შევარდნაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

შევარდნაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

        «დიახაც, ვიბრძოლებ ჩემი ფუნქციის ბოლომდე განსახორციელებლად», - განაცხადა გუშინ ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
        თვით მისი განცხადების ტონალობა და შინაარსი გულისხმობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძალზე სერიოზულად ეკიდება მომავალ საპრეზიდენტო კამპანიას მაშინ, როდესაც ბევრს «ყველაფერი გადაწყვეტილად» მიაჩნია.
        ამგვარი პრობლემისადმი განსაკუთრებულად სერიოზული დამოკიდებულება უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ ედუარდ შევარდნაძე გაცილებით უფრო ფართო და ღრმა ინფორმაციას ფლობს «წყალქვეშა დინებების» შესახებ, ვიდრე, თუნდაც, «მოქალაქეთა კავშირის» ელიტა, რომელიც კვლავინდებურად გამარჯვების ეიფორიაში იმყოფება.
        შევარდნაძემ შესანიშნავად იცის, რომ ბრძოლა «მაინც» არ იქნება იოლი, ვინაიდან საქართველოში მეტისმეტად ბევრი და მეტისმეტად ძლიერი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესი გადაეჭდო ერთმანეთს. მაგალითად, რუსეთისთვის სულაც არ არის «სულ ერთი», ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ისევე, როგორც ეს არ არის «სულ ერთი» ამერიკის შეერთებული შტატებისათვის – კასპიის რეგიონში ამ გრანდიოზული ქვეყნის (მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს) სულ უფრო სწრაფად მზარდი ინტერესების გათვალისწინებით.
        არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს საკითხი თურქეთისთვის და (ნურც ამას დავივიწყებთ) სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, - ამ ქვეყნებს ზემოქმედების უშუალო ბერკეტებიც აქვთ ნახევარმილიონიანი სომხური და სამასი ათასი აზერბაიჯანული, საქართველოში კომპაქტურად განსახლებული თემების სახით.
        ფინანსური და პოლიტიკური ბერკეტები აქვთ, აგრეთვე, რუსეთს, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქედან გამომდინარე, მომავალი საპრეზიდენტო კამპანია ნამდვილად «ბეწვის ხიდს» ემსგავსება და მხოლოდ პოლიტიკოსის (არა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის, არამედ მისი «მთავარი ოპონენტების» ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული მოგება (ან წაგება), რომელსაც ქვეყანა მიიღებს ურთიერთსაპირისპირო გეოპოლიტიკურ ინტერესთა შეჯახების შედეგად.
        მკითხველს შეიძლება ეს მოსაზრება ტენდენციურად მოეჩვენოს, მაგრამ ობიექტურობა და ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარეშე ძალთა მხარდაჭერა რომელიმე «ოპონენტის» მიმართ სწორედაც ობიექტურად, ყოველთვის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს მიმართული მხოლოდ.
        ამ წესს გამონაკლისი თითქმის არ ჰქონია და არა აქვს, მით უმეტეს, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით.
        თუმცა, ეს მაინც უფრო თეორიული საკითხებია. პრაქტიკულად, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. არ დაწყებულა მას შემდეგაც კი, რაც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ იბრძოლებს პრეზიდენტობისათვის. არადა, საარჩევნო შტაბი «მოქალაქეთა კავშირმა» ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს შექმნა. მას პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია ჩაუდგა სათავეში, რაც სხვათა შორის, სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან სწორედ ჟვანიას ხელმძღვანელობით «მოქკავშირმა» ძალიან ჭკვიანურად და ძლიერად წარმართა საარჩევნო საპარლამენტო კამპანია.
        მიუხედავად ამისა, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, თუ ვინ იქნება ედუარდ შევარდნაძის «მთავარი კონკურენტი». ნებისმიერი საარჩევნო კამპანია ყოველთვის პერსონიფიცირებულია «მთავარი კონკურენტი» პიროვნებისა ან პარტიის სახით.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ პარტიას (იგი ტრადიციულად «თავს იცავს» საარჩევნო ბატალიების დროს) გაუჭირდება «კონტრშეტევაზე» გადასვლა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, ამ თვალსაზრისით ყველაფერი გარკვეული იყო - «მოქალაქეთა კავშირის» მთავარი კონკურენტი «აღორძინება» ან «აღორძინების ბლოკი» იქნებოდა. მმართველმა პარტიამ ეს ჯერ კიდევ 1997 წელს იცოდა, ამიტომ, შესაბამისი სტრატეგიის არჩევაც არ გასჭირვებია.
