იმპერატორის ვიზიტი კავკასიაში     გეოპოლიტიკურად, კავკასიაში თბილისი უკვე ჩამოვიდა თავის ფსონს...

იმპერატორის ვიზიტი კავკასიაში     გეოპოლიტიკურად, კავკასიაში თბილისი უკვე ჩამოვიდა თავის ფსონს...

 

    …რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ელცინი დასასვენებლად სოჭს მიბრძანდებოდა.
    ეს შეიძლება არც ყოფილიყო საინტერესო ქართველი მკითხველისათვის, რომ არა ერთი დეტალი: სოჭში ჩასვლამდე ბორის ელცინი ნალჩიკში შეჩერდება და მოლაპარაკებას გამართავს ყაბარდო-ბალყარეთს პრეზიდენტ ვალერი კოკოვთან.
    ზოგს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც: განა სულ ახლახან, «შვებულებაში გასვლამდე» ორიოდე დღით ადრე, არ შეხვდა ელცინი კოკოვს მოსკოვში? რა თქმა უნდა შეხვდა და სამი საათის განმავლობაში ესაუბრა კიდეც, მაგრამ ნალჩიკში (ყაბარდოს დედაქალაქში) ვიზიტს უფრო დემონსტრაციული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული. ყველა საჭირო დავალება კოკოვმა ელცინისაგან ტელეფონითაც ხომ შეიძლება მიიღოს...
    რუსეთის ტელევიზიამ ამ ვიზიტს ჭეშმარიტად გრანდიოზული მასშტაბი მიანიჭა - თითქოს იმპერატორი ალექსანდრე III ჩამობრძანებულიყო ჩერქეზეთში და სიბრალულის თვალი მოევლო მის მიერ დათრგუნული კავკასიისათვის - ელცინს კარგა ხანია უქმნიან «იმპერატორის იმიჯს». თუმცა, მისი უფლებამოსილება რეალურად დიდად არც განსხვავდება შეუზღუდავი მონარქის უფლებებისაგან...

