მოლაპარაკება სეპარატისტებთან კვლავინდებურად გრძელდება

მოლაპარაკება სეპარატისტებთან კვლავინდებურად გრძელდება

    გასულ კვირას თბილისს კვლავ ეწვია აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი სერგეი ბაღაფში.
    იგი, როგორც ყოველთვის, «სირბილეს» თამაშობს, - განსხვავებით არძინბასა და «გენერალურ პროკურორ» ჯერგენიასაგან.
    თუმცა შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითია, - კომკავშირული წარსულის მიუხედავად, სერგეი ბაღაფში ზემოხსენებულ «ტრიადაზე» ნაკლებად მძვინვარე ფანატიკოსი როდია.
    ამდენად, მასთან «დიალოგი» ისევე უსარგებლო და უპერსპექტივოა, როგორც არძინბასთან. მით უმეტეს, რომ «პრემიერ-მინისტრობის» მიუხედავად, ბაღაფში არ შედის იმ წრეში, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.
    ამიტომ, მასთან მოლაპარაკებას შეიძლება მხოლოდ კონკრეტული ხასიათი ჰქონდეს. ვთქვათ, ბაღაფშმა შეიძლება «საერთო საწარმოს» შექმნაზე მოაწეროს ხელი; ენგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია გაინაწილოს და ასე შემდეგ, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით (კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების მხრივ) მასთან მოლაპარაკება ისევე არაფრისმომცემია, როგორც სხვა სეპარატისტებთან.
    მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ სერგეი ბაღაფშის, არამედ სოხუმის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ნებისმიერი კონტაქტი უაღრესად ხელსაყრელია სეპარატისტთათვის.
    ბევრმა დამკვირვებელმა მიაქცია ყურადღება: რუსეთი, რომელიც «მთავარი შუამავალია» ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, არ აწარმოებს რეგულარულ მოლაპარაკებას ჩეჩნეთთან.
    არადა, ასეთ მოლაპარაკებაზე ოფიციალური გროზნო ისეთივე ხალისით წავა, როგორც სოხუმი აწარმოებს დიალოგს თბილისთან. ამგვარი მოლაპარაკებებით ფიქსირდება «არაღიარებული» რესპუბლიკის სამართალსუბიექტობა.
    თითოეული შემდგომი შეხვედრით ეს სამართალსუბიექტურობა სულ უფრო მტკიცდება.
    მოსკოვში, რასაკვირველია, ამას შესანიშნავად გრძნობენ. ამიტომაც არ ჩქარობენ ჩეჩნეთთან მოლაპარაკების პროცესის წამოწყებას. მით უმეტეს, არ ქმნიან «საკოორდინაციო საბჭოებს».

    ამგვარი საბჭოს შექმნამ ჯერ ზიანის მეტი არაფერი მოგვიტანა, - მან საშუალება მისცა სეპარატისტებს, გარკვეულწილად «საერთაშორისო არენაზე» გასულიყვნენ და თავიანთი ხედვა დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთათვისაც მოეხვიათ თავს;
    თუმცა, მეორე მხრივ, არც მოლაპარაკებათა შეწყვეტაა ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგის მომტანი. ყველაფერი ზუსტად უნდა აიწონოს;
    მორიგი «რაუნდი» სერგეი ბაღაფშის მონაწილეობით, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დამთავრდა. არძინბა და მისი წარმომადგენლები კვლავინდებურად ჯიუტად იმეორებენ: 1 მარტს ვიწყებთ ლტოლვილების დაბრუნებას;
    როგორც ჩანს, არძინბისტებს იმედი აქვთ, რომ თუკი ლტოლვილი გალის რაიონში დაბრუნდება, მიუხედავად თავისი ქვეყნის პროტესტისა, იგი უკვე საქართველოსადმი არალოიალური იქნება და პირიქით, - ლოიალური გახდება გალის ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი.
    აქ ფსიქოლოგიურ «გარდატეხაზეა» აქცენტი, რასაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი დეკლარაციის შევსებას, სადაც «აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური დებულებებისადმი ლოიალობა» იქნება დადასტურებული; მათ «რეპატრიანტმა» ლოიალურობა უნდა «შეჰფიცოს» და ეს დოკუმენტურად დააფიქსიროს.
