კვირის მიმოხილვა: 9 აპრილის სულისკვეთება საქართველოში აღარ არსებობს

კვირის მიმოხილვა: 9 აპრილის სულისკვეთება საქართველოში აღარ არსებობს

  

    წლევანდელ 9 აპრილს საბოლოოდ დადასტურდა და გამომჟღავნდა, რომ საზოგადოების და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ თარიღისადმი არ არის განწყობილი ისე, როგორც პოლიტიკურ ძალებს ან თუნდაც ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს;
    გასულ კვირას, რუსთაველის გამზირზე, ანუ იქ, სადაც 9 წლის წინათ (საქართველოში 9 უფრო საკრალური ციფრია, ვიდრე 10) უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ საზარელი ტრაგედიის შედეგად - სულ რამდენიმე ათეული ადამიანი (!!!) თუ შეიკრიბა იმათგან, ვისაც 9 აპრილის სულისკვეთება ამოძრავებდა.
    შეგნებულად არ ვთვლი იმ ხალხს (თუნდაც ასი ათასი ყოფილიყვნენ) ვინც მანანა არჩვაძეს მოჰყვა მიტინგზე. ვინაიდან მათ არც 9 აპრილთან და არც ეროვნულ მოძრაობასთან საერთო არაფერი აქვთ. 9 აპრილის ჭეშმარიტი სულისკვეთება გამორიცხავდა ყოველგვარ შერიგებას იმ ფენომენთან, რომელსაც რუსეთის იმპერია წარმოადგენდა და წარმოადგენს. მანანა არჩვაძე კი მეტისმეტად ხშირად დადის მოსკოვში.
    მოსალოდნელია, რომ იგი ამჯერადაც გაემგზავროს რუსეთის დედაქალაქში, სადაც მუდმივად ცხოვრობს. შესაძლოა საწინააღმდეგო არაფერი გქონდეს არც რუსეთის, არც მოსკოვის, მაგრამ (ვიმეორებ), თუ ლაპარაკია 9 აპრილის სულისკვეთებაზე - მასთან საერთო არაფერი აქვს იმ «მოძრაობას», რომელიც ურიგდება ლიდერის ანგაჟირებას რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა მიერ.
    იგივე შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: «ექს-პრეზიდენტის ქვრივმა» იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში «ზვიადიზმიც» მოსპო, როგორც გარკვეული «სულიერი ოპოზიცია». მოსკოვში ცხოვრების ფაქტი ნურავის მოეჩვენება წვრილმანად ან მეორეხარისხოვნად.
    ქართული მენტალიტეტისთვის (ყოველ შემთხვევაში, იმ მენტალიტეტისთვის, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს გამოვლინდა), ეს ძალზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი გარემოებაა.
    9 აპრილს საქართველო ებრძოდა სწორედ რუსულ ფენომენს. არა «კომუნისტურ იმპერიას», არამედ რუსულ ფენომენს, - ორასწლოვან ფსიქოლოგიურ წნეხს, საკუთარ ეროვნულ კომპლექსს.
    მაგრამ, თუ ეს ფენომენი ამჟამად რეაბილიტირებულია თვით მოძრაობის ლიდერისათვის (აბა, რატომღა ცხოვრობ მოსკოვში? - ავტ.), მაშინ 9 აპრილს ყოველგვარი აზრი ეკარგება.
    წარმოუდგენელია კვირაში ერთხელ თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავში «ბომბის ნაცვლად გპოულობდნენ», ამის გამო ოფიციოზი დაგცინოდეს და მასხრად გიგდებდეს, შენ კი ისევ ძველებური პრეტენზია გქონდეს «სულიერ ოპოზიციაზე».
    ასეთი სახის ოპოზიციონერობა გარკვეულ პრივილეგიასა და უპირატესობას გულისხმობს, მაგრამ ვალდებულებებთან ერთად! თუ ამ ვალდებულებებს არ იცავ, პრეტენზიაც ვეღარ გექნება.
    მასა, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა 1998 წლის 9 აპრილს ექს-პრეზიდენტის ქვრივის წინამძღოლობით, უკვე თვისებრივად განსხვავდება იმ ხალხისგან, რომელიც იმავე ადგილას 9 წლის წინ იყო შეკრებილი.
