კრახის ფარდობითობა

კრახის ფარდობითობა

 

    ალბათ ყველასათვის, ვინც ბოლო ჟამს საქართველოში განხორციელებულ პარანოიდულ «ცნობიერ რევოლუციაში» ოდნავ მაინც შეინარჩუნა საღი, კრიტიკული აზროვნების უნარი, უკვე ნათელია: 14 მაისის ხელშეკრულებით დაწყებული «სამშვიდობო ოპერაცია» სრული კრახით დასრულდა, მაგრამ თუ გენიალური აინშტაინის «ფარდობითობის პრინციპის» პროეცირებას პოლიტიკურ რეალობაზე მოვახდენთ, შეიძლება დავასკვნათ: ეს კრახიც ფარდობითია ანუ - «ვისთვის როგორ». ზოგიერთისთვის კრახია, ზოგიერთისთვის - ბრწყინვალე გამარჯვება.
    აფხაზთა დღევანდელ ლიდერს, მისი ქართველი კოლეგისაგან განსხვავებით, ნამდვილად შეუძლია იზეიმოს გამარჯვება. ფარდობითობის ამ პოლიტიკურ განტოლებაშიც არის აბსოლუტური სიდიდე - რუსეთი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება, მიუხედავად იმისა, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები: მან უკვე შექმნა ისეთი კონსტრუქცია, რომლის დარღვევა პოლიტიკის კანონთა უარყოფა იქნებოდა. პოლიტიკური კანონები კი (იმავე აინშტაინის თქმით) ფიზიკის კანონებზე უფრო მტკიცეა.
   

* * *

    რამდენიმე ეპიზოდი განსაკუთრებით მკაფიოდ შემორჩა ჩემს მეხსიერებას. მკითხველს ახსოვს - მთელი აკადემიური ინსტიტუტები კამათობდნენ, ნიშნავს თუ არა ფრაზა «От реки Энгури» - მდინარე ენგურის მხოლოდ მარჯვენა ნაპირს.
    ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ დიახ, სწორედ ამას ნიშნავს. მაშინ როცა ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობდა: თუ საუბარია დაპირისპირებულ მხარეებზე, მაშინ «Отвод войск от реки Энгури» ნიშნავს მათ გაყვანას არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიასა და გალის რაიონში, არამედ მდინარის ორივე მხარეს. ასეთი განმარტების ჭეშმარიტება მთლიანად დაადასტურა 14 მაისის ხელშეკრულებამ.
    ამ ხელშეკრულების თაობაზე გამართულ ცხარე დისკუსიებშიც გაიჟღერა იმავე აბსურდულმა ნოტამ. ერთი სახელმწიფო მოხელე მისთვის ჩვეული მენტორული ტონით უმტკიცებდა გაანჩხლებულ ოპოზიციონერებს: სამშვიდობო ჯარი შემოდის გალის რაიონში, ხოლო ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე მხოლოდ დამკვირვებლები იქნებიან. ხსენებულ მოხელეს, მიუხედავად ესოდენ აშკარად და სწრაფად გამოაშკარავებული ტყუილისა, - სირცხვილის გრძნობა ნამდვილად არ ეტყობა.
    მესამე ეპიზოდი სახელმწიფოს მეთაურთანაა დაკავშირებული. გახსოვთ ალბათ, რა სინანული გამოეხატებოდა ხოლმე სახეზე ბ-ნ ედუარდს, როცა იმ ოპოზიციონერებზე საუბრობდა, რომლებიც 14 მაისის ხელშეკრულების «გენიალურ სიღრმეებს» ვერ სწვდებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რამდენად «მომგებიანი, პერსპექტიული და შორსმჭვრეტელური იყო ეს ხელშეკრულება საქართველოსთვის».
    ასე ალბათ მხოლოდ იმ ავადმყოფებზე საუბრობენ, რომელთაც უმარტივეს სიტყვა-ცნებათა ერთ სისტემად შეკრება არ შეუძლიათ, ანუ (სამედიცინო ენით რომ ვთქვათ) საბრალო იდიოტებზე.
    იმავე დისკურსში შეიძლება გავიხსენოთ ნიშნის მოგებით აღსავსე ტონი, რომლითაც ითქვა საბოლოო ფრაზა საქართველოს პარლამენტში: «ვისაც გაინტერესებთ, გეტყვით - რუსეთის ფედერაციის საბჭომ. . . მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეყვანის თაობაზე. დიახ!»
    ეგეც თქვენ!
   

