საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა.  26 ნოემბერი. 2024 წელი

აშშ იუსტიციის სამინისტრომ გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო.

სპეცპროკურორმა სმიტმა (პროკურატურა MOJ სრულყოფილი შემადგენელია ამერიკაში) წერილით მიმართა იმ მოსამართლეებს, რომლებიც იხილავენ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ ფედერალურ ბრალდებებს (ანუ იმ ბრალდებებს, რაც პირობითად თუ ვიტყვით „ცენტრალური ხელისუფლების“ მიერ არის აღძრული) და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა!!!

პროკურორმა ჯეკ სმიტმა ეს იმით დაასაბუთა, რომ......თურმე......ფედერალურ ორგანოებს არ აქვთ საშუალება აწარმოონ გამოძიება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მის ინაუგურაციამდეო.

და ინაუგურაცია რა შუაშია?

ბუნებრივია, ინაუგურაციისთანავე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აუცილებლად შეიწყალებს ჯერ ერთი ყველა იმ ადამიანს (ვინც თავი არ მოიკლა დაპატიმრებამდე ან დაპატიმრების შემდეგ) რომელიც 2021 წლის იანვარში კონგრესში შეიჭრა (ასეულობით ბრალდებულია ამ საქმეზე) არამედ საკუთარ თავსაც შეიწყალებს.

თუმცაღა დონალდ ტრამპს „იმიჯურად“ სჭირდებოდა ეს საქმეები პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს შეეწყვიტა.

როგორც ჩანს, ამაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრისას რამდენიმე დღის წინ.

საუბარია არა მხოლოდ კონგრესში მისი მომხრეების შეჭრის საქმეზე, არამედ საიდუმლო დოკუმენტების არასწორად შენახვის საქმეზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ქეისზე.

რჩება კიდევ ჯორჯიის შტატში აღძრული საქმე ისევ და ისევ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ბრალდებით, თუმცა ამასაც მოევლება.

რამდენჯერ დაგვიწერია ამ საქმეებზე.....რა სერიოზულად გვეჩვენებოდა ეს ყოველივე.....და რა „იოლი“ თუ „არასერიოზული“ გახდა ყველა ბრალდება, ყველა საქმე როგორც კი დონალდ ტრამპმა მ ო ი გ ო არჩევნები ამერიკაში.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ  ეს ამერიკისთვის სრულიად გაუგონარი, ახლო წარსულში წარმოუდგენელიც კი სტილია, როცა ყოფილი, ჯერ კიდევ მოქმედი და არჩეული პრეზიდენტი ხვდებიან „ოვალურ კაბინეტში“, იქ რაღაცებზე საიდუმლოდ მოილაპარაკებენ, შემდეგ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მის მეგობარ იუსტიციის მინისტრს უბრძანებს....იუსტიციის მინისტრი გენერალურ პროკურორს დაურეკავს....აშშ გენერალური პროკურორი საქმის გამომძიებელს დაურეკავს და რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეს შეაწყვეტინებს თითქოს არც ყოფილა იმ აშკარად დემაგოგიური საბაბით, რომ President-elect წინააღმდეგ, თურმე, ინაუგურაციამდე გამოძიებას ვერ აწარმოებს......აბსოლუტურად არათვისებრივი, არაბუნებრივი, არატრადიციული, მიუღებელი იყო დემოკრატიული ამერიკისათვის სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ.

ვთქვათ ასე: 20 წლის წინ ეს რომ ვინმესთვის გეთქვა ამერიკაში, უბრალოდ აღშფოთდებოდა: როგორ გაბედე თუნდაც გაგეფიქრა, რომ ასეთი რამ ამერიკაში შესაძლებელიაო.

 მაგრამ დონალდ ტრამპმა, მისმა ფანატიკურმა ენერგიამ, პოპულარობამ, ქარიზმამ, ბევრი „ტაბუ“ დაარღვია. არა მხოლოდ დაუწერელი კანონები, არამედ ზოგი დაწერილი კანონიც კი.

როგორც ჩანს ამერიკული Deep state ანუ გადაწყვეტილების მიმღები Decision maker ბიუროკრატია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ერთი გენიალური ქართული გამონათქვამის შესაბამისად, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ერთადერთი „ტექნოლოგიაა“....„მიუშვით ბუხართან“!