    განსხვავდება, უპირველესად, მოტივაციითა და სულისკვეთებით.
    ყალიბდება ყველაზე საშიში და დამანგრეველი სინდრომი, რამაც საქართველოში შეიძლება ახალი სამოქალაქო ომი წარმოშვას. «ზვიადიზმი» ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმაა სოციალური ან სხვა სახის ბოღმისა და სიძულვილის გამოვლენისათვის. იგი მხოლოდ საშუალებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ და ისევ გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი მრავალრიცხოვანი მასა წაჰყვეს ლიდერს, რომელმაც «მოღალატეებად» გამოაცხადა ყველა, ვინც ბოლომდე უერთგულა ექსპრეზიდენტს, ხოლო თვითონ სრულებითაც არ მიაჩნია ზვიად გამსახურდიას ხსოვნისა და პატივის დაკნინებად ის ფაქტი, რომ რუსეთიდან «გავლით» ჩამოდის საქართველოში. რა შუაშია აქ 9 აპრილი?
    რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტთა ფედერაციაში გაიმართა შეკრება, რომელსაც დაესწრნენ როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების, ისე შეურიგებელი ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორის ეგრეთ წოდებული «ზვიადისტები». ოღონდ ამ «ზვიადისტებმა» უფრო მეტად შეინარჩუნეს ძველი სულისკვეთება, ვიდრე არჩვაძეებმა, ესებუებმა და სხვებმა. გამორიცხულია მათი ალიანსი ექსპრეზიდენტის ქვრივთან, ისევე, როგორც სამეგრელოში მოქმედ ტერორისტებთან. ამ წინააღმდეგობის შედეგია სწორედ ზუგდიდში დატრიალებული ამბები და თვით თებერვლის ტერორისტული მოვლენებიც. გოჩა ესებუამ (მიაქციეთ ყურადღება) ხელისუფლებასთან შუამავლად დაასახელა არა პარიზში მცხოვრები ბიძინა ჩოლოყაშვილი, არამედ მოსკოვში მყოფი ნემო ბურჭულაძე. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს თავისი საცოდაობაც ეყოფოდა.
    ტერორისტული ჯგუფის სხვა წევრებსაც ფართო კავშირები ჰქონდათ რუსეთში და არც მალავდნენ. ჩნდება კიდევ ერთი, უაღრესად საშიში მომენტი: სამეგრელოში განაწყენებისა და ხელისუფლებისადმი სიძულვილის მოტივი ხშირად უკვე ეთნიკური ნიშნით განაწყენებაა. არა აქვს მნიშვნელობა, საფუძვლიანია იგი თუ უსაფუძვლო. მთავარი სხვა რამ გახლავთ: ასეთ მოტივსაც არაფერი აქვს საერთო 9 აპრილის სულისკვეთებასთან. 1989 წელს ამაზე მსჯელობაც კი მკრეხელობად მოგვეჩვენებოდა!
    რა თქმა უნდა, დიდია სოციალური უკმაყოფილებაც. ხალხი გაჭირვებულია, გაჭირვებულ ადამიანს კი მხოლოდ საბაბი მიეცი ვნების გამოსავლენად. ამითაც სარგებლობს ის ფრთა, რომელსაც საკუთარი შელახული თავმოყვარეობისა და სიძულვილის გარდა აღარაფერი აინტერესებს. ეს ძალზე საშიში და აგრესიული მოვლენაა, რომელიც გარეშე ძალის ხელში სულ ადვილად იქცევა კოზირად, ანუ გავლენის ბერკეტად.
    გარდა ამისა, სრულებით გაუგებარი და მიუღებელია, რატომ აღიქმება 9 აპრილი მხოლოდ «ზვიადისტურ» მოვლენად მაშინ, როცა, კაცმა რომ თქვას, ზვიად გამსახურდიას ამ მოვლენებთან გაცილებით ნაკლები კავშირი აქვს, ვიდრე ზოგიერთ სხვას.
    1989 წელს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებული მიტინგის მთავარი ინიციატორი იყო არა ზვიად გამსახურდია, არამედ ირაკლი წერეთელი. ნამდვილად უცნაური ფაქტია: ირაკლი წერეთელი 9 აპრილს არსად ჩანს, ხოლო მანანა არჩვაძე სხვებზე მეტად აქტიურობს!