* * *

    რუსეთის შეიარაღებული ძალები კი ჩვეული პროფესიონალიზმითა და სიზუსტით მოქმედებენ. კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ჯგუფის ორი მძლავრი სამხედრო ქვედანაყოფი (ძირითადად მოტომსროლელები) ბათუმიდან და გიუმრიდან დაიძრნენ სამეგრელოსკენ. უმოკლეს ვადებში შექმნეს საგუშაგოები (ცაიშიდან - ენგურამდე), თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ყველა საავტომობილო ტრასა, ყოველი მნიშვნელოვანი ობიექტი, შავი ზღვის სანაპირო და აეროპორტები.
    ამავე დროს, რუსეთიდან აფხაზეთში შემოიყვანეს ორი სადესანტო ბატალიონი, რომელთაც ზუსტად ასეთივე ოპერაციები ჩაატარეს გალის რაიონში და ენგურის მარჯვენა ნაპირზე შედგნენ.
    დამკვირებლებმა, მთელ მსოფლიოში, უმალვე შენიშნეს ის, რაც ვერ (ან არ) შენიშნეს ჩვენმა პოლიტოლოგებმა. რუსეთი ქმნიდა აშკარად არაბუნებრივ კონსტრუქციას: თუ მას მართლაც ჰქონდა განზრახული ლტოლვილთა დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერი უზრუნველყოფა, ხომ გაცილებით უფრო ლოგიკური და ბუნებრივი იქნებოდა ენგურის ორივე მხარეს შემოყვანილიყო რომელიმე დივიზია (მოტომსროლელთა თუ სადესანტო - ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა) ერთიანი სარდლობით, მართვის ერთიანი სისტემით, ერთიანი საინფორმაციო უზრუნველყოფითა და რაც მთავარია, ერთიანი პასუხისმგებლობით.
    რეალურად კი, ბათუმელი მოტომსროლელები და ტულელი მედესანტენი პირისპირ ისე დადგნენ, თითქოს ორი სხვადასხვა არმიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
    უფრო მეტიც, ენგურის ხიდთან განლაგებულ სამხედრო პოსტებს თურმე უფლება არა აქვთ, უშუალო კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან! იმისათვის, რომ რაიმე პრობლემა გადაწყვიტოს, ხიდის მარცხენა ნაპირზე განლაგებული პოსტის ოფიცერი უნდა დაუკავშირდეს დაბა რუხში, იპოდრომის ტერიტორიაზე განლაგებულ შტაბს, იქედან დაუკავშირდებიან გაერთიანებულ შტაბს სოხუმში, სოხუმიდან - გალს, ხოლო გალიდან მისცემენ ბრძანებას მეორე საგუშაგოს, რომელიც პირველისაგან სამასიოდე ნაბიჯითაა დაშორებული - ოღონდ ხიდის მარჯვენა კიდეში იმყოფება.
    ერთი შეხედვით მართლაც აბსურდია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, თუ ამ კონსტრუქციას სხვა კუთხით შევხედავთ, ნათელი გახდება მისი დანიშნულება.
    საქმე ის არის, რომ კონსტრუქცია გათვლილია სიტუაციაზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ დარწმუნდება სამშვიდობო ოპერაციის კრახში და რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასეთ შემთხვევაში ჯარი გავა მხოლოდ ზუგდიდის რაიონიდან, ანუ ბათუმისა და გიუმრის დივიზიათა ქვედანაყოფები დაუბრუნდებიან დისლოკაციის ადგილებს. გალიდან კი ჯარი არ გავა – რუსი სამხედროები უეჭველად მიუთითებენ საერთაშორისო სამართლის იმ დებულებაზე, რომლის თანახმად, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალთა მოქმედება მკაცრად უნდა ეთანხმებოდეს ორივე მხარის ინტერესებს.
