"ნაკრავი" ლიბერალები და შეშინებული ფუნდამენტალისტები

"ნაკრავი"  ლიბერალები და შეშინებული ფუნდამენტალისტები

 

        «კავკასიაში» მოხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ამ ქვეყანაში ურთიერთსიძულვილის, მოუთმენლობის და შეურიგებლობის ტრადიცია მეტისმეტად მყარია.
        როგორც ჩანს, იგი ჩვენს ეროვნულ ხასიათსაც უკავშირდება და ტრადიციასაც. ამ ტრადიციამ და ხასიათმა კი ბევრი სამოქალაქო ომი გამოიწვია საქართველოში. უკანასკნელი მათგანი – სულ რაღაც 20 წლის წინ.
        შემდგომ პერიოდში, ეს დაპირისპირება (ლიბერალებისა და ფუნდამენტალისტების) «ჯახით», ე.წ. «მამა ბასილ მკალავიშვილის» ფენომენში გამოიხატა, რომელიც ადამიანებს ძალით ჰკრეჭდა თმებს, რაკი გრძელთმიანები არ მოსწონდა.
        მაგრამ ის, რაც მკალავიშვილსა და კამპანიას შევარდნაძის დონდლო მმართველობისას გასდიოდა, სააკაშვილის დროს აღარ «გაუვიდათ» - დააპატიმრეს და ციხეშიც უკრეს თავი კარგა ხნით.
        თუმცა, ამით პრობლემა არ გადაწყვეტილა და ვერც გადაწყდებოდა, რაკი დაპირისპირებას ბევრად ღრმა ფესვები აქვს. სინამდვილეში, იგივე «ლიბერალები», რომლებიც ფუნდამენტალისტებს ვითომ მაღალი ღირებულებების გამო უპირისპირდებიან, თავისი აზროვნების წესით იგივე «მკალავიშვილები» არიან. ყოველ შემთხვევაში, მკალავიშვილებივით იქცევიან.
        ამის მაგალითია ის უხამსობა, რაც ვინმე დეისიძემ გამოაქვეყნა. Kკაცმა რომ თქვას, ყველაფრის დაწერა შეიძლება, მაგრამ თუ ადამიანს მხატვრულ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია, მაშინ სილამაზე, ესე იგი ესთეტიკა ყველაფერში უნდა იყოს. როდესაც არ არის, მაშინ რჩება მხოლოდ სიბინძურე და სიბინძურეს ლიბერალიზმთან რა საერთო აქვს?
        რომელიმე ასეთმა ლიბერალმა რომ ქუჩაში მოისტუმროს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და ეს «გამოხატვის თავისუფლებად» გამოაცხადოს, ამას ლიბერალიზმთან რა საერთო ექნება? არც არაფერი! ნებისმიერ, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში ხულიგნობად ჩათვლიან. ხულიგნობის მუხლი კი, სისხლის სამართლის კოდექსში კომუნისტებს არ მოუგონიათ.
        მეორე მხრივ, ე.წ.» ფუნდამენტალისტების» პასუხი დეისაძის გულისამრევ პასკვილზე მათი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოხატულება იყო. განა ძნელი გასათვლელია, რომ როდესაც უვარდები, ემუქრები, მით უმეტეს აბსოლუტურად უდანაშაულო ჟუურნალისტებს ცემ და ათას სისულელეს აბრალებ (თითქოს დეისაძეს ეხმარებიან) – ამით მხოლოდ და მხოლოდ მას ეხმარები?
        აკი თქვა კიდეც ნანა ლეჟავასთვის მიცემულ ინტერვიუში: ინტერესი ასჯერ გაიზარდა და ტირაჟიც გამეყიდაო.
        ასეთი აგრესია მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სათქმელი უბრალოდ არაფერი გაქვს და რომ დეისაძის და მისი «საიდუმლო სირობის» გეშინია.
        იმ «მართლმადიდებლებს», ვინც «კავკასიაში» შეიჭრა, ვინმემ რომ უთხრას, დეისაძის გეშინიაო – ალბათ აღშფოთდებიანან. არადა, რაკი ასეთი რეაქცია აქვთ, სწორედაც რომ ეშინიათ! აბა რამდენი გიჟი და მანიაკი რაღაცას დაჯღაბნის, ყველას თუ გამოეკიდე, ყველაფერზე თუ ასე გაბრაზდი და საციხოდ გაიხადე თავი, ესე იგი რაღაცას ისეთს წერს ის მანიაკი, რომ მისი გავრცელება არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ საშიშიც გგონია!!!
        ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი მანიაკია დასავლეთში? რამდენი სიბინძურე დაუწერიათ ამგვარ გიჟებს ეკლესიის წინააღმდეგ იტალიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში? ვინმე აქცევს ყურადღებას ან ვინმემ აუკრძალა ტელევიზიებს ამაზე მსჯლელობა?
        არ მსჯელობენ არსად. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ვინმე უკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ არავის აინეტრესებს. იტალიელი, ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი «დეისიძე» მშვიდადაა და სოფლად არ იმალება, რადგან მისი ადგილი საპირფარეშოშია.
        სწორედ ამით განსხვავდება მართლა ცივილიზებული საზოგადოება ისეთი საზოგადოებისგან, რომელსაც თვითონ ვერ გაუგია რა უნდა: ნორმალურ ქვეყანაში არაფერს მალავენ და არაფერს კრძალავენ. უბრალოდ კუთვნილ ადგილს უჩენენ: ბრიუსელში «წითელი ლამპიონების ქუჩა» მდებარეობს არა ცენტრში, არამედ ქალაქის განაპირას, - ყვეალზე ბინძურ და ბნელ უბანში.
        «ერეკლე დეისიძიზმი» მხოლოდ იმ შემთხვევაშია იქ აკრძალული, როდესაც საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას იწვევს. მაგალითად, ამერიკაში სიტყვა «ნიგერი» კანონით ისჯება, რადგან რასობრივ სიძულვილს აღვივებს. ხოლო იმ მანიაკთა რიცხვი, ვინც საკუთარ დედაზე სხვანაირად ფიქრობს და ჯვრის დანახვაზეც სხვა რამე ახსენდება, იმდენად მცირეა, რომ ნორმალურ ქევყნებში მათი არსებობა არანაირ საზოგადოებრივ დაპირისპირებას არ იწვევს.
        მაშასადამე, ჯანსაღი რეაქცია ამგვარ სიბინძურეზე ავტორის (მით უმეტეს ჟურნალისტების) ცემა კი არ არის, არამედ იგნორი. «თავისი უბედურება ეყოფა!».
        ქართულ სლენგში შესანიშნავი გამოთქმები არსებობს ამგვარი «ლიბერალების» დასახასიათებლად, მაგრამ ეს რომ დავწეროთ, დეისიძეს დავემსგავსებით.

2010