    მივაქციოთ ყურადღება: ფართოდ პროპაგანდირებული ვიზიტი ნალჩიკში შედგა მას შემდეგ, რაც თბილისში პარაფირებულია რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება სამხედრო ბაზების შესახებ, რომლის ძალითაც, რუსეთმა უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მიიღოს 4 სამხედრო ბაზა 25 წლის ვადით. უაღრესად საინტერესოა, რომ ამ ხელშეკრულებას აფხაზური მხრიდან ცოტა მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა - უფრო სწორად, მოულოდნელი ის იყო, რომ მას რეაქცია არ მოჰყოლია. გახსოვთ ალბათ, რა მწვავედ რეაგირებდა არძინბა რუსეთ-საქართველოს სამხედრო ურთიერთქმედების თითოეულ ფაქტზე: ჯერ კიდევ ომამდე, როდესაც დაისვა შავი ზღვის ფლოტისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაყოფის პრობლემა, არძინბამ გააფთრებული პროტესტი განაცხადა იმის გამო, რომ ოჩამჩირის ბაზის საკითხი მისი მონაწილეობის გარეშე წყდებოდა. ხოლო როდესაც თბილისში პირველად ალაპარაკდნენ რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე (1994 წელს), არძინბამ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა: რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, რომლებიც დისლოცირებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე - ეს საკითხი აფხაზეთის გადასაწყვეტია, რომელსაც სურს დადოს შესაბამისი ხელშეკრულება რუსეთთან (იგულისხმება ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის).
    საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებებს, თავად გადაეწყვიტა აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარების ბედი, არძინბამ მაშინ «აბსურდული» უწოდა - აქაოდა, თბილისის იურისდიქცია აფხაზეთში არ ვრცელდებაო.
    დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თავად განსაჯეთ: 22 მარტს, თბილისში პარაფირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, არძინბამ განაცხადა: «ეს ხელშეკრულება საქართველოს საშინაო საქმეა - იგი არ ეხება აფხაზეთს». არადა, არძინბამ და მისმა გუნდმა ხომ შესანიშნავად უწყიან: დოკუმენტში ფიგურირებს გუდაუთის ბაზა, ანუ ეს საკითხი უდავოდ უკავშირდება აფხაზეთში არსებულ ვითარებას.
    სინამდვილეში, სეპარატისტთა ლიდერები რომ უაღრესად შეშფოთებულნი და აღშფოთებულნი არიან ხელმოწერილი დოკუმენტით - სწორედ მათი ამ მოჩვენებით გულგრილი რეაქციიდან ჩანს. ისინი ამ გზით ცდილობენ, არ წარმოაჩინონ თავისი აღელვება, რათა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსეთისადმი დათმობების გზით ცდილობს აფხაზეთის პრობლემების გადაწყვეტას, მუდმივ ეჭვში იმყოფებოდეს (ვერ მიხვდეს, რომ «სწორ გზას» მიაგნო) და, ამავე დროს, აფხაზებმა განაგრძონ ფარული ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე.
    ამ ზეწოლის მექანიზმიც ადვილად წარმოსაჩენია: ჩეჩნეთის კრიზისი ამჟამად ურთულეს ფაზაში შედის - ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში იწყება პარტიზანული ომი. არავინ იცის, რა მასშტაბის იქნება იგი და რამდენად გაიჭიმება დროსა და სივრცეში. ჩეჩნები გამალებით ეძებენ მხარდამჭერებს. მათი ბუნებრივი მოკავშირენი არიან ადიღური მოდგმის ტომები (აფხაზები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, საკუთრივ ადიღები), რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.
    მიუხედავად დუდაევის მოწოდებებისა, ეს ხალხები დღემდე მაინც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. ყოველ შემთხვევაში, საქმით არ უჭერენ მხარს ჩეჩენ მეამბოხეებს. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადიღურ მმართველ ელიტას ეს ძალიან ძვირად უჯდება - პლებსი, რომელიც ნაკლებად ერკვევა პოლიტიკურ ნიუანსებში, უფრო აქტიურ მოქმედებას მოითხოვს.
    გარდა ამისა, ადიღური მოდგმის ტომებს ვაინახებზე ნაკლებად როდი აქვთ განვითარებული ანტირუსული ინსტიქტი - მათი საბოლოო სტრატეგიული მიზანი იგივეა: მოიპოვონ დამოუკიდებლობა და გაერთიანდნენ მთიელთა კონფედერაციაში.
    ჯერ-ჯერობით, ჩეჩნეთის ამბებში მათი აქტიური ჩართვის საშიშროებას კრემლი უხეში შანტაჟით იცილებდა თავიდან - გახსოვთ ალბათ შუმეიკოს განცხადებები არძინბასთან დაკავშირებით, მაგრამ უკმაყოფილება ამ ხალხთა ფართო მასებში თანდათან მწიფდება.