    თუ ამ ჯარის შემოყვანა მოხდა ორივე მხარის თანხმობით, მათი გაყვანაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმავე პროცედურის დაცვით. ანუ არძინბასა და შევარდნაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
    ეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ დადგენილი რეჟიმი არ არის, - საერთაშორისო სამართალია და გაერო, რომელიც რუსეთს ამ კონსტრუქციაში სწორედ სამართლის ნორმათა უზრუნველყოფისათვის დასჭირდა, ეჭვგარეშეა მხარს დაუჭერს «კონსესუსის პრინციპს» ჯარების გაყვანისას.
    თავისთავად ძალზე საინტერესო თემაა გაეროს როლი ამ დაპირისპირებაში. ეს ორგანიზაცია, უპირველეს ყოვლისა, წევრი სახელმწიფოს (საქართველოს) ინტერესების დაცვით უნდა იყოს დაკავებული. მაგრამ ზემოთხსენებულ კონსტრუქციაში რეალურად იგი სულ სხვა ფუნქციას ასრულებს.
    მაგალითი: გაეროს წარმომადგენლები დაეთანხმნენ არძინბას გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მოლაპარაკება ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე მანამ, ვიდრე «ქართული შეიარაღებული ფორმირებანი კოდორის ხეობას არ დატოვებენ».
    ეს ფორმირებები კი (იმთავითვე ნათელი იყო), ხეობას ვერ დატოვებენ, რადგან ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან შედგებიან და საკუთარ მიწა-წყალს იცავენ.
    ეს რომ იმთავითვე «ნათელი იყო», სწორედ ამიტომ შეიტანეს, აფხაზთა დაჟინებული მოთხოვნით, ხსენებული პუნქტი 14 მაისის ხელშეკრულებაში - არძინბამ და მისმა მოსკოველმა მრჩევლებმა შესანიშანავდ იცოდნენ: როცა პროცესი ამ წერტილს მიაღწევდა, იგი უეჭველად გაიყინებოდა ერთ ადგილას და საქართველოს ხელთ შერჩებოდა ყოვლად მიუღებელი რეალობა: ენგურზე დგას რუსეთის ჯარი, რომელიც მდინარის გასწვრივ სასაზღვრო მავთულხლართებს ჭიმავს; ამავე დროს, ვერც ერთი ლტოლვილი ვერ ბრუნდება გალში და გამწარებული ადამიანების ასი ათასიანი მასა (აი, ამას მივაქციოთ განსაკუთარებული ყურადღება) ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამეგრელოში გარკვეული  პროცესების განვითარებისათვის.
    ხაზს ვუსვამ: არა ისეთი პროცესების, როგორსაც ადგილი ჰქონდა სამოქალაქო ომის პერიოდში, არამედ სულ სხვა სახის პროცესების, რომლებიც ქართული ეროვნული სხეულის საბოლოო დაშლას შეუწყობს ხელს.
    რუსეთს ამჟამად სწორედ ამ პროცესთა სტიმულირება სურს. მაგრამ ეს მისი პროგრამა–მაქსიმუმია. ჩვენ კი, ამჟამად, «პროგრამა მინიმუმზე» ვმსჯელობთ - აფხაზეთის საქართველოდან მოწყვეტაზე.
    აქვე ვიტყვი, რომ ასეთი პერსპექტივით შეძრწუნებულ საქართველოს ხელისუფლებს იგი ერთგვარ «მაშველ რგოლსაც» გადაუგდებს - რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრირების სახით.
   