    ზოგადად, «ზვიადისტური» მოძრაობის ორივე ფრთა (როგორც ზომიერი, ისე რადიკალური) ერთსა და იმავე პოსტულატს ეყრდნობა: დეკემბერ-იანვარში დაემხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ეროვნული შერიგებისათვის აუცილებელია ამ ხელისუფლების აღდგენა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ცნობიერ (ზოგჯერ კი რეალურ) დონეზე მიმდინარე სამოქალაქო ომის შეწყვეტა. მაშასადამე, თანდათან ყალიბდება სრულიად აბსურდული ვითარება: ის ხელისუფლება აღარ არსებობს, ექსპრეზიდენტი ცოცხალი აღარ არის, უკლებლივ ყველა, ვინც მას უერთგულა, მოღალატეებად გამოაცხადეს, მაგრამ «კანონიერი ხელისუფლების აღდგენა» კვლავ აქტუალურად მიიჩნევა.
    მაშასადამე, აქ ხელისუფლების აღდგენა როდია საქმე. სჭირდებათ მხოლოდ არგუმენტი - ასეთი რამ კი ყოველთვის მოიძებნება.
    როდესაც პოლიტიკური მოთხოვნა სცილდება რეალობის ფარგლებს და აბსურდულ დაჟინებად იქცევა - აქ უკვე ან ძალიან დაბალ ინტელექტთან გვაქვს საქმე, ან აშკარა მტრობასთან, ან ორივესთან ერთად.
    სად არის «კანონიერი ხელისუფლება», ან ვინ წარმოადგენს იმ ხელისუფლებას? პრეზიდენტი მკვდარია, ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, იმდროინდელი უზენაესი საბჭოს უმრავლესობა ცნობს ამჟამინდელ ხელისუფლებას და სულაც არ არის განწყობილი საომრად;
    გარდა ამისა, უზენაესი საბჭოს უფლებამოსილება 1995 წელს ამოიწურა.
    მაშ, ვინ არის კანონიერი ხელისუფლება? ზუსტად ასეთივე ლოგიკით, 1988-1989 წლებში რადიკალები მოითხოვდნენ «კანონიერი ხელისუფლების» აღდგენას და მხედველობაში ჰქონდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა, რომლის მემკვიდრეებადაც აცხადებდნენ თავს.
    ამ არგუმენტით, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ლეგიტიმურ ჩარჩოებში მოექციათ თავიანთი მოძრაობა, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ასე შემდეგ.
    ასეთმა დაჟინებამ, რომელსაც რაციონალური საფუძველი არ ჰქონდა, მოგვიანებით ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, ის ძალები, რომლებიც მანამდე მოღალატედ აცხადებდნენ ყველას, ვინც კი «მრავალპარტიულ არჩევნებს» მოითხოვდა ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში, შემდგომ თავად გახდნენ ინიციატორები სამხედრო გადატრიალებისა რუსეთის სპეცსამსახურთა უშუალო მონაწილეობით.
    ამჟამინდელი ვითარება ტყუპისცალივით ჰგავს ათი წლის წინანდელს, ოღონდ «ფუნდამენტალისტური» პოზიციებიდან ზვიად გამსახურდიას მომხრეები გამოდიან.
    თუმცა, შედეგი იგივე იქნება.
    ალბათ თავად მანანა არჩვაძეც ვერ აცნობიერებს, რომ მისი რადიკალიზმი შესაძლოა შეესაბამებოდეს ათასგვარი გაჭირვებით განაწამები მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას, მაგრამ სრულებით არ შეესაბამება პოლიტიკურად აქტიური სოციუმის ინტერესებს.
    თვით ექს-პრეზიდენტის მომხრეთა უდიდესი ნაწილი, მართალია, ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ნამდვილად ვერ იტანს არჩვაძის რადიკალიზმს.
    ექსპრეზიდენტის ქვრივის აქტიურობამ შეიძლება მხოლოდ ის შედეგი გამოიღოს, რომ მოხდეს ოპოზიციურ ძალთა კონსოლიდაცია არა ხელისუფლების გარშემო, მაგრამ ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე. მანანა არჩვაძე თავისი რადიკალიზმითა და შეურიგებლობით (რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს ზემოხსენებული «მოსკოვის» ფაქტორის გამო), ძალაუნებურად ეხმარება ხელისუფლებას და აძლიერებს დიალოგის, შერიგების ან მორიგების ორმხრივ სურვილს.