    მართლაც, თუ გულწრფელნი ვიქნებით, გალის რაიონიდან მაისის მოვლენების დროს დევნილი ქართველი, დაბრუნებისთანავე (მით უმეტეს, არავის «წყალობით» დაბრუნების შემთხვევაში) სულ სხვა ხასიათსა და განწყობაზე იქნება.
    არძინბამ ყოველივე კვლავ ძალიან ზუსტად გათვალა. მას იმის იმედი აქვს, რომ ამ გზით დაბრუნებულ ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ «გამეგრელდება», შემდეგ «გააფსუვდება».
    არძინბასათვის სამურზაყანოში ქართული მოსახლეობის ნაწილობრივ დაბრუნება უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, კვლავ იქმნება «ბუფერი», თანაც ეს «ბუფერი» სეპარატისტთა ჯარების კონტროლს ექვემდებარება.
    გარდა ამისა, სამურზაყანოში ქართული (მეგრული) მოსახლეობის დაბრუნებით არძინბას ეძლევა საშუალება, გარკვეულწილად მართოს სიტუაცია სამეგრელოში და ბერკეტები «მოიგდოს ხელთ» სხვადასხვა ხასიათის პროვოკაციათა განსახორციელებლად.
    ამ ბერკეტთა ფლობის შემთხვევაში, იგი კიდევ უფრო «საჭირო» ხდება რუსეთისთვის და, შესაბამისად, მეტ დახმარებასაც მიიღებს. ამრიგად, იოტისოდენი ეჭვი არ შეიძლება შეგვეპაროს: 1 მარტიდან გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება ნამდვილად დაიწყება, მაგრამ ეს «დაბრუნებული ლტოლვილები» (ყოველ შემთხვევაში, არძინბას ამის იმედი აქვს) სეპარატისტული აფხაზეთისადმი უფრო ლოიალურნი იქნებიან.
    რამდენად მართებული და მიზანშეწონილია (მისი ინტერესებიდან გამომდინარე) არძინბას ეს განზრახვა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფალთა უარყოფითი პოზიცია ლტოლვილების «ცალმხრივად» დაბრუნებასთან დაკავშირებით, ნამდვილად გამართლებელია.
    ჯერ ერთი, ამით ხელისუფლება აფრთხილებს იმ ლტოლვილებს, რომელთაც ლოიალურობა (უფრო მეტიც, - ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერება) არ დაუკარგავთ: მეორეს მხრივ კი, იღებს უფლებას, მხარი დაუჭიროს (რა თქმა უნდა, არალეგალურად) პარტიზანულ მოძრაობას სამურზაყანოში. ამ მოძრაობამ არძინბისტებს უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და იგი, ალბათ, არც შეწყდება.
    ამ რეალობებიდან გამომდინარე, დამატებითი, გულისხმიერი და დაკვირვებული ანალიზი სჭირდება სეპარატისტებთან მოლაპარაკებათა გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს.
    ემოციები არას გვარგებს, მაგრამ სწორედ უემოციო, რაციონალურ მსჯელობას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ «დიალოგის» გაგრძელებას ამ ფორმითა და შინაარსით აზრი არა აქვს. უარყოფითის მეტი მას არაფერი მოაქვს.
    თუ საქმე ეხება რაიმე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტას (ვთქვათ, ენგურთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და ასე შემდეგ) - სეპარატისტებთან კონტაქტზე ტელეფონის მეშვეობითაც შეიძლება «გასვლა».
    ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არც ერთ საკითხს არ გადაწყვეტენ დადებითად (საქართველოს სასარგებლოდ), თუ თავადაც არ იქნებიან ამაში დაინტერესებულნი.
    ამდენად, «კონკრეტულ საკითხებზე» მოლაპარაკებები შეიძლება უფრო დაბალ დონეზეც გაიმართოს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო მინისტრია.
    რაც შეეხება პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, იგი უნდა შეწყდეს იმავე მოტივით, რის გამოც რუსეთი არ აწარმოებს რეგულარულ დიალოგს ჩეჩნეთთან, - სულ ერთია, მეორე მხარე არანაირ დათმობაზე არ წავა, ხოლო «საქვეყნოდ გამართული მოლაპარაკებები» (მით უმეტეს, რომ ამ მოლაპარაკებებში დროდადრო პრეზიდენტიც ერთვება) აფიქსირებს მხარეთა თანასწორუფლებიანობას.
    სწორედ ეს გახლავთ მთავარი მომენტი, სწორედ ამის გამო ცდილობს აფხაზური მხარე, გაახანგრძლივოს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მაღალ ონეზე გამართოს დიალოგი.
