ლარს დროული შველა სჭირდება

ლარს დროული შველა სჭირდება

 

    ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ფაქტობრივად, ეს პირველი შემთხვევაა 1995 წლიდან), ედუარდ შევარდნაძემ შეშფოთება გამოთქვა «ლარის მოქმედების არეალის შევიწროვების» გამო. მისი თქმით, «1995 წლიდან აღებული ტემპი რომ არ შეგვეჩერებინა, ახლა კომერციული ბანკების დეპოზიტზე ასეულობით მილიონი დოლარი იქნებოდა დაგროვილი»
    პრეზიდენტი თვლის, რომ საბანკო სისტემას გვერდს უქცევს იგივე ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც სისტემის გარეთ ბრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსმა ნელ-ნელა დაიწყო დაწევა (თუმცა ამას ინფლაცია ჯერ არ გამოუწვევია), სპეციალისტთა აზრით, ეს არ იწვევს ხელისუფლების შეშფოთებას. ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები გააჩნია საიმისოდ, რათა მტკიცედ აკონტროლოს ლარის კურსი და მისი სტაბილურობა შეინარჩუნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორი-სამი წლის განმავლობაში წარმოება საერთოდ გაჩერებული იქნება, ხოლო ლარი მხოლოდ დოლარს ჩამოეკიდება. მაგრამ ლართან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ეს უკვე ცხადია. წინააღმდეგ შემთხვევაში, განგაშის ზარს არავინ შემოკრავდა.
    მართლაც, ლარის მოქმედების არეალი ვიწროვდება როგორც გეოგრაფიულად, ასევე ეკონომიკური სეგმენტის თვალსაზრისით. საქართველოს ზოგიერთ რაიონში (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, ყაზბეგის რაიონში) ლარის გარდა თავისუფლად ბრუნავს სხვა, უცხო ქვეყნის ვალუტა – ძირითადად, რუსული რუბლი, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას: რუსეთის მთავრობის შარშანწინდელი გადაწყვეტილებაც რუბლისათვის «ზედა და ქვედა ზღვარის», ანუ სავალუტო კურსის «კორიდორის» შემოღების შესახებ, სწორედ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ვალუტათა არეალის შეზღუდვისკენ იყო მიმართული, ვინაიდან, რუბლის ინფლაცია ობიექტურად ხელს უწყობდა ეროვნულ ვალუტათა განმტკიცებას - მოსახლეობა მათ უფრო ენდობოდა, ვიდრე რუსულ ფულს.
    ამდენად, რუს ფინანსისტებსა და ბანკირებს სურდათ ამ ვითარების აღდგენა, რომელიც ე.წ. «კუპონის ეპოქაში» არსებობდა. ამ მცდელობამ ნაწილობრივ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია: ლარის მცოცავი ინფლაცია სწორედ მაშინ დაიწყო, როცა რუბლი გარკვეულ ჩარჩოში გაიყინა. თუმცა ყველაფერს მხოლოდ რუბლსა და ფინანსური იმპერიალისტების ხრიკებს ნუ დავაბრალებთ. რუბლი საერთოდაც რომ არ არსებობდეს, საქართველოში თავისუფლად ბრუნავს გაცილებით მყარი და ძლიერი, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ვალუტა - ამერიკული დოლარი.
    ამჟამად მსხვილი გარიგება სწორედ დოლარით ხდება და არა ლარით. დოლარით ყიდულობენ და ყიდიან მიწებს, ავტომანქანებს და ა.შ. გარდა ამისა, მოსახლეობა კვლავინდებურად არ ენდობა ბანკებს - ასეულობით მილიონი, შესაძლოა, მილიარდობით დოლარიდან საბანკო სტრუქტურებში მიზერული თანხა ხვდება.
    მიზეზი სავსებით გასაგებია – არ არსებობს გარანტია, რომ ფული არ დაიკარგება ან ბანკირი ფულს უცხოეთის ბანკში არ გადარიცხავს და თავადაც არ გაუჩინარდება. ამიტომ დღემდე შენარჩუნებულია საბანკო ურთიერთობის ველური ფორმა: კრედიტი შეიძლება აიღოთ მხოლოდ იმ პირობით, თუ შესაბამის ფასეულობას (ოქროს, ბრილიანტს) დატოვებთ. ეს არაჯანსაღი ურთიერთობაა და არა მხოლოდ ეკონომიკისა და საბანკო სისტემის, არამედ თვით სახელმწიფოს სისუსტეზე მეტყველებს. იმავე დასავლეთში საბანკო გარიგება (დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად ასეა) ზოგჯერ დოკუმენტების ხელმოუწერლადაც კი ხდება - უბრალოდ, ხელის ჩამორთმევით და სიტყვიერი შეთანხმებით. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბანკირმა იცის, ვის ენდოს. კიდევ ერთი, ძალზე სერიოზული პრობლემაა რუსული რუბლის უკონტროლო შემოსვლა იმ რეგიონებში, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესთა გაკონტროლების საშუალება არ გააჩნია.
    გალიდან და ცხინვალიდან რუბლი ქვეყნის სხვა რაიონებში ვრცელდება. მაშასადამე, ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება სასარგებლო კი არა, საზიანოა იურისდიქციის სრულ აღდგენამდე. ვერა და ვერ გადაწყდა რუსი სამხედროებისათვის ხელფასის ლარით გადახდის საკითხი, რაც სერიოზულად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას.
    ალბათ დადგა დრო ითქვას, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის. პოლიციამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა დოლარის ან რუბლის ბაზარზე თავისუფლად ბრუნვის აკრძალვის მიზნით. რამდენიმე ასეთ მოვაჭრეს თუ მწარედ დააჯარიმებენ, სხვებს სურვილი გაუქრებათ. რაკი სახელმწიფოებრივი ტრადიცია არ გაგვაჩნია, ეს ტრადიცია მოსახლეობას ზოგჯერ ძალით უნდა მოეხვიოს თავს - სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის.

მერიდიანი, 27 მარტი 1998 წ.