    იდეურმა «ზვიადისტებმა» უმალ იგრძნეს, რომ ის ხალხი, ვინც 9 აპრილს რუსთაველის გამზირი გაავსო ექს-პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად, ნამდვილი «ზვიადისტები» არ არიან, ვინაიდან სხვა მოტივაცია და სულისკვეთება აქვთ.
    ისევე, როგორც სხვა მოტივაცია და სულისკვეთება ჰქონდა გოჩა ესებუას რაზმელთა უმრავლესობას. ისინი ხედავენ, რომ ამ მასის მართვა მათ ძალიან გაუჭირდებათ და ეს შეუძლებელიცაა, ხოლო საით წავა სოციალური უკმაყოფილებით და ბოღმით აღვსილი მასა - ამაზე თავს ვერავინ დადებს.
    იმ «ზვიადისტებს», ვისაც იოტისოდენი რაციონალობა მაინც შერჩენია, ნამდვილად არ სურთ იკისრონ პასუხისმგებლობა ფართომაშსტაბიანი პროვოკაციისათვის, რომელიც საქართველოში მზადდება. რაკი მასა შეურიგდა იმ აზრს, იმ გარემოებას, რომ 9 აპრილს შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს სულ სხვა (საპირისპირო) სულისკვეთებით, ვიდრე 9 წლის წინათ - მაშასადამე, უკვე ყველაფერი მოსალოდნელი.
    თუმცა, იმავდროულად, «შერიგების» მოტივიც დროებითია და ილუზორული. საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთა შერიგებაზე ლაპარაკი ზედმეტია, - ეს უბრალოდ შეუძლებელია, გამორიცხულია!!!
    ნებისმიერი დეკლარაციის ხელმოწერა დროებითი იქნება; სინამდვილეში საზოგადოება კვლავ დარჩება ორად გაყოფილი იმ აზრით, რომ ექსპრეზიდენტის მოღვაწეობის მიმართ დარჩება განსხვავებულ აზრზე, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოებრივ, კონსტიტუციურ პროცესთან ამას საერთო არაფერი აქვს;
    სახელმწიფოს არ აქვს უფლება უმრავლესობის აზრი თავს მოახვიოს უმცირესობას, მაგრამ ნამდვილად აქვს უფლება, უმრავლესობის ნება მოახვიოს თავს იმავე უმცირესობას.
    არ არის აუცილებელი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალებს ერთმანეთი უყვარდეთ, ან შერიგდნენ; საკმარისია, ისინი მორიგდნენ, ანუ ერთმანეთის არსებობა ითმინონ. დღევანდელ პირობებში, ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებით, ესეც დიდი საქმე იქნება.
   
   
   

სამეგრელოში დესტაბილიზაციის კერა არ ქრება
   

   

    საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ სამოქალაქო ომისა და «მართვადი ქაოსის» კერა ძალიან ძნელი გასანეიტრალებელია. იგი მუდმივად ღვივის და ქმნის შესაძლებლობას ახალი ხანძრისთვის. ბოლომდე თითქოს გაურკვეველია, რა მოხდა გოჩა ესებუას დასაფლავებაზე, ან ვინ - ვის ესროლა, მაგრამ მთავარი ცხადია: დაპირისპირების მიზეზი ესებუას ყოფილ თანამებრძოლთა ურთიერთშეუთანხმებლობა იყო «შერიგების» საკითხში. გოჩა ესებუა თვითონ არ დანებდა ხელისუფლებას, მაგრამ ბევრი ტერორისტი, ვინც თებერვალში წალენჯიხის ტერაქტში მონაწილეობდა ან კვლავინდებურად ტყეში იმალებოდა, - დათანხმდა ხელისუფლების პირობას და ტყიდან გამოვიდა, იარაღი ჩააბარა, ცნო ხელისუფლება, რომელმაც ისინი შეიწყნარა დანებების პირობით.
