თუ კრედიტებს არ გამოგვიყოფენ, ხელფასებს კიდევ რამდენიმე თვე ვერ მივიღებთ

თუ კრედიტებს არ გამოგვიყოფენ, ხელფასებს კიდევ რამდენიმე თვე ვერ მივიღებთ

 

    საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია საბიუჯეტო კრიზისის გამო, თავის გადასარჩენად ისევ ძველ საბჭოთა ხერხებს მიმართავს; «საგანგებო თათბირები» თითქმის ყოველდღე იმართება, იქმნება «საგანგებო კომისიები», მაგრამ ვითარება კვლავინდებურად კატასტროფულია: ხელფასებისა და პენსიების დავალიანება ყოველთვიურად იზრდება, საბიუჯეტო შემოსავლები კი მინიმალური რჩება. სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციით, ყოველდღიური შემოსავალი ე.წ. «ცოცხალი ფულის» სახით 100-150 ათას ლარს არ აღემატება. ეს სრული კოლაფსია!
    მიხეილ ჭკუასელმა აღიარა, რომ ამ პირობებში მუშაობა და «თანხების განაწილებაც» კი შეუძლებელია; რა უნდა გაანაწილო, თუ შემოსავალი არა გაქვს? საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში მიმდინარე გაუთავებელმა რეორგანიზაციამ საერთოდ დამბლა დასცა ორივე უწყებას.
    როგორი პროფესიონალებიც უნდა იყვნენ თამაზ მაღლაკელიძე და მიხეილ ჩიკვილაძე, ისინი ელემენტარულად ვერაფერს გააწყობენ. ყოველ შემთხვევაში, «რეორგანიზაციის» დადებითი შედეგი (თუ საერთოდ მოჰყვება მას რაიმე შედეგი) საქმეს მხოლოდ სამი-ოთხი თვის შემდეგ დაეტყობა. ხელისუფლებას კი ამდენი დრო არა აქვს. «სათამაშო» ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კარს არის მომდგარი «დიდი არჩევნები» - პარლამენტისა და პრეზიდენტისა.
    თუ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ მოხდა საბაზრო-მონეტარისტული პოლიტიკის დისკრედიტაცია, - ამ ხელისუფლებას მამაზეციერიც ვერ გადაარჩენს.
    ყველაფერი უპირველესად ლარის კურსს უკავშირდება, რომელიც ნელ-ნელა მიცოცავს ქვემოთ. ეროვნულ ბანკს აღარ ჰყოფნის რეზერვები, რათა ეს კურსი «დაიჭიროს», ინტერვენციათა მოცულობა სავალუტო ბირჟაზე სულ უფრო იზრდება, სავალუტო რეზერვი შაგრენის ტყავივით დნება. არადა, «ეკონომიკური ბლოკის» ყველა ხელმძღვანელი ერთხმად აცხადებს: ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი. რაოდენ საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, ეს სრული ჭეშმარიტებაა! ქვეყანაში მწვავე საბიუჯეტო, აქედან გამომდინარე - სოციალური კრიზისია, მაგრამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ქვეყანა კვლავინდებურად «ნორმალურად» ვითარდება: ინფლაცია ან უმნიშვნელოა ან საერთოდ დეფლაციაში გადაიზარდა, მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 8 პროცენტით გაიზარდა, დასაქმების ზრდის ტემპი არ კლებულობს, სამრეწველო წარმოებაც იზრდება და ა.შ.