    არანაირ დათმობაზე, რეალურ კომპრომისზე, სეპარატისტები არ წავლენ, - მოლაპარაკებათა პოტენციალი «ამოწურულია». დიალოგი არძინას ხროვასთან იმთავითვე უპერსპექტივო იყო. ყველაზე გონივრული, შექმნილ ვითარებაში იქნებოდა მოლაპარაკების შეწყვეტა, მით უმეტეს, «საკოორდინაციო საბჭოს ფორმით», - მთელი მსოფლიოს თვალწინ და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
    უარყოფითი საქართველოსთვის ამას არაფერი მოჰყვება, თუ დადებით შედეგსაც არ გამოიღებს... დადებითი კი იმთავითვე უკვე ის იქნება, თუნდაც, რომ უარყოფითს ამგვარი «დიალოგის» შეწყვეტა არაფერს მოიტანს, უარყოფითი შედეგის არარსებობა უკვე შედეგია;
    მით უმეტეს, რომ გვინდა ეს თუ არა, მოგვწონს თუ არა, უნდა შევეგუოთ აზრს: აფხაზეთის დაბრუნება ძალის გამოყენების გარეშე (სხვადასხვა ფორმით) შეუძლებელია.

გუდაუთის პოლკმა სამშვიდობო ქურქი მოისხა

    საქართველოში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ ნიკოლაი მიხაილოვის ვიზიტი უპირველესად  იმით იყო საინტერესო, რომ გაცხადდა გუდაუთის სამხედრო ბაზის სტატუსი.
    თურმე ნუ იტყვით, გუდაუთაში არავითარი სამხედრო ბაზა არ არის, - იქ განლაგებულია «რუსეთის სამშვიდობო ძალთა ერთ-ერთი ქვედანაყოფი».
    ეს პირდაპირ თქვა მიხაილოვმა, - საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
    მიხაილოვი სამოქალაქო პირია, რაც თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა რუსეთის სამხედრო ისტორიაში. სიტყვა-პასუხითა და შოთა რუსთაველზე რემინისცენიებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ისეთი გაიძვერაა, სწორედ ამ «ძვირფასი» თვისების გამო «აიყვანეს» რუსული არმიის «ინტელექტუალურ შტაბში».
    მართლაც, გუდაუთის პოლკისთვის «ქურქის შეცვლა» სწორედ მაისი იდეა უნდა იყოს;
    სხვათა შორის, 1992 წლიდან დაწყებული, რუსული გენერალიტეტი დიპლომატიამ გაიტაცა და ამ საქმეში საკმაოდ დიდი ნიჭი, ანუ იგივე ეშმაკობა - გაიძვერობა გამოამჟღავნა; საკმარისია გავიხსენოთ პავლე გრაჩოვი და მისი «სამხედრო დიპლომატია» არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ბალკანეთზეც.
    მაშასადამე, ნიკოლაი მიხაილოვის განცხადების შესაბამისად (ეს გახლავთ სწორედ ყველაზე მთავარი) საქართველოში ამჟამად არის რუსული არმიის არა ოთხი, არამედ სამი ბაზა: ვაზიანში (თბილისთან), ბათუმში და ახალქალაქში.
    გუდაუთის დაჯგუფება უკვე «ბაზა» აღარ არის; არადა, ეს აშკარა სიყალბეა. სტრატეგიული თვალსაზრისით, გუდაუთის დაჯგუფება ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იყო ზემოთ ჩამოთვლილ ბაზებთან შედარებით, ვინაიდან მთლიანად რუსებითაა დაკომპლექტებული, თანაც, კარგად მომზადებული სამხედრო სპეციალისტებით. ახალქალაქის დაჯგუფებებში უმეტესობა სომეხია, ხოლო ბათუმისაში – ადგილობრივი ქართველი.
    გარდა ამისა, გუდაუთის დაჯგუფება აკონტროლებს კავკასიაში უდიდეს სამხედრო აეროპორტს, რომელზეც რუსეთის შეიარაღებულ ძალთა მძლავრი საავიაციო ქვედანაყოფია განლაგებული.
    ამ სამხედრო კონტინგენტის «სამშვიდობო ძალთა» ქვედანაყოფებად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ისეთივე აბსურდია, როგორც ქალაქ სევასტოპოლის ქცევა (მთლიანად მთელი ქალაქის) რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზად.
