა რამდენად მზადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რაიმე გააზრებული რეაქცია ჰქონდეს?

მაგალითად, საპასუხოდ სთხოვოს (ოღონდ არა ულტიმატიუმის სახით) აფხაზურ მხარეს: `ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს წინადადება, მაგრამ თქვენც გააუქმეთ ის ე.წ. `ვიზები` რაც ენგურის საზღვარზე გაქვთ დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ისე, რომ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი `ვიზების` გარეშე შეეძლოთ ენგურის გავლით აფხაზეთში გადასვლა. კი ბატონო ავამოქმედოთ ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში /თურქეთიდან, ოღონდ მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ სრულად გაიხსნება ენგურის ე.წ. `საზღვარი` და გაუქმდება ე.წ. `ვიზები`.

ამ ეტაპზე ეს შესანიშნავი არამაქსიმალისტური და სასარგებლო კომპრომისი გახდებოდა. მაქსიმუმს ახლა ვერ მოვითხოვთ, მაგრამ თუ აფხაზური მხარე ამგვარ კომპრომისზე წამოვა, დიდი საქმე იქნება ნამდვილად - ენგური გაიხსნება პირველად 1993 წლიდან.

თუ აფხაზები მერე იქ რაიმე პროვოკაციას მოაწყობენ, ვინმეს არ შეუშვებენ აფხაზეთში და ასე შემდეგ - ტრანზიტიც შეწყდება!

მაგრამ.....დღევანდელი მთავრობა ასეთ პრობლემებზე ფიქრობს? ან შესაბამისი უნარი გააჩნია ეს შანსი გამოიყენოს?

. . . . . . . . . . . . . .

სრულიად სამარცხვინოდ მოიქცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და მისი ხელმძღავნელი, რაფაელ გროსი.

გუშინ მათ `მოინახულეს` ენერგოდარში მდებარე ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მაგრამ ეს გააკეთეს ისეთი ფორმით, რაც აწყობდა რუსეთს!

როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენიმე კვირის წინ დაიპყრო რუსეთის საოკუპაციო არმიამ და იყენებს მას როგორც უკრაინის ასევე მთელი ევროპის შანტაჟისთვის.

ატომური სააგენტოს ტანამშრომლებმა სულ რამდენიმე საათი დაჰყვეს სადგურზე. მათ ფეხდაფეხ დასდევდნენ რუსი ჯარისკაცები და რაც მთავარია, `მასპინძელები`, ვინც ობიექტებს ათვალიერებინებდნენ და კითხვებზე პასუხობდნენ იყვნენ არა უკრაინელი სპეციალისტები, ვინც დღემდე არიან სადგურზე, არამედ მოსკოვიდან ჩამოსული, `როსატომის` თანამშრომლები.

ეს, როგორც სჩანს, პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ რაკი რაფელ გროსიმ (დიდი ბოდიში ჟარგონისთვის), ფაქტიურად, ამ უსარგებლო სიმბოლური ვიზიტით `გაუპრავა` რუსებს ზაპოროჟიეს უნიკალური ატომური ელექტროსადგურის უკრაინისთვის წართმევა, ახლა რუსები აპირებენ უკრაინელი სპეციალისტები უბრალოდ გაყარონ სადგურიდან და ისინი რუსი სპეციალისტებით ჩაანაცვლონ.

რაფელ გროსიმ, ზაპოროჟიედან დაბრუნების მერე, ყოვლად სამარცხვინოდ, არც ერთი სიტყვით არ დაგმო რუსული ოკუპაცია (მათ შორის ამ სადგურის) და  კომენტარის გარეშე დატოვა კიევი.

ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება.

. . . . . . . . . . . . . .

გერმანიის ისტორიული სახეცვლილების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარკერი გახდა გუშინ გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გამოსვლა მსოფლიო ეკლესიათა კონგრესზე, გერმანულ ქალაქ კარლსრუეში.

იმ კონგრესს რუსეთის ე.წ. `მართლმადიდებელი ეკლესიის` წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გერმანიის პრეზიდენტმა, მთელი მსოფლიოს თვალწინ, რუს სამღვდელოებას და მათ მაღალი რანგის კლირიკებს პირდაპირ თავსლაფი დაასხა უკრაინაში პუტინის აგრესიის მხარდაჭერისთვის.

შტაინმაიერის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა "ამართლებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ - საკუთარი და ჩვენი მორწმუნე ძმებისა და დების წინააღმდეგ".