    ანუ, ეკონომიკას თითქოს სულაც არ აინტერესებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (მაგრამ არა უმრავლესობა!) თვეობით ვერ იღებს ხელფასებსა და პენსიებს, რაზეც მთლიანადაა დამოკიდებული მისი ცხოველმყოფელობა.
    სახელმწიფოს ამ ვალდებულებათა დასაფარად ორად ორი გზა არსებობს. პირველი - ემისია, ანუ ფულის ნიშნების «დაბეჭდვა»; უფრო სწორად, ფულის ნიშნები ეროვნულ ბანკს იმდენი აქვს, ათ საქართველოს ბიუჯეტს ეყოფა, მაგრამ თუ მან გახსნა «შლუზები» და ეს ნიშნები განუსაზღვრელი ოდენობით მიაწოდა ფინანსთა სამინისტროს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც უმალვე ნულზე დავა.
    მეორე გამოსავალია ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა და გადასახადების ამოღება, რაც ვერ ხერხდება ერთი მხრივ სახელმწიფო სტრუქტურის კორუმპირებულობის, მეორე მხრივ კი გარეშე ფაქტორებზე მეტისმეტად დამოკიდებულების გამო.
    სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც სექტემბრის თვიდან ამაყად დაიწყო ქადაგება, თითქოს «რუსეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს». ამით მას სურდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს ეკონომიკა «თვითკმარია» და არ არის დამოკიდებული რუსეთზე. რაც სინამდვილეში მართალი არ აღმოჩნდა. - ამას მარტივი გათვლაც ადასტურებს: რუსეთის კრიზისის დაწყებისთანავე საქართველოში წარმოების შემცირება დაიწყო, იმპორტი გაიზარდა და ექსპორტი შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გააუფასურა ისედაც კატასტროფული საგარეო სავაჭრო სალდო (436 მილიონი დოლარიდან – 655 მილიონ დოლარამდე); უფრო მეტიც, - რუსეთიდან (მიხეილ ჭკუასელის თქმით) შემოდის ფანტასტიურად იაფი საქონელი; მაგალითად 7 ლარიანი ფქვილი (იგულისხმება ტომარა) და 22 თეთრის ღირებულების ბენზინი, რაც ანგრევს ბაზარს და უაზრობად აქცევს ყოველგვარ მეწარმეობას.
    ეკონომიკის მინისტრმა, ლადო პაპავამ, პირველად ბოლო წლებისა და გაუთავებელი კრიზისის განმავლობაში, აღიარა, რომ ეკონომიკური რეფორმის დასაწყისიდანვე ხელისუფლებამ კიდევ ერთი უმძიმესი, სტრატეგიული ხასიათის შეცდომა დაუშვა.
    ლადო პაპავას თქმით, ქართველებმა ზომა არაფერში ვიცით, - ჯერ ბლოკადას ვუწყობდით რუსეთს, შემდეგ კი მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით და «რუბლის ზონაში» შესვლას მოვითხოვდით.
    «უდიდესი შეცდომა იყო, რომ ჩვენ გამოვედით რუბლის ზონიდან, მაგრამ დავრჩით რუსეთის სამრეწველო ზონაში».