        მაგრამ ვინ იქნება ედუარდ შევარდნაძის «მთავარი კონკურენტი» 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში? ნაკლებად სერიოზული კონკურენტების საკითხი უკვე გარკვეულია – როინ ლიპარტელიანი, შალვა ნათელაშვილი და ზოგიერთი სხვა უეჭველად იყრიან კენჭს - «მთავარია» ვინ იქნება «აღორძინების ბლოკის» კანდიდატი.
        დამკვირვებელთა უმრავლესობა რატომღაც დარწმუნებულია, თითქოს «მთავარი კონკურენტი» ასლან აბაშიძე იქნება. ეს ვითომდაც სავსებით ბუნებრივია და ლოგიკური, მაგრამ ნუ ავჩქარდებით.
        დაუვიწყარ ირაკლი წერეთელს ზოგჯერ საოცრად ჭკვიანური აზრი წამოსცდება ხოლმე. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: «ასლან აბაშიძეს სინამდვილეში ისევე უნდა საქართველოს პრეზიდენტობა, როგორც მე მინდა ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნობა».
        მართლაც საოცრად ზუსტად და ხატოვნად არის ნათქვამი. ირაკლი წერეთელს ჩინეთის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნობა იმიტომ კი «არ უნდა», რომ «არ შეუძლია» ან «წარმოუდგენლად მიაჩნია» არჩევა, არამედ, უბრალოდ არ აინტერესებს! იმავდროულად, საქართველოს პრეზიდენტობაზე ირაკლი წერეთელი (როგორც ოდესღაც განაცხადა) «უარს არ იტყოდა».
        ასლან აბაშიძეს კი «მოქალაქეთა კავშირთან» (ანუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან) და პრეზიდენტთან (ანუ ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთან) პოლიტიკური დაპირისპირება სჭირდება, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ იმისათვის, რათა ამ მეთოდით და ამ ხერხით უკეთ დაიცვას და განახორციელოს საკუთრივ აჭარის - აჭარის ავტონომიური რესპუბოლიკისა და აჭარის ისტებლიშმენტის ინტერესები, რომლის ხელდასხმულიც იგი არის.
        ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძემ არ შეიძლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის ზემოხსენებული ინტერესებიდან და ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ანუ არავითარ შემთხვევაში იმისათვის, რათა «მართლა» გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
        ასლან აბაშიძეს აჭარის გარდა საერთოდ არაფერი აინტერესებს და ისიც შესანიშნავად იცის, რომ მისი «ბეგრაუნდი», ანუ ის, რასაც აკეთებდა აჭარაში ყოფნისას, ცენტრალური ხელისუფლების ხშირად სავსებით სამართლიან, კონსტიტუციურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, - არ მისცემს საშუალებას თავიდან აიცილოს ძალზე სერიოზული გართულებები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას - რომც წარმოვიდგინოთ ამის შესაძლებლობა.