გერმანიის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობა ეკლესიას „მცდარი გზით“ უძღვება, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

შტაინმაიერის თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს წამყვანი წარმომადგენლები ავრცელებენ პროპაგანდას, რომელიც „თვითნებურად აცხადებს, თითქოს იმპერიული ოცნებები და დიქტატურა ღმერთს ახარებს“.

როგორც გერმანელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ეკლესიებზე მიზანმიმართული თავდასხმების დროს, „ვერც ერთი ქრისტიანი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რწმენა  და ღვთისნიერი გრძნობები, ვერ შეძლებს ამაში ღვთის ნების გარჩევას“.

ეს განცხადება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი და ასევე ისტორიული, რომ შტაინმაიერმა შესანიშნავად იცის: რუსეთში დერჟავულ/იმპერიული ხელისუფლება და დერჟავულ/იმპერიული `მართლმადიდებელი ეკლესია` განუყოფელია. ანუ ეს თავსლაფი პირდაპირ კრემლს და პუტინს ეხებოდა. ასევე პუტინის  `სულიერ მამას`- რუსეთის პატრიარქ კირილს.

. . . . . . . . . . . . . .

გუშინ, 1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების ანუ გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის 83-ე წლისთავზე, პოლონეთის მმართველი პარტიის (`სამართალი და სამართლიანობა`) ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ იმ თავდასხმისთვის პოლონეთი აპირებს თანამედროვე გერმანიას მოსთხოვოს კომპენსაცია 1 ტრილიონ 300 მილიარდი ევროს მოცულობით.

როგორც ჩანს, ეს სარჩელი და მოთხოვნა არის გამოძახილი ტრადიციად ქცეული დაპირისპირებისა პოლონეთსა და ევროკავშირს შორის, რაკი ბრიუსელი ასევე რეგულარულად მოითხოვს ვარშავასგან, შეასრულოს ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის, სახელმწიფოსგან კათოლიკური ეკლესიის გამიჯვნის და ევროპული (ლუქსემბურგის) სასამართლოს გადაწყვეტილებათა უზენაესობა-აღმატებულობის თაობაზე.

პოლონელებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში ცენტრალურ როლს გერმანია ასრულებს. ამიტომ, როცა პოლონელებს ესმით, რომ ევროკავშირი ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ ევროს გამოჰყოფს პოლონეთის განვითარებისთვის უკვე 20 წელია და რომ ეს ფული დიდწილად  გერმანელი გადასახადის გადამხდელთა ფულია, პასუხად ახლა უნდათ თქვან, რომ პოლონეთს გერმანიის და ევროკავშირის `დასამადლებელი` არაფერი სჭირს, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს ისეთი ზიანი მიაყენათ გერმანიამ, 1,3 ტრილიონი ევრო აქვს კომპენსაციის სახით გადასახდელი.

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო დასუსტდება ამ შიდა დაპირისპირებებით. მით უმეტეს, რომ როგორც გერმანია-საფრანგეთია ევროკავშირის ღერძი, მისი გულანი` და ხერხემალი, ასევე აღმოსავლეთ ევროპის უდავო ლიდერია პოლონეთი.

მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს ის გარემოება, რომ იმავე იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ანალოგიური მოთხოვნა პოლონეთს რუსეთის მიმართაც  ექნება - კომპენსაციის თაობაზე.

ოღონდ საქმეც ისაა, რომ მოსკოვს ვარშავას მოთხოვნები სასაცილოდაც არ ეყოფა. აი გერმანია კი, რუსეთისგან განსხვავებით, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა, ევროკავშირის ლიდერია და ასე მარტივად `დაიგნორება` არ გამოვა.

ჯერ-ჯერობით ბერლინი ვარშავას პასუხობს, რომ კომპენსაციის საკითხი დაიხურა აშშ-სსრკ-საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთ-ორივე გერმანიის (გფრ, გდრ) ხელშეკრულებით  გერმანიის გაერთიანების შესახებ 1990 წელს.

მაშინ პოლონეთს არ გაუპროტესტებია კომპენსაციის არარსებობა, რადგან პოლონური ელიტები უკვე NATO - ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობდნენ და ეშინოდათ, რომ გაერთიანებული გერმანია მათ სწრაფვას დასავლურ ალიანსში ვეტო-ს დაადებდა.

ხშირად ძალიან სასტიკი და ცინიკურია პოლიტიკა.

მით უმეტეს საერთაშორისო პოლიტიკა.