    მართლაც მიუხედავად ლარის შემოღების და რუბლის გაძევებისა, საქართველოს ეკონომიკა მაინც «მიბმული» დარჩა რუსეთის ბაზარზე; შედეგმაც არ დააყოვნა, - როგორც კი რუსეთში ეკონომიკური ვითარება აირია, ვალუტა გაუფასურდა, საქართველოში დოლარის მკვეთრი დეფიციტი გაჩნდა და ამ «ორმოს» ამოვსებას სავალუტო რეზერვები არ ჰყოფნის.
    იმთავითვე აუცილებელ იყო ისეთი წარმოების სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც რუსეთში ექსპორტზე არ იქნებოდა ორიენტირებული. აგრეთვე აუცილებელი იყო არა პენსიებისა და ხელფასების ყოველწლიური ზრდა, არამედ ამ თანხის მიმართვა შიდა ინვესტირებისათვის.
    1995-96 წლებში «სოციალური მიზნებისათვის» დახარჯული თანხები პერსპექტიულ მეწარმეობას რომ მოხმარებოდა, ახლა საქართველოში სულ სხვა სურათი იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლება (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) წავიდა «ნაკლები წინააღმდეგობის» გზით, რითაც ლიბერალური რეფორმა ქვეყანაში უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა.
    დღეს უკვე ძნელი სათქმელია: გადარჩება თუ არა ეს რეფორმა საერთოდ - მას სოციალიზმის, პატერნალიზმისა და პროტექციონიზმის ჭაობში შთანთქმა ემუქრება და ამ ჭაობიდან ვერასდროს ამოვა.
    ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ: თანამედროვე რუსეთს ეკონომიკური პერსპექტივა არ გააჩნია. ამ ქვეყნის მენტალიტეტში იმდენად არის «ჩაკირული» სოციალისტური პოსტულატები თუ შესაბამისი ცნობიერი მიმართებები, რომ «მონეტარისტები» ვერაფერს გახდებიან; ყოველ შემთხვევაში, რუსეთს პინოჩეტის მაგვარი დიქტატორი ესაჭიროება, მაგრამ რუსეთი არ არის ჩილე – რუსეთში ამგვარ ექსპერიმენტებს კიდევ ერთი სამოქალაქო ომი მოჰყვება ათეულ მილიონიანი მსხვერპლით.
    ამდენად, რუსეთის სამრეწველო ზონაში დარჩენით, საქართველო საკუთარ თავს წირავს იყოს მუდმივი სათრეველა რუსულ «ურემზე», როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა.
    ერთადერთი იმედი ამჟამად მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდია. მხოლოდ მას შეუძლია გადაარჩინოს კრახისაგან ლიბერალური რეფორმა საქართველოში.
    ამჟამად სავალუტო ფონდის მისია თბილისში იმყოფება. მათ უკვე აღნიშნეს, რომ საგადასახადო შეღავათების გაუქმებით საქართველომ ნაბიჯი გადადგა «სწორი მიმართულებით», დადებითად შეაფასეს კომერციულ ბანკთა აუცილებელი რეზერვის გაზრდაც, მაგრამ უმთავრეს საკითხში (გადასახადების აკრეფაში) პროგრესის არარსებობით მაინც ძალზე უკმაყოფილო დარჩნენ.
    საბედნიეროდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საკმოად მნიშვნელოვანი თანხა (30 მილიარდი დოლარამდე) გამოყვეს სავალუტო ფონდის ახალი საკრედიტო საზღვრების შესაქმნელად და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად. საქართველოში ლიბერალური რეფორმის გადასარჩენად სულ 100-200 მილიონი დოლარია საკმარისი. ეს თანხა, სავალუტო რეზერვების შესავსებად, ეროვნულმა ბანკმა უკვე თებერვალში უნდა მიიღოს ფონდისგან.
    ფონდის ექსპერტებმა შესაბამისი რეკომენდაციები უნდა მიაწოდონ დირექტორთა საბჭოს და აღმასრულებელ მდივანს, - მიშელ კამდესიუს. მათი ვერდიქტი, შეიძლება ითქვას, საბედისწერო იქნება. მაგრამ რომც გადარჩეს ახლა ლიბერალური რეფორმა საქართველოში, მას უეჭველად ელის სრული კრახი, თუ არ მოხდება ეკონომიკური მიმართებით თვისებრი გარდაქმნა, - რუსეთის ბაზარზე ორიენტაცია ქართული წარმოებისათვის დამღუპველია; იგივე ითქმის უკრაინასა და ბელორუსეთზე; გაცილებით რაციონალური იქნება (თუკი დასავლურ ბაზარზე ჯერ ვერ შევდივართ), ორიენტაცია ავიღოთ თუნდაც აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაზე, სადაც ავტორიტარული რეჟიმები უფრო «ჩინური» გზით მიდიან და თანმიმდევრულად, ოღონდ არადემოკრატიული მეთოდებით აშენებენ ჭეშმარიტად საბაზრო ეკონომიკას.

7 დღე, 13 ნოემბერი, 1998 წ.