ანუ ბევრად უარესი და გამანადგურებელი იქნებოდა ტრამპი „ბუხართან არ მიეშვათ“, ახლა კი......ბოლოს და ბოლოს....79 წლის იქნება როცა თეთრ სახლში შევა და..... ცინიკური გათვლაა, მაგრამ ერთადერთი სწორი - ტრამპის ბობოქარ ენერგიას უბრალოდ ვერ შეაჩერებდნენ მით უმეტეს, რომ ათეულობით მილიონი ფანატიკური მომხრე ჰყავდა.

 სჯობს ეს პასსიონარულობა და ფანატიზმი თეთრი სახლის „რუტინაში“ ჩაცხრეს, როგორც საბოლოოდ პირველი ვადისას მოხდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ NATO-ს ახალი გენერალური მდივანი მარკ რიუტე ჩავიდა თურქეთში და შეხვდა ერდოღანს.

მივაქციოთ ყურადღება, რომ რიუტე მანამდე ფლორიდაში შეხვდა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

სხვას არავის შეხვედრია ალიანსის წევრი ქვეყნების მოქმედ ლიდერთაგან და საჭიროდ ჩათვალა, პირველივე მოქმედი ლიდერი ყოფილიყო სწორედაც ერდოღანი.

თან რა ქება-დიდება აფრქვია....ერდოღანისაც და მისი ქვეყნისაც...

არადა ხომ იცის (შეუძლებელია არ იცოდეს-დ), რა რბილად თუ ვიტყვით „დაძაბული“ მიმართებები არსებობდა და არსებობს ანკარასა და ვაშინგტონს შორის მას შემდეგ რაც ერდოღანმა პუტინისგან იყიდა საზენიტო С-400 ხოლო ამერიკამ დაბლოკა ამის გამო თურქეთის არმიისთვის F-35 პარტიის გადაცემა.

 მაგრამ ბაიდენმა, ისევე როგორც ტრამპმა (მათი კოორდინაცია განსაცვიფრებელია: თუნდაც რუსეთის სიღრმეში ამერიკული რაკეტების დარტყმაც „იმ“ შეხვედრაზე შეთანხმდა ოვალურ კაბინეტში) შესანიშნავად იციან, რომ ერდოღანი (და არა მერკელი, არა პოლონელი ლიდერები, არა თუნდაც არაბი ლიდერები) არის ის ფიგურა, რომელიც შეიძლება გახდეს პუტინთან „მომლაპარაკებელი“ ან „მესენჯერი“ იმ რთულ საჭადრაკო პარტიაში, რაც ახლა იწყება სამშვიდობო შეთანხმების გარშემო.

 პუტინი სხვა შუამავალს არავის დაელაპარაკება სერიოზულად.

და იმავდროულად არც ზელენსკი დაელაპარაკება ვინმე სხვა შუამავალს სერიოზულად.

სულ უფრო მეტი სიმპტომი არსებობს იმისა, რომ ტრამპი მართლა აპირებს უკრაინის ომის შეწყვეტა პრიორიტეტად აქციოს იმ გათვლით, რომ როცა მიაღწევს, მერე გადავიდეს მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე: ირანსა და ჩინეთზე.

ერთდროულად რამდენიმე ისტორიულ პრობლემას კი „ეჭიდება“ დონალდი და საეჭვოა ყველგან გამოუვიდეს.

 მთავარია უკრაინა არ „ჩააბაროს“ პუტინს

 ეს არც ერდოღანს აწყობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული პროპაგანდისტული მედია მძვინვარედ, გნიასით და ისტერიკით აPRრებს კურსკის ოლქში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, 22 წლის James Anderson-ის ტყვედ აყვანას.

იგი იბრძოდა უკრაინის არმიაში და ირიცხებოდა „უცხოურ ლეგიონში“.

პირველი შემთხვევაა, რომ დასავლური ქვეყნის მოქალაქე (თანაც ყოფილი ბრიტანელი სამხედრო მიუხედავად ახალგაზრდობისა) ტყვედ აჰყავთ არა უბრალოდ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, არამედ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - კურსკის ოლქში.