    უეჭველად სწორედ ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება ზვიადისტთა ორ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, რაც სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა. შედეგი კი უმძიმესია, ვინაიდან სამოქალაქო ომის კერა კიდევ უფრო გაღვივდა - ორივე მხარე დარწმუნებულია: შეტაკება «შემორიგების» პოლიტიკამ გამოიწვია.
    გოჩა ესებუას სიკვდილი უფრო მეტად აღვივებს სინდრომს, რომელიც წლევანდელ 9 აპრილს გამოვლინდა განსაკუთრებული სიმწვავით. დღეს «ზვიადისტობა» კიდევ უფრო მეტად იღებს ეთნიკურ ნიშანს, ვიდრე 1991-1993 წლებში.
    ეს უაღრესად საშიში ტენდენციაა, რომელმაც შეიძლება საქართველოს საბოლოო დაქცევა გამოიწვიოს. გასაგებია, რომ უშიშროება ცდილობდა ძებნილი ტერორისტის დაკავებას, მაგრამ თუ იგი გართულების თავიდან ასაცილებლად გაუშვეს თებერვალში, ალბათ სჯობდა, მისთვის საბოლოოდ მიეცათ მიმალვის საშუალება. უმჯობესი იყო საქართველოში შენარჩუნებულიყო იუმორით გაზავებული დამოკიდებულება თებერვლის ტერორისტული აქტისადმი: გოჩა ესებუა ჩეხ მძევალთან ერთად «ვახტანგურით» სვამს ოლიმპიადაზე ჩეხი ჰოკეისტების გამარჯვების სადღეგრძელოს . . . . ტერორისტული აქტი ქართული სტუმარმასპინძლობის სახეს იძენს... ეს ყოველივე ანეკდოტად გადაიქცა... და ასე შემდეგ.
    რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტადაც კი შეუწყობდა ხელს ტერორიზმის, როგორც ბრძოლის მეთოდის დისკრედიტაციას, ვიდრე გოჩა ესებუას ფიზიკურად განადგურება.
    ესებუას სიკვდილმა მის მიერ ორგანიზებულ აქტს იუმორისტული და ანეკდოტური საფარველი ჩამოაცალა. სანაცვლოდ, სერიოზულობა და ერთგვარად ჰეროიკული ელფერიც შესძინა - როგორც ტერორისტებს ესმით ჰეროიზმი მთელს მსოფლიოში; ამდენად, სამართალდამცველებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ესებუა შეიძლებოდა არც დანებებოდა მათ ცოცხლად, ვინაიდან დასაკარგი არაფერი ჰქონდა.
    ბევრს ვერც მისი დაპატიმრებით მოიგებდა ხელისუფლება - ჩატარდებოდა მხოლოდ კიდევ ერთი «საუკუნის პროცესი», რომელსაც ახალი ყაიდისა და სულისკვეთების «ზვიადისტები» თავიანთი იდეების პროპაგანდისათვის გამოიყენებდნენ.
    თანამედროვე «ზვიადიზმი» სამეგრელოში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხოლოდ სახელსღა ატარებს. სინამდვილეში კი იგი უკვე სულ სხვა, გაცილებით ღრმა და რთული მოვლენაა, რომლის ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია შეუძლებელია.
    ხელისუფლების რაიმე ძალისხმევასაც აზრი ეკარგება - მოსახდენი უკვე მოხდა. ისღა დაგვრჩენია, ყველამ ერთად პასიურად ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას და მხოლოდღა იმის იმედი დავიტოვოთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ეთნიკური სიმბიოზი ბუნებრივად შეინარჩუნებს მდგრადობას. «შერიგებაზე» ლაპარაკი აქაც უაზრობაა, ვინაიდან ვერც ზვიად გამსახურდიას და ვერც გოჩა ესებუას ვეღარავინ გააცოცხლებს.
    დაგროვილია ასაფეთქებელი პოტენციალი. არავინ იცის, როდის იფეთქებს იგი ხანძრად, - მუდამ მღვივარე ნაკვერჩხლიდან.
    ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა ქვეყანაში მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნება და აფხაზეთში ფართომასშტაბიანი ომის განახლების თავიდან აცილებაა, ვინაიდან ამგვარ ომს უეჭველად მოჰყვება მართვადი ქაოსის» დოქტრინის აღორძინება და ახალი სისხლიანი ქარბორბალა - უპირველესად იმავე სამეგრელოში;
    თუმცა ამ კუთხით მოსახლეობამაც ნამდვილად უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ფუნქცია და სად შეიძლება გამოიხატოს, გამოვლინდეს დიდი ენერგია, რომელიც ამჟამად სრულიად ფუჭად იხარჯება ილუზორული იდეებისა და პოლიტიკური ავანტიურისტების დევნაში.
