ნიკო ლეკიშვილმა არძინბას ნავთობსადენი შესთავაზა

ნიკო ლეკიშვილმა არძინბას ნავთობსადენი შესთავაზა

  

    თებერვლის მოვლენების მიზეზით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ნიკო ლეკიშვილის ვიზიტი სოხუმში რამდენიმე დღით გადაიდო; თუმცა, ბოლოს მაინც შედგა ორივე მხარის «კმაყოფილების ვითარებაში».
    ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტი გია ჭანტურიაც იმყოფებოდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს «ნავთობსადენის კოზირის» გათამაშებას აფხაზი სეპარატისტების მოსათვინიერებლად. მაგრამ ამ მცდელობიდან ნამდვილად არაფერი გამოვა. არძინბა უარს არ იტყვის ნავთობსადენის ნოვოროსიისკისაკენ გატარებაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ ამის თაობაზე საერთაშორისო კონსორციუმთან ცალკე შეთანხმება გაფორმდება.
    ყველას გვახსოვს, რა ოსტატურად გამოიყენეს იგივე მომენტი ჩეჩნეთის ხელმძღვანელებმა. მათ აიძულეს რუსეთის მთავრობა, დათანხმებულიყო ბაქოში ცალკე ხელშეკრულების გაფორმებაზე ჩეჩნეთის «ნავთობის კომპანიისა» და «აზერბაიჯანის საოპერაციო კომპანიას» შორის. ამ შეთანხმებას თითქოს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ჩეჩნებმა პოლიტიკურად მოიგეს - კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩეჩნეთი, როგორც ცალკე სუბიექტი. ზუსტად იგივე მისწრაფება ექნებოდა (ნავთობთან დაკავშირებით) არძინბასაც. დარწმუნებული ვარ, იგი საქართველოსაგან ბაქოსთან მოლაპარაკების დამოუკიდებლად წარმოებას მოითხოვს. არადა, ნავთობსადენის აფხაზეთზე გატარება დღევანდელ პირობებში სრულიად არარეალურია. ასეთი პროექტი არც განიხილებოდა და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური იდეაა, რომელსაც იგი აფხაზ სეპარატისტთა «მოსათაფლად» იყენებს.
    განვლილმა წლებმა დაგვარწმუნა, რომ არძინბა არც ისეთი მიამიტია, როგორც მავანს ჰგონია. არანაირ პრინციპულ დათმობაზე ნავთობსადენის სანაცვლოდ იგი არ წავა, ანუ არ დათანხმდება ლტოლვილთა დაბრუნებას თუნდაც გალის რაიონში და, მით უფრო, საქართველოს იურისდიქციის აღდგენას.
    ლეკიშვილის სტუმრობა სოხუმში ე.წ. «საკოორდინაციო საბჭოს» მუშაობის ფარგლებში ხორციელდება. სახელმწიფო მინისტრთან ერთად, გია ჭანტურიას გარდა, აფხაზეთს ეწვივნენ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით ზუბიტაშვილი და კავშირგაბმულობის მინისტრი ფრიდონ ინჯია. ორივე სფეროში ჯერჯერობით მყიფე კომპრომისია შენარჩუნებელი, რომელიც იმდენად მხარეთა შეთანხმების შედეგი არ არის, რამდენადაც ობიექტური პირობებისა. მაგალითად, დღეს სოხუმსა და თბილისს მხოლოდ ერთობლივად ძალუძთ ენგურჰესის ექსპლოატაცია, ვინაიდან სამართავ პულტს აფხაზები აკონტროლებენ, ხოლო თვით კაშხალს - ქართველები.
    რუსეთის ე.წ. «მშვიდობისმყოფელნი» დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ სტრატეგიულ ობიექტზე ბალანსის შენარჩუნებას, მაგრამ თუ ისინი დატოვებენ კონფლიქტის ზონას, ეს ბალანსი უეჭველად დაირღვევა და არავინ უწყის, რა მოხდება ენგურის კაშხალზე. შეიძლება იგი სეპარატისტებმა იგდონ ხელთ, რის შემდეგაც საქართველო იძულებული გახდება, ახალი ომი წამოიწყოს.
    რაც შეეხება კავშირგაბმულობას, ჯერჯერობით აფხაზები დათანხმდნენ გარესამყაროსთან სატელეფონო კავშირის თბილისის გავლით წარმოებაზე. ესეც დროებითი კომპრომისია, ვინაიდან ორივე მხარე ხვდება, რომ ომის განახლების შემთხვევაში კავშირი გაწყდება და აფხაზეთს ან აღუდგება ძველი სატელეფონო ხაზი სოჭის გავლით, ან იგი საბოლოოდ აღმოჩნდება იზოლაციაში.
    აღსანიშნავია, რომ სამმხრივი შეთანხმებით ორივე სატელეფონო ხაზი სოხუმიდან მოსკოვში მაინც შენარჩუნებულია. პრინციპულად ახალი შეთანხმებები სოხუმის შეხვედრაზე არ მიღწეულა. საქართველო, რა თქმა უნდა უარზეა, ნებისმიერი სახის ეკონომიკური დახმარება გაუწიოს აფხაზეთს მანამ, ვიდრე ამ ტერიტორიაზე არ აღდგება სახელმწიფოებრივი იურისდიქცია.
    აფხაზები, თავის მხრივ, არასდროს დათანხმდებიან, ჩაერთონ საქართველოს ეკონომიკურ სისტემაში ან თუნდაც აღიარონ ლარის ეკონომიკური ძალმოსილება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რის გარეშეც ერთიან ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ სივრცეზე ლაპარაკიც ზედმეტია.
    როგორც ჩანს, ორივე მხარეს მხოლოდ მოლაპარაკებათა დაფიქსირება სურდა და არა კონკრეტული შედეგის მიღწევა, რისი განხორციელებაც ამ ეტაპზე შეუძლებელი ჩანს. ამ ფონზე ერთადერთი საგულისხმო მომენტი ის არის, რომ აფხაზები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას დასავლეთ საქართველოში. ანუ ჯერ კიდევ აქვთ იმედი ქართველთა შორის ახალი სამოქალაქო ომისა, რაც  1993 წელს მათთვის ყველა სტრატეგიული პრობლემის გადაჭრის საშუალებად იქცა და კვლავაც უდავოდ გახდება, თუ ენგურის აქეთ გონიერებამ არ გაიმარჯვა.

მერიდიანი, 27 თებერვალი, 1998 წ.