ბუნებრივია, რუსეთი ახლა ამას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით „აფიარებს“, არამედ იყენებს ბრიტანეთის მთავრობის დასაშანატაჟებლად, რათა დიდმა ბრიტანეთმა აღარ გადასცეს უკრაინის არმიას რაკეტები Storm shadow ან ევაჭრება იმაზე, რომ არ გამოაყენებინოს ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე, იმავე კურსკში.

სხვა შემთხვევაში ეს ბრიტანელი ახალგაზრდა შესაძლოა აწამონ ან კიდევ უარესი უქნან სანამ ცოცხალია. და მერე დახვრიტონ.

ამ ტყვე ბრიტანელის საკითხი ბრიტანეთშიც მთავარი თემაა ახლა.

ჯერ ჯერობით უკრაინა აგრძელებს როგორც Storm shadow-ს ასევე ამერიკული HIMARS გამოყენებას.

ახლახან ამ რაკეტებით დაბომბა აეროდრომი Халино იმავე კურსკის ოლქში.

Storm shadow-სა და HIMARS შორის სისტემური სხვაობაც უნდა აიხსნას აქვე: ეს ამერიკული რაკეტები არის გათვლილი ცოცხალი ძალის განადგურებაზე და ხანძრის გამოწვევაზე უფრორე, ხოლო ბრიტანულ რაკეტას აქვს უნარი შეაღწიოს ბეტონის ბუნკერში, მათ შორის მიწის ქვეშ და მერე იქ აფეთქდეს.

ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ამერიკელებსაც არ გააჩნიათ შეიარაღებაზე ამგვარი რაკეტები, თუმცა ვაშინგტონს და ლონდონს ამ მხრივ განაწილებული აქვთ როლები.

მაგალითად, ახლა ირკვევა, რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ (გატყობინებდით) უკრაინელებმა კურსკის ოლქში გამოიყენეს Storm shadow რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კუთვნილი სანატორიუმის გასანადგურებლად, დარტყმის რეალური სამიზნე იყო არა თვით ეს ნაგებობა, არამედ პუტინისთვის მომზადებული დიდი ბუნკერი მის ქვეშ, სადაც უკრაინაში შეჭრილი საოკუპაციო არმიის მეთაურობა თათბირობდა და ზოგიერთი ცნობით, ბრიტანული რაკეტაც სწორედ მაგ დროს მოფრინდა......

 თუმცა პუტინი და მისი პროპაგანდა მაღალი ეშელონების მსხვერპლს ჩქმალავს.

ისევ და ისევ, რუსები ესვრიან რაკეტებს, დრონებს, „მოფარფატე ბომბებს“ უკრაინულ ქალაქებს და მერე ამას იმით ამართლებენ, რომ მათი სამიზნე ოდესაში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში არსებული სამხედრო ობიექტები იყო.

განა რუსულ ბელგოროდში არ არის სამხედრო ობიექტები? განა ქალაქ როსტოვში არ არის? განა იმავე ქალაქ კურსკში არ არის?

მიუხედავად ამისა, უკრაინა ამერიკულ და ბრიტანულ რაკეტებს იყენებს ა კ უ რ ა ტ უ ლ ა დ - ქალაქგარეთ მდებარე სამხედრო ბაზებზე, სამხედრო საწყობებზე, აეროდრომებზე დარტყმისთვის და ესეც რასაკვირველია დასავლეთის მოთხოვნაა, თორემ როგორ დავიჯეროთ, უკრაინელ გენერლებს „ხელები არ ექავებათ“ რუსული ქალაქების დასაბომბად.

რუსეთი ქალაქებს სინამდვილეში იმ მიზნით ბომბავს, რომ მოსახლეობა დაზაფროს.

უკრაინის ერთ-ერთი სისუსტე ისაა, რომ იგივე ტაქტიკას ვერ იყენებს რაკი დასავლეთიდან ესმის: „თქვენ ხომ რუსები არა ხართ და თქვენ ხომ კაციჭამია პუტინი არა ხართო“. მით უმეტეს საკუთარი რაკეტების გამოყენების საშუალებას არ აძლევს, ხოლო უკრაინული დრონები და რაკეტები ასეთი ქმედითი ვერ არის მაინც.