   

გალის რაიონი აფხაზური მილიციის მძევალია
   

    ხუთშაბათს, გალის რაიონის სოფლებს, რომლებიც «შეზღუდული შეიარაღების ზონაში» მდებარეობენ, ეგრეთ წოდებულ «აფხაზეთის შინაგანი ჯარის» ქვედანაყოფები შეესივნენ.
    პრიმორსკოეში ვითომდაც აღმოაჩინეს «ქართველი ტერორისტების ბაზა»; სინამდვილეში, ტერორისტების ნაცვლად იქ სამი მშვიდობიანი ქართველი მოსახლე მოკლეს, შემდეგ კი იარაღი მიუგდეს, რათა შესაბამისი საინფორმაციო ფონი შეექმნათ.
    იმავდროულად, აფხაზეთის დამსჯელი რაზმები სხვა სოფლების მიმართულებითაც დაიძრნენ; თუმცა, ზოგან შეიარაღებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რაც ნამდვილად ადასტურებს, რომ გალის მოსახლეობაც თანდათან გონს მოდის და მონურ სულისკვეთებას იშორებს.
    გალში ოცდაათი-ორმოცი ათასი ქართველი ცხოვრობს უკვე სამი-ოთხი წელია. მათ ნამდვილად ძალუძთ შექმნან და შეაიარაღონ თუნდაც 500-კაციანი შეიარაღებული ფორმირება, რაც სავსებით საკმარისია გალში აფხაზური ეგრეთ წოდებული «ადმინისტრაციის» მოსასპობად და არძინბას მილიციის დამსჯელი ექსპედიციების აღსაკვეთად. სეპარატისტების მიზანი, როცა ისინი თვალს ხუჭავდნენ გალში მოსახლეობის დაბრუნებაზე, აშკარად სწორედ ეს იყო. გადაექციათ ათეულობით ათასი ქართველი მძევლად, რომლის დასჯისა და ამოწყვეტის მუქარით მოახდენდნენ თბილისის ხელისუფლების შანტაჟირებას.
    რა თქმა უნდა, ამ გეგმით იგულისხმებოდა, რომ თვით გალის მოსახლეობა ცხვარივით უმწეო, მორჩილი და უწყინარი იქნებოდა. მაგრამ თანდათან შიშის სინდრომი ამ მოსახლეობამ დასძლია და იარაღსაც კი მოჰკიდა ხელი. ამიტომ, თუ ადრე აფსუა «დამსჯელები» მიჩვეულნი იყვნენ - გალის სოფლებიდან მოსახლეობა მათ პირველივე გამოჩენაზე გარბოდა, ახლა უკვე სულ სხვა ვითარებაა: წინააღმდეგობის გაწევას არათუ ცდილობენ, არამედ წარმატებით ახერხებენ კიდეც.
    საქართველოს ხელისუფლება კი იმაზე სასარგებლოს და ეროვნულს ქართული საქმის გამარჯვებისათვის აფხაზეთში ვერ გააკეთებდა, ვიდრე ამ წინააღმდეგობის მხარდაჭერაა - ყველა საშუალებით, ხერხითა და მეთოდით.
    შესაბამისი ძალები უკვე არსებობს და, რაც მთავარია, არსებობს ობიექტური გარემო - პირობებიც მოსახლეობის გამოღვიძებული თვითშეგნების სახით.
    არ უნდა იყოს შემთხვევითი აფსუა სეპარატისტთა პანიკური განცხადებები და პროტესტები, რომელთაც, რა თქმა უნდა, მხარს უბამენ როგორც რუსეთის ეგრეთ წოდებულ «სამშვიდობო ძალთა», ასევე (არ გაგიკვირდეთ) გაეროს დამკვირვებელთა წარმომადგენლები.
    ეს უკანასკნელნი ყოველთვის ძლიერისა და წარმატებულის მხარეს იქნებიან. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ძლიერი და წარმატებული სწორედ ქართული პარტიზანული მოძრაობა იყოს.