        ეს ყოველივე შესანიშნავად ესმის «აღორძინების ბლოკის» ორად-ორ სერიოზულ ფიგურას (თვით ასლან აბაშიძის გარდა): ვახტანგ რჩეულიშვილსა და ჯუმბერ პატიაშვილს. ვახტანგ რჩეულიშვილი «ვარსკვლავებს არ წყვეტს», მაგრამ ამ ბლოკის სხვა წევრებთან შედარებით (განსაკუთრებით უბედური «ზვიადისტები» მყავს მხედველობაში), ნამდვილი იმანუილ კანტია. ამიტომ, რჩეულიშვილსაც და პატიაშვილსაც საკუთარი მოსაზრებები ექნებათ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
        კონსტიტუციის შესაბამისად, კანდიდატებმა 1 თებერვლამდე უნდა წარადგინონ არა მხოლოდ განაცხადი (მიაქციეთ ყურადღება), არამედ მხარდამჭერთა ხელმოწერებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ კანდიდატი 1 თებერვალს მაინც უნდა დასახელდეს, ვინაიდან ათეულობით ათასი ხელმოწერის შეგროვებას ორი კვირა მაინც ხომ უნდა? მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ «აღორძინების» კანდიდატი ასლან აბაშიძე იქნება, მაშინ ბლოკის ვერც ერთი სხვა ლიდერი თავს პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დააფიქსირებს (აბა სად გაგონილა ერთიან პოლიტიკურ ბლოკს პრეზიდენტობის 7 კანდიდატი ჰყავდეს?) – ეს კი ზოგიერთ ლიდერს (განსაკუთრებით იმავე რჩეულიშვილს) სულაც არ ეპიტნავება. მით უმეტეს, რომ მან შესანიშნავად იცის, რამდენად «რეალურია» ასლან აბაშიძის პრეზიდენტობა. ხოლო თუ მაინც დასახელდება ბლოკიდან რამდენიმე კანდიდატი, უფრო ზუსტად, თუ «აღორძინების ბლოკის» თითოეულ სუბიექტს ეყოლება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა, ეს ფაქტობრივად დაშლის ბლოკს ან საბოლოოდ დასცემს მის ავტორიტეტს პროტესტული ამომრჩევლის თვალში.
        არადა, არც ისე დიდი დრო დარჩა. «ადგილობრივი თვითმმართველობის» მორიგ არჩევნებამდე, ანუ მორიგ «საარჩევნო ციკლამდე».
        ახლა კი, განვიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ «აღორძინებამ» მაინც შეძლო ერთიანი კანდიდატურის წამოყენება, ოღონდ არა ასლან აბაშიძისა, არამედ ჯუმბერ პატიაშვილის სახით. სხვა ვარიანტი გამორიცხულია, ვინაიდან ვახტანგ რჩეულიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში. ბლოკის სხვა სუბიექტები (განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ზვიადისტები და ტრადიციონალისტები), საერთოდ ტაკიმასხარულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რასაც ისინი არ დაუშვებენ. აკაკი ასათიანის ან ვახტანგ ბოჭორიშვილის კანდიდატურას კი «სოციალისტები» არ შეურიგდებიან. ერთადერთი, ვისზეც კიდევ შეიძლება შეთანხმდნენ, არის ჯუმბერ პატიაშვილი.
        სხვა საკითხია, რომ პატიაშვილი ვერაფრის დიდებით ვერ იქნება ედუარდ შევარდნაძის რეალური კონკურენტი და ეს ორთაბრძოლა დასრულდება დაახლოებით ისეთივე პროცენტული შეფარდებით, როგორც 1995 წელს: 75-25 პროცენტზე. ჯუმბერ პატიაშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას არ გააჩნია ქარიზმა, რომელიც აქვს ასლან აბაშიძეს იმ ადამიანთა თვალში, ვისაც გულწრფელად ჰგონია (გულწრფელად სჯერა), რომ აჭარის ლიდერს «მართლა» უნდა საქართველოს პრეზიდენტობა.
        ჯუმბერ პატიაშვილს მხარს არ დაუჭერს «ზვიადისტური» ელექტორატის დიდი ნაწილი, არჩევნებში მისი მონაწილეობით შეიძლება «აღორძინდეს» ანტიკომუნისტური განწყობაც, ვინაიდან შევარდნაძისადმი სიძულვილი სულაც არ გულისხმობს კომუნისტური რეჟიმისადმი სიმპათიას.
        ჯუმბერ პატიაშვილი გაცილებით ნაკლებად შეძლებს გაემიჯნოს კომუნისტურ წარსულსა და კომუნისტურ იდეოლოგიას, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე, ვინაიდან შევარდნაძე უკანასკნელ წლებში მოქმედი პრეზიდენტი იყო: ყველა, ყველა და მის ეკონომიკურ პოლიტიკას «კომუნისტურს», ან თუნდაც «მემარცხენე-სოციალისტურს» ნამდვილად ვერ უწოდებ.
