აფხაზეთში ქართველი პარტიზანები გააქტიურდნენ

აფხაზეთში ქართველი პარტიზანები გააქტიურდნენ

 

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ გააქტიურდა ქართული პარტიზანული რაზმი «თეთრი ლეგიონი», რომელმაც ცენტრალური აფხაზეთის ტერიტორიაზე განახორციელა რამდენიმე ფართომაშსტაბიანი დივერსია.
    აფხაზურ მხარესთან შეტაკებისას ლიკვიდირებულია ასამდე სეპარატისტი, მათ შორის აფხაზეთის ე.წ. «შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე» სმირი. ამავე დროს პარტიზანებმა ენგურის ხიდთან (!) ტყვედ აიყვანეს «აფხაზეთის გმირი» კაიტანბა, რომელიც ზუგდიდის ტერიტორიაზე «დასაზვერად» იყო გადმოსული.
    ბოლო ეპიზოდი გასაკვირი არ უნდა იყოს - სეპარატისტები თავისუფლად «დასეირნობდნენ» საქართველოს ტერიტორიაზე - სარგებლობდნენ რა ჩვენი უშიშროების სამსახურის გულარხეინობით».
    სწორედ ამიტომ, «ლეგიონი» არ ჩქარობს კაიტანბას ქართული სპეცსამსახურებისათვის გადმოცემას, რათა ჯერ თავად მიიღოს სრული ინფორმაცია აფხაზეთში შექმნილი ამჟამინდელი ვითარების შესახებ.
    როგორც ჩანს, ვითარება კვლავ დაძაბულია და კატასტროფულ ზღვარს უახლოვდება. მიუხედავად აფხაზ სეპარატისტთა «გამარჯვებისა», რის შედეგადაც მათ ქართული მოსახლეობა თითქმის მთლიანად გააძევეს აფხაზეთიდან, ეს ტერიტორია კვლავ ბლოკირებულია რუსეთის მხრიდან (კრემლი ამ გზით ცდილობს საქართველოსთან კომპრომისის მიღწევას); ეკონომიკა ჩამკვდარია, კურორტები ცარიელი, აფხაზური მოსახლეობა რუსეთში გარბის - არძინბა და მისი ხროვა კი «უჯარო გენერლებს» ემსგავსებიან.
    ფაქტობრივად, ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ანიჭებს ცხოველმყოფელობას აფხაზეთს, არის ენგურიდან მიწოდებული ელექტროენერგია. აფხაზეთი დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ გაჩახჩახებულია, თუმცა «საქენერგოს» ხელმძღვანელმა დავით ზუბიტაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პარლამენტის სპეციალურ მოსმენებზე მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა: «ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა იმისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთს შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა ჩვენც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით», იგულისხმება, რომ საქართველოს ძალუძს «ძველი კალაპოტით» გაუშვას ენგური.

მერიდიანი, 7 ნოემბერი, 1997 წ.