   

პრიმაკოვის უწყებაში «შუბლის ძარღვის» თაობაზე არაფერი სმენიათ
   

    გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობ «მკაცრი» განცხადება გაავრცელა საქართველოში მიმდინარე «ანტირუსული კამპანიის» გამო.
    თურმე ნუ იტყვით, ეს კამპანია არაფრით ყოფილა პროვოცირებული.
    მაშასადამე «ანტირუსული რიტორიკა» მხოლოდ ცალკეულ დეპუტატთა და პოლიტიკანთა ახირებაა, რომელიც არ გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს, ხოლო თუ მაინც გამოხატავს - ეს აზრიც პათოლოგიურად «არამოტივირებული» ყოფილა.
    მაგალითად, ქართველებს მხოლოდ მოგვეჩვენა, რომ არამზადა ჟენია პრიმაკოვმა სწორედ საქართველოს პრეზიდენტის «მერსედესი» იგულისხმა, როცა ბოსნიაში რუს დერჟიმორდა ოფიცრებს ეკითხებოდა: ეს ხელის ყუმბარმტყორცნი ჯავშნიან ავტომანქანას თუ გახვრეტსო.
    გაზეთი «პრავდა» გვარწმუნებს: მხოლოდ ქართველებისნაირ პათოლოგიურად ეჭვიან ხალხს შეეძლო აღექვა ამგვარი განცხადება რაიმე ქარაგმად, თორემ პრიმაკოვს, რასაკვირველია, აზრადაც არ გაუვლია 9 თებერვლის ტერაქტთან დაკავშირებით დაესვა ასეთი კითხვა. ხომ შეიძლებოდა საკუთარი მერსედესი ეგულისხმაო?
    თუმცა, უფრო მეტად საყურადღებოა სხვა ტენდენცია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც და ზოგიერთი შიდაპოლიტიკური ძალის შესაბამის დემარშებშიც ანტირუსული ისტერიის გაჩაღება მმართველ პარტიას, ანუ მოქალაქეთა კავშირს ბრალდება.
    თურმე, «მოქალაქეთა კავშირი» ყოფილი მთავარი ანტირუსული ძალა ჩვენს ქვეყანაში; ამ ბრალდებას მდუმარედ, ყოველგვარი გაღიზიანებისა და კომენტარის გარეშე ისმენს ის ხალხი, ვინც რამდენიმე წლის წინათ ააგორა საქართველოში მძლავრი ტალღა ლოზუნგით: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია».
    ეს ლოზუნგი მიტინგებზე ვინ გამოიტანა - შევარდნაძემ, ჟვანიამ თუ ბარამიძემ?
    საოცარი ხალხი ვართ ქართველები - ასე ადვილად და უცბად როგორ შეიძლება ერის განწყობა იცვლებოდეს? სულ ცოტა ხნის წინ «მოქალაქეთა კავშირს» ბრალად ედებოდა «რუსეთუმე» პოლიტიკის გატარება, ახლა ბრალად ედება ანტირუსული პოლიტიკა.
    ამგვარი ბრალდება რომ საზოგადოებაში გამოხმაურებას არ პოულობდეს, პრიმაკოვის უწყების განცხადებაში იგი არ გაიჟღერებდა. მაშასადამე, კვლავ და კვლავ ვუბრუნდებით 9 აპრილის თემას და საქართველოში არსებულ საზოგადოებრივი ატმოსფეროს, საზოგადოებრივი განწყობის ცვლილებას;
    9 აპრილის სულისკვეთება რომ შენარჩუნებულიყო ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო «მოქალაქეთა კავშირს» ამ ბრალდებას არ წაუყენებდა, ვინაიდან ამით იგი ობიექტურად გააძლიერებდა «მოქალაქეებს».
    რაკი «მოქკავშირს» ბრალად ედება სწორედ ანტირუსული პოლიტიკა, მაშასადამე, კრემლში აქვთ ინფორმაცია, რომ საზოგადოების გავლენიან ნაწილში ეს პოლიტიკა პოპულარობით აღარ სარგებლობს.
    მაშ, საერთოდ რა გვინდა და საით მივდიოდით 1988 წლიდან?

დილის გაზეთი, 13 აპრილი, 1998 წ.