* * *

    არძინბამ კი, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაშიც, ისევე როგორც 27 ივლისის ხელშეკრულების ხელმოწერისას, საკმაოდ მარტივ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის განსაცვიფრებლად ეფექტურ ხერხს მიაგნო - იურიდიულ დოკუმენტთა ორაზროვნებისა და მათი ინტერპრეტირებისას წარმოშობილი სირთულეების ამ ხელშეკრულების დარღვევისათვის საჭირო საბაბად გამოყენებას.
    გავიხსენოთ: 27 ივლისის ხელშეკრულებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, აფხაზეთიდან გაეყვანა ყველა შეიარაღებული ფორმირება.
    ქართველი პოლიტიკოსები (მათ შორის სახელმწიფოს მეთაური), რა თქმა უნდა, მიიჩნევდნენ, რომ ეს ტერმინი არ გულისხმობდა ადგილობრივ ფორმირებებს - ანუ სოხუმელ და ოჩამჩირელ მებრძოლებს და რომ გამოყვანილი უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ის ფორმირებანი, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებიდან შევიდნენ აფხაზეთში. აგრეთვე გაყვანილი უნდა ყოფილიყო სამხედრო ტექნიკა - ამ საქმეში რუსეთის საზღვაო ფლოტმა «დიდი დახმარება» გაგვიწია.
    მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ქართული მხარის ინტერპრეტაცია იყო.
    აფხაზური მხარის განმარტებით კი, საქართველომ 27 ივლისის ხელშეკრულება დაარღვია. მათი შეხედულებით, ტერმინი «ქართული შეიარაღებული ფორმირება» გულისხმობს ყველა ფორმირებას, რომელიც ემორჩილება საქართველოს ხელისუფლებას და მოქმედებას (ან შეიძლება იმოქმედოს) მისი ინტერესების დასაცავად.
    15 სექტემბერსმ საქართველოს სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა ბოლო რუსულმა გემმა დატოვა სოხუმი; 16 სექტემბერს აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება, რაც სწორედ ამ დოკუმენტის საკუთარი ინტერპრეტაციით გაამართლეს.
    ზუსტად ასეთი სქემა მეორდება დღესაც. ოღონდ, ნაცვლად სოხუმისა, საუბარია კოდორის ხეობაზე.
    შედეგად, ლტოლვილებს მოეკვეთათ სამშობლოში დაბრუნების ყოველგვარი გზა - როგორც ფაქტობრივი, ასევე იურიდიული.
    გაეროს ბიუროკრატებისათვის «ადამიანი მხოლოდ დამატებაა ამა თუ იმ იურიდიულ დოკუმენტზე». რუსი პოლიტიკოსები კი სოჭის კორტებზე ჩოგბურთს თამაშობენ. შესვენებისას - ხელოვნების ნიმუშებით ტკბებიან.
   
   

* * *
   
   

    ზემოთთქმულთან დაკავშირებით ჩნდება ერთი შეხედვით რიტორიკული, მაგრამ სავსებით ლოგიკური კითხვა: რამდენჯერ შეიძლება მოტყუვდეს ჭკვიანი კაცი?
    არ ვამბობ «გენიალური», «მაღალნიჭიერი», «თვალსაჩინო», «ბრძენი». ვამბობ, უბრალოდ ჭკვიანი. ჩემი ღრმა რწმენით ძალზე ჭკვიანი კაცი საერთოდ არ შეიძლება მოტყუვდეს. უბრალოდ ჭკვიანი კაცი შეიძლება მოტყუვდეს ერთხელ, ნაკლებად ჭკვიანი - შესაძლოა მოტყუვდეს ორჯერ ან სამჯერაც, ოღონდ სხვადასხვა ხერხია და მეთოდის გამოყენებით.
    მაგრამ როცა ოთხგზის გატყუებენ, ოთხგზისვე ერთი და იგივენი გატყუებენ, და რაც მთავარია, ოთგზისვე გატყუებენ ერთი და იგივე ხერხით, ერთი და იგივე მეთოდით, მაშინ ან იდიოტი ხარ, ან ძალით იტყუებ თავს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნი, თითქოს გატყუებენ და ვერ ხვდები.
    თუმცა ჭკუაც, ისევე როგორც ყველაფერი ამ საოცრად მრავალფეროვან და გრანდიოზულ სამყაროში, შეფარდებითი ცნებაა.

«7 დღე», 26-30 აგვისტო, 1994 წელი.