"ჟვანიას გუნდი" ერთიანობის დემონსტრირებას აუცილებლად მიიჩნევს

"ჟვანიას გუნდი" ერთიანობის დემონსტრირებას აუცილებლად მიიჩნევს

     

        გასულმა კვირამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ საბიუჯეტო პრობლემატიკა კვლავინდებურად დარჩება მიმდინარე ქართული პოლიტიკის «კვანძად».
        თებერვლის ბიუჯეტი «გაირღვა» ორი ძირითადი მიზეზით: სიგარეტის იმპორტის კლებითა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აკრეფილი გადასახადების ადგილზე დატოვებით.
        პარლამენტში უკვე გაიჟღერა მოწოდებამ «მთავრობისადმი უნდობლობის» შესახებ, რასაც უშუალო პრაქტიკული გაგრძელება არ ექნება, მაგრამ პოლიტიკურ არგუმენტად კი იქცევა.
        ფინანსთა და შემოსავლების მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს და ეს უდავოდ ზუსტად გათვლილი გადაწყვეტილება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი (ან ორივე, მაგრამ ცალ-ცალკე) გააკეთებდა განცხადებას საბიუჯეტო პრობლემათა შესახებ, - ეს უეჭველად აღიქმებოდა განხეთქილებად «გუნდში».
        რამდენად შორს წავა დაწყებული პროცესი - ჯერ ძნელი სათქმელია. საპარლამენტო ოპოზიციის გააფთრებას შედეგი ალბათ, არ მოჰყვება, ვინაიდან ქვეყანა მორიგ საარჩევო ციკლში შედის - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა, ანუ პოლიტიკური დომინანტის შექმნა ამ ციკლის მიღმა ვერ მოხერხდება.
        იმოქმედებს კონტრარგუმენტი - გადაწყვიტოს არჩევნებმა. სხვა საქმეა ირაციონალური სოციალური «რეზისტანსი», ანუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფების უმაყოფილების ზრდა საბიუჯეტო გადახდების შემცირების გამო.
        მით უმეტეს, რომ უკანასკნელი 6-7 თვის განმალვობაში ბიუჯეტის სეკვესტრის შემდეგ, მიმდინარე გადახდები რეგულარულად ხორციელდებოდა და ხსენებული ჯგუფები ამას მიეჩვივნენ.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შემოსავლების კლების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე ხარჯების პრიორიტეტულობას დაადასტურებს ძველ დავალიანებათა გასტუმრების ხარჯზე.
        გამორიცხულია ემისია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უმალვე გაწყდება, თანაც რამდენიმე წლით მიანც.
        თანაც ეს გამოსავალი არ არის: რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის ამოუწურავი მარაგები არ აქვს.
        შექმნილი პრობლემების ფონზე პარლამენტსა და პრეზიდენტს ან პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობათა ღია, დემონსტრაციულ დაძაბვას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ კრიზისი გამწვავდა და გადაიდო სავალუტო ფონდის (აგრეთვე, მსოფლიო ბანკის) კრედიტების გამოყოფა 2001 წლის ბიუჯეტისთვის, ამან შეიძლება კვლავ დასვას დღის წესრიგში სახელმწიფო მინისტრისა და «გუნდის» უფლებამოსილებათა შემდგომი ზრდის ან თვით «მინისტრთა კაბინეტის» შემოღების საკითხი.
        ოპოზიცია ამ მოთხოვნებს მთლიანობაში მხარს უკვე აღარ დაუჭერს, ვინაიდან თანდათან ვიწროვდება ის ასპარეზი, რომლის გამოყენებაც შეიძლება პოლიტიკური მანევრისთვის.
        სირთულენი კი შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ «ჟვანიას გუნდი» აუცილებლად შეეცდება არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმით ვითარების გამოსწორებას - კერძოდ, შემოსავლების ზრდას გადასახადების დამალვისა და კონტრაბანდისთვის სასჯელის გამკაცრებისა და გავლენიანი ოლიგარქიული ჯგუფების «დაფერთხვის» გზით.
        ამ კონტექსტში სავსებით თავსდება «ბორჯომთან» დაკავშირებული სკანდალი და შესაბამის კენჭისყრის შედეგი: მმართველმა პარტიამ, ერთი მხრივ, მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ კვლავინდებურად ფლობს საპარლამენტო პოლიტიკის ბერკეტებს, ხოლო, მეორე მხრივ, «მემარჯვენე კოალიციის» ეფემერულობაც თვალსაჩინო გახდა.
        გოგი თოფაძე და (პირობითად) ხაზარაძე-გაჩეჩილაძე-გამყრელიძის ჯგუფი, როგორც მენტალურად, ასევე სოციალური წარმომადგენლობით, კატეგორიულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
        ინტერესთა აშკარა კონფლიქტი კი პოლიტიკურ «მორიგებას» («შერიგებაზე» ასეთი დატვირთვით არ საუბრობენ) აგრეთვე შეუძლებლად აქცევს.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2001 წელი იქნება «ჟვანიას გუნდის» შემდგომი გამოკვეთისა და კრისტალიზაციის წელი. მიმდინარე საარჩევნო ციკლი ბევრით განსხვავდება ადრინდელი საარჩევნო მარათონებისგან.

დილის გაზეთი, 5 მარტი, 2001 წელი