    მაგრამ რას იზამ, რუს სამხედროებს საკუთარი ლოგიკა აქვთ, რომელიც ამ ქვეყნის იმპერიალისტური პოლიტიკიდან გამომდინარეობს, თორემ სად გაგონილა «სამშვიდობო ძალთა სამხედრო ესკადრილია»? სად სამხედრო ავიაცია (მათ შორის ბომბდამშენები) და სად, - სამშვიდობო ოპერაცია?
    გუდაუთის ¹345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი (სწორედ ის პოლკი, რომელმაც 9 აპრილს მშვიდობიანი მიტინგი დაარბია თბილისში); გუდაუთაში «აღმოჩნდა» 1992 წლის აგვისტოში, - ომის პირველსავე დღეებში იგი განჯიდან (აზერბაიჯანიდან) აფხაზეთში გადაისროლეს «სამხედრო აეროპორტის დასაცავად».
    მთელი ომის მანძილზე ამ აეროდრომიდან სეპარატისტები «საზრდოობდნენ» უახლესი სამხედრო ტექნიკით.
    სადესანტო პოლკი აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში სეპარატისტთა მხარეს. პოლკის მზვერავები, არტილერისტები, მესანგრეები, სნაიპერები, ყოველნაირად ეხმარებოდნენ არძინბას არმიას საქართველოს სამთავრობო ჯართა დამარცხებაში.
    ომის დამთავრებისთანავე, როგორც კი დაიწყო მოლაპარაკება აფხაზეთში სამშვიდობო ძალთა შემოყვანის შესახებ, რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა წარმომადგენლებმა უცნაურად დაიჟინეს: ¹345 პოლკი სამშვიდობო ძალთა შემადგენლობაში უნდა შევიყვანოთო.
    ქართული მხარე (განსაკუთრებით პარლამენტი) წინააღმდეგი იყო, მაგრამ რუსებმა თავისი გაიტანეს. ახლა ცხადია, რომ ასეთი დაჟინების მიზეზი მხოლოდ საქართველოს კიდევ ერთხელ დამცირების სურვილი არ ყოფილა - მოსკოვში სურდათ «ყოველი შემთხვევისათვის» შეემზადებინათ ნიადაგი გუდაუთის დაჯგუფების სტატუსის შესაცვლელად.
    ასეთი «შემთხვევაც» სულ მალე მიეცათ: პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო ადამიამ, გუდაუთის ბაზის გაყვანა მოითხოვა. ამგვარი მოთხოვნის შესაძლებლობა წინასწარ იყო გათვლილი. რაკი გუდაუთის ბაზა უკვე ჩვეულებრივი სამხედრო დაჯგუფება არ არის, არამედ «სამშვიდობო ძალთა» ქვედანაყოფია, - იურიდიული თვალსაზრისით იგი სულ სხვა კატეგორიას განეკუთვნება.
    ფორმალურად, საქართველოს აქვს უფლება მისი გაყვანა მოითხოვოს, მაგრამ მხოლოდ მთელ სამშვიდობო ძალებთან ერთად! აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული. რუსულ გენერალიტეტში შესანიშნავად უწყიან, რომ საქართველო ამჟამად არ არის მზად სამშვიდობო ძალთა გაყვანისთვის, ვინაიდან ეს უეჭველად ომის განახლებას ნიშნავს.
    ყოველ შემთხვევაში, რისკი 60-70 პროცენტს აღწევს. ამდენად, გუდაუთის ბაზა «ცხვრის ქურქში» გაეხვია, რათა თავისი მთავარი დანიშნულება და მიზანი დაფაროს.
    როგორც ჩანს, ამ საქმეს არაფერი ეშველება, ანუ მდგომარეობა რეალურად არ შეიცვლება მანამ, ვიდრე პრინციპულად არ გადაწყდება საქართველოში რუსული ბაზების საკითხი.
    თანაც, მრავალი დამკვირვებლის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველომ ბაზების გაყვანა შეძლო, სამშვიდობო ძალები (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) მაინც დარჩებიან, ვინაიდან ომის განახლება ჩვენ არც ერთი თვალსაზრისით ხელს არ გვაძლევს. მით უმეტეს, «ორ ფრონტზე».