        ჯუმბერ პატიაშვილის ერთადერთი შანსი მდგომარეობდა იმაში, რომ გამიჯვნოდა მთლიანად იმ მოძრაობას, რომელიც გაიშალა 1988 წლიდან და საქართველო 9 აპრილის სასაკლაომდე და 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ძმათამკვლელ ომამდე მიიყვანა.
        თუმცა ჯუმბერ პატიაშვილმა ეს ვერ გაბედა და პირიქით, - «აღორძინების» შემადგენლობაში მთლიანად დაუკავშირა საკუთარი «იმიჯი» იმავე ძალებს.
        სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას ასლან აბაშიძეზეც. მას რომ «მართლა» სდომოდა საქართველოს პრეზიდენტობა, არათუ «აღორძინების ბლოკს» შექმნიდა, არამედ გაემიჯნებოდა ყველას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა მხოლოდ «აღორძინების პარტიის» სახით, როგორც ჭეშმარიტად «მესამე ძალა».
        რამდენიც არ უნდა ეკამათათ ირინა სარიშვილსა და შალვა ნათელაშვილს, «მესამე ძალად» ამ შემთხვევაში დიახაც «აღორძინება» აღიქმებოდა, ვინაიდან ქართულ ელექტორატს ახასიათებს პოლიტიკური ძალისა და პროცესის პერსონიფიკაცია (რამდენად სამართლიანად – ეს სხვა საკითხია): პირველი ძალა - ზვიად გამსახურდია, მეორე ძალა – ედუარდ შევარდნაძე, მესამე – ასლან აბაშიძე.
        სინამდვილეში, ამგვარი კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, უდიდესი გულუბრყვილობაა (მეტი რომ არ ვთქვათ), მაგრამ მოსახლეობისთვის იგი საგნობრივი და გასაგები იქნებოდა. თუმცა, ესეც ვერ უზრუნველყოფდა ასლან აბაშიძის გამარჯვებას ვერც საპარლამენტო, ვერც საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან აქ მოქმედებს ისევ და ისევ «რეგიონული ლიდერის» ფაქტორი, რომელსაც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საერთო-ეროვნული მასშტაბით არასდროს ექნება – და ეს ასლან აბაშიძემ შესანიშნავად იცის.
        ოღონდ «რეგიონული ლიდერი» - «რეგიონის ხელმძღვანელში» არ უნდა ავურიოთ. მაგალითად, თემურ შაშიაშვილი «რეგიონული ლიდერი» არ არის და უკვე ამიტომ (თეორიულად) გაცილებით მეტი შანსი აქვს საერთოეროვნულ ლიდერად იქცეს, ვიდრე ასლან აბაშიძეს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უნდა წარიმართოს მოვლენები, ვინც უნდა გახდეს ედუარდ შევარდნაძის «მთავარი კონკურენტი» - უახლოესი სამი თვის განმავლობაში ქართული პოლიტიკის მთავარი თემა სწორედ ეს არჩევნები იქნება.
        2000 წლის 9 აპრილამდე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი «გაყინულია» - არც პრეზიდენტი, არც მისი ნებისმიერი კონკურენტი არ გადადგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებასაც შეებორკება პოლიტიკური მანევრისთვის აუცილებელი სივრცე და იგი ვერ მიიღებს ქვეყნისთვის აუცილებელ, მაგრამ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს.
        9 აპრილამდე აგრეთვე ძნელად სავარაუდოა გადასახადების აკრეფის მკვეთრი გაუმჯობესება ან ენერგეტიკულიო პრობლემის მოწესრიგება, ვინაიდან, საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ პრობლემათა გადასაჭრელად გარდაუვალია უაღრესად მტკივნეული და არაპოპულარული ზომების მიღება: «არგადამხდელი საწარმოების» ანგარიშების გაყინვა (ანუ ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვება), ხოლო ენერგეტიკის სფეროში – ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა «არგადამხდელთათვის» კვირეებისა და თვეების განმავლობაში, ვიდრე გადახდას თავად არ მოაწესრიგებენ.
        2000 წლის 9 აპრილის შემდეგ პრეზიდენტს სრული კარტ-ბლანში ექნება ამ ორი უმწვავესი პრობლემის გადასაწყვეტად.

დილის გაზეთი, 11 იანვარი, 2000 წელი