    ამიტომ, არ არის გამორიცხული, არძინბასა და მის თანამზრახველებს ჩაფიქრებული ჰქონდეთ მორიგი პროვოკაცია. ოღონდ, ამჯერად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის წინააღმდეგაც. ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტმა, ვალერი კოკოვმა განაცხადა, რომ ნალჩიკში ვიზიტის დროს იგი «შეეცდება დაარწმუნოს ბორის ელცინი კავკასიაში არსებულ კონფლიქტთა მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობაში».
    კოკოვს აქ მხოლოდ ჩეჩნეთის კონფლიქტი არ უგულისხმია. როგორც ცნობილია, ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ იმ პირობით დართო ნება თავდაცვის მინისტრ ნადიბაიძეს, მოეხდინა დოკუმენტის პარაფირება, თუ რუსეთი რეალურად დაეხმარებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში (იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, ლტოლვილთა დაბრუნება).
    რუსეთმა თითქოს უკვე დაიწყო კიდეც მოქმედება ამ მიმართულებით: როგორც იმავე რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, გრაჩოვი შეხვდა ვლადისლავ არძინბას და კატეგორიულად მოსთხოვა მას დათანხმებულიყო აფხაზეთში საქართველოს შინაგანი ჯარის შეყვანაზე (ლტოლვილთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად), ხოლო მას შემდეგ, რაც არძინბამ ამაზე სასტიკი უარი განაცხადა, გრაჩოვმა მას შესთავაზა რუსეთის საპოლიციო ნაწილების შემოყვანა გალის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებში.
    არძინბა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ამ წინადადების მიღება მისთვის პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს, ვინაიდან საკუთარი ხალხი აუჯანყდება («ქართველ ოკუპანტთა» დაბრუნების გამო), ხოლო მეორე მხრივ, გრაჩოვისათვის პირდაპირ უარის თქმა მას არ შეუძლია.
    სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, აამოქმედოს «ადიღური სოლიდარობის» მექანიზმი - მისი თანამზრახველები, ჩრდილოეთ კავკასიაში, უკვე ამოძრავდნენ და აგრძნობინეს რუსეთის მმართველ ელიტას: ადიღეველთა ნეიტრალიტეტი ჩეჩნეთის ომში მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ ადიღეველებმა მიიღეს გასასვლელი შავ ზღვაზე; რუსეთის დახმარებითა და დავალებით, მათ განდევნეს ქართველები აფხაზეთიდან და ამ მიწა-წყალს თავადვე უნდა დაეპატრონონ; მაგრამ თუ რუსეთი აპირებს კვლავ მხარი დაუჭიროს «ქართულ იმპერიალიზმს», მაშინ ადიღეველები პოზიციას შეიცვლიან და წინ აღუდგებიან რუსეთის მისწრაფებებს - როგორც აფხაზეთში, ასევე ჩეჩნეთში.
    მარტივი გათვლაა: ადიღურ ელიტას იმედი აქვს, რომ რუსეთი «დღევანდელ კვერცხს ამჯობინებს ხვალინდელ ქათამს» და, ჩეჩნეთის კრიზისში ახალი ფაქტორის ჩართვის თავიდან ასაცილებლად, უარს იტყვის საქართველოსთან უაღრესად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაზე.
    თუ რუსეთი ამაზე უარს არ იტყვის და მაინც შეეცდება გუდაუთაზე ზეწოლის გზით პრობლემის გადაწყვეტას ნაწილობრივ საქართველოს, ხოლო ნაწილობრივ - თავის სასარგებლოდ, მაშინ ადიღური ელიტა მზად არის დაიწყოს ამბოხება რუსეთის წინააღმდეგ. ოღონდ ისე, რომ ამბოხმა გაამწვავოს შიდაპოლიტიკური ვითარება თვით მოსკოვში.
    მართლაც: თუკი კავკასიაში ახალი, ანტირუსული სისხლიანი კონფლიქტის ფორმალური მიზეზი ის გახდება, რომ რუსეთი რატომღაც (ჩვეულებრივი რუსი ობივატელისათვის გაუგებარი მიზეზებით) ირთულებს ურთიერთობებს «მოძმე» ადიღეველებთან საქართველოსთან დადებული შეთანხმებით, ეს უდიდეს უკმაყოფილებას გამოიწვევს თვით რუსეთში. ხოლო «მთიელთა ერთობისა» და «კავკასიის კონფედერაციის» იდეის მიმდევრები ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერენ: ჩაებმებიან ომში რუსეთის წინააღმდეგ (ჩეჩნების მხარეს), ამით გადაარჩენენ თვით «საერთოკავკასიურ» იდეას, ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანების სტრატეგიას, და, ამავე დროს, დამნაშავედ რუსული საზოგადოების თვალში თვით მოსკოვი წარმოჩინდება - ელცინის პოზიციები საბოლოოდ შესუსტდება.
    მთელი ეს გეოპოლიტიკური «პასიანსი» უაღრესად ზუსტი და შორსმჭვრეტელური აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ვერ იმუშავებს უმთავრესი ფაქტორი - რუსეთის ფიზიკური ძალა, რომელიც ყოველგვარ პოლიტიკურ გათვლაზე ძლიერი იყო ყოველთვის.
    ერთი რამ ზუსტად შეიძლება ითქვას: ამჟამად სოჭში, გუდაუთაში, ნალჩიკში, გროზნოსა და მოსკოვში უკანასკნელად ითვლიან შესაძლო ვარიანტებს გადამწყვეტი პარტიის წინ. რაც შეეხება თბილისს, იგი თავის ფსონს უკვე ჩამოვიდა და ამჟამად ისღა დარჩენია, მორჩილად ელოდოს შედეგს.

«ივერია-ექსპრესი», 1 აპრილი, 1995 წელი.