    ესე იგი, გუდაუთელი «მშვიდობისმყოფელების» საკითხი სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, რუსებმა კიდევ ერთხელ მზაკვრულად კი მოგვატყუეს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს გუდაუთის დაჯგუფება აფხაზეთში სამშვიდობო ძალებთან ერთად დარჩება თუ არა. სულ ერთია, ვიდრე ენგურის სანაპიროზე რუსი ჯარისკაცი დგას, იქ დგას რუსეთის სახელმწიფო. მიხაილოვმა სამხედრო ტექნიკისა და ობიექტების გადმოცემაზე ცივი უარი «გვტკიცა».
    ეს ასეც იყო მოსალოდნელი, ვინაიდან მოსკოვი მოითხოვს «ბაზების თაობაზე» ხელშეკრულების რატიფიცირებას. საქართველო კი ამას არ თანხმდება (არც დათანხმდება) აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტამდე.
    ალბათ, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა «ბაზების გაყვანის» თაობაზე საკითხის განუწყვეტლივ მუსირება, რათა კუთვნილი სამხედრო ქონებიდან და ობიექტებიდან რუსეთს ნაწილი მაინც წავგლიჯოთ.

პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში «ეროვნების» ჩაწერა ქართველი ერის მთლიანობასაც საფრთხით ემუქრება

    დისკუსია იმის თაობაზე, უნდა იყოს თუ არა აღნიშნული პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მოქალაქის ეროვნება, ახალ-ახალ ძალას იკრებს.
    ამ ნაბიჯის (მოწმობაში «მეხუთე გრაფის» აღდგენის) მომხრეებს დღემდე არ გაუციათ პასუხი ელემენტარულ კითხვაზე: რატომ ხდება, რომ ყველა ქვეყანაში დედამიწის ზურგზე, სადაც ეს საკითხი ისმება, სწორედ ეროვნული უმცირესობები იბრძვიან აქტიურად «ეროვნების აღმნიშვნელი გრაფისთვის», ხოლო ეროვნული უმრავლესობის წარმომადგენლები ყოველთვის წინააღმდეგნი არიან,
    ასეთი კანონზომიერება ხომ არ შეიძლება შემთხვევითი იყოს?! მაგრამ დავანებოთ ამას თავი; გავაანალიზოთ, ეგრეთ წოდებული «კომპრომისული» ვარიანტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს «მომხრეებმა»: პასპორტში ეროვნება არ აღინიშნოს (იგულისხმება დოკუმენტები, რასაც «ჩვენში საზღვარგარეთის პასპორტს უწოდებენ», ხოლო «პირადობის დამადასტურებელი მოწმობის» აღებისას ყველა ადამიანმა თავად განსაზღვროს საკუთარი ეროვნება.
    სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ «კომპრომისული» ვარიანტის ავტორებს იმაზე თუ უფიქრიათ, რა შეიძლება ამგვარ გადაწყვეტას მოჰყვეს ქართველი ერის ეთნიკური მრავალფეროვნების გათვალისწინებით?
    მადლობა ღმერთს (დიახ, მადლობა ღმერთს) ჯერ კიდევ კომუნისტური დიქტატურის პერიოდში თვით ლავრენტი ბერიაც კი მიხვდა ეთნიკური დაცალკევების დამღუპველობას, ამიტომ დედიმისის შვილი იყო, რომელიმე ქართველს პასპორტში სხვა «ეროვნების» ჩაწერა მოეთხოვა, «ქართველის» გარდა;
    მაგრამ დღეს, დემოკრატიის პირობებში, სად არის იმის გარანტია, რომ კონსოლიდირებულობის დონეს შევინარჩუნებთ? ერთმა მეგრელმა ან სვანმა მაინც (ასეულობით ათასიდან) თუ დაიჟინა - გინდა თუ არა პირადობის მოწმობაში ეთნოსის აღმნიშვნელი ტერმინი ჩამიწერეთო ეროვნების აღსანიშნავად, - ეს უკვე კატასტროფა იქნება.
    რატომ ვიქმნით პრობლემებს? რატომ ვირთულებთ ისედაც რთულ მდგომარეობას?
    საბედნიეროდ, უკვე გამოიკვეთა დისკუსიის შედეგი, - ამჟამინდელი პარლამენტი (რა კამპანიებიც უნდა გაიმართოს თუნდაც ქუჩაში) ეროვნების აღმნიშვნელ რეკვიზიტს დოკუმენტში არ დააბრუნებს (საბედნიეროდ), - პრეზიდენტის პოზიციას კი ეტყობა, რომ იგი საწინააღმდეგო არგუმენტებსაც ითვალისწინებს.
    მაშასადამე, დაპირისპირება ახალ სტადიაში აღარ გადავა და საერთოდ, ასეთ გადაწყვეტილებას, არც ერთი მოწვევისა და შემადგენლობის პარლამენტი არ მიიღებს, თუ იგი საქართველოს გრძელვადიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებს.

ბიუჯეტის განხილვა მძვინვარე დებატებში ჩაივლის

    საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ეძლევა უკანასკნელი შანსი საკუთარ პოზიციათა დასაფიქსირებლად - როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, სხვადასხვა ყაიდის ქართველ პოლიტოკრატებს.
    1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში, რომელიც, ფაქტობრივად, ხვალ იწყება პრეზიდენტის მიმართვით «პარლამენტისა და ხალხისადმი» უპრეცედენტოდ დაძაბული იქნება არა მხოლოდ იმის გამო, რომ თვით ბიუჯეტია უპრეცედენტოდ «მძიმე», არამედ სხვა მიზეზითაც: საპარლამენტო არჩევნებამდე ესოდენ კარდინალური საკითხი აღარ განიხილება. თუ არ ჩავთვლით კანონს «არჩევნების შესახებ»;
    თუმცა, ოპოზიციაც და უმრავლესობაც შეიძლება მაინც «ძველი კანონით» დაკმაყოფილდეს ამჯერად.
    მაშასადამე, ბიუჯეტის პრობლემატიკა არის უკანასკნელი შანსი კარდინალურ საკითხთა დასასმელად პარლამენტის სხდომაზე.
    დებატები მართლაც «საშინელი» იქნება. ფაქტოლოგიური მასალა საამისო საშუალებას ნამდვილად იძლევა: 1999 წლის ბიუჯეტი «ასკეტური» ქვეყნის ბიუჯეტია. იგი არ ითვალისწინებს არანაირ კაპიტალურ დანახარჯებს, არავითარ «შიდა ინვესტიციებს».
    სამინისტროთა (მათ შორის ძალისმიერი სტრუქტურათა) დანახარჯებიც მნიშვნელოვნადაა შეკვეცილი.
    თავდაცვის სამინისტრო (ლარის რეალური კურსის შესაბამისად) მიიღებს მხოლოდ ნახევარს შარშანდელი ოდენობიდან. თანაც, იგულისხმება შარშანდელი ფაქტობრივი ასიგნება და არა ბიუჯეტით განსაზღვრული.
    ბუნებრივია, ასეთმა ბიუჯეტმა არ შეიძლება დებატები არ გამოიწვიოს, - განურჩევლად პოლიტიკურ ძალთა მოტივაციისა.
    მოვიდა დრო, ითქვას სიმართლე; სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ 1995 წლიდან - დღემდე, სახელმწიფომ ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა სოციალურ პროგრამებზე, რათა პოპულისტ-მემარცხენეები დაეშოშმინებინა; შედეგად ვერც ისინი დააშოშმინა;
    ეს თანხები განვლილი 4 წლის განმავლობაში შიდა ინვესტიციებს (ოღონდ არა რუსეთზე ორიენტირებული მრეწველობის განვითარებას) რომ მოხმარებოდა, დღეს სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით.
    ამდენად, სულაც არ არის გასაკვირი, თუ «მემარცხენეებიც» და «მემარჯვენეებიც» დაიწუნებენ ამ ბიუჯეტს, უმრავლესობას კი ძალთა სრული მობილიზება მოუწევს.
    როგორი «მძიმეც» უნდა იყოს იგი, - სხვა ბიუჯეტს საქართველო დღევანდელ პირობებში ვერ შეიმუშავებდა. სხვაგვარი ბიუჯეტი (თუ, რასაკვირველია, ემისიას გამოვრიცხავთ) პრინციპში შეუძლებელია ნებისმიერ მთავრობას შეემუშავებინა.
    ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ზამთრამდე შემოყოლილი გვალვის შედეგად, ამჟამინდელი ბიუჯეტიც შეიძლება დაინგრეს და მაშინ ქვეყანას ძალიან მძიმე დრო დაუდგება.
    1999 წელი საქართველოსთვის მართლაც მრავალი თვალსაზრისით კრიტიკული იქნება.

დილის გაზეთი, 15 თებერვალი, 1999 წელი